31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წარდგა.
– ფეხზე წამოვდგეთ, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს. დეპუტატები და მთავრობის წევრები მის სურვილს დაჰყვნენ, საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ხალხის ნების რეფერენდუმით დადასტურების დღეს ვინ არ დაუდგებოდა ფეხზე.
– დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას, – ბრძანა პრეზიდენტმა.
ჯერ ერთი, იმ დღეს ბუჩას ტრაგედიის წლისთავი კი არა, ზელენსკის ფაშისტური ხროვის მიერ ბუჩაში მოწყობილი პროვოკაციისა და ფარსის წლისთავი იყო, მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, გაუგებარია, პრეზიდენტმა ბუჩას მოვლენები რატომ დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობაზე მაღლა. საერთოდ, პარლამენტში იქნება, მთავრობაში თუ ნებისმიერ სხვა თავყრილობაზე, ვინმესთვის რიტუალური პატივის მიგებისკენ მოწოდება მხოლოდ ოფიციალური წამყვანის პრეროგატივაა და არა რომელიმე სტუმრის ან გამომსვლელის, თუნდაც იგი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. წესია ასეთი და ეს წესი ყველგან რეგლამენტით უნდა რეგულირდებოდეს. ასეთ შემთხვევაში იმგვარ მატრაკვეცობას, პრეზიდენტმა რომ ჩაიდინა, გასაქანი არ მიეცემა. რაკი ეს სიტყვა ვახსენე, ბარემ მისი მნიშვნელობაც დავაზუსტოთ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ამგვარ მნიშვნელობას გვთავაზობს: მატრაკვეცა – მეტიჩარა, არამკითხე; სულხან–საბასთან კი იგი ასეა განმარტებული:მატრაკუეცი – მხევლის მხევალი, არამკითხე. სწორედ რომ მხევლის მხევლობა და არამკითხეობა გამოვიდა პრეზიდენტის ის ჟესტი, რომელშიც მან მეტიჩრობაზე მეტი პროვოკაცია ჩააქსოვა. უკრაინელი პროვოკატორები საქართველოს ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, საქართველოს პრეზიდენტი კი დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს აიძულებს, უკრაინულ პროვოკაციას ფეხზე წამოუდგნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ მას. გულწრფელად ვამბობ, მატრაკვეცობაც რბილი სიტყვა მგონია პრეზიდენტის ამ საქციელის შესაფასებლად, მაგრამ პრეზიდენტი ჰქვია მაინც, ქალბატონია, თანაც ასაკოვანი. ამიტომ აღარ გავართულებ საქმეს და ამ სიტყვას დავჯერდები, ოღონდ სულხან-საბასეული, ძველქართული ვარიანტით – მატრაკუეცი. ქალბატონი სალომეც ხომ მისი სტილით, საუბრით, ფსიქიკით, ძველქართული ვარიანტია – ქართველ მენშევიკთა ევროპული ლანდი.
იმ დღეს პრეზიდენტმა პარლამენტის დარბაზში კიდევ მრავალი მატრაკუეცობა ჩაიდინა. დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი კი არ არის, ხალხის მიერ სხვისი ხათრით არჩეული პრეზიდენტია. ორი ასეთი პრეზიდენტი იცის საქართველოს ისტორიამ – გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ვერც ერთი და ვერც მეორე ვერასოდეს იფიქრებდნენ საქართველოს პრეზიდენტობაზე, რადგან ისინი არ არიან ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებზეც ხალხი ოდესმე არჩევანს გააკეთებდა. ამ სტატიაში არ ვმსჯელობ იმაზე, რატომ უშვებს ივანიშვილი ასე მიუტევებელ საკადრო შეცდომებს, ამჯერად სალომე ზურაბიშვილის ზნეობრივ პორტრეტზე ვსაუბრობ. იმ პიროვნებასა და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც სრულიად დაუმსახურებლად პრეზიდენტის პოსტი ჩაგაბარა, დასაშვებია, რომ ასე მოექცე? ამ ფაქტში მხოლოდ ის უარყოფითი თვისება კი არ ჩანს, რომელსაც უმადურობა ჰქვია, არამედ იმ ქვეყნისა და ხალხის წინაშე გამოვლენილი გასაოცარი უპასუხისმგებლობაც იკითხება, ვის პრეზიდენტადაც გარემოებათა უცნაური დამთხვევის, ისტორიული გაუგებრობების, თუ სულაც ბედის ირონიის გამო იწოდები. უპასუხისმგებლობაც რბილი შეფასებაა, ვინაიდან იმ ვითარებაში, როდესაც წამყვანი საერთაშორისო პოლიტიკური ანალიტიკოსები კარს მომდგარ მსოფლიო ომზე საუბრობენ, დაუპირისპირდე საკუთარ მთავრობას, რომელიც მტკიცედ დაადგა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გზას და მხარი დაუჭირო დესტრუქციულ ძალას, რომელიც ქვეყანას, ერთი მხრივ, სახელმწიფო გადატრიალებისკენ, მეორე მხრივ კი, რუსეთთან ომის მიმართულებით მიაქანებს, აშკარად უფრო მძიმე სიტყვითაა შესაფასებელი, ვიდრე სიტყვა უპასუხისმგებლობაა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის დახასიათებით, „საგარეო კურსის მიმართ პირველი ეჭვები ხელისუფლებამ 2019 წელს გავრილოვის ჩამოყვანით გააჩინა, შემდეგ იყო შარლ მიშელის შეთანხმების გაუფრთხილებელი ანულირება, მერე უარის თქმა ევროკავშირის სესხზე, ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებითა და ბრალდებებით გავაცილეთ“.
მთავრობისთვის ამ მძიმე ბრალდებების წაყენების შემდეგ პრეზიდენტს რიტორიკული შეკითხვები გაუჩნდა: „ევროპულ გზას თქვენ, მმართველი პარტია, ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს უწოდებდით, ამიტომ ახლა არ შემიძლია არ გითხრათ, თუ არ გკითხოთ: სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას?”
ეს რიტორიკული კი არა, გაკაპასებული ქალის მიერ დასმული შეკითხვებია. ეს იმნაირი ქალის მიერ დასმული შეკითხვებია, დათა თუთაშხიამ რომ უთხრა: “მაპატიეთ, ქალბატონო, მაგრამ მოგზავნილი მგონიხართ მაინც“. მოგზავნილი ქალის გარდა, ვინ იმსჯელებს ასე საოცრად: “ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ“. არც თბილისს უნდა მეორე ფრონტი და არც მოსკოვს. ამას თუ გულისხმობს ქალბატონი პრეზიდენტი, კი ბატონო, ამას შეიძლება ერთ ენაზე საუბარი ეწოდოს, მაგრამ რა არის ამაში ცუდი? ცუდი მეორე ფრონტის გახსნისკენ მიმართული მცდელობებია. ასეთი სამარცხვინო მოწოდებები პრეზიდენტის მიერ მოწონებული ოპოზიციიდან, პრეზიდენტის სანუკვარი უკრაინიდან და პრეზიდენტის მიერვე ნაქები დასავლეთიდან მოდის. პრეზიდენტის მცდელობა, რომ ევროპას პირი მოწმინდოს, ცარიელი დემაგოგიაა: “რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს”.
ამგვარი შიშველი დემაგოგია, დიდი ხანია, აღარ მუშაობს, დაახლოებით იმ პერიოდიდან, ქალბატონი სალომეს მენშევიკი მშობლები საქართველოდან გატაცებული ეროვნული განძით ხელში ევროპაში რომ გარბოდნენ. ევროკავშირში, ქალბატონ სალომეს მშვიდობის მტრედი რომ ჰგონია, სიტყვაც არ დაუძრავთ უკრაინაში სამშვიდობო პროცესზე, პირიქით, უკრაინის მაქსიმალურ შეიარაღებაზე, უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლასა და ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების შესახებ ლაპარაკობენ გაუთავებლად. ესაა მშვიდობის იდეა? რა კონსპირაციულ თეორიებზე საუბრობს ქალბატონი პრეზიდენტი, მას არ მოუსმენია, რას და როგორ ლაპარაკობენ მისი კოლეგა ნეოფაშისტები უკრაინაში? “ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” ნაცვლად “ნაციონალური მოძრაობა” რომ იყოს, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს გახსნიდა”, – აცხადებენ ისინი. ქალბატონი პრეზიდენტი რუსეთთან ომის მოსურნე ძალებს უჭერს მხარს.– ესაა ქართველი ხალხის ნების სადარაჯოზე დგომა? თვითონ ომის პარტიას ჩაუდგა სათავეში და პარლამენტის დარბაზში სხვებს ეჩხუბება, – ხალხის ნებას რატომ ჩამოშორდითო. რა არის ეს? „მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს მე და ხალხს … საქართველოს გაყვანა სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხებელი იქნებოდა, ანუ საბჭოთა და რუსული წნეხისგან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულებაა. ჩვენი ხალხის ნებისა და მისწრაფების დაცვა ჩემი საქმიანობს მთავარი მიზანი და არსია”.
საოცარია! სააკაშვილის გვერდით დგომა და მის ხროვასთან პარლამენტის დარბაზში გამართული მტლაშა–მტლუშია “ხალხის მისწრაფებების დაცვა“?
თან დიდგულობს და იმუქრება კიდეც: „რაც უნდა ეცადოთ – ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას და ხან რომელს მიმაწებოთ; ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები; ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა; ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს… მაინც ვერ შემცვლით ვერც მე, ვერც ჩემს მიზანს; ვერ შემცვალეთ და ასეც იქნება მომავალში”.
“ქართულ ოცნებას” თუ მიმართავს ქალბატონი პრეზიდენტი, ამ ორგანიზაციას იგი სხვისთვის კი არ მიუწებებია, თვითონ მიიწება, შემდეგ კი, სამწუხაროდ, პრეზიდენტის სავარძელს მიაწება. ქალბატონი პრეზიდენტი თვითონ ეწებება სხვას – საქართველოს დაუძინებელ მტრებს და უბოროტეს ძალას საქართველოს ისტორიაში: “თქვენ თუ გაქვთ ჩემი იმედი, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი“, – ეს სალომე ზურაბიშვილის მიმართვიდანაა სახელმწიფო გადატრიალების მოსურნე იმ ძალებისადმი, რომლებსაც აშშ–იდან გამჭვირვალობის კანონის ჩაგდება მიულოცა 9 მარტს. ადამიანი ისე იყოს მოწყვეტილი რეალობას, რომ ასე გასაოცარ განცხადებას აკეთებდეს, მართლაც წარმოუდგენელია: “საზოგადოება უკვე სრულად დეპოლარიზებულია და შეჯერებულია ქვეყნისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხზე – ევროინტეგრაცია და სოლიდარობა უკრაინისადმი. ახლა პოლარიზაცია მხოლოდ ხელისუფლებასა და ხალხს შორის იგრძნობა”.
პირიქით არის, ქალბატონო პრეზიდენტო, პირიქით! საზოგადოება დასავლური უსინდისობისა და უკრაინული ნეოფაშიზმის არსს ჩასწვდა, საქართველოს ხელისუფლება კი ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში არასოდეს მდგარა ხალხის ინტერესების სადარაჯოზე ისე მტკიცედ, როგორც დღეს დგას. ამის შეფასებისას ხალხს შეცდომაში ვერ შეიყვანს ერთი მატრაკუეცი დემაგოგი, თუნდაც იგი პრეზიდენტის სავარძელს იყოს მიწებებული.
ვალერი კვარაცხელია
პირველი – მე ამ ქალს ხმა მივეცი არჩევნებში, იმ მოწოდების (,,დასავლეთიდან” ნაკარნახევი მოწოდების) შესაბამისად, რომელიც მაშინ გაავრელა ქართულმა ოცნებამ.
მეორე – ბატონო ვალერი, თქვენ წერილში სრული ჭეშმარიტებაა ნათქვამი, მაგრამ ერთ რამეში ჩემს შენიშვნას ვიტყვი – ეს არ არის მატრაკვეცობა, ეს დანაშაულის ტოლფასი აზრები და ქმედებაა, რასაც ,,ქვეყნის სარდალი” ახორიელებს.
მესამე – მთიულეთში ნათქვამ ერთ ლექსში არის ასეთი სტრიქონი: ,,…შვილ მამას დაეფერება, რა არის გასაკვირები…”-ო. სამწუხაროდ არჩებნების წინ ეს სტრიქონი არ გამახსენდა!!