Home რუბრიკები პოლიტიკა როდესაც ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელს უშიშროების სამინისტროს მოწმობებით სარგებლობა ავუკრძალე, ისეთი ამბავი...

როდესაც ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელს უშიშროების სამინისტროს მოწმობებით სარგებლობა ავუკრძალე, ისეთი ამბავი ამიტეხეს, რომ…

753

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უშუბლისძარღვო მედროვეებითა და უცხოურ გრანტზე გაყიდული პოლიტიკური ლაქიებით რომ არის სავსე, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეხსენება, ალბათ, არ სჭირდება. პრემიერი იქნება, პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, დასავლელ ემისრებს ფინიებივით შესციცინებენ და უმნიშვნელო გადაწყვეტილებებსაც კი მხოლოდ მათთან შეთანხმებით იღებენ. ამას უკვე ისე მივეჩვიეთ, რომ აღნიშნულ მდგომარეობას შესაბამის სახელსაც ვერ ვარქმევთ, ამერიკას სტრატეგიულ პარტნიორს ვეძახით, ევროკავშირს _ ისტორიულ არჩევანს. იმას კი არავინ ამბობს, რომ ერთიცა და მეორეც საქართველოს მიმართ კოლონიზატორულ პოლიტიკას ატარებს და დემოკრატიის სახელით ქვეყნის იდეოლოგიურ ანექსიას ეწევა…

“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი დოკუმენტური მასალა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ჯაშუშურ საქმიანობაზე საქართველოში, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ფარდა აჰხადა მათ მზაკვრულ ჩანაფიქრს კავკასიის რეგიონში. ეს დოკუმეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე დასავლეთსა და მის ერთ-ერთ მთავარ “მოთამაშეს”, დიდ ბრიტანეთს, საქართველოს მიმართ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს _ გააძლიეროს თავისი გავლენა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული და გახდეს უპირობო ჰეგემონი ამ სივრცეში. ცხადია, ამ ჰეგემონიის მიზანი, უწინარესად, რუსეთის გავლენის შესუსტება, მისი პოზიციების მორყევა და საბოლოოდ რეგიონიდან განდევნაა. ამას არც მალავენ, რაც შეეხება კულტურულ ნაწილს, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება, ინცესტი, ანტიქრისტიანული პროპაგანდა და სხვა მსგავსი ნეოლიბერალური მარაზმი აქაც ჩვეულებრივი მოვლენა უნდა გახდეს, მენტალურად და იდეოლოგიურად საბოლოოდ უნდა მოვწყდეთ ისტორიულ ფესვებს…

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჯაშუშური საქმიანობა, რამდენად საშიშია მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და რა პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად _ ამ საკითხებზე კომენტარი ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ვთხოვეთ.

თამაზ მეჭიაური

“ავკრძალავდი ამ ოგანიზაციებს და მკაცრად გავაკონტროლებდი გრანტის სახით შემოსულ თითოეულ თეთრს”

თამაზ მეჭიაური, ყოფილი დეპუტატი:

_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ყველა ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ფინანსდება უცხოეთიდან, საფრთხის შემცველია და სახელმწიფო მათ მიმართ უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ ავკრძალავდი ამ ორგანიზაციებს და მკაცრად გავაკონტროლებდი გრანტის სახით შემოსულ თითოეულ თეთრს.

რაც შეეხება ბრიტანეთის სპეცსამსახურებს, როდესაც მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მოქმედებს ამა თუ იმ სახელმწიფოს ჯაშუშური ქსელი, ხელისუფლება, სულ ცოტა, უნდა ინტერესდებოდეს, რასთან გვაქვს რეალურად საქმე. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, მაგრამ იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ბედს, ფაქტობრივად, დასავლეთიდან დაფინანსებული “ენჯეოები” განაგებენ, იმის იმედი, რომ მსგავსი თემებით ვინმე დაინტერესდება, არ უნდა გვქონდეს.

_ ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობოების აკრძალვა დასავლეთის გულისწყრომას გამოიწვევს. არის კი დღეს სახელმწიფო მზად ამ კონფრონტაციისთვის?

_ აკრძალვაში არ ვგულისხმობ ყველა ორგანიზაციის ხელაღებით განადგურებას, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად, დასაბუთებული მოტივით. მე მხედველობაში მყავს უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ, რისთვის იღებენ ისინი გრანტებს, რა მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ მათ დამფინანსებლებს. საზოგადოდ, ამ ორგანიზაციებს დავარქმევდი ნელი მოქმედების ნაღმებს, რომლებიც, კაცმა არ იცის, როდის აფეთქდება და დაგვამხობს თავზე სახელმწიფოს.

“ამერიკელებს ბრიტანელები დაემატნენ”

ვალერიან ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი:

 _ კონტრდაზვერვა ის სივრცეა, რომელშიც ყველაზე ახლო მეგობარიც კი არ უნდა ჩაახედო, მაგრამ ჩვენი სპეცსამსახურები, საუბედუროდ, ყოველთვის განიცდიან სხვადასხვა ქვეყნის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას. თუმცა არის სფეროები, რომლებშიც თანამშრომლობა აუცილებელია. ესაა საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკობიზნესი, იარაღით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, ორგანიზებული დანაშაული და სხვ. კონტრდაზვერვის ხაზითაც შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ შემოუშვა სხვა ქვეყანა კონტრდაზვერვაში და, საერთოდ, გააკონტროლებინო, ეს კატასტროფაა. საზოგადოდ, ნებისმიერი ჯაშუშური საქმიანობა, სულ ცოტა, გულისხმობს, ჯაშუშის ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობას, ხოლო მაქსიმალური სარგებელი კი ჯაშუშობის ობიექტი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა, ამიტომ სადაზვერვო-ჯაშუშური საქმიანობის არასამთავრობო ორგანიზაციებითა და საერთაშორისო ფონდებით შეფუთვა ჯაშუშობის ახალი ფორმაა. აბა, გაბედეთ და, ან ბრიტანეთში, ან დემოკრატიის მექა აშშ-ში დააფუძნეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია სხვა ქვეყნის დაფინანსებით. იქ პროკურატურის მძლავრი ფილტრი უნდა გაიარო. არაფერს ვამბობ არალეგალურ კონტროლზე.

…ჩემი მინისტრობის პერიოდში, როდესაც ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელს უშიშროების სამინისტროს მოწმობებით სარგებლობა ავუკრძალე, ისეთი ამბავი ამიტეხეს, რომ თბილისიდან გვირაბის გათხრა ვაღიარე… შემდეგ ამერიკელებმა კონტრდაზვერვას გარე მეთვალყურეობის სამსახურიც კი გაუკეთეს და ე.წ. ოტო (მოსმენების სამსახური პორტატული ტექნიკით), რომლითაც ხანდახან მეც მაკონტროლებდნენ, თუმცა იმხანად ისეთი რთული ამოცანა გვქონდა ტერორიზმის სახით, რომ მივუგდე ეს სფერო ჩემს ერთ მოადგილეს ამერიკელებთან ერთად. უბრალოდ, ვიცოდი, რა მეზღაპრეებიც იყვნენ იმჟამინდელი და არა მხოლოდ იმჟამინდელი კონტრმზვერავები და წესიერად იქით არც გამიხედავს. ეს იყო სამწუხარო რეალობა, დღეს არ ვიცი, რა მდგომარეობაა კონტრდაზვერვაში. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, რამე შეცვლილიყო უკეთესობისკენ, ალბათ, ამერიკელებს ბრიტანელები დაემატნენ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, არ ვიცი, ეყოფა თუ არა მას ძალა და ნება, კონტრდაზვერვა გახადოს ხელშეუხებელი სხვა ქვეყნების გავლენისგან. ამას დრო გვიჩვენებს. თუ სხვა პრიორიტეტები აქვთ და ძალები არ ჰყოფნით, გასაგებია, თუ არადა, კონტრდაზვერვაში ახლა უკვე ბრიტანელების შეშვება, რომლებიც ისტორიულად ყოველთვის რუსეთის იმპერიის ჯიბრზე ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, წინაკატასტროფული ვითარების კიდევ უფრო დამძიმებაა.

_ ბრიტანელები არც მალავენ, რომ მათი მთავარი ამოცანა რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებაა. როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა ქმედებები შეიძლება ამას მოჰყვეს ოფიციალური მოსკოვისგან?

_ ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას. რუსეთს აქვს ინტერესები ამ რეგიონში და ყოველი ახალი “მოთამაშე”, როგორც ახლა ამბობენ, რუსეთს ააქტიურებს და მოტივირებულს ხდის. ჩვენი დიპლომატიური უბრობის ფონზე კი ეს, პრობლემების გარდა, კარგს არაფერს მოიტანს.

ნიკოლოზ მჟავანაძე

“რას აკეთებს უშიშროება, როცა აჭარა წალეკა თურქულმა ფულმა?!”

ნიკოლოზ მჟავანაძე, “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე:

_ დღეს საქართველო, სამწუხაროდ, სავსეა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტებით და აქ მხოლოდ დასავლეთზე არ არის ლაპარაკი. საქართველოში აქტიურად მოქმედებს მეზობელი თურქეთიც და ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთი აქცენტს აკეთებს რუსეთზე. ამ ქვეყნის მიმართ ყველაფერი გასაგებია _ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ რუსეთი მტერია, მაგრამ საინტერესოა, ხმას რატომ არ იღებენ იმ ფაქტზე, რომ თურქეთი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს აჭარაში თურქული სკოლების გასახსნელად. არავის უჩნდება კითხვა, თუ რისთვის სჭირდებათ ეს.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ კარგად იცის, რა აგენტურული ქსელიც მოქმედებს ქვეყანაში, მაგრამ მას არ აქვს არც ძალა და არც ნება ამის აღსაკვეთად. ეს ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, ყურებით ჰყავთ დაჭერილი და უსიტყვოდ, უყოყმანოდ ასრულებინებენ ნებისმიერ მითითებას.

რაც შეეხება ე.წ. არასამთავრობო სექტორს, რეალურად არასამთავრობო სექტორი არის დასავლეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი.

ეს არის ყველაზე ქმედითი და აქტიური ნაწილი იმ აგენტურულ-ჯაშუშური მანქანისა, რომელიც რეალურად განაგებს სახელმწიფოს და ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები, რომც უნდოდეთ, ამ ორგანიზაციებს ვერ შეეხებიან.

_ დასავლეთის კიდევ რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები მოქმედებენ საქართველოში, დიდი ბრიტანეთის გარდა?

_ ყველა მძლავრ და მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ არეალში, მაგრამ შენ რისთვის გყავს შესაბამისი სამსახურები? რას აკეთებს უშიშროება, როცა აჭარა წალეკა თურქულმა ფულმა? ან იგივე აზერბაიჯანი ავიღოთ: ჩემთვის გაუგებარია, როცა, მაგალითად, კომპანია “სოკარი”, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით, აფინანსებს აზერბაიჯანელებს და აძლევს მათ საშუალებას, საქართველოში მიწები შეისყიდონ. ამას, რა თქმა უნდა, ერთი ხელისმოსმით ვერ აკრძალავ, მაგრამ რა დავარქვათ იმას, რომ ხელისუფლება უარს ეუბნება ჩვენს ინგილო ძმებს თხოვნაზე, ისარგებლონ საქართველოში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამით? საუბარია 25 ათას კაცზე და იცით, რატომ ვერ ახერხებს ამას ხელისუფლება? იმიტომ, რომ საქმეში აზერბაიჯანის უშიშროება ჩაერთო. ეს დადასტურებული ინფორმაციაა და ჩვენ რას ვაკეთებთ? ქვემო ქართლში მეჩეთი მეჩეთზე შენდება, ტელევიზიაც თავიანთ ენაზე აქვთ აზერბაიჯანელებს და გაზეთიც. ამის შემდეგ ხმა რომ ამოიღო და რაღაც საფრთხეებზე ალაპარაკდე, გამოხტება ვიღაც გრანტით ნაყიდი “არასამთავრობო” და შოვინისტად მოგნათლავს…

ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიზანმიმართული პოლიტიკაა და, ამ პოლიტიკას წერტილი თუ არ დაესვა, შედეგი იქნება კატასტროფული. ამერიკაში არის შტატი, რომელსაც ჰქვია ჯორჯია, მაგრამ არავითარი კავშირი მას ქართველებთან არ აქვს. ძალიან მალე საქართველო იქნება მხოლოდ ტრაფარეტზე გამოსახული და ამ საქართველოში ქართველები აღარ იცხოვრებენ. აი, ამას მოიტანს ის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელსაც დემოკრატიას ეძახიან და თავს გვახვევენ. ამ პოლიტიკის შედეგად საქართველოში ქართველი სანთლით იქნება საძებარი.

ჯაბა ჟვანია

P.S. მიუხედავად იმისა, რომ “მეოცნებე” ხელისუფლება დასავლეთის ყურმოჭრილი მონაა და თითქმის ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დღეს გრანტიჭამია “ენჯეოელი” ზის, ვფიქრობდი, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებოდნენ “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გამოქვეყნებული მასალის წარმომავლობით. სულ ცოტა, ერთ ზარს და ელემენტარულ შეკითხვებს მაინც ველოდი, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ისე გაისუსნენ, გეგონება, პლანეტა მარსზე ან სულაც უცხო გალაქტიკაზე ვწერდით; თითქოს ეს ამბები, საქართველოს კი არა, ინდონეზიას ეხება (ინდონეზია _ პირობითად). ისე, ეს გასაკვირი, ალბათ, არ არის _ ამ მასალიდან ხელისუფლებას ახალი არაფერი გაუგია. ის, რაც ჩვენთვის და სახელმწიფოსთვის ჯაშუშური საფრთხეა, მათთვის დემოკრატიის დასავლელ ტრუბადურთა ძმური სამსახურია. მათთვის ამას “ბნელი საბჭოთა წარსულიდან” თავის დაღწევაში დახმარება, “ცივილიზებულ”, “ნათელ” და “ტოლერანტულ” სამყაროსთან ინტეგრაცია ჰქვია. ალბათ, ეს არის რეალური მიზეზი დუმილისა, რომელიც ოქრო არ არის.

4 COMMENTS

  1. ავტორებს: გეთანხმებით-მაგრამ თქვენ არ უკეთებთ ანალიზს რუსეთის როლს ამიერ კავკასიაში, შედეგად თქვენი ანალიზი ცალმხრივია, რუსრთს რომ აინტერესებდეს საქართველოს დამოუკიდებლობა ის დიდი ხნის წინ შეეცდებოდა კავშირის დამყარებას…დასავლეთის მიზანია კავკასიის ეკონომიკური ექსპანსია- რუსეთისა ტერიტორიული….მე მირჩევნია ეკონომიკური..თქვენ კი გაწყობთ ტერიტორიული!!!!!!!

  2. მთლიანად ვიზიარებ ავტორთა მოსაზრებებს. ზურაბს კი ვუპასუხებ, რომ ჩვენ არც ეკონომიკური და არც ტერიტორიული ექსპანსია არ გვინდა. საჭიროა გვყავდეს დაბალანსებული პოლიტიკისა და მოქნილი დიპლომატიის გამტარებელი, ეროვნული ინტერესების მტკიცედ დამცველი და მოუსყიდავი, სუფთა მთავრობა და და პარლამენტი. რუსეთთან ურთიერთობების აღდგენასა და დალაგებას კი თვით ცხოვრება თხოულობს.

  3. ძალიან რთული დრო დაუდგა საქართველოს.როგორ დავაღწიოთ თავი?ერთად ერთი გზაა რევოლუცია ან?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here