Home რუბრიკები ისტორია უნივერსიტეტის პირველი პროფესორები

უნივერსიტეტის პირველი პროფესორები

894

ალექსანდრე დიდებულიძე

დასასრული. დასაწყისი იხ. #45 (374)

ალ. დიდებულიძე საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ცნობილი გახდა, როგორც თავისი ქვეყნის გულშემატკივარი, ხალხის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის პიონერი. აი, რას წერდა იგი იმდროინდელი საქართველოს შესახებ: არა მარტო ჩვენს სოფლებში, ქალაქებშიაც არ არის რიგიანად გაყვანილი ქუჩები, არ არის საღი წყალსადენი, არ არის გამოსადეგი საცხოვრებელი სახლები. მალარია და ტუბერკულოზი მუსრს ავლებს ჩვენს ხალხს. დასახლებულ ადგილებს შორის მიმოსვლისათვის არა გვაქვს შესაფერისი გზები, რკინიგზებით ხომ სრულიად ღარიბნი ვართ, არ გვაქვს სარწყავი არხები და სხვა. არავისთვის საიდუმლო არაა, თუ რამდენი ბუნებრივი სიმდიდრეა ჩამარხული ჩვენს მიწაში. საჭიროა ამ სიმდიდრის გამოკვლევა, შემდეგ იგი გამოყენებულ უნდა იქნას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის. ყოველივე ამისათვის საჭირონი არიან ცოდნით აღჭურვილი ადამიანები, რომლებსაც გამოუშვებს პოლიტექნიკური ფაკულტეტი”.

1922 წლის 16 იანვარს უნივერსიტეტთან ოფიციალურად გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი. ფაკულტეტის პირველი სხდომა, რომელიც ამ დღეს შედგა, გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ივანე ჯავახიშვილმა, რომელიც მიესალმა ახალგახსნილ ფაკულტეტს და აღნიშნა მისი მნიშვნელობა მეცნიერებისა და სახალხო მეურნეობისათვის. ფაკულტეტის დეკანად არჩეულ იქნა პროფ. ალ. დიდებულიძე, ხოლო მდივნად დოც. ივანე თულაშვილი. პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამი განყოფილებისაგან შედგებოდა: 1) მექანიკური, 2) საამშენებლო და 3) სამთო-ქიმიურისაგან.

დეკანის მოვალეობა ალ. დიდებულიძეს უკარნახებდა, მაღალ დონეზე აეყვანა პოლიტექნიკური ფაკულტეტის მუშაობა. ამ ფაკულტეტს რომ პირნათლად შეესრულებინა თავისი დანიშნულება, საჭირო იყო, აუდიტორიებში მიღებული თეორიული ცოდნა გაშუქებული ყოფილიყო პრაქტიკულად ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში. ამ მხრივ თავისი არსებობის დასაწყისში პოლიტექნიკური ფაკულტეტი უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამიტომ ალ. დიდებულიძემ დახმარებისათვის თხოვნით მიმართა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის საექსპორტო საზოგადოებას (“ჩემო”-ს). ამ მიმართვას იგი ასე ამთავრებდა: “პოლიტექნიკური ფაკულტეტის ხელის გამართვა და გაჭირვებაში დახმარება ისეთი დიდებული საქმეა, რომ მას ქართველი ხალხი არ დაივიწყებს და ღირსეულად დააფასებს”.

პოლიტექნიკური ფაკულტეტის სხდომაზე მიღებული გამოცდილებისა და ახალ გარემოებათა შესაბამისად, 1924 წლის გაზაფხულზე დაისვა საკითხი დარგებისა და სასწავლო გეგმის გადასინჯვისა და მათში ზოგიერთი ცვლილების შეტანის შესახებ. თავდაპირველად ფაკულტეტზე ნავარაუდევი იყო საკმაოდ ფართო სპეციალიზაცია. ასეთი სპეციალიზაცია გულისხმობდა სათანადო სამეუნიერო-პედაგოგიური ძალების მოწვევას უნივერსიტეტში სამუშაოდ, მაგრამ ეს შეუძლებელი შეიქნა, რის გამოც დადგა საკითხი, ფართო სპეციალური განათლების ნაცვლად, შედარებით ვიწრო პოლიტექნიკური განათლების ორგანიზაციისა. ამ მიზნით გადაისინჯა ფაკულტეტთან არსებული დარგები და, ნაცვლად ცხრა დარგისა, დაარსდა ექვსი, არსებული სამი განყოფილების დატოვებით, ფაკულტეტზე სწავლება ხუთწლიანი იყო. მეხუთე კურსი დანიშნული იყო ზოგიერთი დამატებითი საგნის მოსასმენად და სადიპლომო პროექტის შესადგენად და დასაცავად. სტუდენტთა რაოდენობა ფაკულტეტზე წლიდან წლამდე იზრდებოდა. სწავლება მიმდინარეობდა როგორც უნივერსიტეტის ფარგლებში (სალექციო და პრაქტიკული მუშაობა), ისე მის გარეთაც (საწარმოო პრაქტიკის სახით).

პოლიტექნიკური ფაკულტეტის განვითარების შემდეგი ეტაპებიდან უნდა აღინიშნოს პროფ. დიდებულიძის მიერ 1923-24 წწ.-ში ორგანიზებული სამი ლაბორატორია: ელექტრომეტრიული, ელექტრული მანქანების საცდელი და საშენ მასალათა საცდელი. სტუდენტთა და მექანიკოსთა დახმარებით შედარებით მოკლე ხანში მოხერხდა ამ ლაბორატორიების მოწყობა უნივერსიტეტის შენობაში და მათში მუშაობის დაწყება.

1924 წლიდან ფაკულტეტის სტუდენტთა მოწინავე ნაწილის ინიციატივითა და დიდებულიძის ხელმძღვანელობით დაარსდა სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკური წრე. მისი მიზანი იყო საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შესწავლა და ახალ მიღწევათა გაცნობა ტექნიკის სხვადასხვა დარგში. სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკურმა წრემ მოაწყო ტექნიკურ სახელმძღვანელოთა ბიბლიოთეკა და ხელმძღვანელობდა მათ გამოცემას. ამ წრის მიერ გამოცემული იქნა სასწავლო სახელმძღვანელოები, სასწავლო გეგმები და პროგრამები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე იყო ქართული სამეცნიერო ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნა. ამ საქმეშიც არანაკლები წვლილი შეიტანა ალ. დიდებულიძემ. იგი საკმარისად კარგად ახერხებდა ლათინური და ბერძნული ენების გამოყენებას სატერმინოლოგიო საკითხებისათვის და ხშირად იყენებდა ამ ენებზე არსებულ ლექსიკონებს. ა. დიდებულიძეს ამ საქმეში ეხმარებოდნენ ფიზიკის კათედრის ასისტენტები: მიხეილ ნოდია, ვასილ ყიფშიძე და ერეკლე ლუკაშვილი. ისინი 4-5 წლის განმავლობაში დაძაბულად მუშაობდნენ ტერმინების შედგენაზე. მოსამზადებელი სამუშაოს შესრულების შემდეგ ეს ტერმინები წარედგინა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს, რომელმაც გადაწყვიტა სადავო საკითხები ამ მიმართულებით. 1925 წელს ჟურნალში _ “ჩვენი მეცნიერება” #3-4 დაიბეჭდა პროფ. დიდებულიძისა და ასისტ. ყიფშიძის მიერ შედგენილი ზოგადი ფიზიკისა და ელექტროტექნიკის ტერმინოლოგია. ამან დიდად შეუწყო ხელი ფიზიკისა და ელექტროტექნიკის საქმის განხილვას.

1923 წლის 20 იანვარს დიდებულიძე დაინიშნა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორად. იგი ამ მოვალეობას ასრულებდა 1924 წლის 24 სექტემბრამდე. ობსერვატორია მას მეტად მოუწესრიგებელ მდგომარეობაში დახვდა. ხელსაწყოების უმრავლესობა უმოქმედოდ იყო, ობსერვატორიის გამომცემლობას რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი გამოეცა, მეცნიერული შრომები ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოში იშვიათად შემოდიოდა. ქარსანის მაგნიტურ ობსერვატონიაში მუშაობა თითქმის შეჩერებული იყო და სხვ. მაგრამ დიდებულიძის მზრუნველმა ხელმა ჩქარა გამოასწორა მდგომარეობა. ან აამუშავა ქარსანის მაგნიტური ობსერვატორია, განსაზღვრა ხელსაწყოების ყველა მუდმივები და მოახდინა მათი რეგულირება. საქართველოს მეტეოროლოგიური ქსელი აიყვანა მაღალ დონეზე და აღადგინა ობსერვატორიის ბიულეტენების გამოცემა. გარდა ამისა, მოამზადა სათანადო პირნი ქარსანის ობსერვატორიის მეცნიერული ხელმძღვანელობისათვის და გაამდიდრა თბილისის ობსერვატორია მრავალი საზომი იარაღითა და ხელსაწყოებით. პროფ. ნოდია თავის მოგონებაში დიდებულიძის შესახებ აღნიშნავს: “ალ. დიდებულიძე გეოფიზიკური ობსერვატორიის ყველა დარგში იჩენდა შესაფერის ღრმა ერუდიციასა და ინტერესს, რამაც ხელი შეუწყო ობსერვატორიის სწრაფად აღდგენას და გაფართოებას. ის იყო სავსებით კომპეტენტური დირექტორი გეოფიზიკური ობსერვატორიისა, როგორც მეცნიერული, ისე მეცნიერულ-ორგანიზაციული მხრით. ეს გარემოება მან სავსებით დაამტკიცა არა მარტო ობსერვატორიის დირექტორად ყოფნის დროს, არამედ შემდეგშიც. ის ხშირად ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა კომისიაში, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ობსერვატორიის სამუშაოთა სათანადო მეცნიერულ ნიადაგზე დაყენებასა და გაფართოებას. მაგალითად, ალ. დიდებულიძე წლების განმავლობაში მონაწილეობდა მაგნიტური კომისიის მუშაობაში, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქარხნის მაგნიტური ობსერვატორიის გადატანის საკითხის შესწავლა და განხორციელება. ის ხშირად გამოდიოდა ობსერვატორიაში მიმდინარე მეცნიერულ კონფერენციებზე სათანადო მოხსენებებთია და პრაქტიკული წინადადებებით”.

ობსერვატორიის მეცნიერული მოღვაწეობის გაფართოების მიზნით 1923 წლის ზაფხულში დიდებულიძემ განათლების სახალხო კომისარიატს წარუდგინა გეოფიზიკური ექსპედიციის მყინვარწვერზე ასვლის პროექტი. კომისარიატის მხარდაჭერითა და საჭირო თანხების გაცემით შესაძლებელი შეიქნა ექსპედიციის მოწყობა. ეს ექსპედიცია ითვლება მყინვარწვერის პირველ გეოფიზიკურ ექსპედიციად, რომელმაც მეცნიერული საფუძველი ჩაუყარა კავკასიონის მთავარი ქედის გეოფიზიკურ კვლევაძიებას, ხოლო მასიურობის მხრივ პირველი საბჭოთა ასვლა მყინვარწვერზე მოეწყო შესანიშნავი ქართველი ალპინისტის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის პროფ. . ნიკოლაძის ხელმძღვანელობით 1923 წლის 28 აგვისტოს. ეს დღე საბჭოთა ალპინიზმის დასაწყისადაა მიჩნეული.

როცა გიორგი ნიკოლაძის ექსპედიცია მწვერვალიდან ეშვებოდა, მას შეხვდა მწვერვალზე ამავალი მეორე ქართული ექსპედიცია პროფ. ა. დიდებულიძის ხელმძღვანელობით. როგორც ამუნდსენმა სკოტს სამხრეთ პოლუსზე, ისე ნიკოლაძის ექსპედიციამ მხოლოდ რამდენიმე დღით დაასწრო მწვერვალზე ასვლა დიდებულიძის ექსპედიციას. გ. ნიკოლაძის ექსპედიცია 18 მონაწილესაგან შედგებოდა. მათ შორის ხუთი ქალი იყო.

ექსპედიციის მონაწილენი თბილისიდან გავიდნენ 1923 წლის 26 აგვისტოს 16 საათსა და 25 წუთზე. თან წაიღეს მრავალი იარაღი გაზომვების საწარმოებლად. მთელი ექსპედიციის განმავლობაში განუწყვეტლივ, ყოველ საათს წარმოებდა დაკვირვება სოფ. კობში და სტეფანწმინდაში. ზომავდნენ: ატმოსფეროს ტემპერატურას, წნევას, სიმაღლეს, სინოტივეს. მარშრუტი ასეთი იყო: ფასანაური _ ჯვრის გადასავალი _ სოფ. სტეფანწმინდა _ გვილეთის ქოხი _ “დიდებულიძის ნაბინავარი” _ “კლდე-ჭოხის მთა” _ ფირნის ველი. 3 სექტემბერს თოთხმეტმა მონაწილემ მიაღწია მწვერვალს 14 საათსა და 45 წუთზე თბილისის დროით. აქ ტემპერატურა -42 გრადუსს აღწევდა, ხოლო ქარის სიჩქარე ნულს უდრიდა. დევდორაკის მყინვარის ბოლოსთან მისვლამდე მდებარეობს ქოხი. ამ ქოხსა და “შევარდნის” ბუდედ წოდებულ ქოხს შორის იყო ხელსაყრელი ექსპედიციისათვის კარვების დადგმა, ე.ი. ყოფილ ყაზარმასთან, რომლისაგანაც დარჩენილია მხოლოდ ნანგრევები (ექსპედიციის მიერ “დიდებულიძის ნაბინავრად” წოდებული). ექსპედიციამ აქ გაშალა კარვები და აწარმოებდა დაკვირვებებს ორი დღე-ღამის განმავლობაში.

უკან დაბრუნებისას ა. დიდებულიძის ექსპედიციამ იპოვნა გ. ნიკოლაძის მონაწილეთა მიერ დაკარგული ფოტოაპარატი. თბილისში ჩამოსვლის უმალ ეს ორი შესანიშნავი პიროვნება ერთმანეთს შეხვდა და შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ბოლოს ალექსანდრემ ხუმრობით მიმართა გიორგის: მე მყინვარწვერიდან ნადავლით დავბრუნდი, ფოტოაპარატი ვიპოვე, რომელსაც არ მოგცემ, შევინახავ და, როდესაც შენ უნივერსიტეტში ან სადმე სხვაგან მოხსენებას გააკეთებ და “ტრაბახს” დაიწყებ, მე ჩემი ნადავლით გამოვალ და შეგარცხვენო. ეს ხუმრობა გიორგის სრულიადაც არა სწყენია. რამდენიმე წლის შემდეგ ალექსანდრემ გიორგის დაუბრუნა ფოტოაპარატის მხოლოდ ლინზა, ბუდე კი სახსოვრად თვითონ დაიტოვა.

როგორც აღნიშნული იყო, . დიდებულიძის ექსპედიციას ღრმა მეცნიერული მიზნები ჰქონდა დასახული. მართლაც, მან დიდად წასწია წინ ობსერვატორიის მეცნიერული მუშაობა. ობსერვატორიის თანამშრომლების მიერ მოკლე ხნის განმავლობაში წარმოდგენილი იქნა მრავალი სამეცნიერო შრომა. ამ ექსპედიციამ შეადგინა ყაზბეგის მთის ზუსტი რუკა დევდორაკის მყინვარის მხრიდან.

1925 . დიდებულიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მეორე ექსპედიცია, რომელმაც აღმოაჩინა ახალი გზა ყაზბეგის მთისაკენ, გერგეთის მყინვარის მხრიდან. ამ გზით ადიოდნენ უმეტეს შემთხვევაში შემდგომ ყაზბეგის მწვერვალზე.

ამ ორი ექსპედიციის ჩატარებისათვის 1936 . დიდებულიძე დაჯილდოვდა სიგელით და სსრ კავშირის I თანრიგოსანი ალპინისტის ნიშნით.

გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორად ყოფნის დროს დიდებულიძემ ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, მთელ რიგ საკითხებზე. აღადგინა და გააფართოვა მეტეოროლოგიური სადგურის ქსელი, გამოცოცხლებული იქნა მუშაობა სეისმიურ განყოფილებაში და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სინოპტიკური განყოფილების ამუშავება, რომელიც მანამდე სრულიად უმოქმედოდ იყო. შედგენილი იქნა სინოპტიკური რუკები, წარმოებდა ამინდის წინასწარმეტყველება, ზუსტი დროის დადგენა, რითაც სატელეგრაფო სადგურებს საშუალება ეძლეოდათ, შეემოწმებინათ თავიანთი საათები.

ალ. დიდებულიძე კარგად გრძნობდა, რომ იგი ინჟინერი იყო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წარმართვა ფიზიკაში მას არ შეეძლო. ამიტომ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის იგი ყოველთვის ეძებდა ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ზემოხსენებული ხარვეზის შევსებას შეძლებდნენ.

ალექსანდრეს თაოსნობით იქნენ დატოვებულნი უნივერსიტეტში და გაგზავნილი სსრ კავშირის მსხვილ სამეცნიერო ცენტრებში: მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, ილია ქვარცხავა, დიმიტრი ღოღობერიძე და სხვები, რომლებმაც ბრწყინვალედ გაამართლეს უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტისა და კერძოდ, ალ. დიდებულიძის იმედები.

1930 წლის მარტიდან ალ. დიდებულიძე დაინიშნა მეცნიერულ ხელმძღვანელად ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის ზონალურ სადგურში.

1931 . 1 იანვრიდან 5 წლის განმავლობაში, ინსტიტუტის დახურვამდე, დიდებულიძე მეცნიერულ ხელმძღვანელობას უწევდა სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის სრულიად საკავშირო სამეცნიეროსაკვლევი ინსტიტუტის თბილისის ფილიალს. 1932 . სექტემბერში მას ირჩევენ სასოფლოსამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის პრეზიდიუმის წევრად.

1932 წლიდან 1938 წლამდე ალ. დიდებულიძე ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკის კათედრას ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ინჟენერთა ინსტიტუტში. ხელმძღვანელობდა აგრეთვე ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1936 წლიდან 1939 წლამდე იყო ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის წვიმის სექციის მეცნიერული ხელმძღვანელი. 1936 წლიდან 1945 წლამდე განაგებდა სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1938 წ. ალ. დიდებულიძეს ირჩევენ საქართველოს შრომის დაცვის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად, ხოლო 1939 წლის იანვრიდან იგი ითვლებოდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს ფილიალის სამეცნიერო საბჭოს წევრად. 1940 წ. 30 დეკემბერს დიდებულიძემ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად დიდებულიძე პრაქტიკულ საინჟენერო-ტექნიკურ მუშაობასაც ეწეოდა. ამ დარგში მან მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა; ჯერ კიდევ რიგაში ყოფნის დროს შეადგინა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობის განათების ქსელის პროექტი და პრაქტიკულად თვითონვვე განახორციელა იგი. მონაწილეობას ღებულობდა ქ. რიგის არა ერთ საქარხნო ელექტრული სადგურის გაშვებისა და მიღების ტექნიკურად შემმოწმებელ კომისიებში. ქ. რიგაში ითვლებოდა სატურბინო ქარხნის კონსტრუქტორ-კონსულტანტად.

დიდებულიძე დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა, აგრეთვე, კინოთეატრების ხმოვან კინოებად გადაკეთების საქმეს. 1928-39 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს კინომრეწველობის კონსულტანტად. იგი ითვლებოდა ელექტრიკოსთა ყრილობების მუდმივი კომიტეტის წევრად. შეადგინა აკუსტიკური გაანგარიშება და პროექტი საქ. სახკინმრეწვის ხმოვანი ატელიესი. მანვე შეადგინა ამავე ატელიეს ელექტრული განათების პროექტი. 1928 წელს . თბილისის საბჭოს დავალებით გამოიკვლია თბილისის რადიოსატრანსლაციო ქსელის ხელისშემშლელი მიზეზები და დასახა მასთან ბრძოლის ღონისძიებანი.

მანვე შეადგინა 1940 წ. საქ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის აკუსტიკური პროექტი.

ალ. დიდებულიძე ეწეოდა აგრეთვე უდიდეს საზოგადოებრივ-ორგანიზაციულ მუშაობას. ჯერ კიდევ სტუდენტმა, 1900 წ. რიგაში ჩამოაყალიბა სტუდენტთა ტექნიკური საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო.

1908 წ. იყო ჟურნალ “Ôრირგპთფმჩეყკმე ნრვრყიძ” რედაქტორი ქ. რიგაში.

1908 წლიდან 1915 წლის ბოლომდე ითვლებოდა რიგის ტექნიკური საზოგადოების წევრად.

1915 წლის ბოლოს და 1916 წ. დასაწყისში მოსკოვში ჩამოაყალიბა სახელოსნო სასწავლებელი.

1919 წლიდან დიდებულიძე დანიშნულ იქნა საქართველოს ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური კომიტეტის წევრად.

1921 წლიდან იგი ირიცხებოდა საქ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ტექნიკური კომიტეტის წევრად, სადაც ჩამოაყალიბა გამომგონებლობათა განყოფილება და იყო მისი პირველი გამგე.

საქ. სსრ სახალხო კომისარიატის დავალებით, ალ. დიდებულიძემ ჩამოაყალიბა ფიზიკის კათედრა და ფიზიკური ლაბორატორია ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, სადაც ერთი წლის განმავლობაში იყო კათედრის გამგედ.

1922 წ. არჩეულ იქნა სოციალისტური მშენებლობის მეცნიერ მუშაკთა საკავშირო ასოციაციის წევრად, ხოლო 1933 წ. კი ამ ასოციაციის სასოფლო-სამეურნეო სექციის თავმჯდომარედ.

1923 წ. 15 ნოემბრიდან 1930 წ. ბოლომდე ალ. დიდებულიძე ითვლებოდა თბილისის აღმასკომის ელექტროქსელის მთავარ ინჟინრად.

საქკინმრეწვის ინჟენერ-კონსულტანტად ყოფნის დროს ა. დიდებულიძემ შეადგინა საქკინმრეწვის ელექტროქსელისა და 3000-კილოვატიანი უმფორმერული სადგურის პროექტი. ეს პროექტი გამოყენებული იყო, აგრეთვე, მოსკოვის კინოფაბრიკის მშენებლობაში. აღნიშნული პროექტისათვის ა. დიდებულიძემ პრემია მიიღო.

1935 წ. პროფ. ა. დიდებულიძეს გადაუხადეს მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობის 25 წლის იუბილე, ამ ხნის განმავლობაში ნაყოფიერი მუშაობისათვის ა. დიდებულიძეს მიეცა ფულადი ჯილდო, ხოლო საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის საზეიმო სხდომაზე, რომელიც მიძღვნილი იყო მისი მოღვაწეობის 25 წლისთავისადმი, ა. დიდებულიძეს მიერ და მთელი რიგი მეცნიერული და ტექნიკური დაწესებულებების ჯილდოებით. აუწერელი იყო იუბილარის სიხარული. მას მხურვალედ ულოცავდნენ და შემდგომ წარმატებებს უსურვებდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, თანამშრომლები.

1937 წ. გამომგონებლობითი მუშაობის წარმატებისათვის ალ. დიდებულიძე დაჯილდოებულ იქნა საუკეთესო გამომგონებლის ნიშნითა და სიგელით.

საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს 1941 წ. 24/II ბრძანებულებით საქ. სსრ სამეურნეო და კულტურული მშენებლობის დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის ა. დიდებულიძეს მიენიჭა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1944 წ. 4 ნოემბერს სახალხო-მეურნეობისა და კულტურულ მშენებლობისათვის სპეციალისტთა მომზადების საქმეში თვალსაჩინო დამსახურებისათვის ა. დიდებულიძე დაჯილდოებულ იქნა შრომის წითელი დროშის ორდენით, ხოლო 1945 წ. 1/IV ენერგომშენებლობის დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის შრომის წითელი დროშის მეორე ორდენი მიიღო.

დიდი სამამულო ომის პერიოდში თავდადებული მუშაობისათვის სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 1944 წ. დიდებულიძე დაჯილდოებული იქნა მედლით “კავკასიის დაცვისათვის”, 1945 წ. 6 ივნისს კი მედლით “კავკასიის დაცვისათვის”, 1945 წ. 6 ივნისს კი მედლით “1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში შრომისა და მამაცობისათვის”.

1947 წლის 26 იანვარს საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსან კიროვის სახ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის 25 წლისთავთან დაკავშირებით საბჭოთა მთავრობამ იგი დააჯილდოვა უმაღლესი ჯილდოთი _ ლენინის ორდენით.

სიცოცხლის ბოლომდე იგი შეუსვენებლივ მუშაობდა და მზად იყო ასევე განეგრძო. მაგრამ 1951 წ. 18 აპრილს იგი სამუდამოდ მოშორდა თავის საყვარელ საქმეს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 1952-55 წლებში საქ. მეცნიერებათა აკადემიამ და საქ. პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა გამოსცეს ა.ი. დიდებულიძის შრომათა სრული კრებული; კიროვის სახ. საქ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტრომექანიკურ ფაკულტეტზე დაარსდა დიდებულიძის სახელობის ორი სტიპენდია, ხოლო საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემის ენერგეტიკის ინსტიტუტში ასპირანტებისათვის _ ერთი სტიპენდია; საქ. სსრ მეც. აკადემიამ 1952 წელს დიდებულიძის საფლავზე (ვაკეში) ბიუსტი დადგა.

ვახტანგ პარკაძე,

1955 .

ისტორიული მემკვიდრეობა”,

#11, 2016 .

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here