Home ახალი ამბები საქართველო აღარ დაგვიდგება ქართველებს „ოქროს ხანა“, თუ არ გავმრავლდებით, თუ ერთმანეთის გატანითა და...

აღარ დაგვიდგება ქართველებს „ოქროს ხანა“, თუ არ გავმრავლდებით, თუ ერთმანეთის გატანითა და ატანით არ გავძლიერდებით

სახელმწიფო ვალდებულია, სამუშაო ადგილებიც შექმნას და ისეთი სოციალური ფონი, ყოველ მეორეს აქედან გაქცევა რომ არ მოუნდეს, თორემ მოვა დრო და არაქართველი ამომრჩეველი ქართველზე ბევრი იქნება და აღარ აგირჩევენ, ბატონებო, იმ არაბს დასვამენ პარლამენტში, მოქალაქეობა ხონჩით რომ უბოძეთ, აქაოდა, ინვესტიცია განახორციელა და ჩვენი ქვეყნის მეგობარიაო. რა ვიცი, კომუნისტები სხვა ისტორიას გვასწავლიდნენ ადრე და თითქოს მტერ-მოყვარესაც უფრო იოლად ვარჩევდით

252

1979 წლის აღწერით, საქართველოს მოსახლეობა 5 014 800 ადამიანს შეადგენდა, 1989 წლის აღწერით – 5 400 841-ს, 2002 წლის აღწერით – 4 371 535-ს, 2014 წელს – 3 787 000-ს, 2020 წელს კი – 3 716 900-ს. რა გამოდის? დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1 683 941 ადამიანით ნაკლები ვართ. თანაც ხომ ყველამ იცის, რომ 1989 წელს საქართველოში ქართველი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველი იყო, ახლა კი…

დემოგრაფიული პრობლემა საქართველოში ძალიან მწვავედ დგას. მდგომარეობის გამოსწორებას პატრიარქი შეეცადა, როცა გამოაცხადა, –  მესამე და ყოველ მომდევნო შვილს ქართველებს მე მოვუნათლავო. ამის გამო არაერთმა ოჯახმა მესამე თუ მეოთხე შვილი აჩუქა ქვეყანას, მაგრამ ვაღიაროთ, ამას  დროებითი ეფექტი ჰქონდა და, თუ თავდაპირველად პატრიარქის ნათლული ასობით ბავშვი ხდებოდა, მათი რაოდენობა  ძალიან შემცირდა, მხოლოდ პატრიარქის მოწოდებამ არ გაჭრა. მიზეზი კი ის არის, რომ ბევრი შვილის ყოლის სურვილი შეიძლება ძალიან ბევრს აქვს, მაგრამ შესაძლებლობა –  ცოტას. თვითონ დათვალეთ, ერთი ბავშვის გაზრდა რა თანხებთან არის დაკავშირებული, ჯერ ჩვილის, შემდეგ მოზარდის სრულფასოვანი  კვება,  განათლება, მერე კი… სავსეა  ქვეყანა უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის მქონე მაღაზიის კონსულტანტებითა და მოლარეებით, რადგან სამსახური, უბრალოდ, არ არის. შემდეგ კი ახალი ოჯახის შექმნის დრო მოდის, ფინანსურ პრობლემებს უბინაობაც ემატება და საუკეთესო გამოსავლად ქართველებს საზღვარგარეთ წასვლა მიაჩნიათ. ჰოდა, მიდიან  მარტო, ოჯახებითაც, მერე  ჩამოსვლის სურვილი აღარ უჩნდებათ, ახალ ქვეყანაში მკვიდრდებიან, ცდილობენ, უცხო სხეულებივით არ იყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც უცხოები არიან და ეს ყველაზე კარგად მაშინ იგრძნობა, როცა დამსაქმებელს ესაუბრებიან. გაიხსენოს ნებისმიერმა, როგორ უყურებენ დამსაქმებლები, და ექცევიან თუ არა მათ,  როგორც თანასწორს? რა თქმა უნდა, არა, ეს  ჩვენგან განსხვავებით. ჩვენ ხომ ვართ „ერი გულადი, პურადი, სტუმართმოყვარე…“  ამ სტუმართმოყვარეობაში კი ქვეყანა შემოგვეყიდა, ჰო, ქვეყანა. ამას წინათ, ერთმა ნაცნობმა აღმაშენებელზე კომერციული ფართობი  გაყიდა და იმ ფასად ესპანეთში ბინა და პატარა კაფე შეიძინა, აღმაშენებელზე ფართობი  კი არაბებმა იყიდეს. წავიდა ქართველი ოჯახით ესპანეთში, დამკვიდრდა არაბი ოჯახით… აღმაშენებელზე. და ასე ხდება ყოველდღიურად და, სამწუხაროდ, ქართველების  უმრავლესობას აქ უძრავი ქონების შეძენის შანსი სიძვირის გამო არ აქვს. ძვირი კი ნამდვილად არის, თანაც ისეთი ძვირი, თბილისში გაყიდული ფართობით ესპანეთში ბინა და კაფე მოდის.

შარშან  იაპონელმა მკვლევარებმა დაწერეს იმ ერების ჩამონათვალი, რომლებსაც 2050 წლისთვის არსებობის პრობლემა ექნებათ, ანუ გადაშენება დაემუქრებათ და ქართველები ამ ჩამონათვალის   ათეულში ვართ. ეს ადრე თითქოს სასაცილოდ ჩანდა, მაგრამ, თუ 34  წლის განმავლობაში ლამის 1.7 მილიონით შევცოტავდით, სად არის გარანტია, რომ ეს ტემპი უფრო არ არის გაზრდილი და 2050 წლისთვის ჩვენს ქვეყანაში 2 მილიონი მაინც  ვიქნებით?! გადახედეთ სოფლებს, გადახედეთ მუნიციპალიტეტებს და, საზოგადოდ, ნაცნობთა  წრეს – არის ვინმე, ვისაც ნაცნობი, მეგობარი, ნათესავი არ ჰყავს  საზღვარგარეთ აქედან დედა-ბუდიანად აყრილი და წასული? არ არის ასეთი ოჯახი, ყველას ჰყავს სადღაც ვიღაც და ეს პროცესი  ღრმავდება…  ჩემი მეგობარი, კარგი იურისტი, 5  შვილის  მამაა  _ 4 ბიჭი და ერთი გოგონა ჰყავს; კომპანიაში მუშაობდა და 3-ათასლარიანი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ამერიკაში წავიდა მექსიკის გავლით, ტრაილერზე ზის და იქიდან არჩენს ოჯახს. უფროსი ბიჭი უკვე წაიყვანა და ახლა დანარჩენების წაყვანასაც ფიქრობს. რატომ? იმიტომ, რომ არ გამოდგა საკმარისი 3 ათასი ლარი 7-სულიანი ოჯახის გამოსაკვებად, არ გამოდგა საკმარისი ეს თანხა იმისთვის, რომ ბავშვებს ნორმალური საკვები მიეღოთ, ნორმალურად ცმოდათ, ნორმალურად ესწავლათ. ჰოდა, ისიც წავიდა შვილებისთვის, მათი მომავლისთვის. აქ რომ დარჩენილიყო, რის და ვის იმედად? როგორ გგონიათ, 5 ბავშვი ამერიკაში რომ წავა, იქ რომ დაამთავრებს სკოლას, იქ რომ მიიღებს განათლებას, მერე უკან დაბრუნების სურვილი ექნება? მოუნდებათ რამდენიმე ათასდოლარიანი სამსახური მიატოვონ და საქართველოში თუნდაც 3 ათას ლარად იმუშაონ? კარგ იურისტს ხელფასი 3 ათასი ლარი რომ აქვს აქ და ტრაილერის მძღოლი 10 ათას დოლარს სცდება შტატებში, ნორმალურია? როგორც ჩანს, ამ მიმართულებითაც გამოიღვიძეს ნაციონალებმა და აგერ, შეკვეთილში გამართულ აქციაზე პირველად თქვეს, – საშუალო ხელფასი 3 ათასი ლარიდან უნდა იწყებოდესო. ამას ხვდება ხელისუფლებაც, მაგრამ რას აკეთებს იმისთვის,  3 ათასი ლარის თუნდაც ნახევარი მაინც რომ ჰქონდეთ ადამიანებს? მერამდენედ გვიწევს იმის შეხსენება, რომ 2012 წელს დიდი დაპირებებით მოსულმა „ოცნებამ“  არ გააკეთა ორი მთავარი რამ:  სამართლიანობის აღდგენა და ღირსეული სამსახური და ღირსეული ანაზღაურება (სწორედ ასე ამბობდნენ, ამ სიტყვებით) თითოეულ მოქალაქეს. გასულ კვირას არ იყო, პრემიერმა გაძვირებულ პროდუქტზე რომ ისაუბრა? პროდუქტზე ფასები  უნდა შეცირდესო. ასეთი დავალება მისცა მთავრობის წევრებს და ეგებ ხალხის შემოსავლის მომატებაზე  ეფიქრათ და მერე არც პროდუქტი გამოჩნდებოდა ისე ძვირი.

წეღან აღმაშენებლის გამზირი და იქ არსებული აზიური ბარები და მათი მფლობელები ვახსენეთ. უცხოელს ხმამაღალი სიტყვა რომ უთხრა, ცალკე არასამთავრობოები ამოგკაწრავენ თვალებს, როგორ გაბედე, დისკრიმინაციააო და ცალკე სამართალდამცავი ორგანოები არ გაპატიებენ, ინვესტორ სტუმარს როგორ ექცევიო?! არადა, ამ კაფე-ბარების უმრავლესობაში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, მხოლოდ ქართველი გოგონების შესვლაა ნებადართული და ეს არავის მიაჩნია დისკრიმინაციად. საკუთარ სამშობლოში გეუბნებიან, –  ქალები შემოვიდნენ დაწესებულებაში, კაცები გარეთ დაელოდეთო; ასეთი რამ  მხოლოდ საპირფარეშოში უნდა ხდებოდეს_ ქალები და კაცები ცალ-ცალკე. ახლა არ მითხრათ, აზიელ ბიზნესმენებს შუშანიკი აქვთ წაკითხული და „ოდეს ყოფილ არს აქამომდე დედათა და მამათა ერთად ეჭამოთ პური“-ს აწვებიან…

მთავრობის ინიციატივით, დეკრეტული შვებულება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით ანაზღაურდება. ეს, ერთი შეხედვით, ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. იცით, ბატონებო, გოგონას თუ მუცელი ეტყობა, სამსახურის მოძებნა სწორედ ამ დეკრეტული ფულის გამო უჭირს? დამსაქმებელს ხელს არ აძლევს  ასეთი თანამშრომლის აყვანა, რადგან,   შვილი რომ ეყოლება, ფული უნდა უხადოს  ან 2000 ლარი მართლა ბევრი გგონიათ? როცა ჩვილის ერთი კოლოფი საკვები 50 ლარი ღირს, 6 თვეში მთავრდება მხოლოდ საკვებში ეგ თქვენი ფული და ამას გარდა, პატარას  ძალიან ბევრი რამ სჭირდება. მაგალითად, ბულგარეთში (ბულგარეთის მაგალითი იმიტომ მოგვყავს, რომ არ არის ევროპის ტოპ-ქვეყანა), ბავშვს სახელმწიფო ყოველთვიურად 400 ევროთი ეხმარება და ეს გრძელდება მანამ, სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება, მერე კი ითვლება, რომ ბავშვი უკვე ყველაფერს ჭამს, არ სჭირდება სპეციფიკური კვება და,  შესაბამისად, მშობელს მისი გამოკვება ძვირი აღარ დაუჯდება. ანუ, რასაც ქართული სახელმწიფო მთლიანად იძლევა, ბულგარეთი იმას ორ თვეზე ნაკლებ დროში იხდის და იხდის ორი წლის განმავლობაში.

იმით დავასრულოთ, რითაც დავიწყეთ:  იმ პერიოდში, როცა კომუნიზმი საქართველოში უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტი იყო. ყველაზე მეტი გასული საუკუნის საზომებით, თორემ ამაზე მეტიც ვყოფილვართ და იმ დროს „ოქროს ხანა“ ერქვა. აღარ დაგვიდგება ქართველებს „ოქროს ხანა“, თუ არ გავმრავლდებით, თუ ერთმანეთის გატანითა და ატანით არ გავძლიერდებით. სახელმწიფო ვალდებულია, სამუშაო ადგილებიც შექმნას და ისეთი სოციალური ფონი, ყოველ მეორეს აქედან გაქცევა არ მოუნდეს. თორემ მოვა დრო და არაქართველი ამომრჩეველი ქართველზე ბევრი იქნება და აღარ აგირჩევენ, ბატონებო, იმ არაბს დასვამენ პარლამენტში, მოქალაქეობა ხონჩით რომ უბოძეთ, – აქაოდა, ინვესტიცია განახორციელა და ჩვენი ქვეყნის მეგობარიაო. რა ვიცი, კომუნისტები სხვა ისტორიას გვასწავლიდნენ ადრე და თითქოს მტერ-მოყვარესაც უფრო იოლად ვარჩევდით.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here