Home რუბრიკები პოლიტიკა სიმონ კილაძე: თურქეთი თავს ბათუმის ოლქის სიუზერენად მიიჩნევს

სიმონ კილაძე: თურქეთი თავს ბათუმის ოლქის სიუზერენად მიიჩნევს

1553

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინათ რიზეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა სხვადასხვა ქვეყანა, კუნძული, მხარე და ქალაქი, რომლებიც, მისი აზრით, თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცეს. ჩამოთვლილ ქალაქებსა და ქვეყნებს შორის, ბულგარეთის ვარნასთან, კვიპროსთან, ეგეოსის კუნძულებსა და სხვებთან ერთად იყო ბათუმიც. თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია. ჩვენ ანალიტიკოს სიმონ კილაძეს დავუკავშირდით და შევეცადეთ, გაგვერკვია, რას ნიშნავს თურქეთის პრეზიდენტის ეს განცხადება და რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.

_ ის, რომ ბათუმი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და კვლავ უნდა დაბრუნდეს, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ რამ აიძულა რეჯეფ ერდოღანი, რომელიც თავს ქართველად მიიჩნევს, ეს ეთქვა?

_ თურქეთის პრეზიდენტის ეროვნება, თუ მხედველობაში მივიღებთ მისივე აღიარებებს და საჯარო განცხადებებს, შეიძლება ითქვას, სიტუაციის შესაბამისად იცვლებოდა. 1956 წელს, როცა პატარა რეჯეფი ერთი წლის გახდა, ოჯახი სტამბოლიდან საცხოვრებლად თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რიზეში გადავიდა, საქართველოსთან ახლოს, სადაც მამამისს, ახმედს, მრავალრიცხოვანი ნათესაობა ჰყავდა. რეჯეფმა რიზეში ბავშვობის 12 წელი გაატარა. ის პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ამბობდა, ჩემი წინაპრები აჭარიდან არიან და რიზეში დასახლდნენო. მე ეთნიკური თურქი არ ვარ, ქართული ფესვები მაქვს, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან”, _ ციტირებდა ერდოღანის სიტყვებს თურქული გაზეთი “მილიეთი”. 2003 წელს, როცა ერდოღანი საქართველოში ჩამოვიდა, ჩვენი მედია ამ საკითხზე საკმაოდ ბევრს წერდა და აღნიშნავდა, რომ თურქეთის ლიდერმა დაადასტურა, _ მისი ნათესავები ქართველები (ლაზები) არიან, პაპამისსაც რეჯეფი ერქვა, ბათუმთან ახლოს ერთ-ერთი სოფლის იმამი იყო, რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ კი, როცა აჭარა ქუთაისის გუბერნიაში შევიდა, ოჯახით რიზეში გადასახლდაო. სხვათა შორის, თურქული ოპოზიციაც საკმაოდ ხშირად იხსენებდა ხოლმე ამ ფაქტს: “ჩვენი პრემიერმინისტრი რომ ამბობს, ცოლად არაბი ქალი მყავს, მე კი წარმოშობით ბათუმელი ვარო, ამით პროვოკაციას უწყობს თურქეთის 35 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელს”, _ ამბობდა ოპოზიციური პარტიის ლიდერი დევლეთ ბახჩელი 2010 წელს. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტელევიზიით გამოსვლისას კი ერდოღანმა მტკიცედ განაცხადა: მე სტამბოლელი ვარ, მორჩა, წერტილი დავსვი. არ დაიჯეროთ, რაც უნდა მოისმინოთ ჩემ შესახებ. ერთი ამბობდა, რომ მე თითქოს წარმოშობით ქართველი ვყოფილვარ; მეორე იძახდა, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, თურმე სომეხი არისო. მამაჩემიც, პაპაჩემიც და სხვა ნათესავებიც ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მე თურქი ვარ…”

ასე რომ, რეჯეფ ერდოღანი ეროვნებით არის თურქი, მას თურქი წინაპრები ჰყავს და, როგორც თურქეთის პრეზიდენტი, თავისი სახელმწიფოს ინტერესებს იცავს, იხსენებს ოსმალეთის ისტორიულ საზღვრებს და თავისი სახელმწიფოს განდიდებისთვის იღვწის. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მისი განცხადება ქალაქ რიზეს უნივერსიტეტში.

ამასთანავე, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მომენტს: თურქეთის შემადგენლობაში ბათუმის ყოფნის სურვილი რომელიმე თურქ პოლიტიკოსს, პუბლიცისტს ან პოლიტოლოგს რომ გამოეთქვა, ეს კიდევ შეიძლება მოსათმენი ყოფილიყო, მაგრამ, როცა ამას ამბობს თურქეთის პრეზიდენტი, როგორც მმართველი ისლამისტური პარტიის ლიდერი და ნეოოსმანიზმის იდეოლოგიის რეალიზატორი, ქვეყნის მეთაური, რომლის ყოველი საჯარო გამოსვლა მასმედიის თანდასწრებით, წესით, სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციად უნდა ჩაითვალოს, უკვე საკმაოდ დამაფიქრებელ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ჩვენებური უპრინციპო პოლიტოლოგები და მაამებელი ექსპერტები ამბობენ, რა მოხდა, ეფენდი ერდოღანმა ეს განცხადება შიგა მოხმარებისთვის გააკეთაო. რას ნიშნავს შიგა და გარე მოხმარება? როცა სახელმწიფოს პრეზიდენტი, ქვეყნის მეთაური, საჯაროდ, მასმედიის თანდასწრებით ლაპარაკობს ევროპისა და აზიის ქვეყნებზე, რომლებიც ადრე, მე-19 საუკუნის 70-იან წლებამდე, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ, ესშიგა მოხმარებისთვისგაკეთებულ განცხადებად როგორ უნდა მიიჩნიო?! რა, შუა საუკუნეებია, კომუნიკაცია არ არსებობს და, რიზელების გარდა, ბაშკან-პრეზიდენტის ნათქვამს ვერავინ შეიტყობდა?

დიახ, ძალზე არასასიამოვნო ფაქტია, რომ ბოლო წლებში ამგვარი განცხადებები საკმაოდ გახშირდა. უკვე შესამჩნევია ტენდენცია იმისა, რომ თურქეთი, 1990-იანი წლებიდან გააქტიურებულ პანთურქიზმის პოლიტიკას, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე მცხოვრებ თურქულენოვანი ეთნოსების კონსოლიდაციას გულისხმობს კავკასიისა და შუა აზიის ჩათვლით, ახლა ნეოოსმანიზმით ცვლის, ანუ პოლიტიკური გავლენით იმ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდნენ. შესაბამისად, ანკარა ცდილობს, მეზობელ, შედარებით სუსტ სახელმწიფოებზე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ამგვარ პოლიტიკას, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენც ხელს ვუწყობთ. აჭარაში თურქული ბიზნესის მომძლავრება, თურქული კულტურის გავლენის გაძლიერებაგაფართოება, ამას წინათ ბათუმში მომხდარი თურქულ სკოლასთან დაკავშირებული სკანდალიც ამ ჩარჩოებში თავსდება.

_ ეს დაკავშირებული ხომ არ არის ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან?

_ არა მგონია. საქმე ის არის, რომ თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) შორის 1921 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყარსში ხელმოწერილ ხელშეკრულებაში მისი მოქმედების ვადები მითითებული არ არის, ანუ ხელშეკრულება უვადოა. სხვათა შორის, უვადოა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში რუსეთსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებაც, რომლის საფუძველზეც ყარსის დოკუმენტი გაფორმდა. აქედან გამომდინარე, ერდოღანის განცხადება უფრო მისი პარტიის იდეოლოგიითა განპირობებული, ვიდრე ხელშეკრულების ვადით. თურქებმაც მშვენივრად იციან, რომ 95 წლის წინათ გაფორმებული დოკუმენტი უვადოა, მაგრამ ჩუმად, შენიღბულად, “რბილ ძალას” იყენებენ _ ეკონომიკურ მეთოდებს, კულტურის სფეროს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხსენებული დოკუმენტები საქართველოსთვის საკმაოდ საჩოთირო, ორმაგ დებულებებს შეიცავს, მხედველობაში მაქვს ის, რომ თურქეთი თავს თითქოსდა ბათუმის ოლქის სიუზერენად მიიჩნევს, თუმცა გვითმობს სიუზერენიტეტს გარკვეული პირობებითა და დათქმით. სიუზერენობა კი რას ნიშნავს, ყველასთვის გასაგებია. სხვათა შორის, თურქეთში დღესაც არ არის გაუქმებული 1920 წლის იანვარში ოსმალეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, .. ეროვნული აღთქმა, რომელიც თავისი არსით დამოუკიდებლობის დეკლარაციას წარმოადგენს და მასში ქვეყნის ტერიტორიებია განსაზღვრული. “აღთქმისმეორე მუხლი სწორედ ბათუმს ეხება. მასში ნათქვამია, რომ ამ ტერიტორიის მოსახლეობამ ერთხელ უკვე დაადასტურა დედასამშობლოსთან მიერთების სურვილი (იგულისხმება 1918 წლის აგვისტოში თურქების ოკუპაციისას ჩატარებული პლებისციტი) და, თუ საჭირო იქნება, კიდევ შეიძლება მსგავსი რამ ჩატარდესო. აი, ასეთი სამართლებრივი “წყალქვეშა რიფებია” საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მოსკოვი-ყარსის ხელშეკრულების “მოქმედების ვადის გასვლაზე” სომეხი დიპლომატები ჯერ კიდევ 2001 წელს ალაპარაკდნენ. მათი ვარაუდით, არსებობს მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების “საიდუმლო დამატებები”, რომლებშიც მითითებულია სწორედ მოქმედების ვადები _ 1946 წლამდე. მოგვიანებით კი “დააზუსტეს” _ თითქოსდა 2021 წლამდე, თუმცა დამადასტურებელ დოკუმენტებს დღემდე ვერსად მიაკვლიეს _ ვერც მოსკოვში და ვერც ერევანში. რაც შეეხება თურქებს, მათ რომ ჰქონდეთ ასეთი დოკუმენტები, მყისვე გამოაქვეყნებდნენ, რადგან ანკარისთვის ეს მომგებიანია. აი ასეთი ბლეფისა სჯერა ბევრ ქართველ ექსპერტ-პოლიტოლოგს და წამდაწუმ იმეორებს: “ყარსის ხელშეკრულება ასი წლის ვადით არის დადებული…”, “ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის” და ა.შ. ასეთი განცხადებები არასერიოზულია.

_ რა საფრთხე გვემუქრება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი და ერდოღანი შეხმატკბილებული მოქმედებენ სირიაში?

_ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას საქართველოსთვის ყველა ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც ასეა. ჩვენ ხომ გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ძლიერი მეზობლების ე.წ. ინტერესების სფეროში ვართ. რაც შეეხება სირიაში ანკარისა და მოსკოვის მოქმედებას, იქ ორივეს განსხვავებული ინტერესები ამოძრავებს…

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მოსკოვი-ყარსის ხელშეკრულებამ ერთგვარი შემკავებლის როლი შეასრულა: ბათუმში არც თურქეთისა და არც რუსეთის ჯარები არ შესულან, არადა, საფრთხე რეალური იყო. საქმე ის არის, რომ ყარსის ხელშეკრულებას, თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების ხელმოწერებთან ერთად, რუსეთის წარმომადგენლის, იაკობ განეცკის, ხელმოწერაც ამშვენებს. ეს, ალბათ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აჭარის ავტონომიის “საერთაშორისო გარანტორები” გარკვეულწილად რუსეთი და თურქეთი არიან.

ჩვენთვის შედარებით უფრო პრობლემურია ისეთი სიტუაცია, რომელმაც რუსეთსა და თურქეთს შორის მოსკოვი-ყარსის ხელშეკრულებების დენონსირება შეიძლება მოახდინოს. ეს, სავარაუდოდ, მწვავე კრიზისს გამოიწვევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო შეიძლება ორი მეზობლის დაპირისპირების პოლიგონად გადაიქცეს და, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ თურქეთი ნატოს წევრია, მაშინ…

_ სწორია პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, ვგულისხმობ, წაყრუებას? საქართველოს ხელისუფლებას ერდოღანის განცხადებაზე რეაქცია არ ჰქონია

_ თურქი საზოგადოების რადიკალ წარმომადგენლებს ადრეც გაუკეთებიათ მსგავსი განცხადებები, მასმედიაში ქვეყნდება ოსმალეთის იმპერიის ისტორიული და თანამედროვე თურქეთის წარმოსახვითი რუკები, რომლებზეც აჭარა თურქეთის შემადგენლობაშია. ასეთი ადამიანების ხმას ახლა უკვე პრეზიდენტ ერდოღანის ხმაც დაემატა. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე სახელმწიფოს მეთაურის ნათქვამი სხვაგვარად აღიქმება, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა მიანიშნოს თურქ ლიდერებს, რომ მსგავსი განცხადებები მეგობარი სახელმწიფოს ტერიტორიის შესახებ არაკეთილმეზობლური მოქმედებაა. თურქეთის ხელმძღვანელებს კორექტულად უნდა ავუხსნათ, რომ ქართველი საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს ქართულ-თურქული ურთიერთობების პროცესს და მათი ყოველი ემოციური თუ დაუფიქრებელი გამონათქვამი ტერიტორიების შესახებ ჩვენთვის მტკივნეულია.

უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ თურქეთი აღმოსავლური დიპლომატიის ქვეყანაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად იცვლის პოლიტიკურ ვექტორებსა და მიზნებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. ჰიტლერი ავსტრიელი იყო, მაგრამ ავსტრია გერმანიას მიუერთა ( ნუ იმართლებთ თავს, რომ ავსტრია გერმანულენოვანია და ავსტრიელი გერმანელია ეროვნებით), კორსიკელმა ნაპოლეონმა კორსიკა საფრანგეთს მიუერთა ( თავის ზედამხედველობაში გადაიყვანა), სტალინს ხელი არ შეუშლია საქართველოს გასაბჭოებისთვის ( მისი და რუსეთის ზედამხედველობაში გადაიყვანა), ერდოღანის თუნდაც ქართულ ფესვებიანს და მასზე დამყნილ თურქულ-ოსმალურ აზროვნებას არ შეუძლია ჩრდილოეთ კვიპროსივით ბათუმში ჩაწერილი თურქების დაცვის მიზნით იგივე განახორციელოს?! საქართველოს მთავრობას ამ შემთხვევისათვის აქვს დოქტრინა შემუშავებული?! ნატოს წევრობს სურვილი კი არა, წევრობაც არ არის ამის გარანტი, გაიხსენეთ საბერძნეთ- თურქეთის დაპირისპირება ეგეოსის ზღვის კუნძულისთვის ( კი- ომს გადაურჩა, მაგრამ საბერძნეთს საქართველოზე გაცილებით ძლიერი ჯარი და ფლოტი ჰყავს),თუ რუსეთის იმედი გაქვთ უანგაროდ გახდება აჭარის გარანტი?!

  2. აჭარამ ჯერ კიდევ 1918წელს გამოხატა თავისი ნება სურვილი,რომ დარჩებოდა თურქეტის შემადგენლობაში,რადგან მატი პიროვნული და რელიგიური უფლებები დაცული იქნებოდა,1921წელს კი იძულებით ბოლშევიკებმა აიძულეს დარჩენილიყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ფარტო ავტონომიის უფლებებით,რომელიც უარყოფითად აისახა მატ მომავლზე,მრავალი გასახლეს ,რელიგია აუკრძალეს,ადგილობრივ მოსახლეობას უნდობლობა გამოუცხადეს,გენოციდი მოუწყვეს.საბჭოთ კავსირის დანგრევის შემდეგ ,აჭარა საქარტველოს შემადგენლობაში მოხვდა და ეროვნულმა მთავრობამ ადგილობრივ პიროვნებას მიანდო აჭარის ბედი,რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა,მაგრამ მალე გააძევეს ეროვნული მთავრობა და დაიწყო დიქტატურა აჭარასი შევარდნაძის აბასიძის მოქმედობით ,რომელიც 13წელი გრძელდებოდა.ბოლო პერიოდსი კი საერტოდ უპატრონო დარჩა აჭარა და აჭარლების გარეშე კადრები მოყავთ იმატ ვისაც აწყობთ,ეს კი ძაბავს მდგომარეობას და კვლავ პატრონის მოლოდინსია აჭარა.თუ კი დადგება საკითხი კვლავ თუ რონმელ მხარეს აირჩევს აჭარა.ეს გადაწყვეტს რეფერედიუმი,რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here