Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპა პროდუქტებისა და ენერგომატარებლების კრიზისში იძირება

ევროპა პროდუქტებისა და ენერგომატარებლების კრიზისში იძირება

129

ევროპა ზაფხულის სეზონის დასასრულს ენერგიის დაზოგვის რეჟიმში შესვლით ხვდება. ძალიან სერიოზულ ზომებს _ მოსალოდნელსაც და კურიოზულსაც _ იღებს ესპანეთი, რომელსაც დიდი პრობლემები აქვს ენერგეტიკაში. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ სანქციებით, არამედ ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ვითარებით. არადა, ცოტა ხნის წინათ ამ ქვეყანას ევროპის არაფორმალური ლიდერის როლს უწინასწარმეტყველებდნენ.

ჩვენთვის აზრი არ უკითხავთ

ჯერ კიდევ ივლისში ესპანეთი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ევროკომისიის რეკომენდაციებისა ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირების თაობაზე. ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ ყველა ქვეყანა გააფრთხილა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ით ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების რისკებზე და მათ ეკონომიისკენ მოუწოდა.

მადრიდში კი განაცხადეს, რომ საჭიროა საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომა: ყველასთვის ერთნაირი პირობის თავსმოხვევა არ შეიძლება. “ესპანური ოჯახები არ დაზარალდებიან ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით სახლებში; მთავრობა აპირებს, დაიცვას ქვეყნის მრეწველობა”, _ განაცხადა ესპანეთის ვიცეპრემიერმა ტერეზა რიბერამ და ხაზგასმით  აღნიშნა: ევროკავშირს ჩვენთვის აზრი არ უკითხავს”.

ესპანელები ამბობენ, რომ ისინი სხვა ევროპელებზე ნაკლებად დამოკიდებულნი არიან მილსადენიდან მიწოდებულ ბუნებრივ აირზე, რომლის ძირითად ნაწილს ზღვიდან იღებენ. შესაბამისად, “არსებობს რუსული რესურსების კომპენსაციის შესაძლებლობა”, _ განაცხადა ბუნებრივი აირის ეროვნული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა არტურო გონსალომ. ესპანეთის სამეფოში რუსეთი, ბუნებრივი აირის იმპორტის მიხედვით, მეორე (20%) იყო აშშ-ის შემდეგ (30%) და ცოტათი უსწრებდა ალჟირს.

მაგრამ ევროკომისიისთვის კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია და ესპანეთს შეუმცირეს ენერგომოხმარება _ ჯერჯერობით მხოლოდ 7%-ით (ანალოგიურად შეუმცირეს პორტუგალიასაც) ნაცვლად 15%-ისა, მაგრამ ბუნებრივი აირი ერთადერთი პრობლემა არ არის.

გვალვა

სამხრეთ ევროპისთვის ზაფხული, ტრადიციულად, მოულოდნელობით სავსე პერიოდია, განსაკუთრებით გვალვის გამუდმებული საფრთხეა. წელს კი კონტინენტი, უბრალოდ, იწვის სიცხისგან და კონდიციონერები მთელი სიმძლავრით მუშაობს.

ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი კურიოზული ინიციატივით გამოვიდა _ მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს მოუწოდა, უარი ეთქვათ ჰალსტუხებზე, რათა ნაკლებად გამოეყენებინათ კონდიციონერი, მაგრამ ეს ნოვაცია ესპანელებს ვერ დაეხმარა და აგვისტოს დასაწყისში ქვეყანა ოფიციალურად გადავიდა ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე. ზაფხულის ბოლომდე (შეიძლება უფრო გვიანაც, დამოკიდებულია ამინდზე) ოფისებში, მაღაზიებსა და რესტორნებში კონდიციონერების ჩართვა არ შეიძლება 27 გრადუსზე დაბლა. ქუჩაში ვიტრინები უნდა ჩაქრეს 22 საათზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პატრონი დაჯარიმდება.

მთავრობას ზამთრისთვისაც აქვს გეგმა: საზოგადოებრივი დაწესებულებები 19 გრადუსზე მეტად არ უნდა გათბეს. შეზღუდვისგან გათავისუფლებულია მხოლოდ სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები, სილამაზის სალონები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

“ჩვენ უნდა დავიცვათ ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული მდებარეობის გამო ესპანეთი უკეთ არის მომზადებული, ჩვენ სოლიდარულები ვართ ევროპის სხვა ქვეყნების მიმართ”, _ აღნიშნა პრემიერმა სანჩესმა.

ეს ბიზნესისთვის დამღუპველია, “ფიტნეს-ცენტრები იხურება და, შესაძლოა, სამუდამოდაც. დახუთულ სივრცეში ვარჯიში არავის სურს”, _ განაცხადა მადრიდელმა ნაჩო მატემ.

ბუნდოვანი პერსპექტივა

ესპანური მედიასაშუალებები აღიარებენ, რომ მიღებული ზომების ეფექტიანობაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოები და ორგანიზაციები კონდიციონერებს ძველებურად აღარ იყენებენ, ქვეყანაში ენერგიის ხარჯი მაინც დიდია.

“როდესაც ვიტრინები ჩაბნელებულია, რესტორნებსა და კლუბებში დახუთულობაა, ადამიანები შინ სხედან, _ ამბობს ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მალაგის მცხოვრები პაოლო ანდრიანო. _ სახლში კონდიციონერების გამოყენებას არავინ გიზღუდავს”.

საცალო ვაჭრობის ქსელში ჯერ კიდევ ივნისში იყო დიდი მოთხოვნა ვენტილატორებზე. მათი გაკონტროლება შეუძლებელია. “ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი კომუნალური გადასახადების მომატებაა. ბინის ქირამ 50%-ზე მეტით მოიმატა, მაღაზიებშიც ყველაფერი გაძვირდა, იმიტომ, რომ გაძვირდა ბენზინი”, _ ამბობს ნაჩო მატე.

ინფლაცია და საწვავი რეკორდებს ხსნის

სიცხისა და მოახლოებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე კვლავ აქტუალურია ძველი პრობლემებიც. ზამთარში ინფლაციამ წლიურ 7 პროცენტს მიაღწია და 30-წლიანი რეკორდი მოხსნა, ივლისში კი ინფლაციის მაჩვენებელი 10,8 პროცენტი იყო _ ეს მაქსიმუმია 1984 წლიდან.

“პანდემიის პერიოდში პროდუქტები გაძვირდა; 1 ლ ბენზინი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო  2 ევრო ღირდა, შემდეგ ცოტა გაიაფდა, მაგრამ ახლა კვლავ უბრუნდება ძველ დონეს”, _ განაცხადა პაოლო ანდრიანომ. ავტოგადამზიდავების მოთხოვნით, ხელისუფლებამ საწვავზე სუბსიდია გაიღო. 1 აპრილიდან ავტომობილისტებისთვის 20 პროცენტიანი ფასდაკლებაა ყოველ ლიტრ ბენზინსა და დიზელზე. ივლისში შეღავათები წლის ბოლომდე გააგრძელეს.

საწვავს იმარაგებენ, ისევე, როგორც პროდუქტებს, ამიტომ ფასების მატება არ ჩერდება, _ ამბობს ნაჩო მატე, _ არავის აქვს ვითარების გაუმჯობესების იმედი, რადგან ხელისუფლება აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს ევროკავშირი. ისინი ხალხზე აკეთებენ ეკონომიას და ვითარების გამოსწორებაზე არ ზრუნავენ”.

“ზოგიერთი პროდუქტის შეძენა მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში შეიძლება. ადრე, მაგალითად, ზეითუნის ზეთი ყველგან იყო, _ ამბობს ანდრიანო, _ დეფიციტი წარმოიქმნა გვალვის გამო, ხოლო, რაც არის, 2-ჯერ არის გაძვირებული”.

პირველობამდე ჯერ ადრეა

როცა მადრიდმა ევროკავშირის მითითების საწინააღმდეგოდ ბუნებრივი აირის მოხმარება მხოლოდ 7 პროცენტით შეამცირა, უცხოელი ანალიტიკოსები ევროკავშირში ესპანეთის როლის გაძლიერებაზე ალაპარაკდნენ. კერძოდ, Bloomberg-მა დაუშვა, რომ სახელდობრ, ესპანეთის ლიდერობა გადაარჩენდა ევროკავშირს: “მადრიდი წაართმევს ინიციატივას ბერლინს და შეუძლია კავშირს არაფორმალურად ჩაუდგეს სათავეში, რომლის ლოკომოტივადაც გერმანია ითვლება”.

ესპანეთის ხელისუფლება მართლა ატარებს შედარებით დამოუკიდებელ პოლიტიკას საერთოევროპული კურსის ფონზე.

რამდენიმე დღის წინათ ესპანური El Mundo იუწყებოდა, რომ პრემიერმა სანჩესმა არ შეასრულა “რაღაც დაპირება” უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ. კოსოვოს კრიზისის დროს კი, აგვისტოს დასაწყისში, მკვეთრი განცხადება გააკეთა თვითაღიარებული რესპუბლიკის მიმართ და კოსოვოს მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა. ამ ყველაფრის უკან ლიდერის ამბიციებიც რომ იმალებოდეს, მათ პერსპექტივა არ აქვს ბოლო 40 წლის განმავლობაში სარეკორდო ინფლაციის პირობებში.

ამასთანავე, ესპანელები აშკარად უკმაყოფილონი არიან “ბრიუსელის დიქტატით”. მათი აზრით, ევროკავშირი არ ეხმარება ესპანეთს, რომელიც სანქციებისა და უპრეცედენტო გვალვის გამო ხაფანგში აღმოჩნდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220821/ekonomika-1810742233.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here