Home რუბრიკები ეკონომიკა ლარმაგედონი

ლარმაგედონი

689

არმაგედონი ებრაული სიტყვაა (ჰარმ გიდდონ) და ნიშნავს ქალაქს მეგიდას მთასთან, სადაც, იოანეს გამოცხადების თანახმად, უნდა მოხდეს უკანასკნელი დიდი შეტაკება იაჰვესა და სატანის ძალებს შორის. ლარმაგედონი კი იმ შოკსა და კარსმომდგარ ეკონომიკურ აპოკალიფსს მოასწავებს, რომელიც, ლარის კურსის კატასტროფულ დაცემასთან ერთად, უახლოეს მომავალში არ აგვცდება

წინა კვირას ეროვნული ვალუტის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, _ ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 77 თეთრს შეადგენდა. საზოგადოება შიშმა და პანიკამ მოიცვა. გაჩნდა განცდა, რომ ქვეყანა ისევ ბნელ და დუხჭირ 1990-იან წლებში ბრუნდებოდა. “მეოცნებე” ხელისუფლებამ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, სირაქლემასავით თავი ქვიშაში დურთა, თითქოს არაფერი მომხდარა და არც არაფერი მოხდება. მერე და მერე, როცა ერთი ადგილი აეწვათ, მიხვდნენ, რომ ქვიშაში თავის ჩარგვით უკანა ტანი დაუცველი რჩებოდათ და ოლიგარქის პოლიტიკური პირმშოები გასპეტაკებული სახეებით გამოვიდნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ამ ყველაფერს აჟიოტაჟი უწოდა. სხვებმაც სიმშვიდისა და სიწყნარისკენ მოუწოდეს მოსახლეობას. მოგვიანებით პრემიერმა მთავრობის სხდომა მოიწვია და “ლარიზაციის” გეგმა წარმოადგინა. მოკლედ, იყო დისკუსია, იმსჯელეს და იბაასეს, მაგრამ დაცემულ ლარს მაინც არაფერი ეშველა.

საღად მოაზროვნე ადამიანები, ბუნებრივია, უკვე ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ იმპოტენტებს ლარის აყენება არ შეუძლიათ და მომდევნო დღეებსა თუ კვირებში კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ყველა ხვდება, რომ ქვეყანა სოციალურ აპოკალიფსამდეა მისული და მალე ქართულ ეკონომიკას წმინდა მარტინის დღე გაუთენდება. ზუსტად ამას მოჰყვა შოკი და ელდა საზოგადოებაში, მაგრამ მთავარი სტრესი წინ გველოდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის კულუარებში უკვე საუბრობენ ტარიფების მომატებაზე, ლაპარაკია მედიკამენტებისა და საწვავის გაძვირებაზეც. ეს ავტომატურად ნიშნავს პროდუქტების გაძვირებას, რადგან დღეს საქართველოში თითქმის ყველა სახის პროდუქტი საზღვარგარეთიდან შემოაქვთ. მარტივად რომ ვთქვათ, ლარმაგედონი შიმშილსა და სიდუხჭირეს, გაძვირებულ დენს, წყალს, გაზს, მოშლილ ეკონომიკას, სიცივესა და სიბნელეს გვიქადის.

ამ ყველაფრის ფონზე “მეოცნებეთა” რიხიანი მოწოდება, რომ პანიკას არ უნდა ავყვეთ, ერთი შეხედვით თითქოს ალოგიკური ჩანს, მაგრამ რეალურად აქ გასაკვირი არაფერია. პოლიტელიტას, რომელიც ქვეყანას მახრასავით ღრღნის და მილიონებს ისე იჯიბავს ბიუჯეტიდან, რომ განმკითხავი არავინ ჰყავს, ბუნებრივია, სიმშვიდე ხელს აძლევს. მას არ სჭირდება ვნებათაღელვა საზოგადოებაში, რადგან ამ ყველაფერს შეიძლება უარესიც მოჰყვეს და ძმრად ამოადინონ პრემიის სახით აღებული ათასები. ისე, პრემია ვახსენე და წინა კვირას საზოგადოებამ უკვე იხილა იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც ყველაზე მაღალ ხელფასებსა და სახელფასო დანამატებს იღებენ. საუბარი იყო ძირითადად ძალოვანი უწყებების მესვეურებზე, თუმცა ეს კიდევ არაფერი. ამასწინათ სხვადასხვა საინფორმაციო ცენტრის ქსელის მიერ ჩატარებული კვლევით, რომელიც საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების საფუძველზე განხორციელდა, გაირკვა, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ოთხჯერ მეტ გასამრჯელოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი ცალკეული იურიდიული პირების ხელმძღვანელები იღებენ. მაგალითად, სახელმწიფოს კუთვნილი სააქციო საზოგადოებასაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისმმართველთა საბჭოს თავმჯდომარის _ სულხან ზუმბურიძის წლიური გასამრჯელო 336 000 ლარია, რაც თვეში 28 000 ლარს შეადგენს და, ამას გარდა, საუბარია პრემიებზეც. ანალოგიურ გასამრჯელოს იღებს სააქციო საზოგადოებასაპარტნიორო ფონდისთავმჯდომარე დავით საგანელიძეც და ამდენივეს იღებდა მისი წინამორბედიც.

რაც შეეხება სხვა იურიდიულ პირებს, სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის _ მამუკა ბახტაძის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარია და იგი ასევე არის “საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანიების, შპს “ჯორჯია ტრანზიტისა” და შპს “ჯიარ ტრანზიტ ლაინის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც. აღნიშნულ კომპანიებში მისი შრომითი ანაზღაურება 64 457 ლარია, ჯამში კი იგი ყოველწლიურად 289 592 ლარს იღებს, რაც თვეში 24 ათას ლარზე მეტია. მთლიანობაში ნუსხა ასე გამოიყურება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე _ წელიწადში 255 591 ლარი (თვეში 21 285 ლარი); სააქციო საზოგადოება “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი _ წელიწადში 175.000 ლარი (თვეში 14 583 ლარი); ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა _ წელიწადში 147 750 ლარი (თვეში 12,250 ლარი); სააქციო საზოგადოება “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე _ წელიწადში 132.840 ლარი (თვეში 11 000 ლარი); სააქციო საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შვილობილი კომპანიის, შპს “ენერგოტრანსის”, ხელმძღვანელი კახა სეხნიაშვილი _ წელიწადში 127.059 ლარი (თვეში 10,583 ლარი); შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე _ წელიწადში 124.000 ლარი (თვეში 10,333 ლარი); სააქციო საზოგადოება “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი გიორგი ბეჟუაშვილი _ წელიწადში 109.432 ლარი (თვეში 9 119 ლარი).

მოკლედ, როგორც ხედავთ, საუბარია კოლოსალურ თანხაზე, რომელსაც ამ ლარმაგედონის მომლოდინე, გაუბედურებულ ქვეყანაში თითოეული მოქალაქე სიმწრით იხდის საკუთარი ჯიბიდან. ყველაზე კომიკური და გულსაკლავი ამ ყველაფერში არის ის, რომ კაცმა არ იცის, რეალურად რას აკეთებს და რა მიზანს ემსახურება ზემოჩამოთვლილი სამსახურები, რა სარგებელი მოაქვთ მათ სახელმწიფოსთვის და, საერთოდ, რა საჭიროა მათი არსებობა.

რაც შეეხება ამ სამსახურების მესვეურებს, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ხალხი, რომელიც ბიუჯეტს ტკიპასავითაა მიკრული, სახელმწიფოს სისხლს სწოვს და სტომაქის სიყვარულით ძირს უთხრის. ესენი არიან თავის დროზე სხვადასხვა “ენჯეოში” გამოწრთობილი, 30 გრანტზე გაყიდული იუდები, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. რა გასაკვირია, რომ ამ პოლიტიკურ კიკუებსა და ფარსადანებს სიმშვიდე სჭირდებოდეთ, რა გასაკვირია, რომ გამოდიან და ძარღვის გაწყვეტამდე ამტკიცებენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვსო. ეს არის მტრული და მოღალატეობრივი მოწოდება სიმშვიდისკენ, რადგან ფაქტია, ამ სიმშვიდეში ხელისუფლება მნიშვნელოვანს არაფერს ცდილობს. პირიქით, იმის ნაცვლად, რომ მაღალ ეშელონებში ქამრების შემოჭერაზე იფიქრონ, პრემიას პრემიაზე იწერენ, მილიონებსღუნავენ”, სანამ სათავეში არიან, რაც შეიძლება მეტი რომ იშოვონ.

ცხადია, ვიდრე ქვეყანას ასეთი ვამპირები მართავენ, ლარმაგედონის საფრთხე ყოველთვის იქნება. ეს კი (არც მეტი, არც ნაკლები) იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური სირთულეები და გაჭირვება ისევ რიგითი მოქალაქის, გლეხის მხრებზე გადაივლის. დღევანდელი სოციალური სიდუხჭირე მონაგონი იქნება, ქვეყანას სიღატაკის ცუნამი და ტაიფუნი წალეკავს. თავის მხრივ, ხელისუფლების სათავეში მოკალათებულმა გრანტიჭამია წურბელებმა, რა თქმა უნდა, ისიც იციან, რომ ძალაუფლებას მუდმივად ვერ შეინარჩუნებენ, მაგრამ ეს მათთვის პრობლემა არ არის, წავლენ და მათ ადგილს სხვა კიკუები და ფარსადანები დაიკავებენ. ასე გაგრძელდება უსასრულოდ, სანამ საზოგადოება გონს არ მოვა და ლარმაგედონის დამტეხ უნიათო “ქოცნებას”, თავის რუხ ოლიგარქთან ერთად, პოლიტიკურ არმაგედონს არ მოუწყობს…

ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ხალხმა თვალი თუ არ გაახილა და არ გაიღვიძა,ხვალ ქვეყანაც აღარ გვექნება,წალეკავს უცხოტომელები და ჩვენ მათი მოსამსახურები ვიქნებით სამათხოვროდ,ის დროა ყველა ერთ მუშტად შევიკრათ და გავყაროთ გამყიდველი მთავრობა,პასუხი ვაგებინოთ ქვეყნის დაქცევისათვის

  2. აბა და არ ვამბობდი,და დღესაც ვიმეორებ რომ,საქართველოს ისევ ქართველის ხელით ჩადენილი არა ქართული,და არა მართლმადიდებლური ქცევა და ქვეყნის უფსკრულისკენ სრაფვას უქადაგის,ეს ლარი და დოლარი კი არა არამედ,კაცის არა კაცობა ღუპავს სრულიად საქართველოს.წალკოტს ველით,წალკოტს უბედურების,ამით კი ის მოხდება,ვინც გაუძლებს,გაიქცევა ქვეყნიდან და ვინც არა და იგი აქაურ ტანჯვას და უბედურებას ხვალინდელი დღის მოლოდინში,საკუთარი თვალით შეხედავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here