თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, 14 ოქტომბერს, საღამოს, თურქეთის ჩრდილოეთ პროვინცია ბარტინის ქვანახშირის შახტში აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. 11 მეშახტე ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, _ წერს pravda.ru.
აფეთქება 300 მ-ის სიღრმეზე მოხდა. ენერგეტიკის მინისტრ ფათიჰ დონმეზის თქმით, აფეთქების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მადნის თანმხლები ადვილად აალებადი აირების ნაზავი.
შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, აფეთქების მომენტში შახტში 110 ადამიანი იმყოფებოდა.
“ჩვენი ყველა დაწესებულება გულმოდგინედ მუშაობს აფეთქებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საძიებო-სამაშველო სამუშაოებს, რომლებიც ინციდენტიდან მალევე დაიწყო”, _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რას ამბობენ ექსპერტები
პოლიტოლოგმა მარატ ბაშაროვმა ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ თურქეთის შახტში მეთანი “ასტანაში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრიდან მალე აფეთქდა”. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ბუნებრივი აირის ჰაბის მშენებლობის შესახებ მოილაპარაკეს.
“…მას (ერდოღანს) აჩვენეს, რომ ეს ადვილი არ იქნება. სისაძაგლეებს ინგლისელი ქალი სჩადის? _ სვამს კითხვას ბაშაროვი თავის ტელეგრამ-არხ “პოლიტჯოისტიკში”. _ კვლავ ენერგოობიექტი, კვლავ აფეთქება”.
რაზეა ლაპარაკი
“რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე” გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ ბუნებრივ აირს, რომლის ტრანსპორტირებაც ახლა, დივერსიის შემდეგ, შეუძლებელია “ჩრდილოეთის ნაკადით”, მიაწოდებდა შავი ზღვის რეგიონის გავლით. თურქები ამას არ ელოდნენ, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, ინიციატივა “დაწვრილებით განიხილოს”.
უკვე 13 ოქტომბერს შავ ზღვაში ახალი ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნის საკითხზე ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან იმსჯელა. და, როგორც რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, “ამ საკითხზე მხარეებმა უკვე დაიწყეს მუშაობა”.
ამჟამად რუსული ბუნებრივი აირი შავი ზღვის გავლით მიდის ორი მილსადენით:
* “ცისფერი ნაკადით” _ “საშინაო მოხმარებისთვის”;
* “თურქული ნაკადით” _ ევროპის ქვეყნებისთვის (სხვათა შორის, ამ მილსადების დაზიანებას უკვე შეეცადნენ უკრაინელი “მოღვაწეები”).
მცირე “სიგნალი” ერდოღანისთვის
მარატ ბაშაროვის თვალსაზრისს ეთანხმება სააგენტო “მარკელოვგრუპის” გენერალური დირექტორი, პოლიტტექნოლოგი სერგეი მარკელოვი. მისი აზრით,ვიღაცას კოლექტიური დასავლეთიდან თავისუფლად შეეძლო დივერსიის მოწყობა თურქეთის შახტში, რათა გაეფრთხილებინა ერდოღანი, რომ მისი სიჯიუტე რიგ საკითხებში და “პრორუსული ორიენტაცია შეიძლება დიდი პრობლემების წყარო” გახდეს.
“ეს ეპიზოდი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამჟამად მსოფლიოში პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის მსგავსი მეთოდები ნორმად იქცა <…> შემუშავებულია დაშინების მეთოდები, რომლებშიც სიტყვები, ასე ვთქვათ, არ მუშაობს”, _ განაცხადა მარკელოვმა.
ლუკა მაისურაძე