უკრაინიდან გამობუნძულებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი ჰოლანდიას რომ შეაფარა, ძველი ამბავია. მას შემდეგ დაეხეტება საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინული ოპოზიციის არშემდგარი ლიდერი და საზოგადოდ, 21-ე საუკუნის ოსტაპ ბენდერი ჰოლანდიაში ვიდეოებს იღებს და კვირაში რამდენჯერმე მოუწოდებს მხარდამჭერებს: არიქა, მთავრობას შეუტიეთ, თქვენ გვერდით ვარო.
ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად “გაფარჩაკებულია”, ყველაზე კარგად თვითონ იცის, მაგრამ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ხომ გაგიგონიათ?! თუმცა, მხოლოდ ხავსს კი არა, ისეთებს მოეჭიდა, თავმოყვარე კაცი რომ… საზოგადოდ, თავმოყვარეობა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში აკრძალული სიტყვაა. უფრო ზუსტად, მას არც ხელისუფლება იყენებს და არც ოპოზიცია, არ სჭირდებათ და იმიტომ. ჰოდა, უთავმოყვარეო სააკაშვილთან უფრო უთავმოყვარეო ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ და ერთგულება შეჰფიცეს. ვერ გეტყვით, ეამბორენ თუ არა ხელზე (ან სხეულის სხვა ნაწილზე) სააკაშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წელს მკვლელად და დიქტატორად გამოცხადებულ სააკაშვილს თითოკაციანმა თუ გათითოკაცებული პარტიის ლიდერებმა კოჭი გაუგორეს.
მაშ ასე, მიშას საამბოროდ თუ საკოცნელად ამსტერდამში შემდეგი შემადგენლობა ჩავიდა: ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია, “ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი პაატა მანჯგალაძე, თავმჯდომარე პარტიისა “სახელმწიფო ხალხისთვის” ნიკა მაჭუტაძე, ლიდერი “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” ზურაბ ხარატიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა ახალი საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე და “ქრისტიან-კონსერვატიული” პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია.
როგორც გაირკვა, ეს პარტიები აპირებენ, წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ და ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი შესთავაზონ ამომრჩეველს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც ამ პარტიებშია გაერთიანებული, ნიკა მელიას საჩხუბრად დაჰყავს ხოლმე ბორჯომში. მაშ, რისთვის სჭირდება ფინანსურად ისედაც შეჭირვებულ “ნაციონალურ მოძრაობას” ეს დამშეული ხალხი?! პასუხი მარტივია _ სჭირდება იმისთვის, რომ ევროპასა და ამერიკას ფურცელზე დაუწეროს: აგერ, ბატონო, ათამდე ოპოზიციური ძალა ვართ შეკრებილი და მოგვისმინეთო. აი, იმის გარკვევას კი, ვის რამდენი წევრი ჰყავს პარტიაში, არ დაიწყებენ არც ევროპელები და არც ამერიკელები, რადგან არასდროს გაურკვევიათ და რაღა ახლა მოიკლავენ თავს. სხვათა შორის, ამ ადამიანებს მიშასთვის არ უკითხავთ, უკრაინიდან რომ გამოგაბუნძულეს, პირობა რომ დადე, დავბრუნდები, პოროშენკოს დავამხობ, ხმას რატომ აღარ იღებო, მაგრამ, ნურას უკაცრავად _ როგორც იქნა, ეღირსათ და თავიანთ მამა–მარჩენალს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას ამ ვითომ ოპოზიციას ჩუმად აწოვებდა მადლიერ ძუძუს, ხელი ჩამოართვეს. თანაც სად, შუაგულ ამსტერდამში… ისიც ვთქვათ, რომ ამ გუდამშიერი პარტიების ლიდერთა ვიზიტი ჰოლანდიის დედაქალაქში ნაციონალებმა დააფინანსეს.
წეღან თავმოყვარეობა ვახსენეთ და თამამად შეგვიძლია, ამ ადამიანებს უთავმოყვარეოები ვუწოდოთ. უთავმოყვარეო იმიტომ, რომ ფულის გამო არა მხოლოდ პრინციპებზე ამბობენ უარს, არამედ მხარში უდგანან ადამიანს, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ლანძღავდნენ, მის გასამართლებას ითხოვდნენ, დიქტატორად მოიხსენიებდნენ, მაგრამ… ნუ გაგიკვირდებათ, თუ უკან ჩამოფრენილი ლიდერები აეროპორტშივე დაიწყებენ ლუღლუღს: “ფული ბაბა, ბევრი ფული…” ბევრი _ მათი საზომით, თორემ, რასაც მაგათ მიუგდებს სააკაშვილი, იმაზე მეტს ამსტერდამში ოპიუმით გატენილ ნამცხვარში გადაიხდის. ჰო, ოპიუმით გატენილში და გვერწმუნეთ, ამ შეხვედრის წინაც მიიღებდა რამე დამამშვიდებელს, თორემ ფხიზელი თავით ბაჩუკი ქარდავასა და პაატა დავითაიას მოსმენა არ გინდა?!
ის თუ გახსოვთ, პაატა დავითაია რომ გაჰყვიროდა, პარლამენტმა ლუსტრაციის შესახებ კანონი უნდა მიიღოს და უნდა გავიგოთ, ვინ ვინ არისო?! რაღად გვინდა კანონი და წვალება, ამაზე ხილული ლუსტრაცია არც მსმენია და არც მინახავს. წავიდნენ ამსტერდამში საილუსტრაციოდ, ჩაატარეს ლუსტრაცია და მოდიან ახლა უკან ჯიბედამშვენებულები. ეგ კი არა, სერიოზული ეჭვი გვაქვს, იმ ხელს, რომელიც სააკაშვილს ჩამოართვეს, კარგა ხანს არ დაიბანენ და მერე მიშას მოახსენებენ, ასე ვქენითო. ჰო, რომ იცოდეთ, ბატონებო, სიტყვა მონა ლექსიკონში შემდეგნაირად არის განმარტებული _ “მონათმფლობელურ საზოგადოებაში ექსპლუატირებული პირი, რომელიც მონათმფლობელის საკუთრებას წარმოადგენს, ანუ თავისუფლებას მოკლებული, უუფლებო, ჩაგრული ადამიანი…” კი არ გეწყინოთ, მაგრამ თვითონ მოისურვეთ მონობა და დღევანდელი რეალობით თუ ვიმსჯელებთ, არც გაქვთ მეტის პრეტენზია. აი, როგორი მონათმფლობელია მიშა, კი ვნახეთ ყველამ ერთად და ფრთხილად იყავით, ბატონებო, ცხელ გულზე რამე არ გაახსენდეს.
ბესო ბარბაქაძე
P.S. თფუი…