ქართველ პოლიტიკოსებს ფეხებზე რომ ჰკიდიათ მოსახლეობის პრობლემები და ადამიანების მიმართ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ, არახალია. სახელისუფლებლო თბილ სკამებზე მოსაკალათებლად და საკუთარი კეთილდღეობისთვის რას აღარ კადრულობენ, რას არ ჰპირდებიან მოსახლეობას, მაგრამ, როგორც კი თავისას გაინაღდებენ, ყველაფერი ავიწყდებათ, ხალხს კი თვალში ნაცარს აყრიან. მაგალითად, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ორი თვის წინათ, როდესაც ლარის კურსი კატასწროფულად დაეცა, განაცხადა, რომ სიამოვნებისგან ტანში გააჟრჟოლა, როდესაც ქალბატონმა ჯიბიდან ბღუჯა ლარი ამოიღო.
„მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა, ბღუჯა ამოიღო ქალბატონმა, ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრჟოლებს სიამოვნებისგან! კინაღამ დავკოცნე ის ქალი.“ -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თითქოს გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლარის პოპულარიზაციას ეწევა და ეროვნული ვალუტის დანახვაზე ტანში „აჟრჟოლებს“, მაგრამ, თუ დიმიტრი ქუმსიშვილის ახლახან გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციას გადაავლებთ თვალს, ტანში მართლა გაგაჟრჟოლებთ: საქართველოს ფინანსტთა მინტრს და მის მეუღლეს დანაზოგების დიდი ნაწილი არა ლარში, არამედ დოლარში აქვთ.
დეკლარაციის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში დიმიტრი ქუმსიშვილის აქტივები ასე გამოიყურება:
*მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესი” – 20000.00 ამერიკული დოლარი (სარგებელი 2000 ამერიკული დოლარი)
*თი-ბი-სი ბანკი დეპოზიტი – 3460.00 ამერიკული დოლარი;
*ბანკი “ქართუ” დეპოზიტი – 1000.00 ამერიკული დოლარი;
*ნაღდი ფული – 5000.00 ამერიკული დოლარი;
*ბანკი “ქართუ” – 2.00 ამერიკული დოლარი;
*ბანკი “ქართუ: – 59.00 ამერიკული დოლარი
თანხა ლარებში კი შეადგენს:
*ნაღდი ფული – 20000.00 GEL
*ბანკი “ქართუ” – 3958.00 GEL
*ბანკი “ქართუ” – 297.00 G
დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2016 წლის 20 იანვარს არის შევსებული, პირველი ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის -დიმიტრი ქუმსიშვილის ოჯახის საკუთრებაშია 7 ბინა, მიწის 5 ნაკვეთი, 2 საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხია. ქუმსიშვილის ოჯახი ფლობს ბინებს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე (ფართობი – 24.00 კვ.მ); ამავე ქუჩაზე მდებარე მეორე ბინას, რომლის ფართობიც 34.00 კვ.მ-ია; ასევე, ჟიული შარტავას ქუჩაზე (ფართობი – 189.00 კვ.მ); გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (ფართობი – 55.00 კვ.მ), ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში (ფართობი – 40.00 კვ.მ); ქავთარაძის ქუჩაზე (ფართობი – 58.00 კვ.მ) და ჯიქიას ქუჩაზე (ფართობი – 91.00 კვ.მ); 4 ბინა დიმიტრი ქუმსიშვილის 100%-იან საკუთრებაშია, ორი ბინა მის მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილს ეკუთვნის, ხოლო ერთი – შვილის, იოსებ ქუმსიშვილს. დიმიტრი ქუმსიშვილის საკუთრებაშია, აგრეთვე, საცხოვრებელი სახლი თბილისში, ლამისყანის ქუჩაზე, რომლის ფართობი 312.00 კვ.მ-ია და ამავე მისამართზე არსებული 451.00 კვ.მ -ის ფართობის მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, ქუმსიშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ქალაქ თეთრიწყაროში, ბაგრატიონის ქუჩაზე (ფართობი – 187.00 კვ.მ) და ორი მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობებიც 475.00 კვ.მ და 480.00 კვ.მ-ია. რაც შეეხება სხვა მიწის ნაკვეთებს, ქუმსიშვილის მეუღლე ნატალია თევდორაშვილის საკუთრებაშია მიწის 2 ნაკვეთი დაბა წყნეთში, ე.წ. ნუშის ბაღის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 603.00 კვ.მ და 604.00 კვ.მ-ია. ქუმსიშვილის საკუთრებაშია ასევე, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე არსებული 20.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება სხვა ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ქუმსიშვილის საკუთრებაშია 2006 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა “მერსედეს ბენცი” ხოლო მეუღლე ნატალია თევდორაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანა “ჰუნდაი ტუქსონს”. დეკლარაციის მიხედვით, დიმიტრი ქუმსიშვილის ანგარიშზე 4519 დოლარი, 2 ევრო და 4255 ლარი იყო; მისი მეუღლის, ნატალია თევდორაშვილის საბანკო ანგარიშებზე კი, 8418.00 ევრო (დეპოზიტი) და 439.00 დოლარი ირიცხებოდა. დეკლარაციის შევსების მომენტში, დიმიტრი ქუმსიშვილს 5000.00 დოლარი და 20000.00 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ქუმსიშვილს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესში” 20000.00 დოლარის თამასუქი აქვს. რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილის 2015 წლის საერთო შემოსავალს, მას 71 712.23 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. აქედან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან მან 13054.80 ლარი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – 25000.00 ლარი, ხოლო თბილისის მერის მოადგილის თანამდებობიდან – 33657.43 ლარის შემოსავალი მიიღო. მისმა მეუღლემ ნატალია თევდორაშვილმა შ.პ.ს “მიტარბი”-დან, სადაც ის კონსულტანტია, 1875.00 ლარის შემოსავალი მიიღო. მინისტრის დეკლარაციაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ შპს “რეშენალ სოლუშენსიდან”, რომლის პარტნიორიცაა, 39900.00 ლარი აქვს მიღებული. რა შეეხება მინისტრის წინა წლის გასავლებს, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილმა 68000.00 დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობისთვის, 26939.00 ლარი გადაიხადა. უძრავი ქონების შესაძენად ბანკი “ქართუდან” აღებული 59000.00-დოლარიანი სესხის პროცენტის დასაფარად კი, 41563.00 დოლარი აქვს გადახდილი. 20000.00-დოლარიანი იპოთეკური სესხისთვის კი 2735.00 დოლარის პროცენტი გადაიხადა. მინისტრმა შვილების _ ირაკლი და ნინო ქუმსიშვილების სწავლისთვის 7500 ლარი გადაიხადა. რაც შეეხება შემოსავალს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბინის იჯარით გაცემიდან 5795.00 ლარი მიიღო. ასევე, შემოსავლის სახით აქვს მიღებული თამასუქის სარგებელი – 2279.00 დოლარი. მის მეუღლე ნატალია თევდორაშვილს დეპოზიტზე 890.00 დოლარის სარგებელი დაერიცხა. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს მამამ თეთრიწყაროში 30 000 ლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აჩუქა.
როგორც ხედავთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრს დანაზოგების უდიდესი ნაწილი ამერიკულ დოლარებში აქვს და, ვიღაცის ხელში ბღუჯა ლარების დანახვაზე, რა თქმა უნდა, გააჟრჟოლებდა.
მოამზადა ნიკა კორინთელმა