Home ახალი ამბები საქართველო გიორგი იუკურიძე: თურქეთთან ვმეგობრობთ, თურქეთის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ “მესხეთი მოენატრა”, თავისი...

გიორგი იუკურიძე: თურქეთთან ვმეგობრობთ, თურქეთის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ “მესხეთი მოენატრა”, თავისი სამშობლო. ამას თუ სხვა რეგიონების “მონატრებაც” მიემატება, დავიღუპებით და ეგ არის

“რუსეთის დაშლა ჩვენი ქვეყნის დაშლისა და განადგურების წინაპირობაა... რუსეთმა ომი რომ წააგოს, ჩვენ, ქართველები, დავიღუპებით. ჩვენს ქვეყანას, ჩვენ, მართლმადიდებლებს სერიოზული პრობლემები შეგვექმნება”.

240
გიორგი იუკურიძე

6-7 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმის შეკრება, შეხვედრა, რომელშიც, სხვებთან ერთადმონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, თურქეთისა და საფრანგეთის პირველი პირები. შეხვედრის შემდეგ პრესაში დაიწერა: “პრაღაში ევროკავშირის ლიდერები პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებთან ერთად მსჯელობენ ახალი წესრიგის შექმნაზე, რომელშიც რუსეთის ადგილი არ არის. ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ახალი პლატფორმაა, რომლის შექმნის ინიციატივითაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჯერ კიდევ ივნისში გამოვიდა”.

რა მოხდება, თუ ჩვენს რეგიონზე კონტროლს მართლა დაკარგავს რუსეთი და თურქეთის გავლენა გაძლიერდება _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გენერალმაიორი გიორგი იუკურიძე გვესაუბრება:

_ ამიერკავკასიაში ძალიან რთული  ვითარებაა, საერთოდ, მთელი მსოფლიოა დაძაბული, მაგრამ ჩვენ ამიერკავკასიაზე ვისაუბროთ, რადგან დაძაბულობა ჩვენს რეგიონზეც აისახება. ყველა კარგად ხვდება, რომ მსოფლიოს გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ეს ნათლად ჩანს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე რუსეთის ფედერაციის ქმედებებში.

სამხრეთ კავკასიაში კი თურქეთი ცდილობს, გაზარდოს თავისი გავლენა. თურქეთის გარდა, სერიოზული თამაშის დაწყებას ცდილობს  ირანი. თურქეთის მიზანია, შეამციროს რუსეთის გავლენა სომხეთზე და, საერთოდ, ამიერკავკასიაში…

ივლისში სომხეთში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი, შემდეგ _ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი. მას ღიად არ უსაუბრია გავლენის სფეროზე, მაგრამ უთხრა სომხებს, რომ ამერიკელები  მოამარაგებენ იარაღით, მათ გვერდით დადგებიან… რას ნიშნავს ამერიკის თანადგომა, არ ვიცი, რადგან აზერბაიჯანს  თურქეთი უდგას მხარში, აქეთ ირანი სომხეთის მხარესაა თავისი სამხედრო ნაწილებით უკვე საზღვართან… ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ამიერკავკასიაშიც გაჩნდეს ცხელი წერტილი, რომლის ჩაქრობა ადვილი არ იქნება…

ალბათ, ყველას აინტერესებს, მტრადქცეული ქვეყნების თავკაცები როგორ ახერხებენ შეხვედრას და რატომ ხვდება სომხეთის პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს. სომხეთის პრემიერს სხვა გამოსავალი არ აქვს. სხვა საკითხია, ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი თავის დროზე როგორ აღმოჩნდა სომხეთის გავლენის ქვეშ, მაგრამ დღეს არის ისეთი ვითარება, რომ აზერბაიჯანმა თურქეთის მხარდაჭერით, თავისი ჯარის იმედით, უცხოეთიდან შემოსული სამხედრო ტექნიკითა და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს არ სცალია არავისთვის, სომხეთი იძულებული გახადა, შეხვედრები გაემართა, ასე ვთქვათ, მოსისხლე მტერებთან… რადგან რუსეთის ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი, თურქეთმა გადაწყვიტა, ჩაერიოს აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტში და რუსეთის ადგილი დაიკავოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს სომხეთში აქვს ძალიან დიდი  სამხედრო ბაზა, ასევე ჰყავს სამშვიდობოები სომხეთის სხვა ტერიტორიაზე და სურვილის შემთხვევაში შეუძლია ზემოქმედება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ აზერბაიჯანმა ძალიან კარგი დრო შეურჩია რუსეთს, კარგად გააანალიზა  შექმნილი ვითარება. რუსეთი თავის საზღვართან მეორე ფრონტს არ გახსნის, ხოლო, თუ შეეცდება აზერბაიჯანის ძალით შეკავებას, პრობლემები გაუმწვავდება და ეს ხელს არ აძლევს…

_ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერისგან განსხვავებით, კარგად ლავირებს

_ დიახ, ფაშინიანი ვაშინგტონში ჩავიდა და დახმარება სთხოვა ამერიკელებს, ის  იყო რუსეთშიც. რუსეთისგან ფაშინიანმა ვერ მიიღო ვერანაირი პასუხი, რადგან რუსეთს პრობლემები აქვს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ _ აზერბაიჯანმა კარგი დრო შეარჩია “მოლაპარაკებებისთვის”. ეს ქმედება კარგად მომზადებული, კარგად განათლებული ადამიანის შედეგიანი ქმედებაა.

რუსეთი დღეს არ არის იმ ვითარებაში, რომ კონფლიქტში სამხედრო ძალით ჩაერიოს. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრა დამოკიდებული იყო რუსეთის ძლიერებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს ვითარება აღარ არის. რუსეთის ძლიერებაზე იყო დამოკიდებული შუა აზიაში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების მოგვარებაც, მაგრამ იქაც, სამწუხაროდ, ვეღარ ხერხდება ჩარევა…

შუა აზია ვახსენე და განვავრცობ: იქ ისეთი ვითარებაა, რომ შესაძლოა, გამწვავდეს სიტუაცია, ალბათ, ამოქმედდებიან თალიბები, რომლებიც კბილებამდე არიან შეიარაღებულნი ამერიკელების მიერ და შესაძლოა, დაძაბულობა შექმნან. მათ ომი შეუძლიათ, ისინი გამოცდილები არიან მათ ესაზღვრება ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი; შეუძლიათ, გააკეთონ ისე, რომ რუსეთი შეტრიალდეს შუა აზიისკენ… მოკლედ, რთული ვითარებაა…

_ თუ რუსეთი ჩვენი რეგიონიდან წავა, როგორ იქნება საქართველოს საქმე?

_ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჭკვიანურად და ეშმაკურად მოქმედებს, ეს მას “გადმოედო” ერდოღანისგან. ეს უკანასკნელი მართლაც არის იმ იშვიათთგანი, რომელიც ყველასთან ახერხებს ურთიერთობას. ურთიერთობს რუსეთთან, მაგრამ იარაღს აწვდის უკრაინას… სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტშიც ჩაერია შუამავლის როლში, კარგი დამრიგებელია აზერბაიჯანის… სომხებიც ქრისტიანები არიან, მართლია, არა მართლმადიდებლები ჩვენსავით, მაგრამ, ქრისტიანები, და აქ ბედავს ერდოღანი გავლენის გაძლიერებას…

ჩვენში ბევრს უხარია რუსეთის დაშლა და განადგურება, მაგრამ ეს სასიხარულო სულაც არ არის, რადგან რუსეთის დაშლა ჩვენი ქვეყნის დაშლის და განადგურების წინაპირობაა.

მუსლიმანური სახელმწიფოები, ჩვენგან განსხვავებით, ძლიერნი არიან, ვგულისხმობ თურქეთს, ირანს, აზერბაიჯანს, ჩეჩნეთს, დაღესტანს. მათ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ჯარები ჰყავთ, რომლებიც სწორედ ისეთი დარბევების საფრთხეს შექმნიან, როგორიც ერეკლე მეფის პერიოდში იყო.

საქართველოს დღეს არ აქვს უფლება, არ იმეგობროს ყველასთან. რუსეთს არ აქვს უფლება და არ შეიძლება, რომ დაიშალოს. რუსეთის დაშლა დაგვღუპავს, მისი დაშლა ხელს არ აძლევს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც. სამხედრო ოპერაცია, რომელიც უკრაინაში მინდინარეობს, არ დასრულდება კიდევ რამდენიმე თვეს, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, მოლაპარაკებები აწარმოოს ყველასთან, მეზობლებთან განსაკუთრებით. ურთიერთობაზე როცა ვლაპარაკობ, პრაგმატულ დიპლომატიას ვგულისხმობ.

საქართველოს ჰყავს ჯარი, მაგრამ მას საბრძოლო გამოცდილება არ აქვს, რაც უმთავრესია. ქართული ჯარი ვერ შეედრება მეზობელთა ჯარებს. აქედან გამომდინარე, რუსეთს აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ.

დღეს საინფორმაციო საშუალებებიდან მესმის, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ჩადიან რუსეთში, ახლაც წასულან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დაელაპარაკონ. გადაწყვეტილებას, ხელისუფლების გარდა, ვერავინ მიიღებს.

იყო დრო, როდესაც ვფიქრობდი, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი მისაღები იყო, მაგრამ დღეს, როდესაც უკრაინის საქმეში ამერიკა ასე მძაფრად ერევა და არა მხოლოდ უკრაინაში, უკვე მგონია, რომ ქვეყანა თვითონ უნდა იყოს ძლიერი, რადგან ვერ ვიპოვით ისეთ სახელმწიფოს, რომელიც დაგვიცავს, თუ ვინმე თავს დაგვესხმება. მავანს რომ სურს რუსეთის დამარცხება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად თურქეთის დაქვემდებარებაში აღმოვჩნდებით.

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, თავი გადავირჩინოთ; მართებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ არ ვიცი, რას ვიზამთ. თურქეთთან ვმეგობრობთ, თურქეთის პრეზიდენტი კი ამბობს, რომმესხეთი მოენატრა, თავისი სამშობლო”, ამას თუ სხვა რეგიონებისმონატრებაცმიემატება, დავიღუპებით და ეგ არის

სანუგეშოს ვერაფერს ვამბობ…  ერთადერთი, რაც გვანუგეშებს, რუსეთის გამარჯვებაა. რუსეთი დღეს არ არის კარგ მდგომარეობაში, მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოა, მთელი მსოფლიო აწვდის იარაღს უკრაინას, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ რუსეთი ომს წააგებს, მეტისმეტია. ამაზე ლაპარაკობენ მოკლე ჭკუის ადამიანები…რუსეთმა ომი რომ წააგოს, ჩვენ, ქართველები, დავიღუპებით. ჩვენს ქვეყანას, ჩვენ, მართლმადიდებლებს სერიოზული პრობლემები შეგვექმნება.

ჩვენ ვიცით ისტორია; ვიცით, რა ხდებოდა ერეკლე მეფის დროს; ჩვენ გვახსოვს 1990-იანი წლები, როდესაც რუსეთი დასუსტებული იყო; გვახსოვს, რა გაურკვეველი “სამხედრო ფორმირებები” დათარეშობდნენ იმხანად, რა საფრთხეები იყო… ღმერთმა ნუ ქნას, იგივე განმეორდეს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here