მსჯავრდებულები განაჩენს გალობით შეხვდნენ, ბრალი არ აღიარეს და, უკვე მესამე წელია, მოთმინებით იხდიან სასჯელს. ახლა, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების იმედიც გაჩნდა. «ჰელსინკის კავშირის» პოლიტპატიმართა სიაში ტელეკომპანია «კავკასიის» ინციდენტის დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით დაპატიმრებული რვა ბიჭიც მოხვდა. მათი გათავისუფლება, საქართველოს საპატრიარქოსა თუ სხვა საერო პირთა შუამდგომლობის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა. თუ რა ელოდება დაპატიმრებულ ბიჭებს, «საქართველო და მსოფლიოს» წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი მამა დავითი (ისაკაძე) ესაუბრება.
_ მამაო, თქვენ ესწრებოდით ტელეკომპანია «კავკასიის» ინციდენტის დროს დაკავებული ბიჭების სასამართლო პროცესებს. მეტიც, თავად ხართ მოვლენების თვითმხილველი და ინციდენტის ადგილზეც იმყოფებოდით. თუ აპირებთ, ბიჭების გათავისუფლების თხოვნით ახალ ხელისუფლებას მიმართოთ?
_ უპირველეს ყოვლისა, მივესალმები თქვენი სოლიდური და პოპულარული გაზეთის მკითხველებს. რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლებამ უპრეცედენტო ფაქტი ჩაიდინა _ ადამიანები რწმენის გამო დააპატიმრა. ეს ბიჭები მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ისინი ღმერთის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გმობას აპროტესტებდნენ. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დაახლოებით 12-საათიანი ფირი წარმოადგინა, მასზე ამ ბიჭების გინებაც კი არ არის დაფიქსირებული, არათუ დანაშაული. თავად ტელეკომპანია «კავკასიის» ხელმძღვანელებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ უდანაშაულოები არიან ბიჭები და არც ჟურნალისტურ საქმიანობაში შეუშლიათ ხელიო, მაგრამ სასამართლომ არც ეს გარემოება გაითვალისწინა. ამიტომ, თუ ჩვენ ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ქვეყანამ ეს სამარცხვინო ლაქა უნდა მოიშოროს, რელიგიური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბიჭების დაპატიმრებაში დიდი წვლილი მიუძღვის «ტოლერანტობის ცენტრის» ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს, და ჟურნალ «ტაბულას» რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს. სწორედ მის კაბინეტში იგეგმებოდა ერთ-ერთი საჩივარი. ეს ყველაფერი ერთ-ერთმა მოწმემ თავად აღიარა, თუ როგორ შეიკრიბნენ ჩერგოლეიშვილის კაბინეტში და როგორ დაავალა მას ბექა მინდიაშვილმა, წასულიყო საჩივრით პოლიციაში…
_ როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ყოფილიყო მათი მიზანი ამ ბიჭების დაპატიმრება?
_ მიზეზი, ორი იდეოლოგიის, სარწმუნეობისა და ათეიზმის, დაპირისპირებაა. ვინაიდან, ქრისტიანობის სწავლების მიხედვით, უნდა «გიყვარდეს მტერი შენი», ვცდილობთ, ბექა მინდიაშვილიც, თამარ ჩერგოლეიშვილიცა და მიხეილ სააკაშვილიც პიროვნულად გვიყვარდეს, მაგრამ მათი იდეოლოგია ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება და მათ ყოველთვის ვამხელთ. მაგრამ ნუთუ მხილებისთვის უნდა დაგვიჭირონ? სწორედ ასე იქცეოდნენ წარმართები და შემდეგ ბოლშევიკები. გამოდის, რომ ეს ადამიანები ნეობოლშევიზმის თანამედროვე ადეპტები და მათი იდეოლოგიის გამაგრძელებლები არიან.
სხვათა შორის, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ «ქართული ოცნების» ერთ-ერთი ლიდერი, ქალბატონი მანანა კობახიძე დაპატიმრებულთაგან 4 ბიჭის უფლებებს იცავდა და, ბუნებრივია, მან შესანიშნავად იცის, რომ ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან.
_ თუმცა დაჭერილი რვა ბიჭიდან ზოგიერთი «სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის», ზოგიერთი კი «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის» წევრია. «ქართულ ოცნებაში» გაერთიანებული ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი კი, მაგალითად, რესპუბლიკელები, მმკ–ს ხშირად აკრიტიკებდნენ და ძალადობაშიც ადანაშაულებდნენ…
_ ჩვენთან ხომ სასამართლო ზემოქმედებისგან თავისუფალი უნდა იყოს? სასამართლომ კი მათ ბრალი ვერ დაუმტკიცა. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელი იქნება თუ «თავისუფლების ინსტიტუტის» წარმომადგენელი, ყველა ვალდებულია, პატივი მიაგოს თავისუფალ სასამართლოს. დიახ, მე მახსოვს რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის განცხადება აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ, ვინც ჩვენ ექსტრემისტებს გვეძახის, ყველას ვთხოვ, ერთი ფაქტი მაინც დაასახელონ ჩვენი ექსტრემიზმის ან აგრესიული გამოვლინების, რომელიც კანონით ისჯება.
საქართველოში ყოველთვის ქართველები ვიჩაგრებოდით და ახლაც ასეა. ყველა ეთნოსს პატივს ვცემ და ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ყოველთვის მართლმადიდებლებს გვდევნიდნენ, ტაძრებს გვინგრევდნენ, ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფას აყენებდნენ.
_ მაშინ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს» ხშირად ძალადობაში ადანაშაულებენ?
_ მე «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის» წევრი ვარ და ამით ვამაყობ. პროტესტის გამოხატვა როდის იყო ძალადობა? დაგვისაბუთონ, რომ ჩვენ ოდესმე ვინმეს ღირსება შევულახეთ, შეურაცხყოფა მივაყენეთ, გვანახონ ასეთი ფაქტი. და თუ პროტესტის გამოხატვა არ შეიძლება, ესეც აგვიხსნან.
ჩვენ, ძირითადად, ის ადამიანები გვადანაშაულებენ, რომლებიც იდეურად უპირისპირდებიან ეკლესიას და ეროვნულ ცნობიერებას. დღეს, როცა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს ასე აკრიტიკებენ, გაიხსენონ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სწორედ ჩვენი წარმომადგენლები გორის ჰოსპიტალში დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების გადასარჩენად ექიმებთან ერთად იღვწოდნენ. სად იყვნენ მაშინ ეს ბატონები და ქალბატონები? ფილმიც არსებობს მმკ-ს საქმიანობის შესახებ და ყველას შეუძლია ნახოს. იმიტომ კი არა, რომ თავი მოვიწონოთ, უბრალოდ, რადგან ასე დაინტერესებულები არიან «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის» საქმიანობით, ნახონ, რას აკეთებდა და აკეთებს ეს ორგანიზაცია დღეს.
ზოგჯერ სიტყვა მკაცრად არის სათქმელი, ეს არანაირად არ ნიშნავს აგრესიას. ჩვენ ორი ძირითადი მიზანი გვაქვს: ჩვენი სარწმუნოების დაცვა და სამშობლოს სიყვარული.
_ ამ რვა ბიჭის გარდა, სხვა რელიგიური პატიმრების შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?
_ ადრე ხდებოდა ასეთი ფაქტები, მაგალითად, იეღოვას მოწმეებთან პოლემიკის გამო დააპატიმრეს ადამიანები. დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა ეკლესიაზე, როდესაც იეღოვას მოწმეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასახლეებს აშენებდნენ, რადგან ხალხი ამ მშენებლობებს აპროტესტებდა.
_ ბოლო ინტერვიუში მითხარით, რომ სასულიერო პირებს ციხეში შესვლა აუკრძალეს, გაირკვა თუ არა მიზეზი?
_ ეს მოხდა არჩევნებამდე. ახლა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი. დაახლოებით 160 მღვდელმსახურს, გაურკვეველი მიზეზების გამო, საპატიმროებში შესვლა აუკრძალეს. როდესაც მიზეზით დავინტერესდით, პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმე სასულიერო პირმა წერილითაც მიმართა ადმინისტრაციას, აგვიხსენით, რატომ არ გვიშვებთო, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
ძალიან მნიშვნელოვანია პატიმართა უფლებების დაცვა და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პატიმრები უკიდურეს განსაცდელში იმყოფებოდნენ. ყველამ ნახა პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები, რომლებმაც, ალბათ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მკვიდრი შეაძრწუნა. ეს აღარასდროს არ უნდა განმეორდეს საქართველოში. პატიმარს ისიც ეყოფა სასჯელად, რომ პატიმარია. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, არსებობს დასჯის სხვა საშუალებები და მიუღებელია ის სადისტური მეთოდები, რომლებიც ჩვენ ვიდეოკადრებში ვნახეთ.
_ ახლა, როცა ხელისუფლება შეიცვალა, საზოგადოება დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს. ქრისტიანულად ადამიანი მიმტევებელი უნდა იყოს, მაგრამ რა ვუყოთ დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც შემდგომში კიდევ უფრო მეტ დანაშაულს გამოიწვევს? როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი?
_ ეკლესიური ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგში მდგომარეობს: დამნაშავემ სამართლებრივად აუცილებლად უნდა მოიხადოს სასჯელი, ეს მისი სულისთვისაც უკეთესია.
_ რა სასჯელი ელის ადამიანს, რომელიც აწამებს და შეურაცხყოფს მოყვასს?
_ რელიგიურად ეს უდიდესი ცოდვაა. მე ყველა კადრს ვერც ვუყურე. მხოლოდ რამდენიმე კადრი ვნახე. განსაკუთრებით ბავშვის წამება იყო საშინელი. იმხელა კაცი რომ ურტყამდა და ბავშვი ეხვეწებოდა, ნუ მირტყამო. რა თქმა უნდა, მათ უდიდესი ცოდვა ჩაიდინეს და საშინელი სასჯელი ელოდებათ. მთელი ცხოვრება უნდა იტირონ ამ ადამიანებმა, რომ ეპატიოთ. მთელი ცხოვრება უნდა განიცდიდეს ადამიანი, სტკიოდეს, რომ ამას სჩადიოდა. წმინდანთა ცხოვრებიდან ყოფილა მაგალითები, რომ დაუნდობელ ადამიანებს, მკვლელებსაც კი, დიდი სინანულის შემდეგ და ისიც მხოლოდ ცხოვრების ბოლოს, ეპატიათ, მაგრამ განსაკუთრებული ეპიტემია უნდა მიიღოს ადამიანმა მოძღვრისგან და, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე უნდა ინანიებდეს, რომ მიეტევოს.
მე მინდა ვთხოვო დღეს უკვე არჩევნებში გამარჯვებულ ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე გამოუშვან რვა პატიმარი, რომლებიც ქრისტიანული სარწმუნეობისა და ღირსებისა დაცვის გამო დაიჭირეს. ასევე მინდა ვთხოვო ახალ ხელისუფლებას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დაცული იყოს სამართლიანობის პრინციპი, რადგან ეკლესიას საქართველოს ისტორიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ქვაკუთხედი. ამიტომ მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტული, სხვა კონფესიებთან მიმართებაში.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
სგსგ მამა დავით, ბიჭები კი არა, ანგელოზებია არიან უმანკო :D.
აბა აქუ მე მიცემია თქვე ბემურაზებო?
თავად აქუბარდიამ სასამართლოზე განაცხადა, რომ ამ 8 ადამიანიდან იგი არც ერთს არ უცემია
\\\”აქუ\\\” არ მომწონს, ამბობენ ორგანოებთან თანამშრომლობდაო, ე.ი. ჩამშვები იყო.
chamshvebia aqu mash ra ari,kvela mtavrobis dros tavisas uberavsტექსტი
ეს საამაყო ახალგაზრდები სასწრაფოდ უნდა გამოუშვან, ბოდიში მოუხადონ, დააჯილდოვონ და სოლიდური კომპენსაციაც გადაუხადონ! აქამდე სად იყვნენ ჩვენი ხელისუფალნი? რითი იყვნენ დაკავებულნი?