Home ახალი ამბები საქართველო თემურ მაისურაძე: ჩინეთი არ აგვავსებს საყვედურებით, არ მოგვთხოვს რაიმეს შეცვლას, ის პირდაპირ მოდის...

თემურ მაისურაძე: ჩინეთი არ აგვავსებს საყვედურებით, არ მოგვთხოვს რაიმეს შეცვლას, ის პირდაპირ მოდის თანამშრობლობაზე. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი პარტნიორობა

“ჩინელებმა ბევრი რამ იციან საქართველოზე, იმაზე მეტი, ვიდრე ზოგიერთმა ქართველმა იცის”

390

ამა წლის 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ჩენგდუს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრემიერმინისტრი ჩინეთის რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩინეთში ვიზიტის დროს . ჩენგდუში დაესწრო საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ფედერაციის 31- მსოფლიო საზაფხულო თამაშებს. ვიზიტის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს . ჩენგდუში შეხვდა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ლი ციანი _ . პეკინში. მხარეებს შორის წარიმართა სიღრმისეული საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ურთიერთხელსაყრელი საერთაშორისო და რეგიონული საკითხების შესახებ და მიღწეული იქნა ფართო კონსენსუსი. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები”, _ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციაში.

საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია, არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებაზე არ შეიცვლება. საქართველო და ჩინეთი დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს“, _ განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

საქართველოში ამ ისტორიულ ვიზიტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. .. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო ოფიციალურად შეურთდა ანტიდასავლურ კოალიციას, ასევე სვამენ შეკითხვას: ვინ გაუშვა საქართველოს პრემიერი ჩინეთში _ ამერიკამ თუ რუსეთმა? ამ საკითხებზე  გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ მაისურაძე:

_ ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობას დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გლობალურ გადანაწილებაში საქართველოს როლი აშკარაა. საქართველოს პერსპექტივას ხედავენ ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ევროპის ცალკეული ქვეყნები, მაგრამ ევროპული კონფიგურაცია არ იძლევა ამ ყველაფრის სხვაგვარად დანახვის საშუალებას.

ჩინეთის განცხადებები ბევრ ქვეყანას შეუცვლის წარმოდგენას საქართველოზე. საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობას ბევრი კარგი რამ მოჰყვება, მაგრამ არის სერიოზული საფრთხეებიც _ საქართველოს მოუწევს, ბევრი ცვლილება შეიტანოს კანონში საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, ასევე ინვესტიციების მიმართულებით. აუცილებელია, გაირკვეს, როგორი იქნება ინვესტიციები, როგორი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფოსთვის, იურიდიული პირებისთვის ინვესტიციების წილობრივი ხვედრი. აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები.

_ საქართველოში არაერთგვაროვნად შეაფასეს პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში _ ზოგიერთმა .. პოლიტოლოგმა და პოლიტიკოსმა ეს  ვიზიტი შეაფასა, როგორც ანტიდასავლურ კოალიციაში საქართველოს ოფიციალურად გაერთიანება

_ ბნელი ხალხი ასე ხედავს ამ ვიზიტის შინაარსს. სახელმწიფო მით უფრო უსაფრთხო და ძლიერია, რაც მეტ სახელმწიფოსთან აქვს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები; ხოლო სახელმწიფო, რომელიც ჩამოკიდებულია ერთ პარტნიორზე, მოქცეულია მისი გავლენის ქვეშ და მონობის კანდიდატია, რადგან მას არჩევანი არ აქვს. ჩინეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტმა ხალხს დაანახვა ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის სახე, დავინახეთ, რა ფასი აქვს მათთვის სამშობლოს. მათ სურთ, ევროპამ საქართველო გამოიყენოს, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ზოგი ფულის გამო იქცევა ასე, ზოგი კი აყოლილია პროპაგანდას, ისინი ღრმად არ აცნობიერებენ სინამდვილეს. ასეთი ადამიანები  ყველა საზოგადოებას, ყველა ქვეყანას ჰყავს. ისინი ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ, ფანატიკოსები არიან.

_ შეკითხვას სვამენ და ბევრს საუბრობენ, ვინ გაუშვა პრემიერი ჩინეთში _ რუსეთმა თუ ამერიკამ?

_ ჩინეთის წარმომადგენლობა რუსეთს ამა წლის მაისში ეწვია. ჩინეთმა აღნიშნა საქართველოს გეოგრაფიული და ეკონომიკური როლი ბრიჩს-ის (სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება, რომლის წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა) პროექტებში, ეს ესმოდა ბრიჩს-ის წევრ ყველა ქვეყანას, ესმოდა დასავლეთის სახელმწიფოებსაც, მაგრამ ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ, ჩვენთვის ხელი შეეშალათ. მსოფლიო იცვლება, პროცესები დაჩქარდა, საქართველოს როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ჩვენთვის უდიდესი იარაღია იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ სწორად. პროცესები დაჩქარდა, ჩვენი სახელმწიფო გაიშალა და გლობალურ, მნიშვნელოვან უჯრედად იქცა. ჩვენ გვაქვს სწრაფად განვითარების შესაძლებლობა.

უამრავი მტერი გამოჩნდება. საფრთხეზე, რომელიც ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობას შეიძლება მოჰყვეს, ზემოთ ვისაუბრეთ და ფხიზლად უნდა ვიყოთ.  მთავარია, კანონებით დავარეგულიროთ ყველაფერი.

საქართველო არ უნდა იყოს მხოლოდ დერეფნების სახელმწიფო, ის უნდა იყოს სასაქონლო კოდების, ახალი კვანძების, ახალი ნაკეთობების კეთებისა და გაგზავნის ადგილი, სადაც იქნება მაღალი ტექნოლოგიები, ციფრული და საავატომობილო მრეწველობა. ყველგან უნდა შევიდეთ, სადაც კი ჩვენი პოტენციალი “გაქაჩავს” და მინდა გითხრათ, რომ გვაქვს სერიოზული საინჟინრო სკოლა და გამოცდილებაც. საქართველოში ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს, ამიტომ ძალიან მალე ძალიან მაღალ დონეზე შევძლებთ ყველაფრის ათვისებას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის იქნება აუცილებელი.

ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის სცემს პატივს ტრადიციებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებსაც დიდი ისტორია აქვთ. ჩინეთი არ აგვავსებს საყვედურებით, არ მოგვთხოვს რაღაცის შეცვლას, ის პირდაპირ მოდის თანამშრობლობაზე. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რას ნიშნავს ნამდვილი პარტნიორობა. ჩინელები გვეუბნებიან, რომ ჩვენთან ერთად რაღაცის კეთება სურთ, მათ არ აინტერესებთ ჩვენი ხასიათის შეცვლა, იტორიის და კულტურის გადაკეთება; ეს არის სახელმწიფო, რომელიც, პირველ რიგში, თავის თავს სცემს პატივს და შემდეგ აფასებს იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც დიდი ისტორია აქვთ. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ჩვენი მეზობლები. ეს ჩინეთმა კარგად იცის. ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ თვალით შეხედეს საქართველოს, ამ კუთხით დაიწყეს ჩვენთან მეგობრობა. ჩინელებმა ბევრი რამ იციან ჩვენს ქვეყანაზე, იმაზე მეტი, ვიდრე ზოგიერთმა ქართველმა იცის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სრულყოფილი პარტნიორული ურთიერთობა ყველას ინტერესში ჯდება _ თვითონ ჩინეთის, ირანის, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, თურქეთის, რუსეთის… თურქეთი სერფინგის ტიპის მოთამაშეა, ტალღა საითაც წავა, მას გაჰყვება. საქართველოს დღევანდელი მნიშვნელობა და როლი ყველასთვის აშკარაა. ღმერთის წყალობით ვცხოვრობთ ისეთ ადგილას, ვართ ისეთი ქვეყანა, რომელმაც დაიმსახურა უკეთესი ცხოვრება და თავისი როლის წინ წამოწევა.

ჩვენ ვცხოვრობთ არაჩვეულებრივ ეპოქაში, ასეთი მნიშვნელოვანი როლი ჯერ არ გვქონია. საქართველო ყველა ქვეყნის ინტერესში შედის, მაგრამ ზოგს უნდა, ბოდიში და, ქვეშ ამოგვიდოს; ზოგს სურს, ინსტრუმენტი ვიყოთ მის ხელში; ზოგს კი სურს, ვიყოთ პარტნიორები და ღირსეული ადგილი გვეკავოს საჭადრაკო დაფაზე. ვიღაცამ ჩვენი როლი დაინახა, მისი გაზრდა მოისურვა და მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ ადეკვატურად უპასუხა.

დღეს სააკაშვილის ხელისუფლება რომ იყოს ქვეყნის სათავეში, ჩინეთსაქართველოს შორის პარტნიორობა არ შედგებოდა, რადგან მას დასავლეთი უარს ათქმევინებდა, სულელურ განცხადებებს წაგვიკითხავდა, რომლებიც ამერიკიდან მოვიდოდა, დეგნანის ტიპის პოლიტიკოსის დაწერილს, და გავაკეთებდით მორიგ სისულელეს, რაც აქამდე ბევრჯერ გვიკეთებია, ამიტომ მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა.

 საქართველოს ხელისუფლებაში ბევრი რამ არის  შესაცვლელი, “ქართულ ოცნებას” მოუწევს საკადრო პოლიტიკის გადახედვა, რადგან ამ კადრებითა და  რესურსებით ცვლილებებს, რომლებიც 2024 წლის შემდეგ დაიწყება, ფეხს ვერ აუწყობენ. იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა მონური სულისკვეთების პარტიებს, ცალ ფეხზე მდგომ პარტიებს უარს ეტყვის, პარტიებს, რომლებიც ბატონის მსახურებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ორი ბატონის მსახური ვერ იქნები. ბატონობაზე საუბარი უნდა დასრულდეს, დღეს დადგა დრო, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ სუვერენული, თავისუფალი, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული. დესტრუქციული ძალების ადგილი სახელმწიფო სტრუქტურებში აღარ არის!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here