Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელია: ახლა მთავარია, მშვიდობიანად და არჩევნების გზით წავართვათ ამ მუტანტებს მართვის...

ზურაბ კვარაცხელია: ახლა მთავარია, მშვიდობიანად და არჩევნების გზით წავართვათ ამ მუტანტებს მართვის სადავეები

596

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების შოკისმომგვრელი ფაქტების გამომზეურებამ, ვითარება კარდინალურად შეცვალა. ამომრჩეველთა უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახლა არ არის რაღაც გარჩევების დრო, არამედ ერთად უნდა შეიკრან, რომ საქართველოში სამუდამოდ აღიკვეთოს ისეთი სისაძაგლეები, რომელთა მოწმენიც ამ დღეებში გავხდით. თუ რამდენად ეთანხმება ამ კონცეფციას სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» ამის შესახებ თავის მოსაზრებას გვიზიარებს ამ მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია.

_ საქართველოში რომ ქართველთმოძულე რეჟიმი მძვინვარებს, აქამდეც ვიცოდით. ეს იცოდა ყველა ჭკუათმყოფელმა და მეტ-ნაკლებად ინფორმირებულმა ადამიანმა, მაგრამ ის კადრები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში და რომლებიც ეხება პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, ნამდვილად შოკისმომგვრელია. აი, დემოკრატიის თავისუფლების და ე. წ. ლიბერალური ღირებულებების ლოზუნგით მოსული სააკაშილის ხელისუფლების ნამდვილი და უმაკიაჟო სახე. ჯერ სად ვართ! შოკი თქვენ მაშინ ნახეთ, როცა ამ მანიაკალური რეჟიმის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული გამოვლინდება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. არჩევნებამდე ცოტა, ძალიან ცოტა დრო დარჩა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში, ამ კოშმარულ რეალობაში უკვე აღარ არის რაღაც კონცეფციებზე საუბრის დრო, დღეს აღარ არის დრო, ვარკვიოთ რაღაც საკითხები, ამას მერე მივხედოთ. ხომ ფაქტია, რომ ქვეყანას მართავენ გიჟები და უკვე ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი ამათი მმართველობისა გვაახლოებს სრულ კატასტროფასთან, ამიტომ ახლა მთავარია მშვიდობიანად, არჩევნების გზით წავართვათ ამ მუტანტებს მართვის სადავეები.

_ ბატონო ზურაბ, მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, გარკვეული დემორალიზაციის ნიშნები შეიტანა ხელისუფლებაში, ოპოზიციას გარანტირებული აქვს გამარჯვება?

_ რა თქმა უნდა, _ არა. უნდა გვახსოვდეს ისიც, თუ ვისთან გვაქვს საქმე. სიფხიზლეა საჭირო. არავის უნდა ეგონოს, რომ სააკაშვილი და მისი ხროვა იოლად დათმობს ხელისუფლებას. ის ახლა ცდილობს ფასადური, კოსმეტიკური ცვლილებები ჩაატაროს და ჩვენ გაგვაბრიყვოს. საზოგადოება არ უნდა მოტყუვდეს. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ესენი არიან მანიაკები და, თუ იგრძნეს, რომ კარგავენ ძალაუფლებას, უყოყმანოდ წავლენ ნებისმიერ სიბინძურეზე. მოსალოდნელია, მოაწყონ პროვოკაციები არჩევნების ჩაშლის მიზნით, ამიტომ ოპოზიციას ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარება მართებს.

აქვე აუცილებლად ისიც მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ახალაიების ოჯახის სინდისზე როდია ყველა ჩვენი უბედურება.

უბედურების სათავეები ცოტა უკან, არცთუ ისე შორეულ წარსულში, უნდა მოვიძიოთ, მაგრამ ახლა ამის ანალიზის დრო არ გვაქვს. ერთი რამ კი ახლავე კარგად უნდა გავაცნობიეროთ: სანამ ხელისუფლებაში იბოგინებენ სააკაშვილები, მერაბიშვილები, ადეიშვილები, ბოკერიები, მაჭავარიანები, გვარამიები, შაშკინები და მათი ჯურის კრიმინალები, ჩვენი სამშობლოს საშველი არ იქნება. ესენი უნდა წავიდნენ! აი, ეს უნდა გაიგოს და გაითავისოს ყველა წესიერმა და გონიერმა ადამიანმა, თორემ გარეწრებსა და უსაშველო ბრიყვებს ჩვენ აწი ვერაფერს შევაგნებინებთ. მათი ადგილი სწორედაც რომ იმ კლოაკაშია, რომელშიც ახლა არიან ჩაყვინთულნი.

_ ბატონო ზურაბ, კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რისი სურვილიც ბევრს გააჩნია და მათ შორის თქვენც, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ის თქვენი მოძრაობის იმედებს?

_ მტკიცედ მწამს, რომ არჩევნებზე «ნაცმოძრაობის» დამარცხება შეაჩერებს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ნგრევის პროცესს, ხოლო იმაზე, თუ ვის როგორ წარმოგვიდგენია და გვესახება აღორძინების, განვითარების, გამთლიანების, შიდასახელმწიფოებრივი მოწყობის თუ საგარეო ვექტორის საკითხები, კი, ბატონო, ამაზე მერე ვისაუბროთ, ვიპაექროთ და ვინძლო გამოსავალიც ვიპოვოთ. დიდი იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება ქვეყანაში შექმნის ისეთ დემოკრატიას, რომ ჩვენთან არსებულ ეროვნულ-პატრიოტულ პლატფორმაზე მდგარ ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალას და, რა თქმა უნდა, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოსაც» მიეცემა იმის შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია და, რაც მთავარია, შეიქმნება იმის მყარი გარანტიაც, რომ ქართველ ერს მიეცეს იმის უფლებაცა და შესაძლებლობაც, აირჩიოს მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის უკეთესი გზა; ის გზა, რომელიც არ იქნება წანააღმდეგობაში არც ჩვენი სამშობლოს და არც ჩვენი მეზობელი ზესახელმწიფო რუსეთის გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ინტერესებთან. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთთან ობიექტურ თანხვედრაშია.

_ რას იტყვით 22 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილისა და 23 სექტემბერს მიხეილ სააკაშილის მიერ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქციების თაობაზე?

_ 22 სექტემბერს ზუგდიდში გამართულ აქციასთან დაკავშირებით მოვახდენ მარკ ტვენის ცნობილი სიტყვების პერიფრაზს, ვიტყვი, რომ მოარული ხმა _ თითქოს სამეგრელო სააკაშვილის რეჟიმის დასაყრდენს წარმოადგენს _ ძალიან გაზვიადებული აღმოჩნდა. ჩემთვის ეს ამ აქციამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ამას ამიერიდან ქვეყანაც გაიგებს. იმედი მაქვს, რეჟიმის მომხრეთა რიგები უახლოეს დღეებში კიდევ უფრო შეთხელდება და 1 ოქტომბერს ჩვენ კიდევ უფრო სასიამოვნო მოვლენის მომსწრენი გავხდებით. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ნამდვილად მაქვს მიზეზი, ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვით კმაყოფილი ვიყო, ხოლო 23 სექტემბერს სააკაშილის მომხრეთა მიერ გამართული აქციის თაობაზე, სადაც სახელისუფლო სტრუქტურებმა ძალდატანებით მოყარეს ადამიანები საქართველოს ყოველი კუთხე-კუნჭულიდან, მე კომენტარს არ გავაკეთებ.

_ ბატონო ზურაბ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რას ეტყვით მოსახლეობას?

_ იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება სახელმწიფოებრივად და პრაგმატულად შეაფასებს არსებულ რეალიებს და სახალხო მოძრაობა  «სამეგრელოც» ამის იმედითა და რწმენით დაჟინებით მოუწოდებს თანამემამულეებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე, ამიტომაც მივმართავ ჩემს საყვარელ ზუგდიდელებს _ მეგრელებს. მივმართავ, როგორც ადგილობრივებს, ასევე დევნილებს: დადგა გადამწყვეტი ჟამი. ჩვენ, ყველანი ერთად ახლა, ამ არჩევნებზე ან თავიდან მოვიშორებთ  დამნაშავე ხელისუფლებას, ან სამუდამოდ მოვსპობთ ჩვენი გადარჩენის ყოველგვარ შანსს და პერსპექტივას. ასე რომ, ჩემო ჯიშო და ჯილაგო, გაიხსენე შენი კოლხეთის და შენი იბერიის დიადი წარსული; გაიხსენე, საიდან მოდიხარ; გაიხსენე ათასწლეულების ქარტეხილებს გამოღწეული რომ ხარ; ნუ გახდები სამარცხვინო, კოლექტიური სუიციდის მონაწილე; გადაირჩინე თავი და იხსენი მამული ამ მანქურთებისგან»

ესაუბრა

ლადო ქირია, ზუგდიდი

P.S. 23 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ შეჰყარა «სიყვითლე» ზუგდიდელებს, რადგან ზუგდიდს ისევ შეესია თბილისიდან ჩამოსული ასობით ყვითელი ავტობუსი. მიხეილ სააკაშვილი გაეჯიბრა ბიძინა ივანიშვილს და შეეცადა უფრო მეტი მხარდამჭერის გამოყვანას, მაგრამ, «სამწუხაროდ», ის ამ გაჯიბრებისას დამარცხდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here