Home რუბრიკები სამართალი ხულოს საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა 5 პედაგოგი ცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია

ხულოს საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა 5 პედაგოგი ცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია

627

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების სკოლის პედაგოგმა დავით ხარაბაძემ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა ინეზა ხარაბაძემ მაშინ განახორციელა, როდესაც ის პირველ კლასში გაკვეთილს ატარებდა. ქალბატონმა მას თავში ხელკეტი ჩაარტყა. დავით ხარაბაძე ფიქრობს, რომ საქმის მწარმოებელი სავარაუდოდ, საათების გამო დაუპირისპირდა მას.

მოგვიანებით კონფლიქტი სკოლის დერეფანსა და სამასწავლებლოში გაგრძელდა, სადაც დირექტორის ინფორმაციით, ინეზა ხარაბაძე 14 მასწავლებელს დაუპირისპირდა. შეხლა- შემოხლის დროს 5 პედაგოგი დაშავდა, რომლებსაც ბათუმში ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. ინეზა ხარაბაძეს დღეს, სკოლის დისციპლინური კომიტეტი სამსახურიდან გაათავისუფლებს.

„პირველ კლასში გაკვეთილს ვატარებდი, რა დროსაც საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე შემოვარდა ხელკეტით და თავში ჩამარტყა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ თვალთ დამიბნელდა და ცუდად გავხდი, წავიქეცი. შემდეგ წამოვდექი და მის შეჩერებას შევეცადე, ხმაურზე შემოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე და გვერდით კლასში მყოფი დირექტორი. ეს ყველაფერი პირველი კლასის მოსწავლეების თვალწინ მოხდა, ბავშვებს შეეშინდათ, ზოგი ტიროდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, კლასიდან გაყვანის შემდეგ, სკოლის მეორე სართულზე გადაინაცვლა და ვინც შეხვდა ყველას ფიზიკურად გაუსწორდა. სამასწავლებლოში არსებული კომპიუტერები, პრინტერი, სკანერი და სხვა ინვენტარი რაც იყო დაამტვრია. ფეხის მოტეხილობის გამო ორი თვით ბიულეტენზე ვიყავი გასული, ჩემი არყოფნის დროს გაკვეთილებს ინეზა ხარაბაძე ატარებდა, ბიულეტენიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი კუთვნილი საათები დამიბრუნდა და ვფიქრობ, ამან გააღიზიანა. მეუბნებოდა, მეორე ფეხიც უნდა მოგტეხო, რომ სკოლაში საერთოდ ვერ მოხვიდეო. მიზეზებზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, საათების გამო დამიპირისპირდა“, – აღნიშნა დავით ხარაბაძემ.

ხარაბაძის განცხადებით, პოლიციამ გუშინ ის და მისი ოთხი კოლეგა ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების სკოლის საქმის მწარმოებლის მიერ პედაგოგების ცემის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here