Home რუბრიკები ბლოგი ოთხი წლის შემდეგ დასაწერი წერილი, ანუ ბიძინური შეცდომების კორიანტელი

ოთხი წლის შემდეგ დასაწერი წერილი, ანუ ბიძინური შეცდომების კორიანტელი

764

საოცარ სიმაღლეებს მიაღწია ამ წინასაარჩევნოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის, უფრო ზუსტად, ქართველი პოლიტიკური ლიდერების უტიფრობის დონემ. ჯერ მხოლოდ ის რად ღირს, რომ ირაკლი ალასანია მოგვიწოდებს, არჩევანი გავაკეთოთ მის მიერ ნაკეთები საქმეების მიხედვით, მაშინ, როდესაც ასეთი ფენომენი _ “ალასანიას გაკეთებული საქმეებიბუნებაში არ არსებობს. არანაკლებ საინტერესოა, რომ რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე გველაპარაკება ილია ჭავჭავაძის იდეალებზე, ანუ, ფაქტობრივად, ენაზე, მამულზე და, რაც ყველაზე გასაკვირია, სარწმუნოებაზე; და მისი კოლეგებიც საარჩევნო კამპანიას ზეპატრიოტული მოწოდებებით აწარმოებენ

თითქოს ვეღარაფერს წარმოიდგენ ამაზე უფრო წარმოუდგენელს ადამიანი, მაგრამ უცებ ეთერიდან თვალში გვეჩხირება “თბილისურად მობლატავე” მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი ბანი. დიახ!

“მე, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, თბილისში გავიზარდე და სასამართლოში სარჩელის შეტანა და ეგეთი რაღაცები თბილისელებისთვის მიუღებელია. ჩვენ თბილისში ცოტა სხვანაირად ვთხოვთ ხოლმე პასუხს…” _ ეს ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, არავის არანაირ “მაზიანზე” არ დავუჯერებდი, რომ მოყვანილი ფრაზა და ციტატა სწორედ პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის.

საზოგადოდ, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩევა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პოლიტიკური პარტნიორების მიერ მილიარდერი პოლიტიკოსის განუკითხავი ლანძღვით და პირიქით.

ოთხი წლით მიძინებული მახსოვრობა თუ განსჯის უნარი მხოლოდ ახლა გაუაქტიურდათ ყოფილ პარტნიორებს და, ერთი მხრივ, “ოცნებიდანწასულგაშვებული პოლიტიკური სუბიექტების ლიდერებს, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნის მთავარ მეოცნებეს მხოლოდ ახლაღა ეცათ იმ ნაგვის სუნი, რომელშიც მთელი ეს ოთხი წელიწადი ამყოფეს (თურმე!) საკუთარი თავიცა და მთელი ქვეყანაც.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს ახლაღა გაახსენდა, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკაში მილიონის საშოვნელად მოდიოდა, ირაკლი ალასანია საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის მქონე არაგუნდური მოთამაშეა, ხოლო უსუფაშვილზე არამია პარლამენტის თავმჯდომარეობა და თურმე მას კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განსახორციელებლად თითი თითზე არ დაუკარებია.

თავის მხრივ, ყოფილ პარტნიორებს ახლაღა ეჩვენებათ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი აზრების სხვებისთვის თავზე მომხვევ, პოლიტიკურად უვიც, ჭორებისა და ხმების ამყოლ, უსამართლო, თავისნათქვამა და ერის მოძღვრის ფუნქციის საკუთარ თავზე უსაფუძვლოდ ამღებ, ოდიოზურ პერსონად.

ასეთ შემთხვევაში ბრძენი ხალხი იტყვის ხოლმე: კისერიც უტეხიათ და კინჩხიც ზედ მიუყოლებიათ; ისემც უქნიათ, დაუხოციათ ერთმანეთიო. ამ გამოთქმას დაეთანხმებოდა კაცი, ყოფილ პარტნიორთა ასეთი უტიფარი ჯახი მხოლოდ პირადად მათ პერსონებსა თუ მათდამი დაქვემდებარებულ პოლიტიკურ ძალებს რომ შეეხებოდეს.

საქმე ის არის, რომ თითოეული მათგანი თავის თავზე იბრალებს იმას, რაც ასე თუ ისე სასიკეთო გაკეთდა ქვეყნისთვის და პირიქით, ერთმანეთს უკიჟინებენ იმას, რაც ხალხისთვის დღემდე მიუღებელია და რაც საზოგადოებას დღემდე ვერ უპატიებია “ქართული ოცნების” კოალიციისთვის.

რაღა თქმა უნდა, ამ კუთხით მთავარი თემებია კოჰაბიტაცია და ამ კოჰაბიტაციის სიმბოლოდ ქცეული მოსამართლე მურუსიძე. მკითხველმა, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცის, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად და პოლიტიკოსთა უსირცხვილობის უფრო მკვეთრად ხაზგასასმელად, მოდი, მოვიტანოთ მართლაც “კლასიკად” ასაღიარებელი მაგალითი ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გამართული დებატებიდან. ამ დებატებში მონაწილეობდნენ “ქართული ოცნების” ყოფილი “დიადი” პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ამჯერადაც ივანიშვილის გულმხურვალე მხარდამჭერად მოგვევლინა და მანანა ნაჭყებია _ “ახალი მემარჯვენეებიდან”. ისინი პარლამენტში მოსახვედრად ხან ვის “მიეკოალიციებიან” და ხან _ ვის, მაგრამ, რადგან 2012 წელს ბიძინას მიერ “გაკრეფილ შუაში” აღმოჩნდნენ, დღემდე ვერ ინელებენ ამას. და დებატების მესამე, ყველაზე საინტერესო მხარე _ ანი მიროტაძე “ეროვნული ფორუმიდან”, ანუ იმ გაერთიანებიდან, რომელსაც ღმად ძინავს, როდესაც ფინანსური განცხრომის პერიოდი უდგას ხოლმე, მაგრამ მრისხანედ იღვიძებს, როდესაც ამ პოლიტიკური ძალის ფინანსურ უზრუნველობას სერიოზული საფრთხე შეექმნება.

სწორედ ასე მოხდა ახლაც _ “ეროვნული ფორუმის” კოალიციიდან გასვლა-გაშვებამ მათ უზრუნველ ცხოვრებას საფრთხე შეუქმნა და მრისხანე გამოღვიძებაც აშკარაა:

“ბატონო ლაშა! თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურატურის მაღალი ჩინოსანი იყავით და უნდა დაგესაჯათ აუცილებლად და მკაცრად ის ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოში ამ უბედურებას ატრიალებდნენ. რატომ არ დასაჯეთ? ჩვენ მათ აუცილებლად დავსჯით, თუკი ხალხი აგვირჩევს და მოგვიყვანს ხელისუფლებაში!” _ აი, ამ ფრაზას ისე უტიფრად ეუბნება ლაშა ნაცვლიშვილს ანი მიროტაძე, გეგონებათ, სახელისუფლო სიით პარლამენტში ჯდომის მთელი 4 წლის განმავლობაში გლანდები ჰქონდა დასიებული ნაციონალების დასჯისა და პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების მოთხოვნით.

კი, ბატონო, პროკურატურის მაღალჩინოსან ნაცვლიშვილს უნდა დაესაჯა მანიაკობების ჩამდენი ნაციონალები და თანამდებობებზე დაწინაურების საშუალება არ უნდა მიეცა მათი მხარდამჭერებისთვის, მაგრამ, თუკი ის ამას არ აკეთებდა, რას აკეთებდა პარლამენტარი მიროტაძე?

ნეტავ, ვინმეს თუ მაინც ახსოვს მისი თუნდაც ერთი მკაცრი გამოსვლა, რომ მას, როგორც პარლამენტარს, კატეგორიულად მოეთხოვოს შესაბამისი სტრუქტურებისგან ნაციონალების დასჯა, ხოლო თავისი თანაგუნდელებისთვის, ანუ სახელისუფლო გუნდისთვის მკაცრი პასუხი სხვადასხვა სფეროში ნაცების მხარდამჭერთა თანამდებობაზე დაწინაურების გამო?

დარწმუნებული ვარ, ასეთს ვერავინ ვერაფერს გაიხსენებს. საპირისპიროს, რა თქმა უნდა, კი. მიროტაძეც და მისი მსგავსნიც აქტიურად მოგვიწოდებდნენმშვიდობის მტრედობისკენ”, ანუ იმისკენ, რომჩვენ უნდა შევძლოთ, ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება”, “ჩვენ აღარ უნდა გავაგრძელოთ აგრესიის ენით საუბარი”, “ჩვენ აღარ გვინდა დაპირისპირებადა მსგავსი ფრაზები მათგან ყოველთვის უხვად იბნეოდა.

მხოლოდ ახლაღა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ამდენი მუქთამჭამელის შენახვაზე, მათ უცებ გაახსენდათ, რომ თურმე ნაციონალები დასასჯელები ყოფილან, ხოლომურუსიძეები” _ სამსახურიდან გასაშვებნი და არა დასაწინაურებელნი.

კიდევ უფრო კომიკური იყო იმავე ლაშა ნაცვლიშვილის დაპირისპირება ამჯერად უკვე მანანა ნაჭყებიასთან. მოდი, მეტი ეფექტისთვის მათი დიალოგიდან ნაწყვეტი მოვიტანოთ.

ლაშა ნაცვლიშვილი: _ მანანა, თქვენ, რომელიც ქუჩიდან ებრძოდით სააკაშვილს, ახლა არ გრცხვენიათ, რომ ერთ პოლიტიკურ ბლოკში ხართ ვაშაძისა და კუბლაშვილის გვერდით? ეს უხერხულობას არ გიქმნით?

მანანა ნაჭყებია: _ არა, არ მიქმნის. თქვენ არ გიქმნით უხერხულობას, რომ თქვენი რიგები ყოფილი ნაციონალებით შეავსეთ? მარიკა ვერულაშვილის რომ მოიხსენიებთ თანაგუნდელად, ეს არ გიქმნით უხერხულობას?

ლაშა ნაცვლიშვილი: _ არა, არ მიქმნის. რატომ უნდა მიქმნიდეს?

აი დიალოგი! აი კლასიკა! აი ნიმუში იმისა, რომ ადამიანს შეიძლება არასოდეს არაფერმა შეუქმნას უხერხულობა. არ უქმნით და რა ქნან?!

აი, ეს არის ყველაზე ნათელი სურათი იმისა, თუ რა ამაზრზენია დღეს ქართული პოლიტიკა. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ეს საზიზღრობა ქართულ პოლიტიკაში, 4 წელიწადია, ტრიალებს. შეიძლება ვინმე შემომედავოს, _ 4 კი არა, 30 წელიწადია, ამ დღეში ვართო, მაგრამ ამ კონკრეტულ საგაზეთ წერილში კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მიერ ისედაც ამაზრზენ ქართულ პოლიტიკაში კიდევ უფრო ამაზრზენი “ბიძინური” სტანდარტების ხაზგასმა მსურს.

ჯერ კიდევ 4 წლის წინათ ვამბობდი, რომ პოლიტიკურ სპექტრში არსებული ყველა ნაგვის მის მიერ მართვად კოალიციაში შეყვანის გზითა და მეთოდით ნორმალური სახელმწიფო ვერ აშენდებოდა და ბიძინა ივანიშვილის ეს უზნეო ჩანაფიქრი, საბოლოო ჯამში, ათმაგი უზნეობით დაუბრუნდებოდა ჩვენს ქვეყანასაც და თვით ივანიშვილსაც.

აკი უბრუნდება კიდეც!

მავანი იტყვის, _ არა უშავს, ახლა ხომ მაინც მოვიდა აზრზე ივანიშვილი, მოიშორა მთელი ეგ ნაგავი და “ქართული ოცნების” სია, განსაკუთრებით მისი პირველი ოცეული, ახალი სახეებით დააკომპლექტაო.

კი, მაგრამ, ვინმემ იცით, საერთოდ, ვინ არიან ეს სახეები? ახალი სახე”, წესით, მხოლოდახლობითარ უნდა ფასობდეს! ესა თუ ის სახე შეიძლება პოლიტიკისთვის იყოს ახალი, მაგრამ მისი განვლილი ცხოვრება, მისი მსოფლმხედველობა, მისი საზოგადოებრივი აქტივობა, მისი პოზიცია ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხის მიმართ საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი მაინც უნდა იყოს.

აბა, გადახედეთქართული ოცნებისსიის პირველ ოცეულს, მკითხველო, და მითხარით _ რა იცით ამ ადამიანების შესახებ, გარდა იმისა, რომ მათი უმეტესობა, უბრალოდ, .. ლიბერასტულიმიმდინარეობის მიმდევარია და, სავარაუდოდ, დიდად არაფრით განსხვავდება იმავე რესპუბლიკელების თვალსაჩინო წარმომადგენლებისგან.

ძველი ნაგვის მოშორება და მისი ახალი ნაგვით ჩანაცვლება ვითომ გამართლებულია? უფრო მეტიც _ მიუხედავად იმისა, რომ მე, პირადად, 2012 წლის “ქართული ოცნების” სიის პირველ ოცეულსაც “ნაგავს” ვუწოდებდი, მაშინ ის მაინც ვიცოდით ამ ხალხის შესახებ, რომ ისინი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რეჟიმს ებრძოდნენ; ანუ მაშინდელი “გამსვლელი ოცეული”, შესაძლოა, არ ჯდებოდა ჩვენს პოლიტკურ თუ საზოგადოებრივ გემოვნებაში, მაგრამ მათ სააკაშვილის მანიაკიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში გარკვეული დამსახურება მაინც ჰქონდა და ამ ნიშნით მაინც იყვნენ შერჩეულნი და გაერთიანებულნი.

ახლანდელი ოცეული რა ნიშნით შეარჩია ივანიშვილმა? რას აკეთებდა ეს ხალხი იმ ავადსახსენებლი 9 წლის განმავლობაში? რომელიმე მათგანის ბრძოლა სამართლიანობისთვის, რომელიმეს ხმამაღალი გამოსვლა, გაბედული პროტესტი ახსოვს საზოგადოებას?

ხომ არ იყვნენ ისინი კონფორმისტულად განწყობილი სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, ხომ არ იყვნენ სადღაც ძვირად ღირებულ სასწავლებლებსა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მოყუჩებულნი და სულაც ფეხებზე ეკიდათ, რა დანაშაულებს სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი, იყვნენ გატრუნულნი და დღეს სხვათა ბრძოლის, სხვათა თავგანწირვის, სხვათა სისხლის, სხვათა ომის ფასად ხომ არ ზეიმობენ დაუმსახურებელ “გამარჯვებას”?

სამწუხაროდ, ასეა. სამწუხაროდ, 4 წლის შემდეგ ისევ მიწევს გამეორება: უზნეო მეთოდებით წარმატებული სახელმწიფო ვერ აშენდება!

სამწუხაროდ, ისევ ვამბობ უმარტივეს “წინასწარმეტყველებას”: მომდევნო ოთხი წელიცბრძენ ბიძინასისევ ისე მოუწევს საუბარი დღევანდელი გამსვლელი ოცეულის წევრებზე, როგორც საკუთარშეცდომებზე”, როგორც ახლა ალასანიას, სანიკიძის, უსუფაშვილის, მარგველაშვილისა და სხვათა შესახებ ლაპარაკობს.

გათვლა, რომ თითქოს ისინი ისედაც “ლიდერები” იყვნენ და ამიტომ ვერ დაიმორჩილა ივანიშვლმა, ხოლო ესენი არარაობები არიან და “დიდი ბიძინას” ნების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან, სრული სისულელე, გულუბრყვილობა და უზნეობაა.

როგორც კი “ფიგურებად” იგრძნობენ თავს, მყისვე თავში აუვარდებათ და ზუსტად ისევე განაცხადებენ, “ივანიშვილის გარეშეც წარმოვადგენდით რაღაცას”-ო, როგორც დღეს ამას ის 0,5-პროცენტიანი პარტიები და მათი ლიდერები ამბობენ უტიფრად…

ასე რომ, გული მიგრძნობს, ეს წერილი არა ახლა, არამედ ასე, 4 წლის შემდეგ უნდა დამეწერა…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ყოჩაღ ბატონო ბაკურ! შესანიშნავი ანალიტიკური ტექსტია. თქვენ გაიხარეთ, გული მომფხანეთ. გმადლობთ. გისურვებთ დიდ წარმატებებს სამშობლოს საკეთილდღეოდ. იხაროს ყველა თქვენნაირად მოაზროვნე ახალგაზრდამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here