Home ახალი ამბები საქართველო თემურ მაისურაძე: დღეს ყველაზე არასანდო პარტნიორები აშშ და ევროპა არიან

თემურ მაისურაძე: დღეს ყველაზე არასანდო პარტნიორები აშშ და ევროპა არიან

“ევროპისა და ამერიკის ბაზრების კარი ღიაა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ იმ მომენტისთვის სჭირდებათ, დანარჩენებს ბარიერებს უქმნიან, პროდუქცია რომ არ შეატანინონ. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით თუ შევხედავთ რუსეთს, ის გაცილებით სანდო პარტნიორია, ვიდრე აშშ და ევროპის ქვეყნები”

388

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურმა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა 2023 წლის იანვარმაისის მონაცემები. ამ მონაცემებით  საქართველოს ნომერი მეორე პარტნიორი (თურქეთის შემდეგ) ქვეყანა სავაჭრო ბრუნვის მიხედვით არის რუსეთი. 2023 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ მოიმატა და მთლიანი წილის 12,7 პროცენტი შეადგინა.

 ამ ინფორმაციით აღშფოთებულმა .. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში წარდგომის შემდეგ, სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეს წერა, _ რატომ არავინ დაუსვა პრემიერს შეკითხვა: “არის თუ არა სანდო პარტნიორი რუსეთი საქართველოსთვის და რას იზამს საქართველო, თუკი რუსეთი გვიღალატებს?”

სწორედ ზემოხსენებული შეკითხვებით მივმართეთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თემურ მაისურაძეს:

_ დღეს ყველაზე არასანდო პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არიან, რომლებსაც აქვთ უფლება, უფრო ზუსტად, თავიანთ თავს მისცეს უფლება, სანქციები დაუწესონ ვიღაცას, თითი დაუქნიონ…

სანდოობა და არასანდოობა გამომდინარეობს ინტერესებიდან, რამდენად  სჭირდები შენ ამა თუ იმ სახელმწიფოს ან სჭირდება თუ არა შენი პროდუქცია და სწორედ ამის შემდეგ სურთ შენთან ურთიერთობა.

მე ევროკავშირის სანდოობას ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობისკენ, ევროპა მაინც გვიქმნის უამრავ ბარიერს, რათა ჩვენი პროდუქცია არ შევიდეს მის  ბაზარზე. უფრო მეტიც, ევროპისა და ამერიკის ბაზრების კარი ღიაა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ იმ მომენტისთვის სჭირდებათ, დანარჩენებს ბარიერებს უქმნიან, რათა პროდუქცია არ შეატანინონ. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით თუ შევხედავთ რუსეთს, ის გაცილებით სანდო პარტნიორია, ვიდრე აშშ და ევროპის ქვეყნები

ე.წ. სანდობაა მსოფლიოში აღარ არსებობს, არსებობს ინტერესთა ფაქტორები. რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა გვიჩვენა, რომ ,,ნდობა” და მსგავსი რაღაცები აღარ არსებობს. თუ ინტერესთა სფეროში ჯდები, მაშინ ყველაფერი კარგადაა, როგორც კი ინტერესი გაქრება, ამოვარდნილი ხარ ყველაფრიდან. მე თქვენ გეტყვით, ევროპას ვუჩივლებთ თუ რა?!

მსოფლიოში ე.წ. საკუთრების უფლება, რომელზეც დასავლეთი იდგა, ფეხქვეშ გაითელა; რა ღირებულებებითაც ტრაბახობდა, წმინდა წყლის ბლეფია.

თუ ვითარებას საღი თვალით შევხედავთ, საქართველოსთვის ყველაზე კარგი პარტნიორები არიან ჩვენი მეზობლები _ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, აგრეთვე, აზიის ქვეყნები, რადგან მათთან არასოდეს შეგვქმნია პრობლემები. უკრაინა ჩვენი პარტნიორი არ არის, რადგან ვნახეთ, როგორ უცბად გადაწყვიტა ქართული ავიაკომპანიისთვის სანქციის დაწესება და ფრენების შეწყვეტა.

ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორი ერთ დღეში შეიძლება იქცეს მტრად და პირიქით _ მტერი პარტნიორად მოგევლინოს. ახლა ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი  რომ გამოვიდეს და განაცხადოს, ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ პარტნიორობაზე ამა და ამ საკითხზე, მაგალითად, ანტიტერორისტულ მოქმედებებზეო, ამ სიტყვებს ერთ დღეში მთელი მსოფლიო აიტაცებს და ტაშს დაუკრავს. აი, ეს მიმდევრობებია, რომლებიც ადამიანებს არ ესმით, ცხოვრობენ განწყობებით. ასე ცხოვრება კი ცუდია. მაგალითად, აქვთ განწყობა, რომ ევროპიდან რაც მოდის, ყველაფერი მისაღებია. არსებობს “ბრიუსელის სინდრომი”: რაც ბრიუსელში გადაწყდება, ყველაფერი კარგია. არადა, ნებისმიერი მსგავსი სინდრომი, რომელიც შეიძლება სახელმწიფოში იყოს, ყველა დამაზიანებელი და მავნებელია.

_ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთთან ყველანაირი კავშირის წინააღმდეგნი არიან; ამბობენ, რუსეთს არ ჩამოვეკიდოთ, ამოვიღოთ პარტნიორთა სიიდანო… მხოლოდ  სხვა ქვეყნებთან პარტნიორობა წაადგება საქართველოს, მაგრამ რომელი ქვეყანა უნდა იყოს ეს?

_ ეკონომიკის დივერსიფიკაცია გულისხმობს ყველასთან პარტნიორობას.  რას მიქვია, რუსეთი ამოვიღოთ პარტნიორთა სიიდან?! ეკონომიკაში ასეთი ტერმინი არ არსებობს. ნებისმიერი ბაზარი, ნებისმიერი ქვეყანა, რომელშიც არის მოთხოვნა შენს მომსახურებაზე, არის შენი პარტნიორი. სხვა ენა ეკონომიკამ არ იცის, იცის: მინდა, მჭირდება, შემიძლია და გაწვდით. ნებისმიერი სახელმწიფო მით უფრო წარმატებულია, რაც მეტი პარტნიორი ჰყავს მას ეკონომიკურ სფეროში. ეს არის  ეკონომიკის ანაბანა.

 “სიიდან ამოვიღოთ ან ჩავსვათ ესა თუ ის ქვეყანა” _ ეს არის სრული სიგიჟე. მთავარია, ვის რა უნდა, შენ რა გაქვს და რისი მიწოდება შეგიძლია. მტერი სახელმწიფოც რომ იყოს, მაგრამ ეკონომიკური სარგებელი მოჰქონდეს, ასეთ შემთხვევაში, პოლიტიკური ნაწილი გადადის პოლიტიკურ ჭრილში და ეკონომიკური ნაწილი  რჩება ეკონომიკურ ჭრილში. ეს არის ეკონომიკა.

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების დროსაც კი, როდესაც მთელი დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგია, იმპორტის მაჩვენებელი რუსეთიდან გაზრდილია, მართალია, ექსპორტი სანქციების გამო შემცირდა, მაგრამ იმპორტი გაიზარდა. თუ საბავშვო ბაღში არ დადის ადამიანი, ის, რაზეც ვისაუბრეთ, კარგად ესმის. თუ ვიღაცას თვალის დაბრმავება სურს, დაიბრმავოს, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებონ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here