მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს 73 წელი შეუსრულდა ჩვენს თანამემამულეს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენს, ოლიმპიადებში სამგზის გამარჯვებულ სამმხტომელ ვიქტორ სანეევს.
2012 წლის ზაფხულში, ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მესვეურებმა ლონდონის მეტროპოლიტენის სადგურებს დროებით შეუცვალეს სახელები და მათ ლეგენდარული სპორტსმენების სახელები დაარქვეს. ეს სპორტსმენები იყვნენ ინგლისელი მორბენალი სებასტიან კოე, უნგრელი მოკრივე ლასლო პაპი, ჩეხი მორბენალი ემილ ზატოპეკი, რუსი ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინა, შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი და სხვ. მათ შორის იყო საბჭოთა მძლეოსანი ვიქტორ სანეევიც, ამ სახელოვან სპორტსმენთა შორის ვიქტორ სანეევი გამორჩეულია იმით, რომ ერთ-ერთი მძლეოსანია მსოფლიოში, რომელმაც 4 ოლიმპიადაზე სამხტომში 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში, ქალაქ არმავირიდან აფხაზეთში გადასახლებული კაზაკის ოჯახში. ბავშვობიდანვე ძალიან მოძრავი იყო დახტოდა, დარბოდა, ცურავდა, ტანი რომ აიყარა, კალათბურთის თამაში დაიწყო, მაგრამ მეგობრის რჩევით, მძლეოსნობაში გადავიდა, მწვრთნელმა აკოფ კერსელიანმა თავის ჯგუფში ჩარიცხა და ცოტა ხანში მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში სამხტომში, სიგრძეზე ხტომასა და 100 მეტრზე სირბილში საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწია. საბოლოოდ კი სამხტომი აირჩია.
“ფრენა უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. მერწმუნეთ, ასეთ რამეს ვერც სიმაღლეზე ხტომაში იგრძნობთ და ვერც სიგრძეზე ხტომაში. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ნახტომი 14 მეტრსა და 90 სმ–ზე იყო, საუკეთესო კი 17 მეტრსა და 44 სმ–ზე. ეს შედეგი სოხუმში ვაჩვენე 1972 წელს და მსოფლიოს რეკორდიც დავამყარე, თუმცა ამას წინ უძღოდა 20-წლიანი ჯოჯოხეთური შრომა. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მწვრთნელის უპირველესი ამოცანა სტადიონზე ჩემი სავარჯიშოდ მიყვანა კი არა, სტადიონიდან, ვარჯიშიდან გაგდება იყო”, იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ვიქტორ სანეევი.

ვიქტორ სანეევის სპორტული კარიერის პიკი იყო 1975-1976 წლები, თუმცა ყველაზე კარგი შედეგები 1967-1972 წლებში აჩვენა. ამ ხუთ წელიწადში 110 ტურნირში მონაწილეობდა და მათგან 90-ში გაიმარჯვა. ყველაზე დიდი ბრძოლა კი 1968 წელს მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებში გადახდა, მხოლოდ ის რად ღირს, რომ იტალიელ ჯენტილესა და ბრაზილიელ პრუდენსიოსთან ჭიდილში 5-ჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი და საბოლოო წერტილი დასვა _ 17მ და 39სმ.
შემდეგ მოიგო მიუნხენისა (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიადები.
მოსკოვის ოლიმპიადაზე კი 1980 წელს უსინდისო მსაჯებმა მეტოქეს, ესტონელ იააკ უუდმიაეს, რამდენიმე სანტიმეტრი წაუმატეს და ოლიმპიადის ოქროს მედალი მოაგებინეს, 35 წლის სანეევი კი იძულებული შეიქნა, ვერცხლის მედალს დასჯერებოდა.
“დიდ სპორტში მხოლოდ ნიჭის ამარა ვერაფერს გახდები, მხოლოდ უმძიმესი ინტენსიური შრომით ყალიბდება კარგი სპორტსმენი. ვარჯიში არ უნდა დაგეზაროს ის ხომ თვითდაჯერებისა და საკუთარი თავის გაწვრთნის საუკეთესო საშუალებაცაა. მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა მძლეოსანმა კი საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტად პროფესიული დამოკიდებულება უნდა გამოიმუშაოს. ყველგან და ყველაფერში ის ასკეტურ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს, ჰქონდეს გაანალიზების უნარი, შეცდომებზე დაფიქრების სურვილი და არ დაკომპლექსდეს მარცხით”, ამბობს ლეგენდარული სპორტსმენი.

1990-იან წლებში, საქართველოსთვის მძიმე პერიოდში, როცა ქვეყანაში ლუკმაპურის შოვნა გაჭირდა, სამშობლოს დატოვება გადაწყვიტა. 1992 წელს წავიდა ავსტრალიაში ოჯახთან ერთად. მუშაობა დაიწყო სენტ–ჯოზეფის პრესტიჟულ კოლეჯში. ამ სასწავლებელმა ვიქტორ სანეევს ბინა მისცა, ვაჟმაც დაიწყო მუშაობა. სიტუაცია 5 წლის შემდეგ აირია და თითქმის 3 წელიწადს გაგრძელდა მომთაბარე ცხოვრება. ერთ ხანს ძალიან გაუჭირდა… იქამდეც კი მივიდა, რომ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა: ესა და ეს კაცი ვარ და ჩემს ოლიმპიურ მედლებს ვყიდიო, მაგრამ იქაურებმა ოქროს მედლების ხელში ჩაგდება ჩალის ფასად მოისურვეს _ 5 ათას დოლარად, ამიტომ აღარ შეელია თავისი მონაგარს. შემდეგ კი ჯილდოების გაყიდვა ახლობლებმა გადააფიქრებინეს. ამ გაჭირვების ჟამს პიცას ჰყიდდა შეკვეთით… ახლა კი, ასე თუ ისე, ყველაფერი რიგზეა.
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, უკვე 26 წელიწადია, ავსტრალიაში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ ავტრალიის ქალაქ სიდნეიში, ბატონი ვიქტორის ოჯახში, დღესაც შეგიძლიათ ნახოთ პატარა საქართველო: მის სახლში მისაღები ოთახის კედლებს საქართველოს ფოტოები ამშვენებს, თაროებზე კი უამრავი ქართული სუვენირია.
“სანეევების ოჯახში ყოველთვის სიხარულით გხვდებიან. სადღესასწაულოდ აქ დიდი სუფრა იშლება და მაგიდასთან ჩემი კუთვნილი ადგილიც მაქვს. სუფრას ყოველთვის ამშვენებს საგანგებოდ გადანახული ერთი ბოთლი ქართული ღვინო. ვსაუბრობთ საქართველოზე და ყველა სადღეგრძელო საქართველოსა და ქართველ ხალხს ეძღვნება… კარი ამჯერადაც ბატონმა ვიქტორმა გამიღო, წინსაფრითა და ფქვილით დასვრილი ხელებით შემეგება, შენთვის მეგრულ ხაჭაპურს ვაცხობო, მითხრა და სამზარეულოსკენ გაეშურა… მისაღებ ოთახში გაშლილი სუფრა დამხვდა, ვიქტორის ვაჟმა _ სანდრომ ჭიქები ქართული ღვინით შეავსო და ამასობაში ხაჭაპურიც გამოცხვა.
მიყვარს ქართული წესით სტუმრების გამასპინძლება, თავისუფალ დროს კი ჩემს ბაღში ვფუსფუსებ, თუ საქმე გიყვარს მუშაობით არ იღლები. ყოველდღე ჩემს მეგობრებს ვესაუბრები და ვეფერები. ჩემს ბაღს რომ ვუყურებ, სიცოცხლე მიხარია. მითხრა ვიქტორ სანეევმა”, წერს გაზეთ “საქართელოს დემოგრაფიაში” (#1, 2015 წ.) ავსტრალიის კიდევ ერთი ქართველი მოქალაქე, კინომსახიობი და მოდელი თათული ბართაია, რომელმაც ინტერვიუ ჩამოართვა ლეგენდარულ სპორტსმენს.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა
ცნობისთვის: მძლეოსანი, ლეგენდარული სამმხტომელი ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში. პირველი ჯილდო 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადმოვიდა და “დინამოს” სახელით მონაწილეობდა შეჯიბრებებში. 1968 წელს პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამხტომში (სულ რვაჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის პირველობა 1968-71, 1973-75 და 1978 წლებში). არის მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971). საბჭოთა კავშირის პირველობაზე გამარჯვებამ მას მექსიკის 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წასვლის საშუალება მისცა, სადაც პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. აქ, 1968 წლის 17 ოქტომბერს, სანეევმა ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, გადახტა რა ჯერ 17.23, ხოლო შემდეგ 17.39 მეტრზე. ოთხი წლის შემდეგ, კვლავ 17 ოქტომბერს, სანეევმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, გადახტა რა 17.44 მეტრზე. მექსიკის ზაფხულის ოლიმპიადის გარდა, სანეევმა ოქროს მედალი მიუნხენისა (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიადებზეც მოიგო, ეს უნიკალური მიღწევაა _ ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოგება. ძალიან ახლოს იყო ოქროს მედლის მოგებასთან 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზეც, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა, სანეევს მოგებული აქვს ათენისა (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები. არის საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.