Home რუბრიკები საზოგადოება 22 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

22 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

677

მმართველი პარტია თავის ამპლუაშია – არავის არაფერს უთანხმებს

ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტში, იმ საკითხების პრეზენტაციას, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული არ ყოფილა, “ნაციონალური მოძრაობა” მომავალ კვირაში გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა. მან აღიარა, რომ ახალ საარჩევნო კოდექსში მართლაც არის ისეთი ცვლილებები, რომელიც ოპოზიციასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ეს ცვლილებები “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაა და მისი პრეზენტაციაც და განხილვებიც აუცილებლად მოხდება.

 კუბლაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ ცვლილებებს  არასამთავრობო სექტორსაც, პარტიებსაც და მთელ საზოგადოებასაც გააცნობენ. მასზე იმსჯელებს ვენეციის კომისიაც. რაც შეეხება ოპოზიციასთან შეთანხმებულ საკითხებს, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, კანონპროექტში ისინი სრულად არის ასახული.
 
საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. რამდენიმე თვის წინ კი ხელისუფლებამ შეთანხმება მხოლოდ რამდენიმე პარტიასთან მოახერხა. ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ სარედაქციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც შეთანხმებების საკანონმდებლო წინადადებებად ჩამოყალიბებასა და რეფორმის ფარგლებში რიგი კომისიების შექმნაზე გააგრძელა მუშაობა.   
 კი, ბატონო, განვიხილოთ!

მმართველი პარტიასთან „შეთანხმებული“ ოპოზიციის პროტესტის შემდეგ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მზადყოფნა გამოხატა, საარჩევნო პროცესში ვიდეოთვალისა და მარკირების საკითხზე განხილვები გააგრძელოს. როგორც ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, თავის დროზე, როდესაც საქართველოში საარჩევნო პროცესში ვიდეოკამერების შემოღება განხორციელდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ.
მისი თქმით, შეკითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოკამერის დამონტაჟებით შეიძლებოდა დარღვეულიყო ხმის მიცემის ფარულობა, რადგან ცნობილი ხდებოდა, თუ ვინ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა. კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებულ სამოდელო კოდექსით, არ შეიძლება პიროვნების მიერ ხმის მიცემისა და არჩევნებზე მისი ყოფნა-არყოფნის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყოს.  
“აქ იყო მთავარი კითხვის ნიშნები. ამიტომ ამოვიღეთ ეს ნორმა” – განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელოს. კუბლაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის დამონტაჟების პრეცედენტი, მსოფლიოში არ არსებობს. რაც შეეხება მარკირებას, კუბლაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა საკუთარ პოზიციას მარკირებაზე და მიაჩნდათ, რომ მარკირება პროცედურების ზედმეტად გადატვირთვა იყო და დამატებითი ეფექტი არ ჰქონდა.  
 ცნობისათვის: მარკირებაც და ვიდეოთვალიც სწორედ მმართველი პარტიის დაჟინებული მოთხოვნით შევიდა საარჩევნო კოდექსში.  
“ეს იყო ის საკითხი, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან წამოვიდა. ჩვენ გავიზიარეთ ეს პოზიცია. თუმცა თუ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია განსხვავებული იქნება, მზად ვართ, მათთან ერთად განვიხილოთ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები”, – აცხადებს დღეს კუბლაშვილმა.
ისრაელი ქართულ ციხეებში მისი მოქალაქეების მიმართ სასტიკ მოპყრობას აპროტესტებს 
ისრაელის საელჩო საქართველოში აღშფოთებას გამოთქვამს ციხეში მყოფი ისრაელის მოქალაქეების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. დიპლომატიურმა უწყებამ საპროტესტო წერილები გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველს.
რონი ფუქსმა საკუთარ ადვოკატ არჩილ კბილაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფუქსი წერს, რომ 17 სექტემბერს, ღამის 02:00 საათზე, მის საკანში შავებში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები შევიდნენ, სახით კედელთან დააყენეს და ხელები მაღლა ააწევინეს.  
კბილაშვილის თქმით, ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩს აცნობა, რის შემდეგაც ელჩი საპატიმროში ფუქსისა და ფრენკელის მოსანახულებლად მივიდა. ადვოკატის ინფორმაციით, რონი ფუქსის წერილი ელჩმა თელ-ავივშიც გააგზავნა.  ებრაელი ბიზნესმენები გასულ წელს, ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  
 ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, რონი ფუქსის მიმართ კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სახალხო დამცველი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ფუქსს 2 დღის წინ ომბუდსმენის წარმომადგენლები ციხეში შეხვდნენ და პირადად ესაუბრნენ. 
„პატიმარმა მიუთითა რომ ადგილი ჰქონდა გვიან საათებში მისი საკნის შემოწმებას. სამართალდამცველები შევიდნენ და საკნის შემოწმება დაიწყეს, კედლისკენ მიტრიალებული საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა. ფუქსი მიუთითებდა გარკვეულ პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება საკვებსა და სხვა საკითხებს. არის კიდევ გარემოებები, რომელიც ჩვენი მხრიდან დამატებით შესწავლას საჭიროებს, თუმცა, თუ დადასტურდება კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტი, ჩვენ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. იყო საუბარი გამუდმებით, სამი დღის განმავლობაში ზედიზედ საკნის შემოწმებაზე, როდესაც მას ეძინა. ეს ეჭვს ბადებს, რადგან ნორმალური არ არის. შეიძლება უშუალოდ არც ერთ კანონს არ არღვევდეს შემოწმება, მაგრამ ცხადია, რომ ეჭვის გამომწვევია. გადასამოწმებელია, შემოწმება მხოლოდ მის საკანს შეეხო, თუ მთლიანად დაწესებულებაში იყო“,-განაცხადა გიორგი ტუღუშმა. მისივე თქმით, ხვალ აპირებს საუბარს საქართველოში ისრაელის ელჩთან, რომლისგანაც დამატებით ინფორმაციებს მიიღებს.
ისრაელის საელჩომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც საელჩო აღშფოთებას გამოთქვამს ციხეში მყოფი ისრაელის მოქალაქეების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.  როგორც საელჩოში განაცხადეს, დიპლომატიურმა უწყებამ საპროტესტო წერილები გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს.
ორი ეკლესიის ერთი სატკივარი
თბილისს დღეს ეწვია კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ქრიზოსთომოსი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები. დღესვე საპატრიარქოში ორი ეკლესიის მეთაურის შეხვედრა გაიმართა. მთავარეპისკოპისი ქრიზოსთომოსი საქართველოში 27 სექტემბრამდე დარჩება.
„კვიპროსი და საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არც ერთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს“, – ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსთომოსმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
„მე არასდროს არ დავცხრები და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც არ დაცხრებით. ჩვენ ორნი არ გამოვტოვებთ არც ერთ შესაძლებლობას, არც ერთ ტრიბუნას, სადაც ჩვენს ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას გავაპროტესტებთ. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო შემთხვევას, რომ მივაწვდინოთ ხმა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“, რათა მათ ჩვენი მოთხოვნები ყურად იღონ. გაერთიანებული ევროპა, გაერო და ყველა დიდი ორგანიზაცია პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, რელიგიურ მრწამსს, ამიტომ ჩვენი ვალია, მათ ჩვენი გასაჭირი მივაწვდინოთ“, – აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსთომოსმა.
კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია II-ს საქართველოში მოწვევისთვის.
თავის მისასალმებელ სიტყვაში მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსთომოსმა აღნიშნა, რომ ორ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა ქრისტიანობის პირველსავე საუკუნეებში დაიწყო. მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის მოსალოცად მიმავალი ქართველები კვიპროსზე ჩერდებოდნენ. 
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა აღნიშნა, რომ ერთ დროს მათ მიწაზე ძალიან ბევრი ქართული ტაძარი იყო. დღეს ნანგრევებია, თუმცა მთავარეპისკოპოსმა ბრძანა, რომ მალე ეს ნატაძრალები განახლდება. ეკლესია კვიპროსსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი იქნება.
მთავარეპისკოპოსი ქრიზოსთომოსი თავის სიტყვაში დაეთანხმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ საქართველოსა და კვიპროსს ერთნაირი ბედი აქვთ. თუმცა დასძინა, რომ მათი ტერიტორიის 40% სხვა აღმსარებლობის ხალხს – მუსლიმებს აქვთ დაკავებული. კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და კვიპროსის ხელისუფლება, ეკლესიის საჭეთმპყრობელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სიტუაცია შეიცვალოს და ქვეყნები გამთლიანდეს.
„ჩვენი ქვეყნებისა და ეკლესიების ბედი ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ მწუხარებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიები დაპყრობილია, ისევე, როგორც კვიპროსის დიდი ნაწილი დაპყრობილია მეზობელი ქვეყნის მიერ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხალხი არასდროს შეეგუება საქართველოს დაყოფას, ისევე, როგორც კვიპროსის ხალხი არ შეეგუება გაყოფას“, – ბრძანა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის მთავარეპისკოპისისადმი მისასალმებელ სიტყვაში.
უწმინდესმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსს მამობრივი მზრუნველობისათვის, რომელსაც იგი იჩენს კვიპროსზე დროებით ჩასული ქართველების მიმართ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მშვიდობა და გამთლიანება უსურვა კვიპროსს და მის უძველეს ეკლესიას.
რუსთაველის თეატრი სეზონს „ნადირობის სეზონით“ ხსნის
რუსთაველის თეატრი 23 სექტემბერს სეზონს პრემიერით გახსნის. დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას ერთმოქმედებიანი ტრაგიკომიკური ფანტასმაგორია “ნადირობის სეზონი”. სპექტაკლის მხატვარია თემურ ნინუა, კომპოზიტორი – გია ყანჩელი, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე. გამოყენებული იქნება ფრაგმენტები ბახის, ჩერჩილის, სტოტჰარტისა და რუბის მუსიკალური ნაწარმოებებიდან.
“ნადირობის სეზონში” მონაწილეობენ დასის მსახიობები: ია სუხიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, ზუკა პაპუაშვილი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ზაზა ბარათაშვილი, გელა თავბერიძე, კახა კუპატაძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი. სპექტაკლის დასაწყისი – 19:45 საათზე. საპრემიერო ჩვენებები 24, 25 და 29 სექტემბერს გაიმართება.
“ნადირობის სეზონი”  29 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში იქნება ნაჩვენები.
სიღნაღი „ყველის ფესტივალს“ უმანსპინძლებს
5 ოქტომბერს სიღნაღი „ყველის ფესტივალს“ უმანსპინძლებს. იგი რესტორან „ღვინის სამყაროს“ ეთნოგრაფიულ ეზოში გაიმართება. მისი სახელწოდებაა „ქართული ყველის მომავალი“.
მესხური ყველის მომზადებაში შეჯიბრი გაიმართება, ნაჩვენები იქნება ყველის დამზადების ტექნოლოგია. ტურიზმის ეროვნული სააგენტო გვპირდება, რომ ფესტივალის სტუმრებს ყველსაც გაასინჯებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here