ხელისუფლება კანონებს ქმნის პრეზერვატივებზე, გზაზე ძროხების გადაადგილებასა და სხვა ათასნაირ საკითხზე, მაგრამ დღემდე ვერ მოილაპარაკეს, რა ქნან, როდესაც გაირკვევა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციას უსმენდნენ, როგორ მოიქცეს ადამიანი, რომელმაც თავის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა იპოვა, თანაც, თუ ზუსტად იცის, რომ ეს აპარატი «ნაცების» მმართველობის პერიოდში არ იყო და სულ რამდენიმე კვირაა, რაც ჩაუმონტაჟეს? მოკლედ, იმედი, რომ ახალი ხელისუფლება მაინც აღარ უსმენს ჩვენს სატელეფონო საუბრებს და ტელეფონის გათიშვა-გადამალვა საჭირო აღარ არის, ზუგდიდში, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ოფისში ნაპოვნმა მოსასმენმა აპარატურამ დაასამარა.
ზურაბ კვარაცხელია, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ოფისი ხელმძღვანელი:
_ რამდენიმე დღის წინათ ჩვენს ოფისში, ჩემს სამუშაო ოთახში, მოსასმენი აპარატურა ვიპოვეთ. მაგიდასთან ახლოს შტეფსელია, შევამჩნიე, რომ აღარ მუშაობდა და გადავწყვიტე, შემეკეთებინა. დავშალე და ვნახე, რომ შიგნით რაღაც მოწყობილობა იდო, გამოვწიე და… მოსასმენი აპარატურა შემრჩა ხელთ.
სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, როდინდელია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ძველი დაყენებული არ უნდა იყოს, რადგან ეს შტეფსელი ახალი წლის წინ გამოვაცვლევინე ხელოსნებს. მაშინ არაფერი შეუმჩნევიათ და, დიდი ალბათობით, ახალი ჩამონტაჟებულია.
_ ახალი მთავრობა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების წინააღმდეგია. რატომ ფიქრობთ, რომ ახალი დამონტაჟებულია?
_ დავუშვათ, ჩემი ეჭვი მცდარია და ეს მოსასმენი აპარატურა ძველი მთავრობის მიერ არის დაყენებული, ის მაინც ხომ ფაქტია, რომ ახალი მთავრობა გვისმენდა? აპარატი გაფუჭებული არ არის და ვიღაც აუცილებლად გვისმენდა. ვიღაც ხომ უნდა მოსულიყო და, თუ არ მოხსნიდნენ, უნდა გავეფრთხილებინეთ მაინც… როგორც თქვენ ამბობთ, ისინი «კარგი ბიჭები» არიან და მოსმენებსაც კრძალავენ, მაგრამ ჩვენ რომ გვისმენდნენ, ეს ხომ ფაქტია?
მომკალით და არ მჯერა, რომ ძველი მთავრობის მიერაა დამონტაჟებული, მათი ხელწერა არ ეტყობა. ძველი და ახალი მთავრობაო, ისე ვამბობთ, თითქოს რამე შეიცვალა, ესენი ხომ ერთად არიან და წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ერთმანეთს?! არ მგონია, რომ «ნაცებმა» და «ქოცებმა» ერთმანეთის ტყავი დახიონ.
_ ვინმეს თუ მიმართეთ ან საქმის გამოძიება თუ მოითხოვეთ?
_ როდესაც მოსასმენი აპარატურა შევამჩნიეთ და ამოვიღეთ, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს შევატყობინეთ. ველოდით რეაგირებას, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია. ახლა განცხადება პროკურატურაშიც შევიტანეთ და სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისშიც.
_ პროკურატურაში რა რეაქცია ჰქონდათ?
_ არ შევსულვარ. აქ პროკურატურას ასე ადვილად ვერ მიუახლოვდები, დიდი ალაყაფის კარი აქვს. განცხადება გამოგვართვეს და რეგისტრაციის ნომერი მოგვაწოდეს, უფრო ზუსტად, გამოგვიგზავნეს.
ზუგდიდში მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ უფლებადამცველებს _ გელა ნიკოლეიშვილს, ირმა ჭკადუასა და ბაგრატ ქირიას, აგრეთვე, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროს ლევან ქარდავას.
გელა ნიკოლეიშვილი:
_ ისეთი რამის გაკეთება, რაც ზუგდიდში მოხდა, მხოლოდ სამართალდამცავებს შეუძლიათ, მათთვისაა ხელმისაწვდომი. ერთი თვის წინ გამოუცვლიათ შტეფსელი და მაშინ მოსასმენი აპარატურა არ ყოფილა, ამიტომ ეს აპარატურა ძველი ჩამონტაჟებული არ არის. გამოსაძიებელია, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ორგანიზაციასთან.
_ რას ითვალისწინებს კანონი მოსმენებზე?
_ კანონი უფლებას არავის აძლევს, რომ მოსამართლის ნებართვის გარეშე მოსმენა განხორციელდეს. ამ შემთხვევაში დასაზუსტებელია, იყო თუ არა ამ ორგანიზაციის მოსმენაზე ნებართვა და აუცილებლად უნდა დასახელდეს მიზეზი, მაგრამ, თუ ასეთი რამ არ არსებობს, ყველა შემთხვევაში, მოსმენა უკანონოა და პროკურატურაში უნდა იჩივლონ.
უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია «ჰუმან რაითს ვოთჩმა» თავის ბოლო მოხსენებაში ერთ–ერთ შენიშვნად დაასახელა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატურა, რომლის საშუალებითაც ერთდროულად 25 ათასი აბონენტის მოსმენა შეიძლება, არ გაუნადგურებია და, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენები კვლავაც გრძელდება.
ეჭვი, რომ მოსმენები გრძელდება, არსებობს და ეს ახალი არ არის.
ირმა ჭკადუა:
_ რამდენიმე დღის წინათ მოსმენების შესახებ განცხადება გავაკეთე. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლება ჩემს ტელეფონს უსმენს. დიდი ალბათობით, ეს პროცესი კვლავ გრძელდება _ კატასტროფულად ბევრი ნომერი ისმინება. პროკურატურიდან სასამართლოში შედის მოთხოვნა ამა თუ იმ საქმეში ეჭვმიტანილი პირების მოსმენაზე, თითო საქმეში კი 200 ნომერი მაინც არის, წარმოიდგინეთ, რამდენი სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს ყველაფერი გადაამრავლეთ, კატასტროფულ რიცხვამდე ავალთ. თანაც, მოსმენების კანონიერება საეჭვოა. მოსმენის ბრძანება ყოველგვარი მოკვლევის გარეშე გაიცემა, არ იძიებენ, ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, რა კავშირშია ამა თუ იმ საქმესთან, რაც ნამდვილად კატასტროფაა. წინა ხელისუფლებას ნებართვა არ სჭირდებოდა, ისე უსმენდა ყველას, მაგრამ დღეს ამას უკვე კანონიერი სახე მიეცა. სასამართლოები კი ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ!
თქვენ სწორად იქცევით, რომ ხმაური ატეხეთ, რადგან ყოველ ასეთ ფაქტს გაგანგაშის ზარი უნდა მოჰყვეს. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ოფისია და იქ რას საქმიანობენ, საზოგადოებამ ასეთი ფაქტები უნდა გაასაჯაროოს.
საზოგადოება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ელოდება, რომ ვითარება გამოსწორდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიჩუმე დიდი დანაშაულია. «ნაცებიც», როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაშინვე არ გაგიჟებულან, ტოტალური მოსმენები არ დაუწყიათ და არ აუპატიურებდნენ, მაგრამ წლების შემდეგ საშინელი ფაქტების წინაშე აღმოვჩნდით.
ნუ დაველოდებით, რომ მაინდამაინც პირადად შეგვეხოს რამე, ყველა წვრილმანზეც კი უნდა ვიაქტიუროთ, განსაკუთრებით, მოსმენის ფაქტზე, რადგან აქედან იწყება ყველაფერი ცუდი.
თუ მთავრობას ერთი–ორი ასეთი ფაქტი შერჩა, ჩათვალეთ, რომ ეს გაგრძელდება.
მთავრობას ხიბლში ჩავარდნისა და გარყვნის საშუალება არ უნდა მივცეთ, ისინი ხომ ჩვენ მოვიყვანეთ. მათ უკვე შეძლეს ხალხის იგნორირება, რადგან დამნაშავეებს თანამდებობებზე ნიშნავენ, რაც ძალიან ცუდი ფაქტია.
ბაგრატ ქირია, სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი:
_ ბატონო ბაგრატ, რა ზომების გატარებას აპირებთ სახალხო მოძრაობა «სამეგრელოში» ნაპოვნი მოსასმენი აპარატურის თაობაზე?
_ ჩვენ მივიღეთ განცხადება ამის თაობაზე და ახლა თბილისის ოფისმა უნდა გაარკვიოს.
_ თქვენ ზუგდიდში ხართ და თბილისის ოფისი, ალბათ, თქვენგან შეეცდება ინფორმაციის მიღებას.
_ ვერაფერს გეტყვით, ალბათ, პრესსამსახური გაგცემთ პასუხს.
მიხეილ მინდაძე, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი:
_ ზუგდიდში სახალხო მოძრაობა «სამეგრელოსთან» დაკავშირებით მომხდარი ფაქტით შეშფოთებულები ვართ. ამ ეტაპზე ვაპირებთ, ყურადღებით შევამოწმოთ მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ადგილი. როგორც ვიცით, საგამოძიებო ორგანოები უკვე საქმის კურსში არიან და ძიებაც დაწყებულია. ჩვენ ძიების პროცესს თვალს აუცილებლად მივადევნებთ.
ლევან ქარდავა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი:
_ ბატონო ლევან, ზუგდიდიში, ერთ–ერთი ორგანიზაციის ოფისში მოსასმენი აპარატურა იპოვეს…
_ რას ამბობთ? ამის თაობაზე განცხადება არ შემოსულა.
_ პროკურატურაში შეიტანეს.
_ ჯერ არ გამიგია, მაგრამ ორგანიზაციის მისამართს თუ მეტყვით, ახლავე პირადად მივალ და ვნახავ. ყველაფერს ბოლომდე გავარკვევ, პირობას გაძლევთ, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება!
ჩვენი საუბრიდან რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა თვითონ დაგვირეკა და ორგანიზაცია «სამეგრელოს» თანამშრომლების კოორდინატები გვთხოვა. სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ოფისი ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია სამმართველოში დაიბარეს და ჩვენება ჩამოართვეს. მოსასმენი აპარატურა, როგორც ნივთმტკიცება, უკვე სამართალდამცავებთან არის და მიმდინარეობს ოფისის ტერიტორიის დათვალიერება.
ეკა ნასყიდაშვილი
ქალბატონო ეკა,როგორ გავიგოთ,პროკურატურა ნაცებისაა და პოლიცია ქოცების?