Home რუბრიკები პოლიტიკა კობა ოთანაძე: ეს იყო ლიკვიდაცია, სპეცრაზმის მხრიდან აყვანის მცდელობაც არ ყოფილა

კობა ოთანაძე: ეს იყო ლიკვიდაცია, სპეცრაზმის მხრიდან აყვანის მცდელობაც არ ყოფილა

1145

 მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებული კობა ოთანაძე, რომელსაც 30-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ერთი კვირაა, რაც გათავისუფლდა. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული თადარიგის პოლკოვნიკი კობა ოთანაძე აცახადებს, რომ სააკაშვილმა მისგან მტრის ხატი შექმნა და მოაწყო მოდელირებული ამბოხის ინსცენირება.

_ ღამით ციხეში შემოდიოდა პროკურორი გრიგალაშვილი და გვეუბნებოდა, გვეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაგვიდენია. გვეუბნებოდნენ: თუ აღიარებთ «ამბოხს», მაშინ ცოტა სასჯელს მოგცემთო, თუ არ აღიარებთ, ციხეში ამოგხდით სულსო. ვინც აღიარეს, მათ 4 ან 5 წელი მიუსაჯეს, ხოლო მე _ 29 წელი (თუ ვაღიარებდი, 10 წელს მომისჯიდნენ).

_ ბატონო კობა, თქვენ დაპატიმრებული იყავით სახელმწიფო ამბოხისა და გადატრიალების ბრალდებით, რა მოხდა რეალურად მუხროვანის ბატალიონში?

_ არც არაფერი. მაშინ არეულობა იყო მთელ საქართველოში, კარვების ქალაქად იყო ქცეული თბილისი, მე არაფერში არ ვმონაწილეობდი, მაგრამ დაიდგა სპექტაკლი ისე, როგორც დაიდგა. ეს პროვოკაცია, ანუ ე. წ. მუხროვანის ამბოხი წინასწარ იყო დაგეგმილი… მაშინდელ ხელისუფლებას სურდა შეიარაღებული ძალების ჩართვა მიტინგების დარბევაში, როგორც 2007 წელს გამოიყვანა მიშამ ჯარი ხალხის წინააღმდეგ, ისე უნდოდა 2009 წლის მაისშიც. ამ დროს ცხონებული გია კრიალაშვილი ახალი ჩამოსული იყო უკრაინიდან და მასთან ავედი სანახავად. ამ დროს ლევან ამირიძემ გამოგვიარა მე და გიას, გვითხრა, რომ აპირებდა გორგიაშვილთან ერთად განცხადების გაკეთებას _ მათ სურდათ, უკმაყოფილება გამოეთქვათ იმდრონდელი ხელისუფლების მიმართ. პროტესტის გამოთქმის შემდეგ კი აპირებდნენ თანამდებობიდან გადადგომას. ჩვენ ვუთხარით, ისეთი რამ არ მოხდეს, ვიღაცამ რამე არ დაგვაბრალოს-თქო, რადგან ამის რეალური საშიშროება არსებობდა…

_ ანუ რაღაც წინაპირობა იმისა, რომ ამირიძისთვის რაღაც დაებრალებინათ, არსებობდა?

_ არსებობდა, იქიდან გამომდინარე, რომ ამირიძის შტაბის უფროსი და თანამშრომელი აიყვანეს და არსებობდა ინფორმაცია, რომ მასაც დააკავებდნენ.

მე და გიამ ლევან ამირიძე ავიყვანეთ მუხროვანში, ყოველივე ეს ცნობილი გახდა ხელისუფლების ზედა ეშელონებისთვის და მოაწყვეს ის, რაც მოაწყეს.

_ კონკრეტულად რეინჯერების ბატალიონს თუ ჰქონდა მიტინგის დარბევის ბრძანება?

_ ალბათ, გახსოვთ, როდესაც ხალხს უნდოდა გომბორის გადაკეტვა, რეინჯერების ბატალიონმა მიიღო სიტყვიერი ბრძანება მათ დასარბევად. გარდა ამისა, უნდოდა აღლუმის ჩატარება, ხომ იცით, მიშას რომ უყვარს აღლუმები! წინა წელს, აგვისტოს ომში რეინჯერების ბატალიონმა 26 ჯარისკაცი დაკარგა, ბევრმა ოჯახი და სახლი დაკარგა… ამიტომაც მათ არ სურდათ ამ აღლუმში მონაწილეობა…

_ ამის შემდეგ რა მოხდა?

_ ხელისუფლებამ ჩვენი ლიკვიდაციის სიტყვიერი ბრძანება გასცა. ჩვენ ეს ვიცოდით და ამიტომაც ვაპირებდით ქვეყნის დატოვებას, არც ვიცოდით, სად წავსულიყავით, ოღონდაც გავცლოდით კი საქართველოს. ამ დროს თითქმის ყველა ჩვენი ნათესავი დააპატიმრეს _ ჩემი ძმა დაიჭირეს, მას ხელი მოსტეხეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით ჩასვეს ციხეში, აიყვანეს ასევე ჩემი დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ჩვილბავშვიანი ქალი… ჩემი თითქმის ყველა ნათესავი აიყვანეს.

_ სპეცნაზისთვის როგორ გახდა ცნობილი, რომ თქვენ ქვეყნიდან გადიოდით?

_ ტელეფონის საშუალებით რამდენიმე მესიჯი მოგვივიდა, რომ მოვიდოდა ჩვენ მიერ დაბარებული მძღოლი და მანქანით გაგვიყვანდა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მესიჯებით ადგილმდებარეობა გაიშიფრა. ველოდებოდით მანქანას, რომელიც გაგვიყვანდა. ჩვენ ვიმყოფებოდით გლდანში მამკოდის ტყეში, მოვიდა მიკროავტობუსი, დღემდე არ ვიცი, ვინ იყო მძღოლი, ალბათ, სასამართლო დაადგენს. მიკროავტობუსში უკან ტომრები ეყარა, მძღოლმა გვითხრა, ამ ტომრებით კარტოფილს და ნიორს ვეზიდები ბაზარშიო, თურმე ეს ტომრები კუდის სამ თანამშრომელს ეყარა თავზე, მარშრუტკის დაქოქვის შემდეგ ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ საპატრულო მანქანამ გზა გადაგვიკეტა, ფაქტობრივად, გათვლილი იყო ყველაფერი და კუდის თანამშრომლებმაც ამოყვეს თავი და იქვე, მიკროავტობუსში, ჩაგვცხრილეს სამივე… გია კრიალაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მე ცხრა ტყვია მომხვდა და მძიმედ ვიყავი დაჭრილი, ამირიძეს კი 7 ტყვია მოხვდა.. ეს იყო ლიკვიდაცია, სპეცრაზმის მხრიდან აყვანის მცდელობაც არ ყოფილა.

_ თუ გახსოვთ, ამის შემდეგ რა მოხდა?

_ ჯერ აპირებდნენ ჩემს მორგში წაყვანას, შემდეგ რომ გავინძერი და ცოცხალი აღმოვჩნდი, გადმომაგდეს მარშრუტკიდან და ხელები და ფეხები დამიცხრილეს ხელახლა.

_ რომ არ გაქცეულიყავით?

_ გაქცევა სად შემეძლო, ფეხზე ვერ ვდგებოდი. მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ვეღარ გაბედეს, რადგან ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა, ადგილობრივი მოსახლეობა. მძიმედ დაჭრილები წაგვიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში, სადაც გაგვიკეთეს ოპერაცია, მადლობა მინდა გადავუხადო ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმებს, ალბათ, ციხის საავადმყოფოში ვერ გადავრჩებოდით.

_ სპეცოპერაციას თუ ესწრებოდა რომელიმე მაღალჩინოსანი, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი?

_ ჩემს ჩაცხრილვას ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და გივი თარგამაძე, საავადმყოფოში, დავინახე, ბოკერიაც მოვიდა.

_ რა მოხდა საავადმყოფოში? გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ აღიარებითი ჩვენებისთვის ხელის მოწერას გთხოვდნენ.

_ საავადმყოფოში ჯერ გონზე არ ვიყავი, მერე «რეზბალნიცაზე» მომიტანეს ფურცელი, სხვადასხვა ზომის ასოებით დაბეჭდილი: დიდი, პატარა, საშუალო, წამიკითხეს და მთხოვდნენ აღიარებას.

_ რის აღიარებას?

_ რომ ვაპირებდით სახელმწიფო გადატრიალებას და ამბოხის მოწყობას. უნდოდათ ამის ტელევიზიით ჩვენება.

_ ანუ ზეწოლა თქვენზე საავადმყოფოშივე განხორციელდა?

_ კი, იყო მუქარა: თუ არ მოაწერ ხელს, ხალხმა იცის, რომ მძიმედ ხარ დაჭრილი და სიკვდილს გაგიჩალიჩებთო.

_ მერე ვერ გაბედეს?

_ ყველაფერიც გაბედეს, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა. უბრალოდ, ჩემი გადარჩენის შანსი იყო მინიმალური, ამიტომ გაჩერდნენ, მაინც მოკვდებაო, მაგრამ გადავრჩი… ღამით შემოდიოდა პროკურორი გრიგალაშვილი და ითხოვდა, გვეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაგვიდენია. იყო სხვადასხვაგვარი ზეწოლა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკურიც.

_ თქვენს სასამართლოზე საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყავით, რომ გადატრიალებისთვის რუსეთმა დაგაფინანსათ და რომ ეს თანხა თვითმფრინავით უნდა ჩამოეტანათ?

_ ეს არის ზღაპარი, რომ თვითმფრინავი გადმოფრინდებოდა და ფულს ჩამოგვიტანდა. საბანკო გადარიცხვები რისთვის არსებობს? ეს რომ აბსურდი და სასამართლოზე დადგმული სპექტაკლი იყო, ყველა მიხვდა. ღვალაძემ ასეთ ზღაპრებს რომ მოაწერა ხელი, იმიტომაც მიუსაჯეს მას ორი წელი და მერე შეწყალებით გაათავისუფლეს. გია ღვალაძეს 4 კუდის თანამშრომელი ჩაუნერგეს და მათ ათქმევინეს, თითქოს ღვალაძე როგორ მელაპარაკა ამბოხებაზე. ღვალაძე ჩემთან მხოლოდ სატელეფონო მოკითხვის დონეზე საუბრობდა, არავითარი სატელეფონო ჩანაწერი და რაიმე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება მათ არ ჰქონდათ. იარაღი საერთოდ არ მქონია. რომც მქონოდა, 3 კაცი ვიყავით ამბოხებაში ბრალდებული და შეიძლებოდა 3 კაცს მოეწყო ამბოხება? ვიღაცის კაბინეტში ამოიღეს მათ მიერვე ჩადებული იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. ვისთვის უნდა მესროლა იარაღი ან რად მინდოდა?

_ საქართველოდან რომ გადიოდით, არც მაშინ გქონიათ იარაღი?

_ არა, უიარაღო ვიყავით. რად გვინდოდა იარაღი ან ვისთვის უნდა გვესროლა?

_ რატომ სანდო ადამიანები არ მონახეთ, რომ ქვეყნიდან გასულიყავით?

_ ალბათ, გადაღლილები ვიყავით, ორი კვირა ტყეში გავატარეთ, არ ველოდით, რომ ესენი ასე გაგვიმეტებდნენ.

_ იყო თუ არა შეწყალებაზე საუბარი? პრეზიდენტმა ერთერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ მან შეწყალება შემოგთავაზათ, თქვენ კი უარი განაცხადეთ და უთხარით, რომ მოვა ბიძინა და გამათავისუფლებსო

_ შეწყალებაზე იყო საუბარი, მაგრამ უარი ვუთხარი, ამათი შეწყალება რად მინდოდა! მეგობარი მომიკლეს და ასეთ დღეში ჩამაგდეს, გია კრიაშვილი სულ უდანაშაულოდ შეიწირეს.. მიშა ბევრ რამეში ტყუის. მჯეროდა, მოვიდოდა დრო და ეს ტირანი ხელისუფლება წავიდოდა.. მე კი ვიცოდი, რომ ღმერთის წყალობით გავთავისუფლდებოდი, მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომ მიშა და ის ბოროტი ხელისუფლება მოაშორა ქვეყანას, ეგ რომ არა, კიდევ კარგახანს ვიჯდებოდი ციხეში. ბიძინა ივანიშვილმა სხვა არაფერიც რომ არ გააკეთოს, ესეც ეყოფა დამსახურებისთვის.

_ სასამართლო პროცესების დროს იყენებდით დუმილის უფლებას, რატომ?

_ რა აზრი ჰქონდა ლაპარაკს? გინდ მელაპარაკა და გინდ არა, მაინც 30 წელი უნდა მოესაჯათ. ყველაფერი დაგეგმილი იყო. სასამართლო იყო ფარსი და სპექტაკლი. უბრალოდ, ერთ დღეში ხომ არ დაამთავრებდნენ სასამართლო პროცესს და ამიტომ გრძელდებოდა.

_ თქვენი აზრით, რისთვის სჭირდებოდა მუხროვანის . . ამბოხის ინსცენირება სააკაშვილის ხელისუფლებას?

_ პირველ რიგში, ჯარის დასაშინებლად. იმ პერიოდში 200 ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, ისინი, ვინც, მათი აზრით, არალოიალური იყო. ფაქტობრივად, ყველა მათდამი არალოიალური კადრი ჯარიდან დაითხოვეს. სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევდა ამბოხის ინსცენირება, ხალხმა კი არ დაიჯერა, მაგრამ ესენი ხომ მოდელირებულად აკეთებდნენ ყველაფერს! მოდელირებული ამბოხი, მოდელირებული ქრონიკა და ა. შ. მთელი 9 წელი მოდელირებულად აცხოვრა სააკაშვილმა ქართველი ერი.

_ თუ შეგიძლიათ გვითხრათ ცოტა რამ საპატიმროში ყოფნის შესახებ?

_ მე დახურულ დაწესებულებაში ვიხდიდი სასჯელს, იმიტომ, რომ ხელისუფლება საშიშ დამნაშავედ მთვლიდა. ჩვენთან ერთად სასჯელს იხდიდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანებიც, რომლებიც პოლიტპატიმრებად არ არიან აღიარებულნი. ძალიან ბევრი უკანონო პატიმარია დახურულ ზონაში, 1500-მდე პატიმრიდან 80 პროცენტი დაუმსახურებლად იხდის სასჯელს. თან პატიმრების უმრავლესობას სასჯელი გაორმაგებული აქვს.

_ რა მიზეზით?

_ სასჯელს უორმაგებენ მაშინ, როცა ფული არ მიაქვთ, მიდგომა იყო ისეთი, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეჭირათ. სააკაშვილის ხელისუფლება მოსვლის დღიდან კრიმინალური იყო, ის ამბოხის გზით მოვიდა ხელისუფლებაში. კორუფცია არ იყო ის, რომ ამდენ ადამიანს წაართვეს ფული? ჯერ დაიჭერდნენ, ფულს წაართმევდნენ და გამოუშვებდნენ, ოჯახი არ არსებობს, რომ პატიმარი არ ჰყავდეს, ალბათ 37-ში არ იყო ასე, რაც სააკაშვილმა გააკეთა. საქართველოდან მილიონ-ნახევარი კაცია გაქცეული, მან შექმნა ისეთი ტერორი ქვეყანაში, როგორიც არც ერთ დამპყრობელს არ განუხორციელებია _ არც ჯალალ-ედინს და არც მურვან-ყრუს.

_ რას იტყვით გია კრიალაშვილზე?

_ ვფიქრობ, გამოვლინდებიან მისი მკვლელები და დაისჯებიან, ჩვენ წინააღმდეგ სპეოცოპერაციას ასეულობით ადამიანი ესწრებოდა და ყველაფერი გაირკვევა, ვიღაცა ხომ იტყვის სიმართლეს?!..

ესაუბრა ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here