Home ახალი ამბები მსოფლიო “კითხვები კვლავ რჩება”: რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები  მოითხოვენ, ნათელი მოეფინოს აშშ-ის...

“კითხვები კვლავ რჩება”: რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები  მოითხოვენ, ნათელი მოეფინოს აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობას

“რადგან ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური ექსპერიმენტები ყოველთვის სახიფათოა, ამერიკელებს ურჩევნიათ, შესაძლო გაჟონვისგან დაზარალდეს ნებისმიერი ადამიანი, გარდა აშშ-ის მოქალაქეებისა, ამიტომ ქმნიან განსაკუთრებით საშიში პათოგენების შემსწავლელ ლაბორატორიებს იმ ქვეყნებში, რომლებიც “არ ებრალებათ” და რომლებიც მზად არიან, როგორც უკრაინა, მთლიანად გახსნან თავიანთი სამეცნიერო და ტექნიკური კომპლექსი ე.წ. ნატოს ფასეულობებისადმი ერთგულების დასამტკიცებლად”

167

რუსეთმა, კუბამ, ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა გაეროში მოითხოვეს, გაირკვეს ვითარება უკრაინაში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის შესახებ, _ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციაზე ხელმომწერთა საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა უკრაინაში აშშ-ის მასშტაბურ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობაზე.  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ობიექტები დიდ საფრთხეს წარმოადგენს, _ წერს russian.rt.com-ი.

“აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის მიმართ კითხვები უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიების მუშაობის კონტექსტში კვლავ რჩება. მათზე არ მიგვიღია ამომწურავი პასუხები, რომლებიც საბოლოოდ გაფანტავდა ეჭვს ზემოაღნიშნული აქტივობის მიმართ და დაარეგულირებდა ვითარებას, რომელიც რუსეთის მხრიდან ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის (ბტიკ) V მუხლით საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მოწვევის მიზეზი შეიქნა”, _ აღნიშნულია ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციაზე ხელმომწერთა ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ “საჭიროა ბტიკ-ის ჩარჩოებში არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, მათ შორის კონვენციის VI მუხლით გათვალისწინებული მექანიზმების, რათა ნათელი მოეფინოს აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ მოღვაწეობას”.

შეგახსენებთ: ბტიკ-ის VI მუხლი ითვალისწინებს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყნებისთვის შესაძლებლობას, მიმართონ გაეროს უშიშროების საბჭოს, თუ სხვა სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ამ სფეროში.

გარდა ამისა, ეს მუხლი ავალდებულებს კონვენციაზე ხელმომწერ ქვეყნებს, “ითანამშრომლონ ნებისმიერ გამოძიებასთან, რომელიც მიღებული საჩივრის საფუძველზე შეიძლება წამოიწყოს უშიშროების საბჭომ გაეროს წესდების დებულებების შესაბამისად”. ამ განცხადებას, რფ-ის გარდა, მხარი დაუჭირეს ბელარუსმა, ვენესუელამ, ზიმბაბვემ, ჩინეთმა, კუბამ, ნიკარაგუამ და სირიამ.

“განსაკუთრებით საშიში პათოგენების შესწავლა”

ამერიკული ბიოლაბორატორიების ქსელზე ამა წლის მაისში დაწვრილებით ილაპარაკა რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსანდრე ბენედიქტოვმა. მისი თქმით, მსოფლიოში აშშ-ის ბიოლაბორატორიების ქსელი 400 ობიექტს ითვლის. აღსანიშნავია, რომ მათი განლაგების ადგილები და ახალი ეპიდემიური საფრთხეების წარმოქმნის ზონები ერთმანეთს ემთხვევა.

“არსებობს რამდენიმე საეჭვო დამთხვევა, რომლებიც ვლინდება ორი რუკის ერთმანეთზე დადებისას _ ამერიკული დახურული ბიოლაბორატორიების განლაგების ადგილებისა და ჩვენ მიერ გამოვლენილი ახალი ეპიდემიური საფრთხეების წარმოქმნის ზონების რუკების”, _ აღნიშნა ბენედიქტოვმა.

მან, აგრეთვე, გაიხსენა, რომ გაეროს კონვენციის თანახმად, არც ერთ ქვეყანას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის შექმნისა და შენახვის უფლება.

ამასთანავე, აშშ-მა გამოსცა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც “ვაშინგტონს თითქოს თავიდან აცილებს პასუხისმგებლობას ამ საკითხში. მაგალითად, 2001 წელს მიღებული პატრიოტული აქტი აუქმებს პათოგენების მიმართ მოპყრობის შეზღუდვებს, თუ ასეთი სამუშაო ნებადართულია მთავრობის მიერ”, _ განმარტა რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

კიდევ ერთი ასეთი დოკუმენტია ბიოლოგიურ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2009 წელს დაამტკიცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ეს დოკუმენტი ამყარებს აშშ-ის უარს გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემოწმებაზე.

“რადგან ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური ექსპერიმენტები ყოველთვის სახიფათოა, ამერიკელებს ურჩევნიათ, შესაძლო გაჟონვისგან დაზარალდეს ნებისმიერი ადამიანი, გარდა აშშ-ის მოქალაქეებისა, ამიტომ ქმნიან განსაკუთრებით საშიში პათოგენების შემსწავლელ ლაბორატორიებს იმ ქვეყნებში, რომლებიც “არ ებრალებათ” და რომლებიც მზად არიან, როგორც უკრაინა, მთლიანად გახსნან თავიანთი სამეცნიერო და ტექნიკური კომპლექსი ე.წ. ნატოს ფასეულობებისადმი ერთგულების დასამტკიცებლად”, _ აღნიშნა ბენედიქტოვმა.

მანამდე, 2022 წლის აპრილში, გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე მსგავსი მონაცემები მოიყვანა რუსეთის ფედერაციის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა. მისი თქმით, აშშ-ის აქტიურობა ბიოლაბორატორიების შექმნის საქმეში შეიმჩნევა ტერიტორიებზე იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთსა და ჩინეთს.

“მხოლოდ რუსეთისა და ჩინეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე განლაგებულია 60 ობიექტი, მოდერნიზებული აშშ-ის სამხედრო უწყების სახსრებით”, _ განაცხადა იგორ კირილოვმა.

სექტემბერში ჟენევაში ბიოლოგიური და ტოქსინური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების საკონსულტაციო თათბირის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კირილოვმა თქვა: “აშშ-ის დელეგაციამ ჟენევაში აღიარა უკრაინაში დაბალშემოსავლიან მოქალაქეებსა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტებზე ბიოლოგიური კვლევების ჩატარების ფაქტი“.

“მოპოვებულია დოკუმენტური მტკიცებულებები”

რუსეთის ხელისუფლებამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიოლაბორატორიების ფართო ქსელი შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბოლო წლებში ასეთი ობიექტების განლაგების ერთ-ერთ დიდ ცენტრად იქცა უკრაინა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ბიოლაბორატორიების საქმიანობის შესახებ.

მაგალითად, 7 მარტს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ლვოვში, ხარკოვსა და პოლტავაში 30-ზე მეტი ლაბორატორია მუშაობდა სახიფათო ინფექციების გამომწვევებზე და ეს ხდებოდა სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის ფარგლებში აშშ-ის ხელმძღვანელობით.

ამასთანავე, ხარკოვსა და პოლტავაში მუშაობდნენ დიფტერიის, სალმონელოზისა და დიზენტერიის გამომწვევებზე. კირილოვმა დასძინა, რომ ჩატარებული სამუშაოების დამკვეთი იყო აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საფრთხის შემცირების სამმართველო (DTRA).

მოგვიანებით კირილოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი ინტერესდებოდა მწერებით, რომლებსაც შეუძლიათ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელება. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააანალიზა  მასალები, რომლებითაც დასტურდება, რომ ხარკოვის ბიოლაბორატორიიდან საზღვარგარეთ გაიტანეს 140 კონტეინერი ღამურების ექტოპარაზიტებით, მათ შორის რწყილებითა და ტკიპებით.

გარდა ამისა, კირილოვმა ისაუბრა პროექტ R-781-ზე, რომლის მიხედვით, ბიოლოგიური იარაღის პოტენციურ აგენტებად ღამურები განიხილება. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კვლევები ტარდება რუსეთის საზღვრებთან ახლოს _ შავი ზღვის სანაპიროსა და კავკასიაში.

კირილოვმა დასძინა, რომ პროექტი ხორციელდება არა მხოლოდ უკრაინის ობიექტების, არამედ პენტაგონის კონტროლს დაქვემდებარებული ქართული ბიოლაბორატორიის ჩართულობით.

    სხვა პროექტის ფარგლებში სახელწოდებით UP-4 შეისწავლეს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების შესაძლებლობები გადამფრენი ფრინველების დახმარებით, რომელთა მარშრუტები გადის რუსეთის ტერიტორიაზე. პროგრამა ხორციელდებოდა კიევის, ხარკოვისა და ოდესის ლაბორატორიებში აშშ-ის მონაწილეობით.

იმავე თვეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ ბიოლაბორატორიებში ექსპერიმენტები ღამურების კორონავირუსის სახეობებზე ტარდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მარტში, რუსეთის ფედერაციის ინიციატივით, უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიეს.

“ჩვენ მოვიწვიეთ დღევანდელი სხდომა, ვინაიდან სპეცოპერაციის მიმდინარეობისას უკრაინაში მართლაც შოკისმომგვრელი ფაქტები გამოვლინდა _ კიევის რეჟიმმა სასწრაფოდ წაშალა კვალი სამხედრო ბიოლოგიური პროგრამისა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებდა”, _ განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ უარს ამბობს მის საკურატორო სფეროში მოქცეულ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, მოქმედ ბიოლაბორატორიებში საერთაშორისო შემმოწმებლების დაშვებაზე. ნებენზიას თქმით, ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონს რაღაც აქვს დასამალი.

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილდმა იმ სხდომაზე უარი განაცხადა, ეღიარებინა, რომ უკრაინის ბიოლაბორატორიებში, რომლებსაც აშშ კურატორობს, ბიოლოგიური იარაღის შექმნის საკითხზე მუშაობდნენ.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, უკრაინული ბიოლაბორატორიების მუშაობა მიმართული იყო მხოლოდ ჯანდაცვის სფეროსკენ. ამასთანავე, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა სენატში გამართულ მოსმენაზე აღიარა უკრაინაში ბიოლაბორატორიების არსებობა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ამ ობიექტებში არსებული მასალები რუსებს ხელში არ ჩაუვარდეთ.

მომდევნო თვეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაგრძნო უკრაინის ბიოლაბორატორიებზე ინფორმაციის გამოქვეყნება.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მაისში გამართულ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი, დიდი ხანია, განგაშს ტეხს პოსტსაბჭოთა სივრცეში

აშშ-ის ბიოლაბორატორიების საქმიანობის გამო. რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ ამერიკული ლაბორატორიების ძირითადი ამოცანა ბიოლოგიური მასალების შეგროვება და თავიანთი მიზნებისთვის ვირუსებისა და საშიში დაავადებების გავრცელების სპეციფიკის შესწავლაა.

“უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციისას მოპოვებულია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევით, ფაქტობრივად, ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს ქმნიდნენ”, _ თქვა პუტინმა.

“ეს ბიოლოგიური ომია”

ექსპერტთა აზრით, რფ-ის, ბელარუსის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების განცხადება აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი განაგრძობს მუშაობს, რათა ნათელი მოჰფინოს ამერიკული ბიოლაბორატორიების საქმიანობას.

ეს ობიექტები, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გაეროს კომისიის ყოფილი წევრის, იგორ ნიკულინის, თქმით, შექმნილია აშშ-ის მიერ ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უახლესი გამოგონებების გამოსაცდელად კონკრეტულ გენოფონდზე, ადამიანებზე, ცხოველებსა და მცენარეებზე”.

“ამ ბიოობიექტებით არა მხოლოდ რუსეთია ალყაში, ზუსტად ასე ყოველი მხრიდანაა გარშემორტყმული ჩინეთი და ირანიც”, _ განაცხადა ექსპერტმა.

ანალოგიური თვალსაზრისი აქვს პოლიტოლოგ ანდრეი სუზდალევს.

“ბიოლაბორატორიები შექმნეს ადგილობრივ მოსახლეობაში სხვადასხვა დაავადების შესამოწმებლად. ასეთი ობიექტები არის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოსა და ცენტრალური აზიის  ქვეყნებში. ეს ბიოლოგიური ომია. ეს ლაბორატორიები ადგილობრივ მოსახლეობას არასდროს დახმარებიან ჯანდაცვის საკითხებში”, _ განაცხადა ანალიტიკოსმა.

“შეერთებული შტატების ბიოლოგიური საქმიანობა უკიდურესად სახიფათოა, რადგან ბიოლოგიური იარაღის გაკონტროლება რთულია. ეს აჩვენა კოვიდ-19-მა. 6 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით მილიონი დაინფიცირდა”, _ თქვა ანალიტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობების შესახებ გამართულ ბრიფინგზე რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსი SARS-Cov-2 შექმნეს ბიოტექნოლოგიის სფეროში აშშ-ის მიღწევების გამოყენებით, მაგრამ “არსებულ პირობებში საკმაოდ რთულია აშშ-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება”, _ ასკვნის ანდრეი სუზდალცევი.

“აშშ არღვევს ყველა შეთანხმებას, მაგრამ ამჟამად ვაშინგტონისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება თითქმის შეუძლებელია. ისინი უგულებელყოფენ ასეთ ბრალდებებს. გარდა ამისა, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას აშშ აკონტროლებს, ამიტომ გაეროში მათთან ნამდვილი ფრონტი გვაქვს გახსნილი”, _ განაცხადა ანალიტიკოსმა.

ლუკა მაისურაძე

https://russian.rt.com/world/article/1063126-oon-biolaboratorii-ssha

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here