Home რუბრიკები საზოგადოება მეგის, ირინასა და “იმის” ოდესური თავგადასავალი

მეგის, ირინასა და “იმის” ოდესური თავგადასავალი

621

(გაგრძელება)

_ ხხხ, ფშუუ, ხხხ, ფშუუ… _ ნეტარებით ხვრინავდნენ საგუბერნატორო კაბინეტში ირინე, მეგი დაის”. მოულოდნელად კარი გაიღო, სწრაფი ნაბიჯით შემოვარდა მიხეილი და მძინარე ქალებს დასჩხავლა:

_ ადექით ახლა, ნუ გაინავარდეთ, ხალხია მოსასვლელი!

_ უი, მომიკვდეს თავი! _ წამოფრინდა მეგი და გოგონებსაც ფეხი წაჰკრა, _ ადექით, ხალხი მოდისო.

_ ბატონო მიხეილ, ყავას დალევთ? _ ჰკითხა მეგიმ.

_ კი, კი, დავლევ. ისე, კაი იდეაა, ხო იცი. გინდათ, ჩემთან დაგასაქმოთ? ოღონდ უფულოდ! სამაგიეროდ თქვენ გაფუჭებულ საქმეს გამოასწორებთ. ღამის გათევასა და ჭამაში ფულის გადახდა არ მოგიწევთ.

მეგის და მის დაქალებს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდათ, თუმცა ის კი არ იცოდნენ, რა პირობებს სთავაზობდა მიხეილი.

_ მოკლედ, ამის დაბლა სარდაფია, ცოტა დასალაგებელია, ჩადით, მიაწკრიალ-მოაწკრიალეთ, მოაწყეთ და იცხოვრეთ. სხვენში სამი ცალი რკინის კრაოტი უნდა ეგდოს, ჩამოიტანეთ, გაწმინდეთ და დადგით, _ უთხრა გუბერნატორმა და ოთახის დატოვებისკენ მოუწოდა,_ მაღალი საზოგადოების ხალხი მოდის და არ მინდა, აქ გნახონო.

გოგონებმა თქვეს, ჩვენ გარეთ გავისეირნებთ და, თუ რამე დაგჭირდეთ დაგვირეკეთო.

გარეთ თოვდა, ქარი ზუზუნებდა. გავიდნენ სასეირნოდ, მაგრამ რა ესეირნებოდათ? ვერც უარი უთხრეს მიხეილს ამ სამუშაოს შესრულებაზე, არც ფული აქვთ და დადიან ასე.

_ მეგი, მგონი, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღეთ, აქ რომ ვრჩებით _ თქვა ირინამ.

_ აბა, რა მექნა, ქალო, ისედაც საქმე გავუფუჭეთ კაცს და კიდევ მეყოყოჩა? ცოტა გავუძლოთ და რაღაც გამოჩნდება.

_ რა რაღაც გამოჩნდება, არ გადამრიო! ჩაისა და პურზე გვამყოფებს, წუხანდელი ღამის მერე სიგარეტი არ მომიწევია, _ უთხრა ირინამ და იქვე გამვლელს ერთი ღერი სთხოვა.

_ აბა, რას ფიქრობ, ირინა? არის გამოსავალი? _ იკითხა მეგიმ.

“ის” ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა, ნაღვლიანი თვალებით ცას შესქეროდა.

_ გამოსავალი არის და მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ, _ თქვა ირინამ.

_ რა? _ იკითხა მეგიმ.

_ უნდა მოვტყდეთ აქედან, რის ფასადაც უნდა დაგვიჯდეს.

_ ოჰ, მე მაგას ვერ ვიზამ. თბილისში რომ ჩავალ, სანდრას თვალებში როგორ ჩავხედო, შე ქალო?!

_ როგორ ჩახედო და ისე, როგორც სანდრამ ჩახედა მიშას თვალებში. “ნი მაგუ, ნუ”, მიყვარს, პატივს ვცემ, მაგრამ უშაქრო ჩაიზე ვერ ვიცხოვრებ სარდაფში, მეყო ბუნკერებში მალვა და ცხოვრება, შენი ჭირიმე! _ უთხრა ირინემ და განაგრძო: _ მოკლედ, ჩვენი პრობლემა ბილეთებია, ხო? დღეს ღამით, როცა მიშა დაიძინებს, ჩვენ ფულს ავაცლით, ვიცი, სადაც მალავს, წუხელ ღამე რომ შემოვიდა, ცალი თვალი გახელილი მქონდა, ასეთი ძილი მაქვს მე, ჰოდა, დავინახე ფულის შეკვრა როგორ შეინახა ერთ ადგილას.

_ უიმე, უიმე, მომიკვდეს თავი! რას ამბობ, ირა, დაო, მაგას რა გამაკეთებინებს?

_ დამშვიდდი, მეგუნი. ვიცი, საქმიდან სუფთად როგორ გამოვძვრე. შენ, უბრალოდ, მშვიდად ადევნე მოვლენებს თვალი. ჩვენ არა მხოლოდ ბილეთის ფულს ვიშოვით, არამედ კაი მაყუთსაც გავმაზავთ, _ უთხრა ირინემ, ეშმაკურად გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და ნესტოებიდან ნაფაზის ბოლი გამოუშვა.

_ აჰა, ჭამეთ, შენახული მქონდა ბუტერბროდები, კიდევ კარგი, ბევრი წამოვიღე, _ გაუნაწილა გოგონებს საკვები და დაბინდებას მოუთმენლად დაუწყო ლოდინი.

(გაგრძელება უნდა იყოს)

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here