2018 წლის 11 ივნისს “კავკასიის სახლში” საქართველოს ვეტარანთა და შეიარაღებული ძალების კავშირის, საქართველოს ალპინისტთა ნაციონალური ფედერაციის, გაზეთ “ვეჩერნი თბილისის”, საქართველოში ჩეხური მიწათმოქმედების ორგანიზაცია “ზლატა პრაღას” ინიციატივით დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრა მოეწყო თემაზე: “ჩეხეთ–საქართველოს საბრძოლო და ალპინისტური მეგობრობა”.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ვეტარანთა და შეიარაღებული ძალების კავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ შუბლაძე, თავმჯდომარე ორგანიზაციისა “ქართველი ალპინისტები კავკასიისთვის ბრძოლაში” გივი ქართველიშვილი და, რაც მთავარია, დიდი სამამულო ომის ვეტერანები.
შეხვედრა მიეძღვნა სამამულო ომის მონაწილის, კავკასიისა და ჩეხეთის გათავისუფლებისთვის მებრძოლ ირაკლი ყანდარელის ხსოვნას. შეხვედრა სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა, დროდადრო ჟღერდა დიდი სამამულო ომის თემაზე შექმნილი მუსიკა, აჩვენებდნენ მნიშვნელოვანი ბრძოლების კადრებს. თვალცრემლიანი ვეტერანები სიმაყით იხსენებდნენ იმ სასტიკი ომის მძიმე დღეებს…
ტიტე ლეფსაია, თბილისის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე:
_ დღეს კარგი ღონისძიება ტარდება. საქართველოში ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ჩეხეთის გათავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებთან და, საერთოდ, დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრა, რაც ძალიან ახარებთ ჩვენს ვეტერანებს. ისინი ცოტანიღა დარჩნენ და ყოველი დღე მათ მოფერებაში უნდა გავატაროთ; ვაჩუქოთ სითბო და სიყვარული, მადლობა გადავუხოთ იმისთვის, რომ მიწა-წყალი შეგვინარჩუნეს. ჩეხეთისთვის ბევრი ქართველი იბრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ ორია დღეს ცოცხალი და მათაც ვერ მოახერხეს დღეს აქ მოსვლა”…
თენგიზ შუბლაძე, საქართველოს ვეტერანთა და შეიარაღებული ძალების კავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, გენერალ–მაიორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
_ ხშირად ამბობენ, რომ დიდ სამამულო ომში ქართველები სხვის ომში იბრძოდნენ, რაც ძალიან ცუდია. ეს ომი იყო სამშობლოს დასაცავად და იქ უამრავი ქართველი დაიღუპა. საბჭოთა კავშირი იყო ჩვენი სამშობლო, ამიტომ გვაქვს უფლება, ვთქვათ, რომ სამშობლოს ვიცავდით. ჩვენ ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს ამ ომში დაღუპულები და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, ხოლო ომის ცოცხალ მემატიანეებს, ბრძოლებგამოვლილ ვეტერანებს, ქედს უნდა ვუხრიდეთ.
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა