Home ახალი ამბები საქართველო თუ მაინცდამაინც უნდა წეროთ და “სხვაგვარად არ ძალგიძთ”…

თუ მაინცდამაინც უნდა წეროთ და “სხვაგვარად არ ძალგიძთ”…

242

ნუცას სკოლის ამ გაკვეთილზე ერთ მარტივ საკითხს განვიხილავთ _ რა უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში.

დამეთანხმებით, რომ თითქმის არ არსებობს პუბლიკაცია პრესასა თუ საინფორმაციო საიტებზე, რომლებშიც ციტატები არ იყოს გამოყენებული. სამწუხაროდ, ბევრგან მათი მართლწერის წესი დარღვეულია.

ასე რომ, თუ მაინცდამაინც უნდა წეროთ დასხვაგვარად არ ძალგიძთ”, ეს გაკვეთილი კარგად დაისწავლეთ.

ბრჭყალებში ჩაისმის:

 უცვლელად, სიტყვასიტყვით მოყვანილი ციტატები, გამოთქმები, რომლებიც ეკუთვნის სხვას და არა იმ პუბლიკაციის ავტორს, რომელშიც ეს ციტატები თუ გამოთქმებია.

მაგალითად:

 – მოქალაქეობის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თუ წესს გავითვალისწინებთ, სწორად ეს წინადადება ასე უნდა დაიწეროს:

“მოქალაქეობის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა”, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მაგრამ, თუ არ მოგწონს და არ გინდა მაინცდამაინც ბრჭყალების გამოყენება, შეგიძლია ციტატის ნაცვლად მესამე პირში გადმოსცე მდინარაძის ნათქვამი. მაგალითად, ასე: მდინარაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები  ადამიანის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხვისა.

ერთ-ერთ საიტზე ვკითხულობთ, უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურს როგორ მიმართავს:

“ამოვიდა ყელში! ალუდა ღუდუშაურო! მოიხადე საჯარო ბოდიში ყველა იმ მეომრის წინაშე, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! გაძლევ ამისთვის 4 დღეს. რატომ 4 დღეს? უბრალოდ საქართველოში არ ვიქნები 4 დღე.

თუ მანამდე ბოდიშს არ მოუხდი ცოცხალ და გარდაცვლილ მეომარ გმირებს, მოვალ პარლამენტთან, (არ იდარდო, ზურგიდან არ მოგეპარები, არ დაგიდარაჯდები,) მთავარ შესასვლელთან, იქ დაგელოდები, შენთან შეხვედრას მოვითხოვ, საჯარო შეხვედრას, ვისი თანდასწრებითაც გინდა. რამდენი ხანიც დაჭირდება, იმდენხანს დაგელოდები”.

ამის დამწერს ბრჭყალები სწორად კი გამოუყენებია, მაგრამ ბრჭყალებში ჩასმული ტექსტის გაუმართაობაზე ხელი დაუბანია. კი, ბატონო, ასეც შეიძლება, თუ გინდა, მთელ ქვეყანას გააგებინო, ამ სიტყვების ავტორი დანგრეული ქართულით რომ საუბრობს, მაგრამ მაშინ იქვე უნდა მიუწერო, სტილი დაცულიაო. თუ ეს არ განგიზრახავთ, კეთილი ინებეთ და მკითხველამდე გამართული ქართულით მიიტანეთ მისი აზრი და კიდევ _ თუ არ შეწუხდებით,  სასვენი ნიშნებიც თავ-თავის ადგილას დასვით:

ამოვიდა ყელში, ალუდა ღუდუშაურო! საჯაროდ მოიხადე  ბოდიში ყველა იმ მეომრის წინაშე, რომლებსაც არაკაცურად კიკუ უწოდე!  ამისთვის 4 დღეს გაძლევ. რატომ 4 დღეს? უბრალოდ, 4 დღე საქართველოში არ ვიქნები.

თუ მანამდე ბოდიშს არ მოუხდი ცოცხალ და გარდაცვლილ მეომარ გმირებს, მოვალ პარლამენტის (არ იდარდო, ზურგიდან არ მოგეპარები, არ დაგიდარაჯდები) მთავარ შესასვლელთან, იქ დაგელოდები, შენთან შეხვედრას მოვითხოვ, საჯარო შეხვედრას, ვისი თანდასწრებითაც გინდა. რამდენი ხანიც დასჭირდება, იმდენხანს დაგელოდები.

რაიმე ორგანიზაციის, დაწესებულების, გაზეთების, ჟურნალების, ნაწარმოებების, კინო-ფილმების, სპექტაკლების, გემებისა და სხვათა სახელწოდებები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებასცხელ შემოდგომას”  ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა თბილიპალტოთი” გამოჭიმულები დადიან.

ნაციონალური მოძრაობა უდავოდ ბრჭყალებში უნდა იყოს, მაგრამ რას ერჩოდა ამის დამწერი პალტოს?! კი, ბატონო, ეს არის ფრანგული სიტყვა, მაგრამ ქართულში დამკვიდრებული. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც თუ ჩაიხედავთ, წაიკითხავთ _ გარედან ჩასაცმელი საზამთრო გრძელსახელოებიანი სამოსელიაო.

აქ ბრჭყალები სიტყვა გამოჭიმულებს უფრო მოუხდებოდა, თუ, რა თქმა უნდა,  ამ წესს  გაითვალისწინებთ: ირონიულად გამოყენებული სიტყვები ბრჭყალებში ჩაისმის.

აი ზარიც დაირეკა, მომავალ შეხვედრამდე, ნუცას სკოლელებო!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here