Home ახალი ამბები საქართველო რაჭა არ არის ერთადერთი მხარე, რომელშიც კატასტროფის წინაშე შეიძლება დავდგეთ, ანალოგიური ვითარებაა...

რაჭა არ არის ერთადერთი მხარე, რომელშიც კატასტროფის წინაშე შეიძლება დავდგეთ, ანალოგიური ვითარებაა ზემო და ქვემო სვანეთშიც

რაჭაში, ზემო და ქვემო სვანეთში ტყით დაფარული რამდენიმე მთა, უბრალოდ, გააშიშვლეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადაპარსეს და ახლა ეს მთები იშლება

355
რაჭა არ არის ერთადერთი მხარე, რომელშიც კატასტროფის წინაშე შეიძლება დავდგეთ, ანალოგიური ვითარებაა ზემო და ქვემო სვანეთშიც

იმას, რაც ამ დღეებში რაჭაში ხდება, ალბათ, სახელიც არ აქვს. ჯერაც არ ვიცით, რამდენი ადამიანი დაიღუპა სტიქიის შედეგად და არც ის ვიცით, იპოვნიან თუ არა გარდაცვლილთა ცხედრებს. ტალახის უზარმაზარი ფენა რამდენიმე ჰექტარ მიწას აწევს და მისი გასუფთავება და ცხედრების პოვნა მარტივი არ იქნება. აკი თქვა კიდეც სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, ერთ-ერთი გარდაცვლილი ნაწილ-ნაწილ ვიპოვეთო…

 სამწუხაროა, რომ ტრაგედიის სიმძიმე მოსახლეობის ნაწილს თითქოს არ ესმის – სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით ვიდეოებს, რომლებიც რესტორნებშია გადაღებული, ხალხი ცეკვა-თამაშით ერთობა და ეს მაშინ, როცა მთელი ქვეყანა უნდა გლოვობდეს… ვალდებულია, გლოვობდეს, რადგან შოვში არაერთი ბავშვისა და მოზარდის სიცოცხლე ჩაიფერფლა. ბოლომდე გააშიშვლეს საკუთარი თავი პოლიტიკოსებმაც და ბავშვების ცხედრებზე ქულების დაწერა გადაწყვიტეს. გვარების დასახელებას არ დავიწყებ, რადგან ამ ადამიანებს არც სახელი აქვთ, არც გვარი და არც წარმომავლობა…

 აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის დროს რესტორნებში ცეკვა-თამაში არ შეწყვეტილა, თბილისის სამოქალაქო ომის დროსაც იგივე ხდებოდა, აგვისტოს ომის დროს ევროპელმა ლიდერებმა რუსთაველზე კონცერტი გაგვამართინეს და, აბა, გაიხსენეთ, ერთი, ერთადერთი ტრაგედია მაინც, როცა მთელი ქვეყანა გლოვობდა, დამოუკიდებელ საქართველოს ვგულისხმობ, თორემ „ავადსახსენებელი კომუნისტების“ პერიოდში ქალაქში თუ გარდაიცვლებოდა ვინმე (ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა), 40 დღე კორპუსში ტელევიზორის ჩართვას ერიდებოდნენ, სოფლად კი მთელი სოფელი იქცეოდა ასე. დღეს კი…

რაჭაში, ზემო და ქვემო სვანეთში ტყით დაფარული რამდენიმე მთა, უბრალოდ, გააშიშვლეს
1. ე.წ. „სტალინის სახლი“; 2. ყოფილი ტურბაზა/სასტუმრო “რაჭა”; 3. სასტუმრო “სანსეტ შოვი”; 4. კოტეჯების ადგილი; 5. შოვში შესასვლელი მთავარი გზა; 6. მდინარე ბუბა; 7. მდინარე ჭანჭახი; 8. მინერალური წყალი. საბჭოთა პერიოდის ყველა ნაგებობა გადარჩა

ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი უკვე დაიწყო, მაგრამ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, თითქოს დეტალური განხილვა ძნელია, მაგრამ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე წარმოადგინა წინასწარი ვარაუდი და… ბოდიშის მოხდით, ამ ვარაუდს ბოლომდე არ ვეთანხმებით და აგიხსნით რატომაც. მანამდე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა დასკვნის ძირითად ნაწილს გაგაცნობთ:

„მდინარე ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში. აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყალი არ გამოირჩევა ღვარცოფული მოვლენებით, მასშტაბური ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია, თუმცა სტიქიის დროს მოხდა ხუთი პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი. ადრე შოვში ასეთი მოვლენა არ აღრიცხულა, განსხვავებით სოფელ გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესები აქტიურობით ხშირია…“

მარტივად რომ ვთქვათ, მარჯვენა შენაკადისგან ღვარცოფს არ ელოდნენ, რადგან აქამდე არასდროს მომხდარა ანალოგიური რამ, მარცხენა შენაკადისგან კი მოლოდინი იყო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბუნებამ გეოლოგები მოატყუა. ან, უფრო ზუსტი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ მათ თავი მოიტყუეს. რატომ? იმიტომ, რომ ოსტატურად აუარეს გვერდი მთავარ სათქმელს, ჩვენ კი გეტყვით.

დავიწყოთ იმით, რომ შოვში, სწორედ იმ ადგილზე ორი ძველი შენობაა – სტალინის სასახლედ წოდებული აგარაკი და კომუნისტების პერიოდში აშენებული ტურბაზა. არც ერთი ნაგებობა არ დაზიანებულა, მათ ღვარცოფმა გვერდი აუარა და კითხვაზე – რატომ? მარტივი პასუხია – ისინი სწორ ადგილზე არის აშენებული. სწორი ადგილი კი იმას ნიშნავს, რომ, სანამ ასეთ ადგილას მშენებლობას დაიწყებ, სერიოზული დასკვნები გჭირდება, რელიეფისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესწავლა გჭირდება, რაც არ კეთდება, რადგან ძალიან მსუყედ ჩანდა ის ადგილები, რომლებზეც კოტეჯები უნდა დაედგათ და დამსვენებელი მიეღოთ, თუმცა მთავარი მიზეზი არც ეს არის. მარჯვენა შენაკადი აქამდე ღვარცოფული მოვლენებით არ გამოირჩეოდა და ამ შენაკადს სტიქიასთან კავშირი არასდროს ჰქონოდაო, რომ გვეუბნებიან, იმას რატომ არ ამბობენ, რომ მარჯვენა შენაკადი ტყეში მოდიოდა, ხეებს შორის და ხის ფესვებს მიწას ვერ გამოჰგლეჯდა. დიახ, ტყეების უმიზნო და დაუფიქრებელმა გაჩეხვამ მოგვიყვანა აქამდე.

რაჭა არ არის ერთადერთი მხარე, რომელშიც კატასტროფის წინაშე შეიძლება დავდგეთ, ანალოგიური ვითარებაა ზემო და ქვემო სვანეთშიც

თავში ვთქვი, გვარების დასახელებას არ ვაპირებ-მეთქი, მაგრამ მთელმა რაჭამ იცის, ვინ ჩეხავს საუკუნოვან ხეებს, ვის გააქვს ყოველ დღე რაჭიდან ასობით კუბური მეტრი ფიცარი და ვინ ყიდის უცხოელებზე. თქვენ კი, რიგით ადამიანს, რომ გსურდეთ, 3-4 კუბ.მ ფიცრის შეძენა, ვერ იყიდით, იმიტომ, რომ უცხოელებს წინასწარ აქვთ გადახდილი თანხა და ქართულ ხეტყეს გემით თუ ვაგონებით ეზიდებიან. ეს ხდება ოფიციალურად, ანუ ტყის მჭრელებსა და გამჩანაგებლებს აქვთ საბუთი, სახელმწიფოსგან მიღებული უფლება, რომ ტყის მოჭრა შეუძლიათ და ჭრიან, ანადგურებენ და ყოველდღიურად ათიათასობით სუფთა მოგებას ნახულობენ. ჰო, ყოველდღიურად! საქართველოდან ხეტყის გატანამ ფართო მასშტაბი წინა ხელისუფლების პერიოდში შეიძინა, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს კი უფრო დაიხვეწა, განვითარდა და არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. ბოლო წლებში რაჭაში, ზემო და ქვემო სვანეთში ტყით დაფარული რამდენიმე მთა, უბრალოდ, გააშიშვლეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადაპარსეს და ახლა ეს მთები იშლება. ხის ფესვები მიწას ვეღარ იჭერს, მთის ნაშალი გზაზე ჩამოდის, წყლებში ცვივა და ძლერი წვიმის დროს პატარ-პატარა ღელეები წარმოიქმნება, რომლებსაც ქვა-ღორღი დიდ მდინარეში მიაქვს.

როგორ გგონიათ, არ იციან ეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა? კარგად იციან და იციან ისიც, რომ, როცა შოვში გრანდიოზული მშენებლობების და შესაბამისად, ტყეების გაჩეხვის უფლება გაიცა, ორმა სოფელმა გააპროტესტა. ადგილობრივები ამბობდნენ, აქაურობას ღუპავთო, მაგრამ ისედაც დაცლილ მთიან სოფლებში თითო-ოროლა კაცია შემორჩენილი და მათ არავინ მოუისმინა; ან რატომ უნდა მოესმინათ, როცა საუბარი ყოველდღიურად რამდენიმე ათეულ ათასზე იყო. თანაც, დარწმუნებული ვარ, არავის სჯეროდა, რომ ტყის გაჩეხვა ასეთ შედეგს მოიტანდა; არც იმის სჯეროდათ, რომ პატარა მდინარეები ასე ადიდდებოდა. კარგია, ევროპული განათლება და დასავლურ უნივერსიტეტებში მიღებული ბიზნესის მაგისტრის ხარისხი, მაგრამ, ხანდახან სოფელშიც რომ ჩახვიდეთ, საკუთარი თვალით ნახავთ, პატარა ღელე ძლიერი წვიმის დროს როგორ იქცევა დიდ მონსტრად და გზად ყველაფერს ანადგურებს.

მხოლოდ რაჭა არ არის ერთადერთი მხარე, რომელშიც კატასტროფის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ანალოგიური ვითარებაა ზემო და ქვემო სვანეთში, იქიდანაც უამრავი ხეტყე გადის ყოველდღიურად და იქაც გადაპარსეს რამდენიმე მთა – ერთი ხე არ დატოვეს მთებზე და თანაც ჩივიან, ნადორობამ აზრი დაკარგა, გარეული ცხოველები მეზობელ ქვეყანაში გადადიანო. ტყეს თუ არ შეეფარა ცხოველი, მზის გულზე ხომ არ წამოწვება და დაელოდება მონადირეს, მოდი, მესროლეო?! ტყის გაჩეხვით არა მხოლოდ ბუინებას ვანადგურებთ, არამედ კლიმატს ვცვლით საქართველოში და გლობალური დათბობის პირობებში ეს ქვეყნის ცეცხლში ჩაგდება და სასიკვდილოდ გამეტებაა.

რაჭა არ არის ერთადერთი მხარე, რომელშიც კატასტროფის წინაშე შეიძლება დავდგეთ, ანალოგიური ვითარებაა ზემო და ქვემო სვანეთშიც

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების საყურადღებოდ: რაჭაში რომ მორჩებით საქმეს, სვანეთისკენ გადაინაცვლეთ, ადგილობრივებს გაესაუბრეთ. ისინი ფეხდაფეხ მოგატარებენ იმ მდელოებს, რომლებზეც ადრე გაუვალი ტყეები იყო, მაგრამ… თუმცა თქვენც გადასარევად იცით ეს ყველაფერი, რადგან ტყის მოჭრაზე ლიცენზიას სწორედ თქვენ გასცემთ.

ანალოგიური რამ ხდება რიკოთის იმ მონაკვეთზე, რომელზეც ახალი გზის გასაყვანი სამუშაოები მიმდინარეობს. ხეტყის ჭრის გარდა, მშენებელმა კომპანიამ მთებს ფერდები ჩამოათალა. ჰო, რაჭული ლორივით დაჭრეს მთები და ახლა უკვირთ, ფერდჩამოჭრილი მთა ერთ ადგილზე რატომ არ დგას და მიწის ნაშალი გზაზე რატომ იყრებაო. დიდ მასშტაბებზე გათვლას თუ ვერ აკეთებთ, ქვიშისგან ააგეთ პატარა მთის ფორმის მაკეტი, ბავშვები რომ აკთებენ ხოლმე, განსაკუთრებით ურეკის ქვიშაში, მერე მას ერთი ფერდი ისე ჩამოათალეთ, როგორც ეს რიკოთის მიმდებარედ გააკეთეთ და ნახავთ, როგორ ჩამოიშლება. ძველმა, საბჭოთა გეოლოგმა გვითხრა, სანამ ფერდჩამოთლილი მთა მეორე მხრიდან მოწოლილ მასას არ მოიშორებს, სანამ ძველ მდგომარეობას არ დაუბრუნდება, სანამ არ გათანაბრდება მისი ორივე მხარე, მანამ რიკოთს არაფერი ეშველება, მიწა მუდმივად ჩამოიშლებაო. ჩვენ ხომ ძველი არაფერი გვინდა და არც ამ კაცს უსმენს არავინ. არადა, სწორედ ძველებმა ააშენეს ის სტალინის აგარაკიც და ტურბაზა შოვში, რომლებსაც სტიქიამ გვერდი აუარა!

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here