კეთილდღეობის მიხედვით ევროკავშირის ერთ–ერთი ლიდერი ქვეყანა _ ფინეთი, სწრაფად იძირება კრიზისში. “მთავრობას არ უნდა გაუკვირდეს ფინელების მასობრივი დეპრესია”, _ ჩივიან ქვეყნის მცხოვრებნი. და მათ ამის მიზეზი აქვთ _ ბოლო პერიოდში მკვეთრად მოიმატა საწვავისა და პროდუქტების ფასებმა და ისინიც კი, ვინც მუშაობს, იძულებულნი არიან, სასურსათო დახმარება მოითხოვონ. მომავალში კი, როგორც ჩანს, საქმე უფრო ცუდად იქნება.
უკვე წლის დასაწყისში ფინეთში მნიშვნელოვნად გაძვირდა ყავა, თევზი და ბოსტნეული _ 30%-ზე მეტით, 2021 წლის ფასებთან შედარებით. ექსპერტთა პროგნოზით, მიმდინარე წელს საკვები პროდუქტების ფასი გასულ წელთან შედარებით 10%-ით მოიმატებს; შესაბამისად, კვებისა და საშინაო მეურნეობის ხარჯები _ 500 ევროთი.
ფინეთის ბუნებრივი რესურსების ცენტრის ექსპერტის, ჰანა კირიკალიოს, განცხადებით, ფასების მატების გამო “ადამიანები იაფფასიანი პროდუქტების შეძენას დაიწყებენ, თუმცა, ამასთანავე, შეიძლება შეიძინონ სრულიად სხვა საქონელი ალტერნატივის სახით”.
ექსპერტთა აზრით, პროდუქტების სწრაფი გაძვირება დაიწყება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში, მიმდინარე წელს კი ფინეთში ყველაზე მეტად გაძვირდა ყავა (44%), თევზი (39%), მცენარეული ზეთი (21,7%) და მსხალი (21,2%); ფასების ზრდის მიზეზებია: ელექტროენერგიის, დიზელის საწვავისა და სასუქის გაძვირება.
ფინური პრესა წერს, რომ ქვეყნის სულ უფრო მეტი მოქალაქე, რომლებსაც აქვთ სამუშაო, დახმარების საძებნელად მიდის შესაბამის პუნქტებში უფასო პროდუქტების მისაღებად. “პროდუქტებისა და საწვავის გაძვირებამ ძლიერად იმოქმედა ოჯახების ფინარსურ მდგომარეობაზე: მათ არ ჰყოფნით ფული ხარჯების დასაფარავად. მაღაზიები იძულებულნი არიან, შეამცირონ ჭარბი პროდუქტები, არადა, სწორედ მათი 90% შეადგენს სასურსათო დახმარებას”, _ ამბობს სასურსათო დახმარების სერვისის ხელმძღვანელი.
საქველმოქმედო ორგანიზაცია ViaDia-ს ხელმძღვანელ კრისტინა ვალკმანის თქმით, “მნიშვნელოვნად მოიმატა იმ დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ორგანიზაციას სასურსათო დახმარებისთვის მიმართავენ. დაბალანაზღაურებად სფეროში მომუშავეების მდგომარეობა კი გაუარესდება”.
ექსპერტთა შეფასებით, წლის განმავლობაში ფინეთში სასურსათო დახმარებას დაახლოებით 200 ათასი ადამიანი მოითხოვს.
კვების მრეწველობის ადგილობრივი ასოციაციის სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შემოდგომაზე პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდება. ეს დაკავშირებულია, როგორც ცუდ მოსავალთან, ისე უკრაინის კონფლიქტთან, რომლის გამოც ფასებმა მოიმატა ნედლეულსა და ენერგომატარებლებზე.
ფინეთში ელექტროენერგია ჯერ კიდევ შარშან გაძვირდა და კვლავ ძვირდება. კონცერნ Vattenfall-ის (მას სკანდინავიაში 4 მლნ კლიენტი ჰყავს) მომხმარებლებს მიმდინარე ზაფხულში კვტ/სთ-ზე 3,6 ევროცენტის ნაცვლად 16,9-ის გადახდა უწევთ. გათბობის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კერძო სახლის მფლობელები შეშას იმარაგებენ.
ძალიან ურტყამს ფინელების ჯიბეს საწვავის გაძვირებაც. ზაფხულის დასაწყისში სუომიში (ფინეთი _ ფინურად) 1 ლ ბენზირი თითქმის 3 ევრო ღირდა.
გაზეთმა Iltalehti-მ გამოიკითხა თავისი მკითხველები, იქონია თუ არა გავლენა მათ გეგმებზე საწვავის გაძვირებამ. “საწვავის ასეთი ფასის გამო, ავტომობილით წასვლა შეიძლება მხოლოდ მაღაზიებში ან ექიმთან. ცხოვრება გაუარესდა. მთავრობას არ უნდა გაუკვირდეს ფინელების მასობრივი დეპრესია”, _ დაიჩივლა მკითხველმა.
გიორგი გაჩეჩილაძე