Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ისაკაძე): ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირებს ქადაგება აგვეკრძალება

მამა დავითი (ისაკაძე): ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირებს ქადაგება აგვეკრძალება

1276

მართლმადიდებელი მრევლი და სასულიერო პირები რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და 17 მაისს კონოთეატრ «რუსთაველში» დაგეგმილი ფილმის ჩვენება გააპროტესტეს. სასულიერო პირების შეშფოთებას იწვევს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტიც, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. აღნიშნული კანონმდებლობის მიღება საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით იკისრა. რა საფრთხეს ხედავენ ამ ყველაფრის მიღმა, მართლმადიდებელი სასულიერო პირები, წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა.


_ მამაო, ახლახან მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად კონოთეატრ «რუსთაველში» 17 მაისს დაგეგმილი ფილმის «ჩვენ გიჟები ვართ» ჩვენება გააპროტესტეთ. რატომაა ეს ფილმი თქვენთვის მიუღებელი?

_ საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან სასულიერო პირებმა და მრევლმა სამშვიდობო პარაკლისი გადავიხადეთ და ვთხოვეთ ღმერთს, საქართველო დაიფაროს იმ განსაცდელისგან, იმ დიდი საშინელი ცოდვისგან, რომელსაც გარყვნილების ქადაგება ჰქვია და რომელსაც ასე მიზანდასახულად ავრცელებს თანამედროვე მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. გარყვნილების ქადაგების ერთ-ერთი გამოვლინებაა ე. წ. გეიაღლუმები და სწორედ ასეთი კინოფილმები. ეს ფილმი _ «ჩვენ გიჟები ვართ» ქართველმა რეჟისორებმა გადაიღეს და ფილმის შინაარსია მამათმავლობა, ოჯახის სიწმინდის დაცინვა და შეურაცხყოფა. გვაქვს ინფორმაცია, რომ 17 მაისს კინოთეატრ «რუსთაველში» დიდი პრეზენტაციის მოწყობას გეგმავენ. ფილმის ჩვენებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. ამის შემდეგ ამ ფილმს საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც აჩვენებენ.

_ «ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება. დავიცვათ ოჯახური სიწმინდე და ზნეობა» _ ამ ლოზუნგით მიმართეთ ხელისუფლებას, რა საფრთხე დაინახეთ?

_ საფრთხეს, უკვე დიდი ხანია, ვხედავთ. უკვე დაანონსებულია, რომ ამ ფილმის ჩვენება 17 მაისს კონოთეატრ «რუსთაველში» უნდა გაიმართოს და ვის უნდა ვთხოვოთ თუ არა ხელისუფლებას (იქნება ეს ფილმის სახით თუ სხვა ფორმით), აკრძალოს გარყვნილების ქადაგება?!

გარდა აღნიშნული ფილმისა, ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ასევე, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავლში განიხილავს. ჩვენს შეშფოთებას განსაკუთრებით იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით არის ეს კანონპროექტი გადაგზავნილი, მას ჩვენც გავეცანით და იურისტებსაც გავაცანით, რომელთა შეფასებითაც ეს კანონი თავისი დონით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამას გარდა, აქ ძალიან ბევრი საფრთხე იმალება.

_ რას გულისხმობთ, რა საფრთხე იმალება ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღმა?

_ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სასულიერო პირებს ქადაგება აგვეკრძალება. ჩვენ რომ ვიქადაგოთ, რომ მამათმავლობა, გარყვნილება და ცოდვაა, ამის გამო შეიძლება პასუხი მოგვთხოვონ, რადგან ეს იმ ადამიანების დისკრიმინაციაში ჩაგვეთვლება, რომლებიც ამ ცოდვას სჩადიან.

მიუხედავად იმისა, რომ, ერთ-ერთი მუხლის თანახმად, ამ კანონის არც ერთი ნორმა ან მისი განმარტება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ შეთანხმებას, ანუ კონკორდატს, ამ მუხლსაც სჭირდება განმარტება, ვინაიდან იქვე არის მეხუთე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელსაც აკლია ყველაზე მთავარი ფორმულირება. მკაფიოდ მითითებულია, რომ ამ კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ეწინააღმდეგებოდეს ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა უფლებას. ეს არის პირდაპირ გადმოკოპირებული ევროპული კონვენცია, რომელშიც უგულვებელყოფილია ყველაზე მთავარი _ საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ეს კანონპროექტი მუშაობს, არ ნიშნავს, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ ეს ყველაფერი. უფრო მეტიც, ევროპაში სასულიერო პირები უკვე გამოდიან და დაუფარავად აცხადებენ, რომ ამ კანონის საფუძველზე, მათ, ფაქტობრივად, ქადაგება აუკრძალეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრება ემუქრებათ. იგივე მოხდება საქართველოშიც.

_ მაგრამ, მამაო, აღნიშნული კანონმდებლობის მიღება ერთ-ერთი ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით, იკისრა.

_ რად გვინდა ასეთი ვიზები, თუ საქართველოში უფლება არ გვექნება ცოდვაზე ვთქვათ, რომ ცოდვაა და, თუ სიმართლის თქმის გამო დისკრიმინაციაში დაგვადანაშაულებენ? ასეთი რეკომენდაციები მოდის სწორედ ევროპისგან, მამათმავლობაზე არ უნდა ვთქვათ, რომ დამღუპველი ცოდვაა. შემდგომში ერთსქესიანთა ქორწინებაც დაკანონდება, შეხედეთ, პერმანენტულად მიმდინარეობს ყველაფერი.

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ ცოტა ხანში მსგავსი ფილმების გაშვებასაც ვეღარ გავაპროტესტებთ, რადგან ესეც დისკრიმინაციაში ჩაგვეთვლება.

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და მას ხელს აწერს თამარ ჩუგოშვილი, ანუ საიას, იმავე რესპუბლიკელების, მიერ არის ეს კანონპროექტი მომზადებული. რესპუბლიკელებსა და «თავისუფლების ინსტიტუტს» ხომ არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყანა?!

პარლამენტი უახლოეს დღეებში უკვე დაიწყებს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას. ჩვენ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, აიკრძალოს საქართველოში გარყვნილების ქადაგება. მიმართვას, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს გაეგზავნება, 30-მდე სასულიერო პირი აწერს ხელს და იმედია, ხელისუფლება ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება აქციები?

_ ჩვენ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, როგორც მოვლენები განვითარდება. პირველ რიგში, დავაკვირდებით, რა მოხდება პარლამენტის საკომიტეტო განხილვების დროს და არ არის გამორიცხული, კომიტეტის სხდომას რომელიმე სასულიერო პირიც დაესწროს, ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების საკითხი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

_ მართალია, 17 მაისს ორგანიზაცია «იდენტობის» წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღარ აღნიშნავენ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი შეკრებას მაინც აპირებენ და შესაბამისი პროვოკაციული სცენარიც მზადდება, მათ «ვითომდა დაარბევენ». რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით?

_ მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ გამორიცხული არაფერია. მართალია, თქვეს, რომ რუსთაველის გამზირზე მსვლელობას აღარ მოაწყობენ, მაგრამ ახლა ფილმის ჩვენება გადაწყვიტეს, რაც უარესია, რადგან ეს იგივე ჰომოსექსუალიზმის ქადაგებაა. რა მნიშვნელობა აქვს, ქუჩაში გამოვლენ თუ ფილმს აჩვენებენ?!

_ თუ მაინც ჩატარდება ფილმის პრეზენტაცია, როგორც შარშან, 17 მაისს, პროტესტის გამოსახატად სასულიერო პირები წელსაც მიხვალთ?

_ ჯერ ყველანაირად ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას ამ ფილმის ჩვენება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, არამარტო სასულიერო პირებს, მთელ საქართველოს მწვავე პროტესტი ექნება.

_ ევროპარლამენტარმა ულრიკე ლუნაჩეკმა, ანტიდისკრიმინაციული კანონის პარალელურად, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციაში ოჯახი უნდა განიმარტოს, როგორც ქალისა და კაცის ერთობა, სამარცხვინო უწოდა. «სამარცხვინოა, რომ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა წარმოადგინა ეს ინიციატივა კანონპროექტთან ერთად, რომელიც ლგბტ პირების დაცვას ემსახურება», _ განცხადა მან. რატომ დაინახეს დისკრიმინაციის საფრთხე ღარიბაშვილის ინიციატივაში ევროპარლამენტში?

_ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა, ამას სამარცხვინო უნდა უწოდონ? სად არის დემოკრატია, თუ ჩვენ აზრს არ ითვალისწინებენ? საქართველოში ხომ უმრავლესობა ასე ვფიქრობთ და რა უფლება აქვს ამ ქალბატონს, რომ ჩვენს უფლებებს ეხება და სამარცხვინოს უწოდებს. რა თქმა უნდა, ოჯახი ქალისა და კაცის ერთობაა და ასეთი მოსაზრებით, როგორსაც ქალბატონი ლუნაჩეკი ახმოვანებს, მან ინცესტიც შეიძლება გაამართლოს და ჩვენ ასეთ ადამიანებს ვუსმინოთ?! ვფიქრობ, სამარცხვინო ის არის, რომ ასე მოაზროვნე ადამიანები ევროპარლამენტში სხედან.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი


 

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს

მიმართვა:

გთხოვთ, აკრძალოთ საქართველოში ჰომოსექსუალიზმისა და ყოველგვარი გარყვნილების ქადაგება, როგორიცაა ლგბტ-ს აღლუმები და საჯარო მსვლელობები; ასევე, გთხოვთ, აკრძალოთ ჩვენება ახლახან გადაღებული ქართული ფილმისა ქართველ ჰომოსექსუალებზე. ეს ყველაფერი გამიზნულია ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდებისა და მთლიანად ერის გასარყვნელად და გადასაგვარებლად.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ვთხოვთ, დაიცვას ქართველი ხალხის უმრავლესობის კონსტიტუციური უფლებები. კონსტიტუციით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შვილები ნებისმიერი მავნე ზეგავლენისგან და აღვზარდოთ ისინი ჩვენი ტრადიციების, ზნეობისა და რელიგიური მრწამსის შესაბამისად.

პარლამენტის წევრებს ვთხოვთ, კანონით აკრძალონ გლბტ-ს პროპაგანდა ქუჩებში, საჯარო ადგილებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში.

რუის-ურბნისის კრების დადგენილებაში ამ სოდომურ სულის წარსაწყმედელ ცოდვაზე წერია _ «…რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს, ან საქმით ან ხუმრობით, ან სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად» (რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა (1105 წელი), მე-18 კანონი.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი დიმიტრი გორგოძე, დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, დეკანოზი დავით ისაკაძე, დეკანოზი დავით ქვლივიძე, დეკანოზი ზაქარია დავრიშიძე, დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი, დეკანოზი დავით ლასურაშვილი, დეკანოზი თადეოზ სალარიძე, დეკანოზი ნიკოლოზი თურმანიძე, დეკანოზი გიორგი რაზმაძე, დეკანოზი ლევან კუტივაძე, მღვდელმონაზონი ბასილი ანთაძე, მღვდელი ბასილი იაშაღაშვილი, მღვდელი გაბრიელ ვაშაძე, მღვდელი დავით მინდორაშვილი, მღვდელი დავით ქალებაშვილი, მღვდელი დავით ნოზაძე, მღვდელი ვახტანგ დავითაშვილი, მღვდელი ნიკოლოზ ჩხიკვაძე, მღვდელი გურამ გამცემლიძე, მღვდელი ირაკლი ცქიტიშვილი, მღვდელი ნიკოლოზ ერაძე, მღვდელი ათანასე ხაბეიშვილი, მღვდელი ლევან ანთაძე, მღვდელი ლევან კუტივაძე, მღვდელი ვახტანგ მაჩურიშვილი

 

 

 

1 COMMENT

  1. 1. თუ ინცესტს ვგმობთ(რაც ბუნებრივია)რით ხსნით ადამისა და ევას შვილების და შვილიშვილების ერთმანეთთან ქორწინებას?
    2.თუ ასე გულშემატკივრობთ ქართველ ხალხს,ამხელა სიმდიდრის მფლობელები,რატომ ერთი შენობა მაინც არ ააშენეთ ლტოლვილებისათვის და უსახლკაროებისათვის თქვენი ფულით?
    3.რატომ აძლევთ ხალხს სალაპარაკოს იმით,რომ კრძალავთ სანთლის დანთებას,თუ ის ეკლესიაში ნაყიდი არ არის? ,,ჯიპებისათვის" ბენზინის ფული შემოგაკლდათ?

    არ გაგიკვირდეთ ხალხის ნდობა რომ დაკარგოთ.

  2. მამა დავით ისაკაძე აღიარებს რომ ეკლესია, ანუ ის და "მმკ" ამ შემთხვევაში ძალადობას ქადაგებენ ა ამის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. ჯოჯოხეთში მოგეკითხება მამაო შენც და შენს ბნელეთის ამიასაც :-))))))))))))))))

  3. მოქალაქე: მეორე და მესამე კითხვაზე გიპასუხებ. შენ რა იცი რამხელა ქონება აქვს? 8 შვილთან და ცოლთან ერთად ჩვეულებრივ 2 ოთახიან ბინაში ცხოვრობს. ჰყავს ჩვეულებრივი მანქანა და არა პრადო. რაც არ იცით იმაზე ნუ ისაუბრებთ.

  4. მოქალაქევ!!!! ადამისა და ევას შვილები და შვილიშვილები ერთმანეთთან ღვთის დაშვებით წყვილდებოდნენ.ისინი ერთად იბადებოდნენ, ანუ აბელს თავისი ტყუპი ჰყავდა,კაენს თავისი და ასე შემდეგ. კაცობრიობის გამრავლების შემდგომ ეს აიკრძალა სამარადისოდ. ნოეს დროს ეს უკვე დიდი ხნის არძალული იყო. "ჩამჭრელი" კითხვებით კოლექციონერობას ორი წიგნი წაიკითხო ის ჯობია. მაგ. დიმიტრი როსტოველის "სენაკის მემატიანე". იქ ბევრი რამ წერია, ისიც, რაც გაინტერესებს (თუ მართლა გაინტერესებს).

  5. ვის რა ქონება აქვს არ გვაინტერესებს როცა საქმე უფლის მცნებებს ეხება. ცოდვის დაკანონებას გმერტი არავის აპატიებს და მოგეტხოვებატ. მერე ითვალეთ სხვისი ქონება

  6. რად გვინდა ასეთი ვიზები, თუ საქართველოში უფლება არ გვექნება ცოდვაზე ვთქვათ, რომ ცოდვაა და, თუ სიმართლის თქმის გამო დისკრიმინაციაში დაგვადანაშაულებენ? ასეთი რეკომენდაციები მოდის სწორედ ევროპისგან, მამათმავლობაზე არ უნდა ვთქვათ, რომ დამღუპველი ცოდვაა. შემდგომში ერთსქესიანთა ქორწინებაც დაკანონდება

  7. ნინ, რაც ბიბლიაში არ წერია, იმის ახსნის უფლება თქვენ ვინ მოგცათ? მე სხვა ვერსიაც მაქვს მოსმენილი, თქვენ თუ გაგიგიათ, რომ ადამის და ევას შვილებთან ერთად პირველყოფილი ადამიანებიც ცხოვრობდნენ თურმე და მათი კავშირის შედეგი ყოფილა კაცობრიობა? ცოტა არ იყოს, უცნაურია, ასეთ განსწავლულ ხალხს ერთი აზრი ვერ გიპოვიათ, ალბათ სხვები სხვა ავტორიტეტებს ეყრდნობიან… ისიც მინდა გითხრათ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი არავის არ უნდა განიკითხავდეს, ამაზე მართლა მაინტერესებს, რას იტყვით?

  8. ხმას ამ გარყვნილებაზე დროზე თუ არ ამოვიღებთ სოდომზე უარესი დაგვემართება ქართველ ერს,რით ვერ შეიგნეს ძველმა და ახალმა ხელისუფლებამ,რომ ევროპისაგან სხვა რაიმე კარგი გადმოგვეღო და არა მამათმავლობისა და ერთსქესიანთა დაქორწინების დაკანონება,ამას ქართველი ერი არასოდეს დაუშვებს,ამას ვერ ეღირსებით! ხოლო იმ ცოდვილიანებმა,რომელთაც ასე სურთ იცხოვრონ დროებით ამ ქვეყანაზე,შეიგნონ თუ რა სამარადისო განსაცდელი ელოდებათ იმქვეყნიურ ჯოჯოხეთში.

  9. ფილმის ჩვენება შედის პროპაგანდაში ,ფილმს გააჩნია თუ ის პროპაგანდისტულია და ნებისმიერ დროს შეიძლება გააკრიტიკონ,დაგმონ , რატო ვეღარ გააკრიტიკებენ კანონი დაიჭერთ? მაშინ რაღა მამაოები არიან თუ სიმართლის თქმა კანოის გამო შეეშინდებათ!ჩაეთვალოთ უკანონობაში მერე რა!

  10. არანაირი ინცესტი არ ყოფილა ადამის და ევას დროს. პარალელურად სხვებიც იყვნენ ადამის მოდგმასთან ერთად. კაენი წავიდა მამის ოჯახიდან და მოიყვანა ცოლი. ეს ფაქტი წერია ბიბლიაში. სად წავიდა და ვისი შვილი მოიყვანა ცოლად, ეგ უკვე აღარ წერია სამწუხაროდ და არც დაწერდნენ რათქმაუნდა, იმიტომ, რომ ქრისტიანული და მუსულმანური რელიგიები აგებულია ადამის შტოზე, რომელიც ბიბლიის მიხედვით იწყება 5000 წლით ჩვ. წელთ აღრიცხვამდე.
    ის რომ სტოუნხენჯი 150000 წლის წინაა აგებული და ვის მიერ არავის აინტერესებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here