Home რუბრიკები პოლიტიკა შალვა ხაჭაპურიძე: გეგმა საქართველოს ექვს ნაწილად გაყოფის შესახებ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში _...

შალვა ხაჭაპურიძე: გეგმა საქართველოს ექვს ნაწილად გაყოფის შესახებ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში _ არჩევნებამდე განხორციელდეს

880

ადვოკატი და მოძრაობა «ეროვნულების» ერთ-ერთი ლიდერი შალვა ხაჭაპურიძე სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, თურქულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ბათუმი თურქეთის საკუთრებად არის მოხსენიებული. თურქული სასკოლო სახელმძღვანელოს _ «ქემალიზმის ისტორიის» 35-ე გვერდზე განთავსებულ რუკაზე ბათუმი, როგორც საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორია, საგანგებოდ წითლად არის აღნიშნული. როგორი უნდა იყოს ქართული მხარის პოზიცია, როგორ მიმდინარეობს საქართველოს ექვს ნაწილად დაყოფის გეგმა და აშენებს თუ არა ასპინძაში ატომურ ელექტროსადგურს ხელისუფლება, ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრება.

_ მას შემდეგ, რაც თქვენ გაახმაურეთ ინფორმაცია, რომ თურქულ სასკოლო სახელმძღვანელოში ბათუმი საქართველოს მიერ ოკუპირებულ თურქულ ტერიტორიადაა მიჩნეული, აღნიშნული ფაქტით თუ დაინტერესდა საქართველოს ხელისუფლება?

_ ეს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული თავისი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვით. 30-31 მაისს თურქეთში საქართველო-თურქეთის მეგობრობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაშაკიძემ კარგად იცოდა აღნიშნული სახელმძღვანელოს თაობაზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ზემოხსენებული ფაქტის შესახებ ერთი სიტყვაც არ დასცდენია. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც უნიათობა და უპასუხისმგებლობა გამოიჩინა _ საქართველოში სტუმრად ჩამოსულ თურქეთის ვიცე-პრემიერთან არც მას უთქვამს რამე.

ამის პარალელურად, შევხედოთ, რა ხდება ბათუმში. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ბათუმი თურქების მიერ ეკონომიკურად უკვე ანექსირებულია. უფრო მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე, სადაც თურქები კომპაქტურად ჩასახლდნენ, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს გავლა საერთოდ აეკრძალათ. ინციდენტიც მოხდა _ მღვდელს ანაფორაც კი შემოახიეს.

ჩვენ მივმართეთ თხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები, რათა თურქული სახელმძღვანელოებიდან ამოიღონ ის რუკა და ტექსტი, რომლის მიხედვითაც, ბათუმი საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. ამასთან, საქართველოს სასკოლო სახელმძღვანელოებში აჭარისა და ბათუმის შესახებ ქართველ ახალგაზრდებს ვრცლად მიეწოდოს ინფორმაცია, რათა ქართველებმა არასდროს დასვან კითხვა _ ვისია ბათუმი?

_ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და მას დეზინფორმაცია უწოდა.

_ თურქეთის ვიცე-პრემიერი ან არ იყო ინფორმირებული, ან შეგნებულად დამალა სიმართლე. ამას ჰქვია «ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო». საქვეყნოდ ვაცხადებ: მე არ დამიბეჭდავს ეს წიგნი, რომელშიც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ქართველებმა თურმე რიზესა და ბათუმის ოკუპაცია განახორციელეს, რის შემდეგაც, 1918 წელს, რიზე დაუბრუნდა თურქეთს, ხოლო ბათუმი კვლავ რჩება ქართველების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად. მაშინ, როცა თურქეთში ასეთ აზრს უნერგავენ მე-11 კლასელებს, რომლებიც ხვალ-ზეგ უნდა გახდნენ პოლიტიკოსები, სამხედროები, საზოგადო მოღვაწეები, რას მოგვიტანს ეს ყველაფერი?

ამას გარდა, სარწმუნო წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტის რეალური მიზეზი ასპინძაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაა, რომლის გეოლოგიური სამუშაოები უკვე ჩატარებულია და 50 მილიონია დახარჯული. ამ სადგურიდან საქართველო 59 წელი ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა თურქეთის 2004-2006 წლების დავალიანება და შესაბამისად, თურქეთმა აიძულა ქართული მხარე, გაეფორმებია კაბალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ასპინძაში ატომური ელექტროსადგური აშენდება. ეს სამუშაოები უკვე ფარულად მიმდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილს მოუწევს სიმართლის თქმა, რომ 200 მილიონი აშშ დოლარი დაედო სახელმწიფოს ვალი და იძულებული გახდა, ამ ანტისახელმწიფოებრივ გარიგებაზე წასულიყო. ამიტომ მას არჩევნებამდე არ სურს ამ ინფორმაციის გახმაურება, ვინაიდან იმ 2%-იან ელექტორატსაც დაკარგავს, რომელიც ჯერ კიდევ ჰყავს. საქართველოს მხრიდან ამ მოლაპარაკებებს ხეთაგური და ხაჩიძე ხელმძღვანელობდნენ და მათ უკვე შეუერთდა გილაურიც.

_ თურქული სახელმძღვანელოების შესახებ აღნიშნული ინფორმაცია თქვენ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა მოგაწოდათ. თქვენამდე შეატყობინა თუ არა მან აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას?

_ მან მიაწოდა ინფორმაცია თურქეთში საქართველოს ელჩს, თუმცა ამას ელჩის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ბოლო დროს ბევრი კითხვა ჩნდება. მაგალითად, საინტერესოა, ქუთაისში გამართულ სამხედრო აღლუმზე რატომ ფრიალებდა თურქული დროშა.

_ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, ბათუმში უკვე დაიწყო მეჩეთის მშენებლობა…

_ ამ საკითხის გაჟღერების შემდეგ, მეჩეთის აშენება ნიშნავს, რომ ვეთანხმებით აზრს _ ბათუმი თურქების ყოფილა. ამას უკვე სახელმწიფოს ღალატი კი არა, კრეტინიზმი ჰქვია. არსებობს საფრთხე, რომ შეიძლება ბათუმი თურქებმა წაიღონ. ჩვენ არაფერს ვთხოვთ თურქეთის ხელისუფლებას, ჩვენ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, აღასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება საქართველოს ხელისუფლების შეცვლის საკითხი, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. რომ არა საქართველოს ხელისუფლების უნიათობა, არა მგონია, თურქებს ეს გაებედათ.

_ პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ, «თუ თურქებმა მეჩეთის აშენება გადაწყვიტეს, ისინი მას ააშენებენ, ხოლო, თუ საპროტესტო გამოსვლები ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თურქეთი ცერემონიებს არ დაიწყებს»… თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, არ დავუშვათ ქვეყნის შემდგომი დაშლა. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ამ პირობებში?

_ მოდი პირდაპირ ვთქვათ: ეს ყველაფერი ომისა და მშვიდობის საკითხია და ჩვენ საპროტესტო აქციების გამართვას თავს ვარიდებთ. ჩვენ რომ ახლა აქციები გავმართოთ, ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თუ აჭარის ავტონომიას რაიმე საშიშროება დაემუქრა, ბათუმზე პასუხისმგებლობას თურქეთი აიღებს. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ სააკაშვილი შეგნებულად ამ გეგმაზე მუშაობს.

სააკაშვილი პროვოკაციების მოსაწყობად ემზადება, ვინაიდან, თუ მიხვდა, რომ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს ვერ გააყალბებს, პროვოკაციებს მოაწყობს. ის უკვე აკეთებს განცხადებებს, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია იგეგმებაო. აკაკი ბობოხიძემ კი ისიც თქვა, შეიძლება მომავალი პარლამენტი დეკემბრამდე ვერ შეიკრიბოსო. ეს პროვოკაცია, ძირითადად, სამეგრელოშია დაგეგმილი, რის შედეგადაც სააკაშვილი გამოაცხადებს, რომ აი, ხდება სახელმწიფო გადატრიალება, შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და დაკეტავს რიკოთს. ამისთვის ჰყავს ზუსტად ის რეზერვისტები სამეგრელოში. ამის შემდეგ ქუთაისში დაჯდება მისი პარლამენტი, ბათუმში კი იქნება მისი საპრეზიდენტო რეზიდენცია. პარალელურად დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთში სომხების გააქტიურება და გეგმა საქართველოს ექვს ნაწილად გაყოფის შესახებ, რომელიც რახანია არსებობს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში _ არჩევნებამდე განხორციელდეს.

_ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მალე ბათუმი ოთხასიათასიანი ქალაქი გახდება. რის საფუძველზე აცხადებს ამას პრეზიდენტი?

_ ბათუმში _ ოთხასი ათასი, ლაზიკაში _ ნახევარი მილიონიო… და საიდან მოჰყავს ამდენი ხალხი? ასე უცებ შობადობა რომ ვერ გაიზრდება, ყველა კარგად ხვდება, მით უფრო, თუ ჩვენს დემოგრაფიულ პოლიტიკას გავითვალისწინებთ. მგონი, ფსიქიკურად უჭირს და ეს ყველაფერი შეიძლება ამის გამოხატულებაც იყოს. რაც ივანიშვილი გამოჩნდა, მისი სისულელე უკვე ყოველდღიურად მჟღავნდება და არჩევნებამდე «ნაციონალურმა მოძრაობამ», როგორც ძალამ, შეიძლება აღარც იარსებოს.

გვაქვს ინფორმაცია, რომ არამარტო თურქებს, არამედ ბევრ უცხოელს ფიქტიური ქორწინებების შედეგად აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქეობა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კახეთში ჩინელების ოჯახი ვნახე და აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოფილან. არადა, საქართველოში, სულ ერთი წელია, ცხოვრობენ. ფაქტია, რომ რაღაც სიყალბესთან გვაქვს საქმე და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. მაგალითად, ბათუმში არსებობს ფირმები, რომლებიც ვაიქართველ მანდილოსნებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ხელს აწერინებენ თუქრებთან, რის შედეგადაც ისინი საქართველოს მოქალაქეობას იღებენ. ამიტომ ვაპირებთ, დავაყენოთ საკითხი: 1992 წლიდან დღემდე საჯარო გახდეს ყველა იმ პირის მონაცემები, ვინც მიიღო მოქალაქეობა. მაშინ, როცა ხელისუფლებამ წაართვა მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვის მისცა მოქალაქეობა.

_ ახალი მოძრაობა «ეროვნულები» დააარსეთ. რატომ გახდა საჭირო ახალი მოძრაობის შექმნა და თუ აპირებთ თანამშრომლობას «ქართულ ოცნებასთან» ან კოალიციის გარეთ დარჩენილ პარტიებთან?

_ «ეროვნულები» _ ეს არის ზომიერი კონსერვატიზმის იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაცია, რომლის მთავარი ღირებულებაც არის ეროვნული ინტერესები. ორგანიზაციის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში იყვნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, უზენაესი საბჭოს დეპუტატები, პრეფექტები, სხვადასხვა თანამდებობის პირები. ამას გარდა, ის ადამიანებიც, რომლებიც იმ პერიოდში პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ არ მონაწილეობდნენ, მაგრამ ეროვნული მსოფლმხედველობის მატარებელნი არიან.  ამას გარდა, ჩვენთან არიან ახალგაზრდებიც, რაც ძალიან მახარებს. იმ პერიოდში, როცა მსოფლიოში გაუგონარი მასშტაბის გლობალიზაცია მიმდინარეობს, თუ ისეთმა პატარა ერმა, როგორიც ჩვენ ვართ, არ დავიცავით ჩვენი ეროვნული ღირებულებები და ტრადიციები, სხვანაირად არ გამოვა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ასევე მეგობრული ურთიერთობა გვაქვს «სახალხო კრების» წევრებთან და პოლიტიკურად ვისთან ვითანამშრომლებთ, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჩვენი მიზანია, ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა და არ გამოვრიცხავთ არჩევნებში მონაწილეობაც მივიღოთ. დამოუკიდებლად გავაკეთებთ ამას, თუ რომელიმე ძალასთან ალიანსში, ამას გადავწყვეტთ.

21-საუკუნეში ტირანის არსებობა, რომელიც სკამსაა ჩაბღაუჭებული, წარმოუდგენელია. ან როგორ შეიძლება ისეთი ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა, როგორიც მიხეილ მაჭავარიანია? კაცი, 30 წელიწადია, ვერ გავიტანეთ პოლიტიკიდან, იგივე ითქმის ხათუნა გოგორიშვილზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძეზე, რომელსაც შეუძლია ერთი და იგივე აზრი  ათჯერ გაიმეოროს. ესენი უკვე გუშინდელი პოლიტიკოსები არიან.

_ კულუარული ინფორმაციით, მოძრაობის ყრილობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. ადასტურებთ ინფორმაციას?

_ არანაირი დაფინანსება ბიძინა ივანიშვილისგან არ მიგვიღია და ამაზე საუბარიც არ ყოფილა. შეურაცხმყოფელიც კი იქნებოდა ამაზე საუბარი.

_ მაგრამ თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს, რაზე ისაუბრეთ?

_ ნამდვილად შევხვდით ერთმანეთს. ეს უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. მან გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოს პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას მიმართ და უარყოფითად შეაფასა მისი დამხობა. მაგრამ ვითანამშრომლებთ თუ არა მომავალში, ჯერ ვერაფერს გეტყვით, ცხოვრებაში ყველაფერია მოსალოდნელი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here