Home რუბრიკები სამართალი კორუფციის ინდექსით საქართველო 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა

კორუფციის ინდექსით საქართველო 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა

628

კორუფციის აღმის ინდექსის 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს 57 ქულა აქვს და 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისში დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს. როგორც აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, წინა კვლევაში საქართველოს 52 ქულა ჰქონდა, წელს კი ქვეყანამ გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა. 

„გასულ წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება (57 ქულა 52-ის ნაცვლად) კორუფციის აღქმის მხრივ ქვეყანაში გარკვეულ (თუმცა მცირე) წინსვლაზე მიუთითებს (რეიტინგში საქართველოს ადგილის ცვლილება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ქვეყნებში მომხდარი ცვლილებების შედეგი შეიძლება იყოს).

ამასთან, ის გარემოება, რომ 2012-2016 წლებში საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იცვლებოდა, ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის ინდიკატორია.

ბოლო პერიოდში ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ საქართველოში გადაგმული პოზიტიური ნაბიჯებიდან აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რომლებიც გულისხმობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნას და მამხილებელთა დაცვის გაუმჯობესებას.

ამავე დროს, საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად საჭიროა სხვა მნიშვნელოვანი ზომების გატარება:

სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის) პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი.

სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.

დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. საჯარო სამსახურში მიღებისა და საჯარო სამსახურიდან დათხოვნის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს ამ სფეროში.

საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების (მაგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საჯარო სამსახურის ბიუროს) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება და მათ საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის გამორიცხვა.

ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნა სახელმწიფო საწარმოებში.

სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მეტისმეტად მაღალი ხვედრითი წილის შემცირება.

მამხილებელთა ეფექტური დაცვა პრაქტიკაში.

კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება.

ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში 2015 წელს შესული პოზიტიური ცვლილებების რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედება”, – აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here