Home რუბრიკები საზოგადოება თამარ თაბუკაშვილი: თუ გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდება, რევოლუცია სწორედ აჭარიდან დაიწყება

თამარ თაბუკაშვილი: თუ გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდება, რევოლუცია სწორედ აჭარიდან დაიწყება

814

«ქართული ოცნების» აქტივისტი გახლდათ, დღეს კი ხელისუფლების მიერ გადადგმულ არასახარბიელო ნაბიჯებს დაუფარავად აკრიტიკებს. ქალბატონი თამარი აჭარაში არსებულ სიტუაციაზე გვესაუბრება:


_ ნამდვილი «ქართული ოცნების» აქტივისტი ვიყავი და არა _ ამჟამინდელის. დღეს «ქართულ ოცნებას» სამართლიანად ვაკრიტიკებ და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან. კოალიცია «ქართულ ოცნებაში», მით უმეტეს აჭარაში, იმდენი მანკიერება ხდება, რომ მტრისას! ამიტომ მინდა, მათ მიმართ ჯანსაღი კრიტიკა რაც შეიძლება ბევრი იყოს. ადამიანი, რომელიც თავის დროზე «ნაციონალურმა მოძრაობამ» თავისი რიგებიდან გამოაგდო, დღეს «ქართული ოცნების» სრულუფლებიანი წევრია. წარმოიდგინეთ, როგორი ნაძირალა უნდა იყოს, ასევე ნაძირალა «ნაციონალებმა» პარტიიდან რომ გამოაგდეს! ეს არის გიორგი ერმაკოვი, რომელიც დღეს «ქართულმა ოცნებამ» ბათუმის მერობის კანდიდატად მოგვივლინა და რომელიც ახალაიების კლანის სამეგობრო წრიდან არის. ეს ამბავი ყველა ბათუმელისთვის შოკისმომგვრელი იყო. ხალხმა მოიძია ინფორმაცია, რომ ერმაკოვი კუდთან, სოდთან და ახალაიებთან დაახლოებული პირია. ბოლოს, სანამ «ოცნებაში» შეძვრებოდა, კომპანია «თეგეტა მოტორსში» მუშაობდა და იქაც სცემეს და გამოაგდეს.

_ რატომ წარადგინა ხელისუფლებამ ბათუმის მერად გიორგი ერმაკოვის კანდიდატურა?

_ ჩვენი ხელისუფლება ხალხის უკმაყოფილებამ ისე შეაშინა, რომ მგონია, ერმაკოვი პოლიციური სისტემის დასამყარებლად და ამ გზით ადამიანების სამართავად სჭირდება. აშკარაა, რომ ამ ხელისუფლებასაც იმ სისტემის შექმნა სურს, რომელშიც «ნაციონალები» 9 წლის განმავლობაში ამყოფებდნენ ხალხს. სხვა რა ვუწოდო ამ ყველაფერს? როდესაც გსურს, ქალაქის მერი ზონდერ-ოფიცერი გახდეს, რომელსაც არანაირი დამსახურება არ აქვს აჭარელთა წინაშე და პირიქით _ დანაშაულები აქვს ჩადენილი, უკვე ყველაფერი ნათელია. ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი იყოს ნორმალურ მდგომარეობაში. ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია და რას ელოდებიან, არ ვიცი. დავუშვათ, ტურისტები წელს მართლაც ჩამოვლენ, მაგრამ ბათუმში ისეთი მდგომარეობაა, გაისად აღარ გაუჩნდებათ ეგ სურვილი. ზღვას თავი რომ დავანებოთ, ტბები საშინელ მდგომარეობაშია, სიახლოვეს ვერ გაივლი, ისე ყარს. არდაღანის ტბას ისეთი სუნი ასდის, გაიგუდები. ქუჩები მოუწერიგებელია, მხოლოდ აქა-იქ კეთდება და წარმომიდგენია, ამაში მერია რა ფულს ათეთრებს. ადამიანები, რომლებიც «ნაციონალების» პერიოდში დანაშაულს სჩადიოდნენ, დღეს კვლავ მერიაში მუშაობენ. თუ ერმაკოვი გახდება ბათუმის მერი, ეს ხალხი კვლავ დარჩება სამსახურში და ბათუმის მერია დამნაშავეთა ბუდედ გადაიქცევა. აჭარაში თვითონ «ნაციონალები» ამბობენ, ჩვენთვის სულერთია, ამ არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს _ ჩვენი თუ «ოცნების» კანდიდატი, რადგან ორივე ჩვენი კაციაო.

_ ეს ვინ თქვა?

_ «ნაციონალური მოძრაობის» წევრმა ნოდარ დუმბაძემ. რაც მთავარია, მან ეს სოციალურ ქსელში დაწერა. 2012 წელს, ვიდრე «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბიძინა ივანიშვილს ვახლდით შუახევის რაიონის სოფელ ბეშუმში, სადაც «ნაციონალებმა» ხალხით სავსე 400 სამარშრუტო ტაქსი დაგვახვედრეს. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხალხთან შესახვედრად გადავიდა, ქვები და ფიცრები დაუშინეს, ძლივს გამოვიყვანეთ სამშვიდობოს. ამ ყველაფრის ორგანიზატორი კი იყო ძალოვანი სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მინდია ყურშუბაძე. ის დღეს «ქართულმა ოცნებამ» მაღალმთიან აჭარაში ძალოვანი სტურქტურების ხელმძღვანელად დანიშნა. ეს ადამიანები უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ მოხდა პირიქით _ ახალმა მთავრობამ დააწინაურა. არადა, ყურშუბაძის წინააღმდეგ მაშინვე აღიძრა საქმე, მაგრამ, როგორც კი ხელისუფლების სათავეში «ოცნება» მოვიდა, გამოძიება შეჩერდა. ერთ რამეში დავრწმუნდი: საბოლოოდ ყველა პარტია სექტად ყალიბდება და არ მსურს სექტანტი ვიყო.

_ ბათუმის მოსახლეობა დაშინებულია, ყველა გაურბის საჯაროდ რამის თქმას…

_ რა ქნან? იტყვიან რამეს და შინ მიაკითხავენ ან ტელეფონზე დაურეკავენ და გააფრთხილებენ… ამას «ქართული ოცნების» ძველი აქტივისტები აკეთებენ. ჩემთან არავის დაურეკავს, რადგან იციან, ჩემი გაჩერება არც ისე იოლია. ვიცი, ჩემს ტელეფონს უსმენენ, მაგრამ მისმინონ, რასაც ვამბობ, იმაზე პასუხს ვაგებ. თუმცა შევიტყვე, «ოცნების» წარმომადგენლებს ჩემზე უთქვამთ, ჯერ დავასაქმოთ და შემდეგ გავაფუჭოთო. არადა, ბოლო ხანს არაერთხელ მომხდარა ადამიანების ე. წ. გაფუჭება. მაგალითად, შარშან ხელვაჩაურის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც «ქართული ოცნების» აქტივისტი იყო, ხელვაჩაურის გამგებლად დანიშნეს და რამდენიმე თვეში თითიდან გამოწოვილი მიზეზით დააპატიმრეს, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს. რაც მთავარია, ამ ადამიანებს საშინელი მეთოდებით აპატიმრებენ _ სპეცრაზმს მიუსევენ, თითქოს ძებნილი რეციდივისტები იყვნენ. ლევანს სპეცრაზმი შეუვარდა კაბინეტში და იქ დააპატიმრეს. ეს ყველაფერი მთავრობის აპარატის უფროს ირაკლი ჭეიშვილს აძლევდა ხელს, რომელიც «ქართული ოცნების» წარმომადგენლებს ებრძვის. ირაკლი ჭეიშვილი ჯერ «ნაციონალურ მოძრაობაში» იყო, საიდანაც გამოაგდეს; შემდეგ გადავიდა ალასანიას პარტიაში, სადაც ყველას იძულებით აწევრებდა; ბოლოს კი «ქართული ოცნების» რიგებში ჩადგა. როგორც ვიცი, ირაკლი ჭეიშვილს არმაზ ახვლედიანი მფარველობს და ახლა ჭეიშვილი, მთავრობის აპარატის უფროსის გარდა, «ქართული ოცნების» საარჩევნო შტაბის უფროსიც არის… ირაკლი ჭეიშვილი სრულიად აჭარისთვის არის მონსტრი, რომელმაც ბათუმი, როგორც ქალაქი, გაანადგურა. ირაკლი ჭეიშვილი «ქართული ოცნების» ანტირეკლამაა. ეს ადამიანი თავისი მეგობრების ცოლებს არ ინდობდა. ყველამ იცის, რომ მისი ერთ-ერთი მეგობრის ცოლმა ლევან ვარშალომიძეს მიაკითხა და სთხოვა, უთხარით ჭეიშვილს, თავი დამანებოს, თორემ, ჩემმა ქმარმა რომ შეიტყოს, კარგი არაფერი მოხდებაო. ისიც ვიცი, რომ ჭეიშვილი ორჯერ გააფრთხილა ვარშალომიძემ, მაგრამ, თავისი რომ არ დაიშალა, ვარშალომიძემ ჯერ მაგრად სცემა და შემდეგ პარტიიდან გამოაგდო. სირცხვილია, როდესაც ასეთი ბიოგრაფია გაქვს და დღეს ტრიბუნიდან ელაპარაკები ხალხს. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან მიკვირს ჯერ ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ კი _ ირაკლი ღარიბაშვილის. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც «ნაცსისტემა» მოგვაშორა, მაგრამ მისი გუნდი კვლავ იმ სისტემისკენ მიილტვის. ნუთუ ამ ყველაფერს ვერ ხედავს და გულგრილად შეჰყურებს მოვლენებს?! დღეს ყველაზე მეტად კახა კალაძის მჯერა, რადგან გავიგე, რომ სწორედ ის ყოფილა ბათუმის მერობის კანდიდატად ერმაკოვის წარდგენის წინააღმდეგი. კალაძემ თავის დროზე თქვა, ხელისუფლებაში ვერც ერთი «ნაციონალი» ვერ მოვაო და, ალბათ, რცხვენია, დაპირებას რომ ვერ ასრულებს. თუ არჩევნებში ერმაკოვი გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები გააყალბეს. გაიარეთ ბათუმის ქუჩებში და ნახავთ, რომ არც ერთ ბათუმელს არ სურს ერმაკოვის მერობა.

მერობა იმ ქალაქისა, სადაც შენს საარჩევნო პლაკატს ჩამოხევენ და შეაფურთხებენ, არც შენ უნდა გინდოდეს!

_ და თუ მაინც გახდა გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი?

_ თუ გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდება, რევოლუცია სწორედ აჭარიდან დაიწყება! ათი კაციდანი ერთი ან აძლევს ხმას ერმაკოვს, ან არა და გაყალბების გარეშე მისი გამარჯვება გამორიცხულია!

_ ბათუმის მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის თურქების მომრავლება ქალაქში…

_ ეს იმიტომ ხდება, რომ «ნაციონალებმა» 9 წლის განმავლობაში ძველი ბათუმი თურქებს გადააბარეს და ამას ინვესტიციის ჩადებას ეძახდნენ. მაგალითად, ბათუმში უძველესი ქუთაისის ქუჩა დღეს თურქების ხელშია და იქ ქართულად ლაპარაკს ვეღარ გაიგონებთ. სწორედ ამ ქუჩაზე დგას მეჩეთი და ამიტომაც დაიტაცეს თურქებმა ეს ტერიტორია. სხვათა შორის, 2012 წელს, როდესაც «ქართული ოცნება» მოვიდა ხელისუფლებაში, თურქებმა შეწყვიტეს აჭარაში შემოსვლა, პირიქით, გასვლა დაიწყეს. იცოდნენ, რომ ახალი ხელისუფლება მათი წინააღმდეგი იყო, მაგრამ რამდენიმე თვეში გაორმაგებულად შემობრუნდნენ. იცით, რატომ? აჭარის მთავრობის აპარატიდან ასიათასობით ლარი იხარჯება თურქეთში მივლინებებისთვის და ჩვენებიც სწორედ იქ მიდიან სასეირნოდ, იქაურ მთავრობას ხვდებიან, ინვესტიციებს და ბათუმის ტერიტორიებს სთავაზობენ.

არსებობს საფრთხე ამ ტერიტორიის დაკარგვისა, რადგან კირნათის მიმდებარე ჭოროხის მიწებზე თურქებს პრეტენზია აქვთ.

ამასთანავე, რამდენიმე ადამიანი მართლა ამბობს, გამოყოფა გვინდაო. სეპარატიზმის გაღვივება უნდა კიდევ ამ კუთხეს?

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ, როდესაც ნახავენ, ამა თუ იმ გაზეთში რამე არასასიამოვნო დაიბეჭდა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ, სამთავრობო აგენტურა დილაადრიან ჩამოივლის საგაზეთო ჯიხურებს და მთელ ტირაჟს ყიდულობს, ხალხმა რომ არ წაიკითხოს.

ესაუბრა

მაია გელაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here