Home რუბრიკები პოლიტიკა ლაზიკა ჩვენი არსობისა

ლაზიკა ჩვენი არსობისა

1146

საქართველოს ნეტარმა პარლამენტმა კონსტიტუციას მორიგი კოიტუსი ჩაუტარა და ლაზიკის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას შეუდგა. როგორც ირკვევა, «საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა». არ გაგიგიათ? პროექტის თანახმად, ლაზიკის სტატუსი ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს. რაც შეეხება თავად ორგანულ კანონს, ჯერჯერობით არ სახელდება მისი შემუშავების დრო და კონკრეტული შინაარსი. «ცნობილია, რომ ქალაქ ლაზიკაში განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობები იქნება, ვიდრე მთელ საქართველოში».  საპარლამენტო უმრავლესობაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ლაზიკის სტატუსი ავტონომიური რესპუბლიკა არ იქნება.

რაღა გვიჭირს, ამ ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდა და ისიც მალე აინთება! დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადებულ ფოთის ინდუსტრიულ ზონას დამტირებელიც აღარ ჰყავს და «ჩვენი მაღალის» არეულ გონებაში კიდევ ერთმა გრანდიოზულმა პროექტმა იფეთქა. 150-მილიონიან რუსეთში აწ უკვე პრემიერმა მედვედევმა მოკრძალებულ 150-ათასიან ქალაქს ჩაუყარა საფუძველი, ხოლო ჩვენმა ჯერ კიდევ გასაპრემიერებელმა მაღალმა 4,5-მილიონიან საქართველოში მილიონნახევრიანი (ჰ) ლაზიკის აშენების პირობა დადო. გამოდის, რომ ყოველი მესამე მოქალაქე სწორედ ლაზიკაში იცხოვრებს!

დანარჩენ საქართველოს სააკაშვილმა უკვე პატრონიც მოუძებნა და მოსახლეობაც. ამ ქალაქმოჩვენებაში მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა (ძირითადად გლეხობა) უნდა შერეკონ, ხოლო დაცარიელებულ სოფლებს, სავარგულებს, მდინარეებსა და ტყეებს (რაც დარჩა გაუყიდავი) გადამთიელ პატრონებს გადაულოცავენ.

თბილისს ისედაც ხაჩიკ ალბერტოვიჩები იჩემებენ და ქუთაისში პარლამენტის გადატანით იმ «ზედმეტ» ქართულ მოსახლეობასაც გააყოლებენ, რომელიც იმ ჩვენს მეზობელს ხელს უშლის თბილისის სომხურ ქალაქად გამოცხადებაში. ნახევარ სვანეთს, თავისი კოშკებით, ეკლესიებითა და წინაპრების საფლავებით, დატბორავენ. აჭარაში გასაკეთებელიც აღარაფერი დარჩათ – ისედაც თურქებს «დაუბრუნეს» 2004 წლის 6 მაისის შემდეგ. სინგაპურიო, რომ გაიძახის ეს ჩვენი მაღალი, სწორედ ქალაქ-სახელმწიფოა და ჩვენი ოპოზიცია, იქაურ დემოკრატიას რომ იწუნებს, სჯობს იმაზე დაფიქრდეს, რომ სააკაშვილი ქართველებისთვის საკუთარ ქვეყანაში რეზერვაციას აშენებს, რომელშიც «განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობები იქნება, ვიდრე მთელს საქართველოში».

მაინც რა ასეთი განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობები უნდა იყოს ამ მითიურ ლაზიკაში, ჩვენი კანონმდებლები ამაზე დუმან. დუმან, რადგან მთელ დანარჩენ საქართველოშიც მთელი დემოკრატიული სამყაროსგან განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობებია: მკვლელებს სანატორიუმში ამწესებენ და პირობით ვადამდე ათავისუფლებენ, მობილური ტელეფონის ქურდს კი 150 ათასს უწესებენ გირაოდ; 40 წლამდე ასაკის პატიმრები ციხეში «სიბერით» ეხოცებათ; 40 წლის ზემოთ მოსახლეობა «ჩარეცხილი» ჰყავთ, ხოლო 21 წლის «ჭარმაგ სტუდენტებს» კანონმდებლებად რაცხავენ; «თანამედროვე» კლინიკებს ხსნიან, რომლებშიც წყალიც და ელექტროენერგიაც ჩაჭრილია გადაუხდელობის გამო; თბილისი ნაგავს მიაქვს, ისინი კი ელექტროენერგიის გადასახადის მიხედვით ნაგვის გატანას ანგარიშობენ; ამ «პრახადნოი დვორზე» გამვლელს _ ყველას ტურისტს ეძახიან, ხოლო ბიუჯეტს ჯარიმებით ავსებენ.

ციხის კარი არ იკეტება? ახალი ააშენეთ!

ჰოდა, შენდება ეს ქვეყანა!

«მესტია, სიღნაღი, ბათუმი, ეს არ არის სექსუალურად მოუმწიფებელი ხელისუფლების ახირება, რომელსაც ეს თავისი გართობისთვის უნდა, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ თუკი წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში 120 ათასი ტურისტი შემოდიოდა, შარშანწინ _ 2 მილიონი, შარშან _ 3 მილიონი, წელს კი 4 მილიონი შემოვიდა. მათ ჩემი სახლის უკანა საკუჭნაოში არ ვმალავ. ისინი სიღნაღში, ბათუმში, თბილისში დადიან და ანაკლიაში, ლაზიკაში ჩავლენ. ესაა სრულიად კონკრეტული რეალობა», _ ეს სიტყვები, მიხვდებოდით, მიხეილ სააკაშვილის ბაგეებიდან ამოიბგერა.

ესეც: «ქუთაისი არის ყველაზე მაგარი ევროპა ევროპაში».

ესეც: «თელავი ყველაზე ლამაზი და ევროპული ქალაქი იქნება».

ესეც: «მაქვს ამბიცია, რომ ფოთი იყოს 100%-იანი დასაქმების ქალაქი».

ესეც: «სიღნაღი მთელს ევროპაში ულამაზესი ქალაქია».

ესეც: «მესტია ევროპაში ერთერთი ყველაზე უნიკალური კურორტი გახდება».

ესეც: «მომდევნო ზამთარს საბაგირო გზები და უშბა განათდება და ახალი სათხილამურო ტრასები დაემატება».

ესეც: «ანაკლია მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო კურორტი იქნება».

ესეც: «ამას წინათ იძახდნენ, რატომ ადარებს ბათუმს ნიცას და კანსო. ნიცაში ასეთი თეატრი ნამდვილად არ არის და არც კანში».

ესეც: «გუდაური არის საქართველოს მშვენება, საგანძური».

ესეც: «წყალტუბო არის მეგა მნიშვნელობის სამკურნალო წყლების ცენტრი».

დაბოლოს: «ყვარელი სამოთხეა, თუმცა მე ჯერ სამოთხე არ დამიმსახურებია».

 სამოთხე კი არა, ჯოჯოხეთიც სანატრელი უნდა ჰქონდეს ხელისუფალს, რომელმაც კასპის რაიონის სოფელ რკონში ორ მარტოხელა მოხუცს – ნინა ბერძენსა და მარიამ ჩოხელს სასმელი წყლის გაყვანის ნაცვლად «სოფლის დახმარების პროგრამის» ფარგლებში საქანელები დაუდგა. რკონში, სადაც ზამთარი დიდხანს გრძელდება და მთიან ზონაში მდებარეობს, მათ სასმელი წყლის მოზიდვა შორი მანძილიდან უწევთ. შექანებული ხელისუფლება კი მოხუცებს საქანელაზე ქანაობას სთავაზობს, ხოლო დაქცეულ ლანჩხუთის რაიონში, შუხუთის ცენტრში, ლელოს ბურთს ძეგლს უდგამს.

«მთელს ევროპაში ულამაზეს სიღნაღში» დღეს უკვე რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რეაბილიტირებული ხის აივნები საღებავჩამოცლილი და მორყეულია, ქალაქში გადაადგილება კი სიცოცხლისთვის სახიფათოა _ სამშენებლო კომპანიების მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ელექტროენერგიის მავთულები პირდაპირ გზებზე ყრია და ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.

ის კი კვლავაც განაგრძობს «სოფლის შენებას»: გურჯაანში იუსტიციის ახლადაშენებულ სახლს ხსნის და 9 აპრილის ქუჩას ათვალიერებს, რომელიც 3 თვე გადათხრილი იყო და ასფალტი მისი ჩამოსვლის წინა ღამეს დააგეს.

«მეგა მნიშვნელობის სამკურნალო წყლების ცენტრ წყალტუბოში» მოსახლეობას წყალი არა აქვს, მაგრამ აბა, ევროპისა და მსოფლიოსთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?

«რამდენიც არ უნდა იხტუნონ ჩვენმა მტრებმა, 26 მაისს აქ ჩატარდება პირველი სესია და 2012 წლის შემოდგომაზე პარლამენტი ადგილს აქ სამუდამოდ დაიმკვიდრებს!» – განაცხადა სააკაშვილმა. სესია დაუმთავრებელ შენობაში მართლაც გაიმართა, ხოლო ორ დღეში ჩამონგრეულ ფლიგელს ადამიანი შეეწირა. მემორიალის აფეთქებას შეწირული დედა-შვილის სისხლს ახალი სისხლი დაემატა. «რუსთავი 2»-ის სტუდიის ჩამონგრევისას დაღუპული ადამიანების გამო მაღალჩინოსნების ცოლები არავის დაუსჯია, ხოლო ქუთაისის პარლამენტის ფლიგელის ჩამონგრევაში დამნაშავე იოლად იპოვეს და დააკავეს კიდეც.

აშენებს ეს კაცი და აცადეთ!

«დამაცადეთ კიდევ 2-3-4 წელი და გაძლევთ გარანტიას, რომ წყალტუბოს (ქუთაისს, სიღნაღს, ანაკლიას, მესტიას, ბათუმს, გუდაურს, ფოთს…) ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად ვაქცევ!»

ლაზიკასაც რამედ აქცევს, თუ ვაცალეთ. თანაც ამ გრანდიოზულ პროექტს არც 2 წელი ეყოფა, არც 3 და არც 4. ხმამაღლა არ ამბობს, თორემ მის აშენებამდე წასვლას არ ფიქრობს. აშენებით კი, როგორც კომუნისტები იტყოდნენ, «სწრაფად, იაფად, ხარისხიანად» აშენებს!

«რამდენიც არ უნდა მეძახონ შადრევან პირველი, ეს, ალბათ, უკვე მეათასე შადრევანია და შადრევნებს ოპერა, ქარხნები, სკოლები, კულტურის ცენტრები ემატება. ეს არის ოცნება, რომელიც რეალურად სრულდება ყველა პატრიოტის გასახარად», – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წელს ბათუმში ოპერის გახსნისას. ათი დღის შემდეგ პატრიოტებმა გაიხარეს, მაგრამ სპექტაკლის მსვლელობისას შენობაში წყალი ჩავიდა. ქუთაისის ოპერის სცენაზეც გაწვიმდა მისი საზეიმოდ გახსნიდან მეოთხე დღეს. მაყურებლებს ჯერ ესეც «ევროპაში ყველაზე ნოვატორული» სასცენო გადაწყვეტა ეგონათ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ოპერაში ქოლგით მოუწევდათ სიარული.

2011 წლის ნოემბერში აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია დაჩქარებული ტემპით დასრულდა. სააკაშვილმა ისიც «ევროპაზე უფრო ევროპულად» მონათლა და, როგორც ნათლობას შეეფერება, ისევ წყალმა იძალა: მარჯანიშვილის მეტროს წინ აგებული თაღების სახურავიდან წვიმა ჩამოვიდა!

 ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც ჩვენი მაღალი ხელს ჰკიდებს, წყალს მიაქვს, ის კი კოლხეთის დაბლობის წყალზე ქალაქის აშენების ჟინს ჰყავს შეპყრობილი. ოღონდ ჯერ სტატუსი არ იცის. ავტონომიური რესპუბლიკა ნამდვილად არ იქნებაო, გვამშვიდებენ. აბა, ქალაქები ისედაც ბევრი გვაქვს და, ალბათ, ლაზიკას განსაკუთრებულიქალაქსახელმწიფოს სტატუსი ექნება, რომელიც «სინგაპურზე უფრო სინგაპურული» იქნება და ამ მომაბეზრებელ ქართველობას ერთ ადგილზე მოუყრის თავს.

 გარშემო კი ამ მეორე ლაზიკას პირველ «ლაზიკებს» _ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს დაუმწკრივებენ, რომ გამოქცევა ვერავინ გაბედოს. «ლაზიკებს» გვერდით «დიდგორებსაც» ამოუყენებს და, თუ ვინმე მაინც გამოაღწევს ქალაქ-მოჩვენებიდან, ტყვიამფრქვევების ცეცხლით გაუმასპინძლდება.

აცადეთ, აცადეთ!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here