Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (ახვლედიანი): შარშანდელი 17 მაისი _ ეს იყო სპონტანური რეფერენდუმი, რომელზეც...

მამა ბასილი (ახვლედიანი): შარშანდელი 17 მაისი _ ეს იყო სპონტანური რეფერენდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა სოდომიას უარი უთხრა

725

«ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ვესაუბრები და მათი განწყობა ვიცი. შესაბამისად, თუ 17 მაისს ვინმემ გაბედა აქციის ჩატარება, შესაძლოა, ეკლესიამ ვეღარ შეასრულოს მშვიდობისმყოფელის ფუნქცია და ეს ხალხი ვერ შეაკავოს», _ აცხადებს აკაურთას სიონის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი (ახვლედიანი).

 

_ მამაო ბასილ, თქვენ ახლახან განაცხადეთ, რომ, თუ 17 მაისს ლგბტ პირები და მათი დამცველები აქციას კვლავ გამართავენ, შარშანდელზე უარესი გველოდება: «17 მაისს რაც მოხდა, წელს იგივე ნამდვილად არ გველის. უარესი გველის, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ» («პრაიმ ტაიმი»). რას გულისხმობდით, რა შეიძლება მოხდეს?

_ პირველ რიგში, მივესალმები თქვენს მკითხველს და მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. შარშანდელი 17 მაისი იყო ერის გამოძახილი, იმ დღეს მთელი ერის პოზიცია დაფიქსირდა. ეს იყო ქართული სულის ბუნებრივი მდგომარეობა და ადეკვატური პასუხი იმ ბოროტებაზე, იმ სასიკვდილო ცოდვაზე, რომლის აგიტაციაც იმ დღეს ვიღაცებს სურდათ.

მე ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ვესაუბრები და მათი განწყობა ვიცი. შესაბამისად, თუ 17 მაისს ვინმემ გაბედა აქციის ჩატარება, შესაძლოა, ეკლესიამ ვეღარ შეასრულოს მშვიდობისმყოფელის ფუნქცია და ეს ხალხი ვეღარ შეაკავოს. თავმოყვარე, ქართული სულით გაჟღენთილი ვაჟკაცები ძალიან აგრესიულად არიან განწყობილნი, ისინი ამბობენ, რომ მსგავსი ცოდვის გამო არავის დევნიან, მაგრამ საჯაროდ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგნი არიან და ამ ფაქტს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას და როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ვერასდროს მიიღებენ.

_ 17 მაისისთვის ორივე მხარე უკვე აქტიურად ემზადება. როგორ შეიძლება მოსალოდნელი საფრთხე ავიცილოთ?

_ მარტივია, როდესაც გამოდიხარ და აფიქსირებ იმდენად ამაზრზენ პოზიციას, რომ ეს მთელი საქართველოს აგრესიას იწვევს, არ უნდა გამოხვიდე, უნდა მიხვდე, რომ ნებისმიერი შენი მოქმედება აღქმული იქნება, როგორც პროვოკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, მე ვხედავ საფრთხეს, რადგან ვიცი, რომ ამ ადამიანების მიმართ დიდი აგრესიაა დაგროვილი.

ხშირად ამბობენ, რომ აგრესია მართლმადიდებელი ადამიანისთვის მიუღებელია, რაც მთლად მართებული ნათქვამი არ არის. როდესაც საქართველოს სჭირდებოდა, ეკლესია აკურთხებდა მებრძოლებს, ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგეები რომ დაეხოცათ და ქართველი ხალხი და ეკლესია გადაერჩინათ. ამ შემთხვევაში კი მომაკვდინებელ ცოდვაზეა საუბარი. ძნელია, რომ სისხლითაც ჩამოირეცხო, სოდომისტური, გარყვნილი პროპაგანდისტური აზროვნება და ცხოვრების წესი. დღეს ჩვენ გვყავს «თანამედროვედ მოაზროვნე» სასულიერო პირები, რომლებიც ამბობენ, რომ აგრესია მართლმადიდებლისთვის მიუღებელიაო, მაგრამ, მეორე მხრივ, გვყავს ბუმბერაზი მამაოები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოს ამბობენ. მაგალითად, იოანე ოქროპირი ამბობს: შენ თუ ნახე მგმობარი, მოედანზე გამოსული, მიდი და შეაგონე, მაგრამ, თუ ვერ გაიგო, სცემე და კურთხეულ იყოს შენი მარჯვენაო. გმობა არ არის, როდესაც დედაქალაქის ცენტში გამოდიხარ და სოდომისტური ცოდვის პროპაგანდას ეწევი და თან ამბობ, რომ ეს ჩემი უფლებააო?! ეს არის ჩვენი ეკლესიის და წინაპრების შეურაცხყოფა. შესაბამისად, როდესაც სასულიერო პირი ამბობს, რომ აგრესია მართლმადიდებლისთვის ყოვლად მიუღებელიაო, ასეთი სასულიერო პირი ცოცხალმკვდარი ადამიანია და ხვალ საქართველოს ვერ დაიცავს, რადგან ხმალი და სისხლის ღვრა ეროვნული მოტივით მისთვის უცხო ყოფილა.

რა თქმა უნდა, ყოველგვარ უმსგავსობას წინააღმდეგობას გავუწევთ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. შეიძლება რაღაც პროცესები მტკივნეულად გადავიტანოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ გაწირავს საქართველოს.

შარშან, 17 მაისს, სასულიერო პირები მართლაც ძალიან შეეცადნენდაპირისპირება არ მომხდარიყო, მაგრამ წელს მეეჭვება, ეკლესიამ ეს მოახერხოს. ამიტომ, ვისაც იქ ეს ხალხი გამოჰყავს, დაფიქრდნენ, ნუ გაწირავენ ამ ხალხს. ყველაზე მეტად აქტიურობს ერთ-ერთი სოდომისტური ლგბტ ორგანიზაცია «იდენტობა» და ზოგადად ისეთი ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა მათი განცხადებები, რომ უსმინო, ეკლესია საერთოდ არ უნდა არსებობდეს დედამიწაზე. ეს ადამიანები არამარტო ცოდვას არ მიიჩნევენ ცოდვად, მეტიც ამ ცოდვის პროპაგანდას ეწევიან და ამბობენ, რომ საკუთარი სურვილები არ უნდა შეზღუდო. სატანისტების იდეოლოგიაც ამაზეა დაფუძნებული _ აკეთო ის, რაც გსურს! ჰომოსექსუალიზმიც სატანიზმის ერთერთი ელემენტია.

_ მამაო, სასულიერო პირები, ალბათ, წელსაც გახვალთ აქციაზე, ანუ ფიქრობთ, რომ ხალხი შეიძლება არ დაგემორჩილოთ?

_ სამწუხაროდ, შარშან მე არ გავსულვარ აქციაზე, იქ იყო ერთი მამაო, რომელიც «ტაბურეტკიანი მამაოს» სახელითაა ცნობილი, მაგრამ მე რომ გავსულიყავი, იქ, მინიმუმ, ორი «ტაბურეტკიანი» მღვდელი იქნებოდა. ვიღაცამ ახლა შეიძლება თქვას, რომ, აი, მამაო როგორ მოუწოდებს ხალხსო, არავის არ მოვუწოდებ, მინდა, უბრალოდ, შევაგონო იმ 20 კინკილა კაცს, რომლებიც სასიკვდილო ცოდვის პროპაგანდას ეწევიან, დაფიქრდნენ _ როდესაც 100 ათასი კაცი გამოდის ქუჩაში, ესე იგი სერიოზული საფუძველი გააჩნია. დაუშვებელია, როდესაც მოწამეთა ქალაქში მომაკვდინებელი ცოდვის ასეთი აგრესიული პროპაგანდა მიმდინარეობს.

_ ბუნებრივია და გასაგები, რომ ეკლესიისთვის ჰომოსექსუალიზმი დიდი ცოდვაა და კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ამგვარი წინააღმდეგობითა და ყურადღებით უფრო მეტად ხომ არ აპიარებენ ამ 20 კინკილა კაცს, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ეკლესია და მათი მოწინააღმდეგეები?

_ ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოში თუნდაც ერთმა კაცმა ჩაიაროს სოდომიზაციის პროპაგანდითა და პლაკატით ხელში და ამას არავინ ყურადღება არ მიაქციოს და ეს ვინმემ ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნიოს. ამდენი ხალხი 20 კაცის წინააღმდეგ კი არ გამოსულა, არამედ იმ ხალხის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც ამ ადამიანების უკან იდგა.

ხომ ნახეთ კადრები, ჰაერში დაფრინავდნენ ბიჭები, რათა იმ მიკროავტობუსს მისწვდომოდნენ, რომელშიც ეს ადამიანები ისხდნენ. ეკლესიამ პირიქით, გაანეიტრალა ვითარება. იმ დღეს სასულიერო პირები რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლება მოვლენები ძალიან ცუდად დასრულებულიყო. სასულიერო პირები, მეუფე იაკობის ხელმძღვანელობით, აქციაში არ მონაწილეობდნენ, ისინი ერთგვარი მშვიდობისმყოფელების ფუნქციას ასრულებდნენ. მეუფე იაკობი ძალიან ვაჟკაცური ადამიანია და მისი ყოფნა ეკლესიაში მე პირადად ძალიან მეიმედება.

_ საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ, თუ 17 მაისს რაიმე დაპირისპირება მოხდა, ამას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვება და ივნისში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, შესაძლოა, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

_ თუ ჩემი მეგობარი და კეთილისმყოფელი ხარ, ჩემს ტრადიციებსა და სულიერ ფასეულობებს ფეხქვეშ არ უნდა მითელავდე. შარშანდელი 17 მაისი გარკვეულწილად შეიძლება რეფერენდუმად აღვიქვათ. ეს დღე იყო სპონტანური რეფერენდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა სოდომიას უარი უთხრა. ერთ მხარეს იყო 100 ათასი კაცი, მეორე მხარეს _ 20 კაცი. როდესაც ამის საპირწონედ მიდებენ ასოცირების ხელშეკრულებას, მინიმუმ, ეჭვი მაინც ხომ ჩნდება, რომ ამის უკან რაღაც იმალება? გაგვაცნონ ხელშეკრულების პუნქტები, როგორც საზოგადოება ითხოვს. თუ მე ასე დამიყენებ საკითხს _ ან ასოცირება და ან სოდომიზმის დაკანონებაო, ბუნებრივია, მე ასეთი ასოცირება არ მინდა.

როგორც ვიცი, ახლახან აშშ-ში ციფრული საქართველოს პროექტს მოეწერა ხელი და ეს ხელშეკრულება თუ გულისხმობს, ელექტრონული ანგელოზის, Digital Angel-ის დანერგვას საქართველოში, მაშინ არ მინდა ასეთი ასოცირება. თუ ეს გულისხმობს ერთსქესიანთა ქორწინებას, მინდა ისეთი ასოცირება, რომელიც ჩემს ტრადიციულ იდენტობას ხელყოფს?!

_ ეს ეჭვები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რელიგიის, ტრადიციების, ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვის შიში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებით, ეკლესიის წიაღში, ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრის დროს აქვს. თუმცა ევროკომისარმა შტეფან ფულემ, სცადა, დაერწმუნებინა საქართველოს პატრიარქი, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, თუ როგორ აისახება ევროპული ღირებულებები კანონმდებლობაში და არაფერს დაგვაძალებენ. რამდენად დამაჯერებელი იყო მისი სიტყვები თქვენთვის?

_ ადამიანი, რომელიც სოდომ-გომორს, ყოველგვარ გარყვნილებას იდეურად მხარს უჭერს, თუ არ ესმის, რომ სოდომიზმი ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვაა და ამას უბრალოდ ადამიანის უფლებად მიიჩნევს, ასეთი ადამიანის არც ერთი სიტყვა ჩემთვის დამაჯერებელი არ იქნება; ხოლო უწმინდესმა ძალიან კარგად იცოდა, ვისაც ესაუბრებოდა.

როცა ევროპის წინააღმდეგ ჩვენს წინა ინტერვიუში გავაკეთე განცხადება, საშინელი კომენტარები დაწერეს. მე და მამა თეოდორე საშინელი სიტყვებით შეგვამკეს. მიკვირს ამ ადამიანების: თუ ევროპის აპოლოგეტები არიან, მაშინ კარგად უნდა იცოდნენ ევროპის ქვეყნების ცხოვრება, მათი კანონმდებლობა. მათთვის ევროპა, უბრალოდ, ადგილია, რომელიც ცივილიზაციასთანაა დაკავშირებული, არ იციან, რომ თვითონ ევროპელებსაც აწუხებთ არსებული ვითარება. ასეა ამერიკელების შემთხვევაშიც.

მე ერთი რამ ვიცი, ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება. მსოფლიო მიისწრაფვის ერთი დიდი სახელმწიფოს შექმნისკენ, ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება დაპატარავდეს მსოფლიო და კოსმოპოლიტურეკუმენისტური მსოფლიო მოქალაქეები გავხდეთ და ამას თუ ვინმე ვერ ხედავს, ეს მისი ნაკლია. ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ და ურწმუნო ადამიანი ვერ მიხვდება ვერაფერს და მორწმუნე ადვილად მიხვდება: რუსეთს, უკვე ორი საუკუნეა, მსოფლიოში შემაკავებლის ფუნქცია აქვს. მორწმუნე ადამიანისთვის გასაგები იქნება, რასაც ვამბობ

მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. იმედია, თუ რაღაც შემეშალა, შემინდობს, უპირველესად, სასულიერო დასი და შემდეგ მკითხველი. ყველას ვთხოვ, დავუკვირდეთ გამონათქვამებს. ღმერთმა დაგლოცოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here