22 ივნისს მოსკოვში შევხვდი.
ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე. შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობას ომის გარეშე არც უარსებია. მსოფლიოს ისტორია გაუთავებელი ომების ისტორიაა, მაგრამ სწორედ 22 ივნისს დაწყებულმა დიდმა სამამულო ომმა იქამდე არნახული სისხლი და ცრემლი მოიტანა.
ფაშისტური გერმანიის ბოროტმა ვნებებმა სამოცდაათი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, ამ საქმეში გერმანიის მარტო დატოვება უსამართლობა იქნება, რადგან ეს ბოროტი ვნებები მხოლოდ გერმანული არ ყოფილა, იგი საერთო დასავლური ვნებები იყო. იმდროინდელი მხეცობა და სისასტიკე, როგორც ადამიანის დაცემისა და სულმდაბლობის უპრეცედენტო მაგლითი, დღემდე ღაღადებს გაუგონარი სისასტიკისა და სიძულვილის კონკრეტული გამოვლინებებით, რომლებსაც სათვალავი არ აქვს. ჩვენი თანამემამულე მიხეილ კვესელავა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ჟამთააღმწერელი ნიურნბერგის ისტორიული პროცესისა, შეძრწუნებული და გაოგნებული წერდა, როგორ გადამუშავდა არნახულ დანაშაულთა აღმნუსხველი ათასობით და ათეული ათასობით ფუთი დოკუმენტური მასალა, რომელიც საბრალდებო დასკვნად ჩამოყალიბდა და საბოლოო განაჩენში აისახა. მიხეილ კვესელავას დოკუმენტების რაოდენობის აღსანუსხავად წონის ერთეული (ფუთი) როდესაც შემოაქვს, აქ უკვე საუბარია არა სისასტიკისა და მხეცობის თვისებრივ, არამედ რაოდენობრივ განზომილებაზე. კი ბატონო, ბოროტება; კი ბატონო, სისასტიკე; კი ბატონო, გენოციდი და ჰოლოკოსტი; კი ბატონი, საკონცენტრაციო ბანაკები და ტყვეებზე ურჩხულისებრი სამედიცინო ექსპერიმენტები, მაგრამ რამდენი?! ბოროტების თვისებრივ განზომილებას რომ თავი დავანებოთ, მისი რაოდენობრივი მასშტაბები არ გაძრწუნებთ?!
ეს იდეოლოგია როგორ უნდა მობრუნდეს? როგორ შეიძლება, რომ არსებობდეს გაერო და მისი უშიშროების საბჭო ხუთი მუდმივი წევრით, სადაც ბირთვული სახელმწიფოები (რუსეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) შედიან, რომლებსაც (თითოეულს ცალ-ცალკე) ვეტოს უფლება აქვთ და ასე მოწყობილი მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პირობებში, სადღაც, რომელიღაც წერტილში მაინც ხერხდებოდეს ის, რომ ფაშიზმმა (კაცობრიობის ამ ყველაზე სამარცხვინო იდეოლოგიამ) კვლავ წამოჰყოს თავი? საქმე ისაა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოებიდან სამი (აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) თვითონ გვევლინება უკრაინული ფაშიზმის იდეოლოგიურ მხარდამჭერად, დამფინანსებლად და შეიარაღების მიმწოდებლად.
უკრაინული ფაშიზმი უკრაინული მხოლოდ იმდენად არის, რამდენადაც უკრაინის ტერიტორიას და უკრაინელი ხალხის ერთ (დაავადებულ) ნაწილს იყენებს, სხვა თვალსაზრისით იგი საერთო დასავლური იდეოლოგია და რუსეთის წინააღმდეგ ნატოს აგრესიაა, რომელიც არც მალავს ამ სამარცხვინო ფაქტს. ევროპაში კვლავ გამოჩნდა პოლიტიკური აჩრდილი, ოღონდ არა კომუნიზმის, არამედ ფაშიზმისა.
ამაზე ილაპარაკეს ჯერ მარქსის ძეგლთან შემდეგ კი წითელ მოედნზე შეკრებილმა კომუნისტებმა და ხალხმა, რომლებიც, ერთი მხრივ, გმობენ რა ნეოფაშიზმის ყოველგვარ გამოვლენას, მეორე მხრივ, აცნობიერებენ რუსეთის უზარმაზარ მისიას ამ საშინელ მოვლენასთან ბრძოლის საქმეში. რვა ათეული წელიწადი გვაშორებს საბჭოთა არმიის მიერ უკრაინის განთავისუფლების უზარმაზარი ბატალიებისგან, მაგრამ, როგორი საკვირველი და თავზარდამცემიც უნდა იყოს, უკრაინა კვლავ გასათავისუფლებელია ფაშიზმის შავი ჭირისგან. დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, რის გამოც კოლექტიური დასავლეთის ფაშისტურ შემოტევასთან გამკლავების მთელი სიმძიმე რუსეთზე მოდის.
22 ივნისის ტრაგიკული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებთან, დეპუტატებთან, სამხედრო პირებთან, რომლებიც მწუხარებით ლაპარაკობენ ფაშიზმის აღორძინების დაუშვებლობაზე და ამ საშინელი მოვლენის დაძლევის საქმეში ერთად დგომის აუცილებლობაზე.
სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით ნაკლებად ფიქრობენ, ჩვენში ჯერ კიდევ მძლავრობს მოჯადოებული ცნობიერება, რომელიც ვერ თავისუფლდება დასავლური სტერეოტიპებისა და შაბლონებისგან, რაც ოცდაათი წელიწადია, ნიაღვარივით მოედინება და წამლავს თაობებს. გარწმუნებთ, ეს მღვრიე ტალღაც გადაივლის, როგორც სხვა მრავალ მღვრიე ტალღას გადაუვლია.
ამ განწყობით ვბრუნდები საქართველოში.
ვალერი კვარაცხელია
მოსკოვი, 2023 წლის 22 ივნისი