Home რუბრიკები სამართალი გელა ნიკოლეიშვილი: არავინ იცის, ხვალ და ზეგ კიდევ ვის გადმოაგდებენ ფანჯრიდან და...

გელა ნიკოლეიშვილი: არავინ იცის, ხვალ და ზეგ კიდევ ვის გადმოაგდებენ ფანჯრიდან და ვის ამოხდიან სულს ცემაში

ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების კუთხით ბოლო დროს შექმნილ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი.

_ ბატონო გელა, ერთადერთი სფერო, რაზეც დღესდღეობით ხელისუფლება თავის წინასაარჩევნო პიარკამპანიას არ აწყობს და ამით ქულების დაწერას არ ცდილობს, ადამიანის უფლებებია. თქვენი აზრით, რითაა ეს განპირობებული და საერთოდ, რა მდგომარეობა გვაქვს ბოლო დროს ამ მიმართულებით?

_ ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო ნიშანდობლივია, სასჯელაღსრულებით სისტემაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბროთ, ვინაიდან სწორედ სასჯელაღსრულებითი სისტემაა ის ურთულესი მიმართულება, რომელშიც ყველაზე მეტად იგრძნობა ამ რეჟიმის სიმძიმე და სიმკაცრე, რითაც მოსვლის დღიდან გამოირჩეოდა ეს ხელისუფლება. არ მინდა, ზედმეტად რადიკალური ვიყო, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით ამ სისტემის ყველა რგოლში ტენდენცია არის ისეთი, რომ დღითიდღე სულ უფრო მეტია პრობლემები და ვლინდება ისეთი ფორმით, ისეთი სახით, რომ ხშირად გაკვირვებული ვრჩებით ხოლმე უფლებადამცველები.

ერთის მხრივ, ეს ყველაფერი გასაგებიცაა, _ ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლებას სულ უფრო მეტად სჭირდება დაშინებული ადამიანები, რომლებიც გაცილებით ადვილი სამართავი იქნებიან, და ამ დაშინების საუკეთესო საშუალებაა ციხე ან ციხით დამუქრება; ასევე ხელისუფლებას სჭირდება ის, რომ მისმა მომხრეებმა, მისმა წარმომადგენლებმა თავი იგრძნონ ყოვლისშემძლეებად, ჰქონდეთ იმის განცდა, რომ არავინ დასჯით უკანონო ქმედებისთვის და აქედან გამომდინარე «ნაცმოძრაობა» ყველანაირად ცდილობს, წააქეზოს ძალოვანი სტრუქტურები _ ჯარი იქნება ეს, პოლიცია თუ სპეცრაზმი…

ამის ნათელი მაგალითია იგივე ის ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ხაშურის პოლიციის განყოფილებაში, _ ადამიანი დაიღუპა თუ მოკლეს, გაურკვეველია და ამ დროს, ფაქტობრივად, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. იმ სიმბოლურ გათავისუფლებას სამსახურიდან და ეჭვმიტანილი თანამშრომლის გადაყვანას კადრების განკარგულებაში დასჯას ვერ დავარქმევთ, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მსგავსი დანაშაული ითვალისწინებს კანონით. ის კი არა, დარწმუნებული ვარ, ხვალ და ზეგ იმ თანამშრომელს სადმე უკეთეს ადგილას გადაიყვანენ და დააწინაურებენ კიდეც.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, რატომ არ იყენებს ხელისუფლება პიარისთვის ადამიანის უფლებების დაცულობის თემას, ეს ძალიან მარტივია, _ უბრალოდ, ამ მიმართულებით, ამ კუთხით იმდენადაა სააკაშვილის რეჟიმი გაშიშვლებული, რომ ამაზე დროის და მით უფრო ფინანსური რესურსის ხარჯვა უაზრობად მიაჩნიათ, ანუ ხელისუფლება უკვე ერთგვარად შეგუებულია იმ აზრს, რომ ამ საკითხში ის წაგებულია და ეს არ არის მისი თემა, ამიტომაც გაურბის «ნაცმოძრაობა» ამაზე საუბარს, რაც სავსებით ბუნებრივია…

_ სხვათა შორის, ხაშურში მომხდარ ფაქტზე მერაბიშვილმა უცნაური განცხადება გააკეთა, თქვა, რომ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს პოლიციის შენობაში მისული ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანის გადაადგილება, რათა მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს ყველაფერი ერთგვარ მობოდიშებას ჰგავდა _ ოღონდ ეს გვაპატიეთ და მეტი აღარ განმეორდებაო

_ ეს ფაქტი სადმე სხვაგან რომ მომხდარიყო, ვთქვათ, ქუჩაში ან რომელიმე დაწესებულებაში, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამას საკუთარი პიარისთვის გამოიყენებდა და იმ პოლიციელს, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, სამაგალითოდ დასჯიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ეს არ გააკეთეს და რატომ: უბრალოდ, საქმე ეხება შუშის შენობას და მის პრესტიჟს, კულტს, რომელიც გაფეტიშებული ჰყავს ხელისუფლებას. ამით სააკაშვილის რეჟიმმა, ფაქტობრივად, პირდაპირ უთხრა პოლიციას, რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება და რაც უნდა გააკეთონ, თუნდაც ადამიანი მოკლან, პასუხს არავინ მოსთხოვთ.

 შეიძლება ითქვას, ეს არის ერთგვარი წაქეზება, ბიძგის მიცემა ძალოვნებისთვის, რომ ადვილად დაარღვიონ კანონი და გასაგებია, ამით რაც ხდება, _ ხელისუფლება უკვე იქამდე მივიდა, რომ ფიზიკური განადგურებით, მოკვლით ემუქრება საკუთარ მოქალაქეებს; მოკლედ, ამათ ყველაფერი უნდა გააკეთონ არჩევნების მოსაგებად, ესაა მათი მიზანი და ამისთვის გააფთრებული იბრძვიან. აქეთკენ იყო მიმართული ისიც, რომ შემოიღეს კანონი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს; ამით ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გაინაღდა ხმების სულ ცოტა 10-15 პროცენტი და დარწმუნებული ვარ, ასეთ კანონებს მომავალშიც არაერთს მიიღებენ, თუ ჩათვლიან, რომ მათი გამარჯვებისთვის ეს აუცილებელია.

_ ციხეების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორი თვის წინ დადებული მონაცემის თანახმად, ოფიციალურად საქართველოში 25 ათასამდე მსჯავრდებულია. მას შემდეგ თუ შეიცვალა რამე, ანუ თუ გაიზარდა პატიმართა რაოდენობა, შემცირდა ან იგივე დარჩა?

_ რამე ოფიციალურ წყაროზე, დოკუმენტზე დაყრდნობით ვერ ვიტყვი, რომ შემცირდა ან გაიზარდა, ვინაიდან ამ მონაცემებში ჩვენ არავინ გვახედებს, მაგრამ ვარაუდით ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მსჯავრდებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და რატომ: მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმუმ 10-15 პატიმარი შეიძლება გამოვიდეს ციხიდან სასჯელის მოხდით ან შეწყალებით. შესვლით კი, ყოველთვიურად რამდენიმე ასეული ადამიანი ხვდება საპყრობილეში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, როცა რამდენიმე ათეული გამოდის, ასეული კი შედის, მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია არის ძალიან სწრაფი და, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ახალი ციხეები შენდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერანაირი ციხის აშენების ტემპი ვერ მიჰყვება ამ ტენდენციას. კი, რაღაც პერიოდით ეს განმუხტავს სიტუაციას, მაგრამ მერე ისევ იქნება ახალი ციხეების აშენება საჭირო. ასე რომ, ნელ-ნელა საქართველო იქცევა ციხეებისა და საავადმყოფოების სახელმწიფოდ, კრიმინალებისა და ავადმყოფების ქვეყნად, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკის პირობებში მალე, ფაქტობრივად, არ დარჩება ადამიანი, რომელიც ან წარსულში არ იყო ნასამართლევი, ან ახლა არ იხდის სასჯელს, ან მომავალში არ მოხვდება ციხეში.

_ თქვენი აზრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს ყველაფერი უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს?

_ რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული ვარ. ამ ეტაპზე, ალბათ, ჯერ კიდევ არ უთითებენ პატიმრებს, ვის მისცენ ხმა, იმიტომ, რომ არ უნდათ, იჩქარონ და გამოჟონოს ინფორმაციამ, მაგრამ არჩევნების წინა დღეებში ისინი აამუშავებენ ისეთ ბერკეტებს, რომ მსჯავრდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა იძულებული იქნება, მხარი დაუჭიროს «ნაციონალურ მოძრაობას». ანალოგიურად მოუწევთ პრობაციონერებს, მათ ახლობლებს, ოჯახის წევრებს და საბოლოოდ ეს იქნება მძევლად აყვანილი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არათავისუფალი არჩევანი.

 აქედან გამომდინარე, თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, არ გააქტიურდა საერთაშორისო საზოგადოება და არ მოხდა კონტროლი პენიტენციარულ სისტემაზე, ხელისუფლებას, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს გამარჯვება და, პირველ რიგში, ოპოზიციამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს არ მოხდეს.

_ თქვენ თქვით, რომ მსჯავრდებულები იძულებულნი არიან, ხმა მისცენ «ნაცმოძრაობას». ვთქვათ და ყველამ ერთხმად განაცხადოს პროტესტი და უარი თქვას მითითების შესრულებაზე, როგორ ფიქრობთ, რას უზამენ მათ?

_ ვერაფერს, მაგრამ ამ ადამიანებს არწმუნებენ, რომ მათი ხმები მკაცრად გაკონტროლდება. ასევე ემუქრებიან, რომ რომელიმე კორპუსიდან, სადაც, ვთქვათ, ასი პატიმარია, ხელისუფლებამ მხოლოდ ოთხმოცი ხმა თუ მიიღო, იმ დანარჩენი ოცი მსჯავრდებულის გამო, რომლებმაც არ შემოხაზა ხუთიანი, ყველას სცემენ. აი, ეს არის ამათი დაშინების მეთოდი და გასდით კიდეც, _ ვერც ერთი პატიმარი ვერ ბედავს ამაზე ხმამაღლა საუბარს; პირიქით, რომ ჰკითხოთ, ძალიან კარგად არიან და კარგადაც ექცევიან. ხოლო ვინც ბედავს საუბარს და გვიყვება, რა უბედურებაც იქ ტრიალებს, თან გვთხოვს, რომ ეს არ გავახმაუროთ, არ ვაცნობოთ მედიას და ა.შ.

_ გამოდის, რომ მსჯავრდებულების სახით «ნაცმოძრაობას» სერიოზული ელექტორატი ჰყავს. თქვენ ოპოზიცია ახსენეთ და რა მექანიზმები აქვს მას იმისთვის, რომ სასჯელაღსრულებითს დაწესებულებებში სიტუაცია მეტნაკლებად აკონტროლოს?

_ ერთადერთი ყველაზე რეალური საშუალება, ალბათ ისაა, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები უფრო მეტად გაააქტიურონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით მისი სრული განეიტრალება ვერ მოხერხდება…

_ და არის დღეს ოპოზიცია ციხეებში არსებული მდგომარეობით დაინტერესებული?

_ სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლები მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან ამ საკითხით, როცა ვიღაცას კლავენ, აწამებენ, სცემენ და ეს ყველაფერი ხდება გარკვეული ვნებათაღელვის საგანი. ანუ, თუ ფაქტს არ აქვს დიდი რეზონანსი, არავის აინტერესებს, იმიტომ, რომ ასეთი თემით მანიპულირება არ არის მომგებიანი. მოკლედ, ეს საკითხი ოპოზიციურ სპექტრში, ფაქტობრივად, მიჩუმათებულია და არავინ საუბრობს ამაზე. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება, რასაც უნდა, იმას აკეთებს. მან იცის, რომ მის ოპონენტებს ეს სფერო მისთვის ექსკლუზიურად აქვთ ჩაბარებული და, რაც უნდა მოხდეს, ხმის ამომღები არავინაა…

_ გარკვეულწილად ეს ყველაფერი, ალბათ, თვითონ მსჯავრდებულების ბრალიცაა, რადგან არც ერთი მათგანი, არც მათი ოჯახის წევრები თავიანთ პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ. ამას ბედავენ მხოლოდ ისინი, ვისაც უკვე მოუკლეს ახლობელი და დასაკარგი არაფერი აქვთ

_ სამწუხარო სწორედ ისაა, რომ, ვისაც მოუკლეს, ზოგი მათგანიც არ საუბრობს. მაგალითად, ქიმერიძის ოჯახი. ვერაფრით დაითანხმეს ეს ხალხი, რომ ერთი-ორი სიტყვა მაინც ეთქვათ. არ ვამბობ, რომ ისინი დააშინეს და დაატერორეს, მაგრამ არაა გამორიცხული, მოესყიდათ, ანუ შეიძლება გარკვეული თანხა მისცეს და უთხრეს, გაჩუმდითო; ამათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როგორ შეიძლება, ასეთ დროს გაჩუმდე, არ მესმის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამით არა მარტო დანაშაულს ფარავ, საფრთხეში აგდებ სხვა მსჯავრდებულებსაც, იმიტომ, რომ არავინ იცის, ხვალ და ზეგ კიდევ ვის გადმოაგდებენ ფანჯრიდან და ვის ამოხდიან სულს ცემაში.

_ ისე, ცოტა არ იყოს უცნაური ლოგიკაა: ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს თავის წინასაარჩევნო პიარკამპანიაში და ამ დროს ერთ რიგით პოლიციელს ვერ იმეტებს დასასჯელად. არადა, ამის პრეცენდენტი რომ შექმნილიყო, «ნაცმოძრაობა» ხომ სერიოზულ ქულებს დაიწერდა ხალხის თვალში?

_ გეთანხმებით, მაგრამ ორი მიზეზია, რის გამოც ამას არ აკეთებენ: ერთი ის, რომ, როგორც გითხარით, ამით იმ გაკერპებული შუშის შენობების რეპუტაცია შეილახება და მეორე, წინასაარჩევნო პერიოდია და ეს შეიძლება გარკვეულ უკანდახევად ჩაეთვალოს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის არც კი ფიქრობს რაიმე კომპრომისსა და უკანდახევაზე, პირიქით, ამ ხელისუფლების პოლიტიკა არის ის, რომ სულ უფრო მეტი მართვის სადავეები ჰქონდეს ხელში, რაც შეიძლება მკაცრად აკონტროლებდეს საზოგადოებას და ერთპიროვნულად წარმართავდეს ყველა პროცესს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი ისაა, რომ ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ თავიანთ ნებაზე მიშვებული. ასე რომ, ხელისუფლებას ახლა არაფერში აწყობს პოლიციის მიმართ სიმკაცრის გამოჩენა, მით უფრო კი თანამშრომლის დასჯა, რაც ბევრისთვის დამაფიქრებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, სანამდე შეიძლება ეს რეჟიმი გაგრძელდეს? რამდენად დიდია ალბათობა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოება აფეთქდეს?

_ თუ ასე გაგრძელდება, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს გარდაუვალია. საერთოდ, ძალადობრივ მეთოდებზე დამყარებული რეჟიმები მანამდე ინარჩუნებენ ამ სისტემას, სანამ საზოგადოებაში მოთმინების ძაფი გაწყდება და უამრავი მაგალითი ვიცით ასეთი. აგერ პინოჩეტის რეჟიმი 20 წელი არსებობდა, ბოლოს კი იძულებული გახდა, თვითონ ჩაეტარებინა დემოკრატიული არჩევნები. ახლახან კიდევ ე. წ. არაბული გაზაფხული ვიხილეთ და ვნახეთ, როგორ დაასრულეს იქ ავტორიტარულმა რეჟიმებმა არსებობა. ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა: სანამდეც გასდით, ინარჩუნებენ ძალაუფლებას, ხოლო როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. მოკლედ, ყველა ხალხს, ყველა საზოგადოებას ჰყავს ის ხელისუფლება, რომელსაც იმსახურებს. რეალურად დღეს ჩვენ ამ ხელისუფლებას ვიმსახურებთ. ხვალ და ზეგ დავიმსახურებთ უკეთესს? _ უკეთესიც გვეყოლება, მაგრამ ამისთვის ჯერ, პირველ რიგში, საჭიროა ძირეული ცვლილებები…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here