«საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას ვუსურვებ, რომ სხვა კეთილ საქმეებთან ერთად და პუბლიკაციებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ ხართ ერთ–ერთი მათგანი, ვინც ყველაზე უფრო თანმიმდევრულად აშუქებს ამ საკითხებს.
გიორგი კვესიტაძე,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.
მეამაყება თქვენთან სიახლოვე და თანამშრომლობა
თქვენი გაზეთი იმ დროს დაარსდა, როდესაც მართალ სიტყვას საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. თქვენ შეძელით შეგეკრიფათ უნიჭიერესი პუბლიცისტები, რომელთა დიდი ნაწილი საზოგადოებამ თქვენი გაზეთის მეშვეობით გაიცნო.
სიმართლის მძიმე ჯვარს დღესაც ღირსეულად ატარებთ. მეამაყება თქვენთან სიახლოვე და თანამშრომლობა.
ნაპოლეონ ქარქაშაძე,
აკადემიკოსი
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:
_ თქვენს გაზეთს ყოველთვის ვყიდულობ და ვეცნობი. ვინაიდან, გულწრფელად გეტყვით, «საქართველო და მსოფლიო» არის გაზეთი, რომელიც კარგად იკითხება, რომელშიც ყოველთვის უამრავი ძალიან საინტერესო მასალაა დაბეჭდილი როგორც ისტორიულ, ასევე მიმდინარე მოვლენებზე.
ძალიან მომწონს, რომ თქვენს გაზეთში ბევრი ანალიტიკური მასალაა. ამას გარდა, აქ იბეჭდება 30-40-იანი წლების ისტორია, რომელსაც შესანიშნავად უძღვება არმაზ სანებლიძე. თითოეული ჟურნალისტის ინტერვიუ საინტერესოა და არ არის პრიმიტივიზმით გაჟღენთილი, ეს არის კარგად მოფიქრებული და კარგი ქართულით შესრულებული ნაშრომი.
მინდა ყველა თქვენგანს _ მთავარ რედაქტორს, ჟურნალისტებს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი კარგი გაზეთის გამოშვებისთვის. ეს დიდი საქმეა და გისურვებთ, კვლავაც ამ გზით გევლოთ.
დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი:
_ წარმატებებს გისურვებთ, ვინაიდან მინდა ქვეყანაში წარმატებული მედიასაშუალებები იყოს, რომლებმაც იციან, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეები არიან და, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალაუფლების სამ შტოს _ მსხვილ ფინანსურ-ეკონომიკურ ჯგუფებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას გააკონტოლებენ. მინდა კიდევ უფრო გაძლიერდეთ და იყოთ ის მეოთხე მოთამაშე, რომელიც არის ბალანსი საზოგადოებისთვის ამ სამ, ძალიან ძლიერ ძალაუფლების შტოსთან მიმართებაში.
გილოცავთ იუბილეს!
ქვეყანაში გავრცელებული ყვითელი პრესის და ართუ იშვიათად არაპროფესიული ჟურნალისტიკის ფონზე თქვენი გაზეთი ყოველთვის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, პრობლემების ღრმა ანალიტიკური კვლევით და საინტერესო თანამედროვეებთან გამართული საუბრებით.
საქართველოს დღევანდელი მთავრობა სისტემატურად რომ კითხულობდეს «საქართველო და მსოფლიოს», ეს სასარგებლო იქნებოდა, უპირველესად, მისთვის და უდავოდ _ ქვეყნისთვის.
დიდი პატივისცემით,
ვალერი ჩხეიძე,
გენერალ–ლეიტენანტი
«საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას
ნება მომეცით, მოგილოცოთ გაზეთის იუბილე და გისურვოთ შემდგომი წარმატებები. გაზეთი «საქართველო და მსოფლიო»‘თამამად ითვლება ერთ-ერთ თავისუფალ ინტელექტუალურ გამოცემად. თითქმის დაარსების დროიდან ვთანამშრომლობ გაზეთთან და ჩემი მრავალი წერილი გაქვთ გამოქვეყნებული. მე დღესაც ვრჩები თქვენი გაზეთის ერთგულ მკითხველად და ყოველთვის ინტერესით ველოდები ყოველი კვირის ოთხშაბათს. გთხოვთ, მიულოცოთ ჩემი სახელით თქვენი გაზეთის ყველა თანამშრომელს სახელოვანი იუბილე.
პატივისცემით,
გია მეფარიშვილი,
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
მამა ელიზბარი (დიაკონიძე):
_ ვულოცავ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» 5 წლის იუბილეს. ეს არის შესანიშნავი გაზეთი ინტელექტუალური მკითხველისთვის. ღვთის მადლითა და თქვენი რედაქტორისა და დამფუძნებელთა მეცადინეობით, ეს გაზეთი მალე შეიყვარა მკითხველმა. ამიტომაც არის, რომ სასულიერო პირების უმრავლესობა, მათ შორის მეუფეები (მეუფე იობი, მეუფე სერაფიმე, მეუფე ეფრემი) თქვენს გაზეთს ანიჭებენ უპირატესობას.
ერთი რჩევა მაქვს _ რადგან «საქართველო და მსოფლიო» ინტელექტუალთა გაზეთია, ცუდი არ იქნება თვეში ორჯერ მაინც სასულიერო პირების პედაგოგიური ხასიათის წერილებიც დაიბეჭდოს.
იური ვაზაგაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის _ «გადაარჩინე სიცოცხლე» დამფუძნებელი:
_ იუბილეს გილოცავთ! უღრმესი მადლობა, რომ არსებობთ და მხარში მედექით მთელი ეს წლები! ვისურვებდი, რომ ყველა გაზეთი ისეთი ობიექტური იყოს, როგორიც «საქართველო და მსოფლიოა».
გილოცავთ!
«საქართველო და მსოფლიო» ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო გაზეთია. ხუთი წელი არც დიდი დროა, მაგრამ არც ცოტაა, ყოველ შემთხვევაში, თქვენ თქვენი ნიშა უკვე დაიკავეთ. ადამიანებს თქვენი გაზეთი საშუალებას აძლევს, სიმართლე გაიგონ; თქვენ გაქვთ ზუსტი პოლიტიკური პროგნოზები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. თქვენი გაზეთი ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის მიმართ სხვა ქვეყნების დამოკიდებულებას.
ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, «საქართველო და მსოფლიო» ქართული გაზეთია. თქვენი კოლექტივი ნამდვილად პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, მაღალკვალიფიციურები ხართ და ამას ემატება ისიც, რომ პატრიოტები ხართ _ რასაც აკეთებთ, გწამთ და გჯერათ, რომ ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება. არის გაზეთები, რომლებშიც ტენდენციურად ქვეყნდება ესა თუ ის მოვლენა, თქვენ კი ყოველთვის ობიექტურები ხართ, მრავალმხრივ აშუქებთ მოვლენებს, ღრმად სწავლობთ საკითხს.
მინდა, ყველამ იკითხოს ეს გაზეთი და გაიგოს საქართველოს პერსპექტივების შესახებ, რომელთაც თქვენ ყველაზე უკეთ აშუქებთ. პრესა რასაც უნდა ემსახურებოდეს, თქვენ იმ დავალებას ზუსტად ასრულებთ.
თქვენი გაზეთის სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის სიმართლეს ამბობთ, ამიტომ მინდა ბევრი მკითხველი გყავდეთ.
ავტორებს, რომელთა ჩამოთვლასაც ახლა არ დავიწყებ, უდიდეს პატივს ვცემ, ყველა მათგანი პროფესიონალია და ესეც ერთგვარი წარმატებაა თქვენთვის. ხუთი წელი დიდი გამოცდა იყო, რომელიც წარმატებით ჩააბარეთ, რაც ბევრმა გაზეთმა ვერ შეძლო. დღეს გამომავალ უამრავ გაზეთში ქართული სული არ იგრძნობა, თქვენთან კი ეს მოჭარბებულად არის.
ჯუმბერ პატიაშვილი
«საქართველო და მსოფლიო» კვლავ საზოგადოების აზრს გამოხატავს
«საქართველო და მსოფლიო» საქართველოს ცხოვრებაში ერთ–ერთ უმძიმეს პერიოდში შეიქმნა. ამ გაზეთმა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ნამდვილი მაგალითი აჩვენა. სწორედ «საქართველოსა და მსოფლიოში» იბეჭდებოდა სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი მასალები და ქვეყნდებოდა ინფორმაციები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ. ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მსხვერპლს მოითხოვდა და «საქართველო და მსოფლიომ» ეს მსხვერპლიც გაიღო _ რედაქცია ორჯერ გაძარცვეს და დაარბიეს. მიუხედავად ამისა, ბრძოლა გაგრძელდა და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. რეჟიმზე გამარჯვებაში ამ გაზეთს დიდი წვლილი მიუძღვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ «საქართველო და მსოფლიო» ბევრჯერ დამიდგა გვერდით, როგორც კოლეგას, რასაც უზომოდ ვაფასებ.
გილოცავთ დაარსებიდან 5 წლის იუბილეს. ნიშანდობლივია, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, «საქართველო და მსოფლიო» კვლავ საზოგადოების აზრის გამომხატველ გამოცემად რჩება.
ირმა ინაშვილი,
მედიაკავშირ «ობიექტივის» ხელმძღვანელი
გაუფრთხილდით თქვენს სახესა და სახელს! გაუმკლავდით დროის დაუნდობელ დინებას!
ძვირფასო კოლეგებო!
92 წლის «ნორჩი» გაზეთი «სვობოდნაია გრუზია» გულითადად გილოცავთ პირველ იუბილეს!
ძნელად დასაჯერებელია, რომ უკვე ხუთმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც კლუბ «ქარავანში» მოეწყო გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» პრეზენტაცია.
მართალი გითხრათ, მაშინ ეჭვის თვალით ვუყურებდი ბეჭდური მედიის გადატვირთულ ქართულ ბაზარზე ახალი გაზეთის წარმატებას. დამეთანხმებით, ამ ეჭვის საფუძველი არსებობდა, რადგან ეს იყო საშინელი დრო, როცა ქვეყანა მთლიანად აღმოჩნდა დამოკიდებული პირებზე, რომლებიც სიკეთეს განუდგნენ და გზა გაუხსნეს ბოროტებას. მათზე, ვისაც არ გააჩნდათ ზნეობრივი შეზღუდვები, ვინც პროვოკაცია და ადამიანებზე ზეწოლა პროფესიად გაიხადეს და ამ სფეროში ათასობით «სპეციალისტი» მოამზადეს.
იმ პერიოდში ახალი გამოცემის წარმატება ნამდვილად სათუო იყო.
დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ «საქართველო და მსოფლიომ» თავისი განსაკუთრებულობითა და გამორჩეულობით შეავსო და გაამდიდრა ქართული საინფორმაციო სივრცე, ზუსტად ის ფერი შეჰმატა მას, რომლის გარეშეც დღევანდელი ბეჭდური მედიის საერთო «საოჯახო» სურათი მშვენიერ იერს დაკარგავდა.
ნათქვამია, ყველა გაზეთი თავის რედაქტორს ჰგავსო. მიხარია, რომ უნიჭიერესმა ქართველმა ჟურნალისტმა ირაკლი თოდუამ შემოიკრიბა მაღალი კლასის პროფესიონალები და შექმნა სრულყოფილი გუნდი, რომელმაც გამორჩეული როლი შეასრულა იმ პროცესში, დროის ჯალათების წინააღმდეგ სამოქმედოდ რომ განაწყო ჩვენი საზოგადოება.
ამ გაზეთში მოღვაწეობენ სხვადასხვა თაობის ნიჭიერი, ერუდირებული ჟურნალისტები. მათ მიერ მომზადებულ მასალებს მუდამ ახასიათებს თემის სიღრმისეული ცოდნა და არასოდეს ეტყობა ზერელობის კვალი.
მეამაყება, რომ ღმერთმა მარგუნა ზოგ მათგანთან მუშაობის ბედნიერება. მომსწრე ვარ ჩემი მეგობრის _ ბონდო მძინარაშვილის ჟურნალისტიკაში გადადგმული ენერგიული და ვაჟკაცური პირველი ნაბიჯების, ხოლო ბატონი არმაზ სანებლიძე იყო ჩემი, როგორც სპორტული კომენტატორის, პირველი კურატორი. ბატონ არმაზს ჩემი თაობის ახალგაზრდები დღესაც ავტორიტეტად მივიჩნევთ.
ამით ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ გახლავართ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რიგითი გულშემატკივარი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველ იუბილეს! გისურვებთ უამრავ მკითხველს, ბევრ რეკლამას და თქვენი შრომის დაფასებას!
გაუფრთხილდით თქვენს სახესა და სახელს! გაუმკლავდით დროის დაუნდობელ დინებას!
ტატო ლასხიშვილი,
გაზეთ «სვობოდნაია გრუზიას» მთავარი რედაქტორი
სამართლიანობისთვის მებრძოლნო ქართველნო პატრიოტნო ანუ ჟურნალისტებო, გილოცავთ მეხუთე წლის გამარჯვების დგეს!