ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ წერილი მისწერა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს ბელარუს–პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ვითარებისა და იმის შესახებ, რა ღონისძიებებს ახორციელებს ბელარუსის ხელისუფლება მიგრაციული კრიზისის მოსაგვარებლად. გუტერეშს წერილი გადასცა გაეროში ბელარუსის მუდმივმა წარმომადგენელმა ვალენტინ რიბაკოვმა.
წერილში აღნიშნულია, რომ ბელარუსი მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანაა. მიგრაციული კრიზისის შექმნის ნამდვილი მიზეზი კი დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის დანგრევაა, აგრეთვე, ის, რომ დასავლეთი ამ ქვეყნებს თავს ახვევს თავის ხედვას “დემოკრატიასა” და “ადამიანის უფლებებზე”.
ვალენტინ რიბაკოვმა ანტონიუ გუტერეშთან საუბრისას აღნიშნა, რომ მინსკი უზრუნველყოფს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დაშვებას მიგრანტებთან, ამიტომ “ნებისმიერი ბრალდება ბელარუსის მიმართ, რომლებიც ახლა ისმის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, აშკარა ტყუილია”.
გაეროს გენმდივანთან შეხვედრის შემდეგ რიბაკოვი ჟურნალისტებს შეხვდა და განუცხადა: “ანტონიო გუტერეში დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ბელარუსი არ არის ევროპაში შეღწევის მსურველი ლტოლვილების ნაკადის შექმნის არც წყარო და არც მიზეზი”.
რიბაკოვის თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიგრანტები არ აპირებენ ბელარუსში, ლიტვაში ან პოლონეთში დარჩენას და ეს ქვეყნები მათთვის მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ. მიგრანტების მიზანი გერმანიაში გადასვლაა.
fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა