«საქართველო და მსოფლიოს» ფონიჭალის მცხოვრები, პროფესორი დოდო ბერაია დაუკავშირდა, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავდა თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩადენილით და დახმარებას ითხოვდა. რა მოხდა ორიოდე დღის წინათ ფონიჭალაში და რას ითხოვს გამწარებული მოსახლეობა თავდაცვის სამინისტროსგან? გვესაუბრება დოდო ბერაია:
_ 9 ივნისს ფონიჭალაში, ზოოვეტის ინსტიტუტის ყოფილ ტერიტორიაზე, 50-60-წლიანი ხეები გაჩეხეს. ახლა იქ დროებით თავდაცვის სამინისტროა შეხიზნული. რა ხდება, არ ვიცი, _ არსად ფიგურირებს, რომ ეს ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, _ მიუხედავად ამისა, ხეები ამ სამინისტროს მოთხოვნით გაჩეხეს. როგორც კი ეს ამბავი შევიტყვეთ, მაშინვე ადგილზე მივედით და ვნახეთ, რომ გაჩეხილი ხეები დაბლა ეყარა _ ნაწილ-ნაწილ იყო დაჭრილი, შემოყვანილი ჰყავდათ მანქანები და გაჰქოდათ. რატომ და რისთვის მოხდა ეს, არ ვიცით, ჩვენთვის არავის არაფერი უცნობებია, შემთხვევით შევიტყვეთ. როგორც გავარკვიეთ, გაჩეხვა უკანონოდ მოხდა და გეტყვით რატომაც: როცა მოვითხოვეთ, აეხსნათ, ვის მიერ იყო ეს ჩადენილი, გვაჩვენეს რაღაც საბუთი, რომელშიც ეწერა, რომ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განკარგულებით, ორგანიზაცია «დელტას» დაევალა ხეების გაჩეხვა და ამ ადგილზე ღია სამხედრო მუზეუმის მოწყობა. დიახ, რაღაც ღია სამხედრო მუზეუმი უნდა მოეწყოს ამ ტერიტორიაზე და ამიტომ დაჩეხეს ხეებიო, _ გვითხრეს. კითხვა მაქვს _ რაღა მაინცდამაინც ამ ადგილას, როცა ცარიელი ადგილი ძალიან ბევრია იმ ტერიტორიაზე? დანამდვილებით არც ვიცით, რატომ და ვისი დავალებით მოხდა ეს ვანდალიზმი.
_ ახლახან არ მითხარით, თავდაცვის სამინისტროს განკარგულების საფუძველზე მოხდა ხეების გაჩეხვაო? იმის თქმა გინდათ, რომ არ ჰქონდათ ამის უფლება?
_ დიახ, როგორც გვითხრეს, თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნია წერილი თბილისის მერიისთვის და მას გაუცია ნებართვა, მაგრამ თვითონ თბილისის მერიას ამას არავინ ეკითხებოდა, რადგან ეს ტერიტორია არ ეკუთვნის, ეს ადგილი ეკუთვნის გარდაბანს. შესაბამისად, თბილისის მერიამ გასცა უკანონო ნებართვა 200 ძირი წიწვოვანი და 100 ძირი ფოთლოვანი ჯანმრთელი ხის მოჭრის თაობაზე. ისიც კი უთქვამთ, ეს ხეები დაავადებული იყოო. არადა, არც ერთი სპეციალისტის დასკვნა არ დევს ამის დამამტკიცებელი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი დასკვნა არ გვინახავს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მსგავსი დასკვნა ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ თბილისის მერიის გაცემული ნებართვა, რომელიც, ვიმეორებ, ყალბია, რადგან ეს ტერიტორია მას არ ეკუთვნის. მოსახლეობა აღშფოთებულია, უკლებლივ ყველა აპროტესტებს მომხდარს. ეს ხეები დარგეს ზოოვეტის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებმა. აქ იყო ხეივანი, რომელშიც ისვენებდა ხალხი. ახალგაზრდები, ბავშვები ხშირად სტუმრობდნენ იქაურობას.
_ და ეს ხდება იმ ფონზე, როცა «ქართული ოცნების» მერობის კანდიდატი ამბობს, მილიონი ხე უნდა დაირგოსო… რაც არის, იმასაც ჩეხენ და ესენი რამის დამრგველები არიან?!
_ დიახ, სისულელეა ეს ყველაფერი, რისი დამრგველები არიან, კარგი, რა! დარგვა კი არა, ხეების გაჩეხვა ბუნების დაცვის დღეს დაიწყეს _ 5 ივნისს. დიახ, სწორედ იმ დღეს გააჩანაგეს 150 ხე. როცა შევხვდით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, დაგვპირდნენ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა, უკანონოდ ხეებს აღარ მოჭრიდნენ და გაარკვევდნენ ყველაფერს, თუმცა გადაგვაგდეს. გუშინ საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ არათუ შეჩერდა ეს უბედურება, არამედ გაგრძელდა. მოგვატყუეს ამ უნამუსოებმა! ჩვენ იმ დღესვე გავაპროტესტეთ ეს უკანონობა, დავრეკეთ ცხელ ხაზზე და, სხვათა შორის, ცხელი ხაზის ქვემო ქართლის წარმომადგენლები მაშინვე მოვიდნენ, მაგრამ მათაც განუცხადეს, ხეების მოჭრის ნებართვა თბილისის მერიამ გასცაო და გაისტუმრეს. ვიმეორებ: ეს ტერიტორია არ ეკუთვნის თბილისის მერიას. გადავამოწმე და ვიცი, რომ ეს ტერიტორია გარდაბანს ეკუთვნის, ისიც დაზუსტებით ვიცი, რომ არც თავდაცვის სამინისტროსია…
_ ვინ დაგპირდათ თავდაცვის სამინისტროდან, რომ მსგავსი უკანონობა აღარ განმეორდებოდა, ვის ესაუბრეთ?
_ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ ხეების გაჩეხვა შეწყდებოდა. სამწუხაროდ, მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი. სამხედროა და არ ასაჯაროებენ მის ვინაობას, არც ტელეფონის ნომერს გვაძლევენ, რომ დავუკავშირდეთ და პასუხი მოვთხოვოთ. რას გვპირდებოდა, თუ ამ პრობლემის მოგვარება არ შეეძლო, რატომ მოგვატყუა? ასე უნდა მოექცნენ ხალხს? ნორმალურია, რასაც აკეთებენ ეს მატყუარები? ვიმეორებ, ადგილობრივი მოსახლეობა აღშფოთებულია, მეტიც _ გამწარებული! კატეგორიულად ვითხოვთ, რომ იმ ადგილზე კვლავ დარგონ ხეები, თანაც _ წიწვოვანი და არა დეკორატიული მცენარეები!
_ თუ ღია სამხედრო მუზეუმის მოწყობას აპირებენ, თქვენს მოთხოვნას ყურად, ალბათ, არავინ იღებს…
_ არ გვინდა იქ ღია სამხედრო მუზეუმის მოწყობა, ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ! მათ ამის უფლებას არ მივცემთ! თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ურჩევნიათ, ხეები დარგონ და ამ სისულელეებზე ფიქრს თავი დაანებონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგი დღე არ დაადგებათ!
ესაუბრა
ქეთი ხომერიკი