Home რუბრიკები პოლიტიკა მერამდენედ უნდა გვითხრან, რომ დიალოგის დაწყება აუცილებელია?

მერამდენედ უნდა გვითხრან, რომ დიალოგის დაწყება აუცილებელია?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული, საქართველოს ხელისუფლება კი ყურს არ იბერტყავს.

“რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რომელიც 2008 წელს შეწყდა, მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული. ჩვენ არ გაგვიწყვეტია ეს ურთიერთობები”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.

ეს უკვე მერამდენედ _ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაუფარავად, ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე ამბობენ, რომ მზად არიან, დაიწყონ საქართველოსთან დიალოგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენის შესახებ.

ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში ყოველწლიურ კონფერენციაზე ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა:

საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ, მაგრამ მზად ვართ ამ ურთიერთობის აღსადგენად, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, პირველ რიგში, ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების საქმეა. საჭიროა მათთან მუშაობა, ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ”.

მეტი რაღა უნდა თქვან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა? მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოსვლის წინ, 2012 წელს, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ასახელებდა, ყურსაც არ იბერტყავს, ამერიკელი პატრონების მითითებას უსიტყვოდ ასრულებს და გაუსაძლის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მყოფ მოსახლეობას ე.წ. ვიზალიბერალიზაციითა და კვლავ ნატო-ევროკავშირში შესვლის დაპირებით კვებავს. ამასთანავე, თბილისში ე.წ. ლუგარის ბიოლაბორატორიის ამოქმედების შემდეგ ვაზიანში ქართულ-ამერიკული სასწავლო ცენტრის გახსნით, რუსეთს დამატებით საბაბს აძლევს, ჩვენი ქვეყანა სამიზნეში ამოიღოს და ამით რუსულ-ქართული დაპირისპირების პოლიგონად აქციოს.

რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს _ სხვანაირად საქართველო ვერ დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მით უმეტეს _ იარაღით, მაგრამ ამის გაგონება არაფრის დიდებით არ სურს ამერიკის მარიონეტ ხელისუფლებას.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here