რუსეთის ფედერაციის პრესმდივანმა ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის მოლაპარაკებების თემებზე ილაპარაკა. რუსეთისა და აშშ–ის სახელმწიფო მეთაურების ონლაინშეხვედრა წლის ბოლომდე გაიმართება.
“ერთ–ერთი თემა უკრაინა იქნება, აგრეთვე, ნატოს შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები ჩვენს საზღვრებთან, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს, და მთავარი _ იწვევს ადეკვატური ზომების მიღების აუცილებლობას. მაგრამ ამ ზომების მიღებისას ჩვენ ვიმოქმედებთ საკუთარი ტერიტორიიდან”, _ განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა რუსული ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში.
პესკოვმა დააზუსტა, რომ შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის, მაგრამ კონტაქტი ახალ წლამდე მოხდება, თუმცა “შეიძლება, გვიანაც”. მისი თქმით, მოსკოვი უპირატესობას ანიჭებს ვიდეოფორმატს, მაგრამ ამ საკითხს თვითონ სახელმწიფო მეთაურები გადაწყვეტენ.
როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას, ამა წლის ივლისში ბაიდენთან ჟენევაში გამართულმა შეხვედრამ “დიალოგისა და ურთიერთობის თანმიმდევრულად გაწონასწორების შესაძლებლობები წარმოაჩინა”.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ პატრუშევის, და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის, შეხვედრაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეს შეხვედრა გაიმართა უმაღლეს დონეზე კონტაქტის მოსამზადებლად. “ეს იყო უმაღლეს დონეზე მოსალოდნელი კონტაქტის მოსამზადებელი შეხვედრა. პატრუშევმა და სალივანმა იმსჯელეს სტრატეგიულ სტაბილურობასა და კიბერუსაფრთხოებაზე, აგრეთვე, უკრაინის თემასა და მიგრაციულ კრიზისზე ევროკავშირის საზღვრებთან”, _ განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
Ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა