24 მაისს კრასნოიარსკში 87 წლისა გარდაიცვალა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ჭიდაობის პირველი სკოლის დამაარსებელი, სსრკ–ის, რუსეთისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი დიმიტრი მინდიაშვილი.
დიმიტრი მინდიაშვილი 1933 წლის 4 ივნისს დაიბადა თბილისში. 1950-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში. 1972-დან 2008 წლის ჩათვლით მონაწილეობდა ყველა ოლიმპიადაში (1984 წლის ოლიმპიადის გარდა, რომელსაც საბჭოთა ნაკრებმა ბოიკოტი გამოუცხადა).
დიმიტრი მინდიაშვილმა გაზარდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბუვაისარ საიტიევი, ოლიმპიური ჩემპიონები _ ივანე იარიგანი და საგიდ მურთაზალიევი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონები _ ვიქტორ ალექსეევი და ვიქტორ ლებედევი. 2008 წელს მის მიერ დაარსებული ჭიდაობის სკოლა აკადემიად გადაკეთდა და მას მინდიაშვილის სახელი მიენიჭა.
tass.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ