Home ახალი ამბები მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად ბრიტანეთს მე-19 საუკუნეში დააბრუნებენ

ეკონომიკის გადასარჩენად ბრიტანეთს მე-19 საუკუნეში დააბრუნებენ

117

გასულ კვირას “შავი ხუთშაბათის” ჩავლის შემდეგ და ქვეყნისთვის დამღუპველი „შავი ნახევარი წლის“ შიშით ბრიტანეთის ხელისუფლებამ საგაფიცვო მოძრაობის ჩახშობა გადაწყვიტა. ახლა გაფიცვამ ისეთი მასშტაბი მიიღო, როგორიც, თითქმის 50 წელია, არ ყოფილა. რიში სუნაკის მთავრობა კი მას ისეთი მეთოდებით შეებრძოლება,  გაიძულებთ, მე-19 საუკუნე გაიხსენოთ, _ წერს vz.ru.

როდესაც რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდა, ბევრს აინტერესებდა, გაძლებდა თუ არა ის ამ პოსტზე უფრო მეტხანს, ვიდრე მისი წინამორბედი ლიზ ტრასი, რომელმაც მემკვიდრეობით დაუტოვა სერიოზული პრობლემები, პირველ რიგში, ეკონომიკური. ამ მომენტისთვის სუნაკმა არა მხოლოდ “გადაასწრო” ლიზს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობით, არამედ სერიოზულად ცდილობს გაფიცვების ტალღის ჩახშობას, რომელიც საფრთხეს უქმნის გაერთიანებული სამეფოს სტაბილურობას. ეს მოვლენები ინტენსივობით 1970-იანი წლების ცნობილი გაფიცვების მსგავსია. მთავრობას ყველაზე მეტად აშფოთებს რკინიგზელთა  გაფიცვა, რომელმაც შეიძლება ტრანსპორტის კოლაფსი გამოიწვიოს. გასულ კვირას 80 000 მატარებელი არ მუშაობდა გრაფიკით, ხოლო 5 იანვარს ხუთიდან მხოლოდ ერთმა მატარებელმა დაიცვა განრიგი, ზოგიერთი სარკინიგზო ხაზი კი, საერთოდ, ელექტრომატარებლების გარეშე დარჩა, რამაც ადგილობრივ ჟურნალისტებს საფუძველი მისცა, ამ დღისთვის “კოშმარული ხუთშაბათი” ეწოდებინათ. პროფკავშირები იმუქრებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში გაფიცვები ივნისამდე გაგრძელდება. მაიკ უელანმა, მემანქანეების პროფკავშირის  (Aslef -ის) გენერალურმა მდივანმა, განაცხადა, რომ გაფიცვის თავიდან აცილება შეუძლებელია, სანამ მხარეები გონივრულ კომპრომისს არ იპოვიან: „ვითარება უარესდება და პროფკავშირის წევრები უკან დახევას არ აპირებენ, რადგან პროგრესს ვერ ვხედავთ. ჩვენ ვცხოვრობთ უცნაურ სამყაროში, რომელშიც მთავრობა მზადაა, გააკეთოს ყველაფერი კერძო კომპანიების ინდუსტრიაში დასატოვებლად…  ეს კომპანიები აცხადებენ, რომ მათ  მთავრობამ შეუკრა ხელები, ხოლო მთავრობა, რომელიც ჩვენი დამსაქმებელი არ არის, ამბობს, რომ ჩვენ კომპანიებს უნდა შევუთანხმდეთ. ყოველთვის მოხარული ვართ შეთანხმების _ დავსხდეთ მაგიდასთან და დავიწყოთ დისკუსია, მაგრამ კომპანიები არაფერს გვთავაზობენ და ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია”.  მისივე თქმით, დარგში დასაქმებულებს ხელფასები, რამდენიმე წელია, არ მომატებიათ, ბოლო პერიოდში მზარდი ინფლაცია კი მათ მთელ შემოსავალს ნთქავს. რაც შეეხება პრემიერმინისტრს, მან თქვა, რომ „ხალხს აქვს გაფიცვის უფლება“, მაგრამ „ეს არ უნდა არღვევდეს ბრიტანეთის მოქალაქეების უფლებებს… რაც, როგორც ვნახეთ, ბოლო დღეებში ხდება“. მოქალაქეთა უფლებების დაცვის საფარქვეშ სუნაკი და მისი კაბინეტი ამზადებენ ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანი პროფკავშირებისა და გაფიცულების უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაა, მაგრამ ამ უფლებებისგან ისედაც ცოტა დარჩა ევროკავშირის უწინდელ ნორმატივებთან შედარებით.

თუკი ბრიტანულ პრესაში გაჟონილ დეტალებს სიმართლედ მივიღებთ, კანონმა უნდა უზრუნველყოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგების ფუნქციობის მინიმალური დონე. ეს დარგებია: ტრანსპორტი; ჯანდაცვისა და განათლების სისტემები; ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა; მესაზღვრეები და ბირთვული ინდუსტრია. თუ პროფკავშირები უარს იტყვიან ასეთი დონის უზრუნველყოფაზე, გაფიცვა გამოცხადდება უკანონოდ, გამომდინარე შედეგებით მისი მონაწილეებისთვის.  The Times-ის უცნობი წყაროს ინფორმაციით, „ამ კანონს მინიმუმამდე დაჰყავს გაფიცულთა უფლებები, თუ პროფკავშირი ვერ შეძლებს  მომსახურების მინიმალური დონის უზრუნველყოფას. გაფიცვები არალეგალური გახდება. საბოლოო ჯამში, ნებისმიერის გათავისუფლებას შეძლებენ კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის“. ამრიგად, ხელისუფლება გაფიცვის უფლებისთვის აწესებს პირობებს, რომლებიც, ერთი მხრივ, გაფიცვას აცლის აზრს და, მეორე მხრივ, არაორაზროვან საფრთხეს უქმნის გაფიცულებს. ეს „რკინის ლედის“, მარგარეტ ტეტჩერის, მმართველობის წლებში დაბრუნებაც კი არ არის, რომელსაც ( ტეტჩერს _ ლ.მ.) ქვეყანაში ბევრი უკეთური სიტყვით იხსენებს, არამედ მე-19 საუკუნეში დაბრუნებაა.

  პრემიერის აპარატის პრესსამსახურმა უარი განაცხადა კანონის კომენტარზე და შემოიფარგლა ზოგადი განცხადებით, რომ „მინისტრები განაგრძობენ რისკების მინიმიზაციისა და მოქალაქეების დასაცავად შემდგომი ზომების განხილვას, მაგრამ ჯერ საბოლოო დასკვნამდე არ მისულან“. ლეიბორისტების ლიდერმა კირ სტარმერმა უკვე განაცხადა, რომ, თუ მისი პარტია მოიგებს მომავალ არჩევნებს (რაც დიდი ალბათობით მოხდება, რადგან მმართველი კონსერვატიული პარტიის რეიტინგი ისტორიულად დაბალ დონეზეა), გააუქმებს კანონს იმ შემთხვევაში, “თუ ის მართლაც ითვალისწინებს მშრომელთა უფლებების შეზღუდვას”. 

გაფიცულები ლონდონში

აღსანიშნავია თავისებური ლინგვისტური გაქნილობა ბრიტანელი ჟურნალისტებისა, რომლებსაც სიტყვა „გაფიცვის“ ნაცვლად ურჩევნიათ (სხვათა შორის, მათ ფრანგ კოლეგებსაც, როცა თავიანთ ქვეყანაში გაფიცვებზე საუბრობენ), გამოიყენონ უფრო რბილი და ბუნდოვანი გამონათქვამები, მაგრამ, როცა საქმე ეხება კანონს, ივიწყებენ სიფრთხილეს და მას პირდაპირ უწოდებენ “ანტისაგაფიცვოს”.

დეივ პენმენმა, სახელმწიფო მოსამსახურეების პროფკავშირის ( FDA) გენერალურმა მდივანმა, განაცხადა, რომ საკამათო კანონის მიღება ვერ გადაჭრის არასაკმარისი ხელფასის პრობლემას, რომლის გამოც გაფიცვები დაიწყო. „პრემიერი თავისუფალია არჩევანში, მაგრამ ამ გზით ვერაფერს მიაღწევს. სიმართლე არის ის, _ დასძინა მან, _ რომ ლაპარაკია მხოლოდ ხელფასების მომატებაზე. და, სანამ ეს პრობლემა გადაუჭრელია, სანამ ხელისუფლება არ შეეცდება მის მოგვარებას, შეიძლება შეეცადოს, როგორმე შეზღუდოს ჩვენი გაფიცვის უფლება, მაგრამ გაფიცვები მაინც არ შეწყდება”.  პრესაში გაჟონილი მთავრობის მიმოწერის დეტალები თუ სიმართლეს შეესაბამება, სუნაკი არამხოლოდ დათმობას არ აპირებს, არამედ განიხილა საკითხი გარკვეული კატეგორიის თანამშრომლების პროფკავშირებში გაწევრების აკრძალვის შესახებ. ეს ავტომატურად აქცევს მათ სრულად  დამოკიდებულს დამსაქმებლებზე. სუნაკის კაბინეტი სწორედ ამაზე ოცნებობს, მაგრამ მას ასეთ თამამ წამოწყებაზე უარის თქმა მოუწია. ასეთი ზომის „გამართლება რთული იქნებოდა“, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მშრომელებს აქვთ უფლება, გახდნენ პროფკავშირების წევრები, ამიტომ გადაწყდა სხვა გზაზე გადასვლა, რომელიც მაინც  მაქსიმალურად გაართულებს გაფიცულთა ცხოვრებას.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://vz.ru/world/2023/1/9/1194158.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here