Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ჩამორჩება საქართველო?

რატომ ჩამორჩება საქართველო?

578

ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს ყოველთვის უჭირდათ საქართველოში გასამართი არჩევნების შედეგების პროგნოზირება და იმ ფაქტორების გამოკვეთა, რომლებიც ელექტორატზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს. გამონაკლისს ამ მხრივ არც 2016 წლის არჩევნები წარმოადგენს. ხშირად მკვლევარები ვერ ახერხებენ იმ მოტივების გაშიფრვას, რომლებიც მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილის არჩევანის უკან დგას. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, შესაძლოა, დემოკრატიის იდეალებთან გადაულახავ წინააღმდეგობაში შესული მენტალური თავისებურებებია. უნიკალური და სპეციფიკურად ქართული ამაში არაფერია _ სიტუაცია, როდესაც ახალი და ძველი, დემოკრატიული და ანტიდემოკრატიული ეჯახება ერთმანეთს, როგორც ორი საპირისპირო მიმართულებით მიმავალი მატარებელი, არახალია და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა ჩვენთვის შეიძლება სასარგებლო გამოდგეს. ევროპის ქვეყნებიდან საქართველო ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც იტალიას, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ ნაწილს ჰგავს, სადაც არცთუ შორეულ წარსულში ყველაზე აქტუალური სწორედ ის პრობლემები იყო, რომლებიც დღეს ასე გვაწუხებს.

1955 წელს ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ედვარდ ბანფილდმა შეისწავლა პატარა სამხრეთიტალიური ქალაქის _ კიარომონტეს (ბაზილიკატას რეგიონი) და მისი შემოგარენის ბინადართა ცხოვრების წესი, გაეცნო მათ თვალსაზრისს და 1958-ში გამოსცა ძალიან საინტერესო წიგნი “ჩამორჩენილი საზოგადოების მორალური ბაზისი”. ზოგი შეიძლება გაღიზიანდეს სათაურში გამოტანილი “ჩამორჩენილის” გამო და ის ზოგიერთი ამერიკელისთვის დამახასიათებელი აპლომბის გამოვლინებად ჩათვალოს, მაგრამ ედვარდ ბანფილდს ეს ნაკლებად ეხება, მისი ცოლი იტალიელი გახლდათ, მას უყვარდა იტალია და პატივს სცემდა მის ბრწყინვალე კულტურას. შესაძლოა, სწორედ კონტრასტმა დიად წარსულსა და უმოწყალო აწმყოს შორის დააფიქრა ამერიკელი მკვლევარი მიზეზებზე, რომლებიც იტალიური საზოგადოების განვითარებას აფერხებდა.

ოჯახი ქართველებისთვის, ისევე, როგორც იტალიელებისთვის უზენაესი ღირებულებაა, თუმცა ჩვენ იშვიათად ვუფიქრდებით იმას, რომ მასთან დაკავშირებული ზოგიერთი მანკიერი სტერეოტიპი ნეპოტიზმის, კლანური ეგოიზმისა და, საბოლოო ჯამში, კორუფციის გავრცელებას უწყობს ხელს. აგრეთვე, არ აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას, გააერთიანონ ძალისხმევა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად. ბანფილდი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კიარომონტეს ბინადრები (ის არ ახსენებს რეალურ დასახლებულ პუნქტს და წიგნში მასმონტეგრანოსუწოდებს) უყურებენ ცხოვრებას, როგორც ბრძოლის ველს, ხოლო მეზობლის წარმატებას აღიქვამენ, როგორც საკუთ საფრთხეს, და ხშირად ცდილობენ მას საქმე გაუფუჭონ. მოკლედ, ამ ნაშრომში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბევრი დეტალია. მსჯელობა თითოეულ მათგანზე შორს წაგვიყვანს, ამიტომ, ალბათ, აჯობებს, იმ ფაქტორებზე ვისაუბროთ, რომლებიც არჩევნებსა და ელექტორატის სიმპათიაზე უშუალო გავლენას ახდენს. ედვარდ ბანფილდმა ჩამოთვალა 17 წესი (აქ მათ ოდნავ შემოკლებული სახით განვიხილავთ), რომლებიც, მისი აზრით, ჩამორჩენილი საზოგადოების წევრების პრიორიტეტებსა და ქცევას განსაზღვრავს. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის არც ერთი მათგანი არ არის უცხო:

1. არავინ იზრუნებს ჯგუფისა და საზოგადოების ინტერესებზე, თუ ეს პირადად მისთვის მომგებიანი არ იქნება;

2. მხოლოდ საჯარო მოხელეები იფიქრებენ საზოგადოებრივ საქმეებზე, იმიტომ, რომ მათ ამისთვის ხელფასს უხდიან. კერძო პირის სერიოზული ინტერესი საზოგადოებრივი პრობლემების მიმართ აღქმული იქნება, როგორც არანორმალური ან, სულაც, სამარცხვინო;

3. მოხელეთა შემოწმება ძალზე იშვიათია, რადგან ეს მხოლოდ სხვა მოხელეების საქმეა;

4. ძალიან ძნელია ერთობლივი მოქმედების დაგეგმვა და მხარდაჭერა, რადგან მოტივები, რომლებიც საჭიროა ორგანიზაციის შესაქმნელად, უანგარო უნდა იყოს, ხოლო მისი წევრები ენდობოდნენ ერთმანეთს და ორგანიზაციის მიმართ ლოიალურები იყვნენ;

5. ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს არ აქვთ მის მიზნებთან იდენტიფიკაციის განცდა. ისინი არ გააკეთებენ იმაზე მეტს, რაც საჭიროა თანამდებობის შესანარჩუნებლად ან კარიერაში წინსვლისთვის. ამასთანავე, პროფესიონალები და განათლებული ადამიანები საკუთარი მისიის, მოწოდების ნაკლებობას განიცდიან. რეალურად, თანამდებობები და მომზადება განიხილება, როგორც სხვის წინააღმდეგ მიმართული იარაღი;

6. როდესაც არ იარსებებს დასჯის რისკი, კანონი დაირღვევა, ამიტომ ადამიანები არ დადებენ იმგვარ შეთანხმებებს, რომელთა შესრულება დამოკიდებულია სამართლებრივ პროცესებზე, თუ არ იარსებებს იმის მაღალი ალბათობა, რომ კანონი დაცული იქნება, ხოლო მის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები არ იქნება იმდენად დიდი, რომ საქმე არარენტაბელურად აქციოს;

7. სახელმწიფო მოხელე აიღებს ქრთამს, როგორც კი შეძლებს. მიუხედავად იმისა, იღებს ის ქრთამს თუ არა, საზოგადოება მაინც ჩათვლის, რომ იღებს;

8. სუსტი ყოველთვის დაუჭერს მხარს რეჟიმს, რომელიც წესრიგსძლიერი ხელითდაამყარებს;

9. ნებისმიერი პირის ან ინსტიტუციის განცხადება, რომ ის საზოგადოებრივი და არა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, აღქმული იქნება, როგორც თაღლითობა;

10. არ არსებობს არანაირი კავშირი აბსტრაქტულ პოლიტიკურ პრინციპებსა და ყოველდღიურ ქცევას შორის;

11. არ არსებობენ ლიდერები და მიმდევრები. არავინ აიღებს საკუთარ თავზე კურსის განსაზღვრის ინიციატივას და არ შეეცდება, დაარწმუნოს სხვები, ამ კურსით იხელმძღვანელონ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მის პირად ინტერესს შეესაბამება). როდესაც ის შესთავაზებს ჯგუფის წევრებს, ლიდერად აირჩიონ, ისინი უნდობლობის გამო უარს ეტყვიან;

12. საარჩევნო ბიულეტენს მოკლევადიან პერსპექტივაში მატერიალური ამონაგების მისაღებად გამოიყენებენ. ამომრჩეველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საქმე ეხება მის გრძელვადიან, კლასობრივ ან საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ ეს არ იმოქმედებს მის არჩევანზე, თუ ოჯახის კონკრეტული მატერიალური ინტერესით ხელმძღვანელობს;

13. საზოგადოების მიერ მიღებული სარგებელი ფასობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც პირად და ოჯახურ მდგომარეობაზე აისახება;

14. ამომრჩეველი პარტიების დაპირებებს ნაკლებად ენდობა. ის მიდრეკილია იმისკენ, რომ ხმა მისცეს იმ სარგებელს, რომელიც უკვე მიიღო (ცხადია, იმ პირობით რომ ის მომავალში გაიზრდება) და არა ცარიელ დაპირებებს;

15. ითვლება, რომ ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი ჯგუფი კორუფცირებულია და საკუთარ თავს ემსახურება;

16. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლები მზად არიან, საკუთარი ხმები გაყიდონ, არ იქმნება ძლიერი და სტაბილური პოლიტიკური ორგანიზაციები და ამას, სულ ცოტა, სამი მიზეზი განაპირობებს: ) ამომრჩეველს არ ენდობიან, რადგან მან შეიძლება არ მისცეს ხმა იმ პარტიას, რომელმაც გადაუხადა; ) არ ჩანს საკმარისი მატერიალური ამონაგები, რომელიც გაამართლებს ინვესტიციას ამორჩეველთა ხმების მობილიზებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებში; ) სხვა პუნქტებში ჩამოთვლილი მიზეზების გამო რთულია ნებისმიერი ორგანიზაციის შენარჩუნება;

17. პარტიული ფუნქციონერები მიეყიდებიან იმას, ვინც უფრო მეტ ფულს გადაიხდის. მათი მიდრეკილება პარტიების შეცვლისკენ საარჩევნო შედეგების მნიშვნელოვან ცვილებებს განაპირობებს.

შეიძლება ხანგრძლივი საუბარი იმ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ მიზეზებზე, რომლებმაც საზოგადოება ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, მაგრამ მთავარი, ალბათ, არა მიზეზი, არამედ შედეგია _ სიღარიბე, ჩამორჩენილობა და ქვეყნის კონკურენტუუნარობა.

ჩამოთვლილი პუნქტების გააზრება შესაძლებლობას გვაძლევს, წინასაარჩევნო სიტუაცია და (ერთი შეხედვით, მოულოდნელი) ცვლილებები ამომრჩეველთა განწყობაში უკეთ გავაანალიზოთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, სხვა მომენტია _ თუ ედვარდ ბანფილდის აზრს განვავითარებთ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია უანგარო იდეალისტების გააქტიურება, რადგან მათი ფუნქციის შესრულება სხვას არავის შეუძლია, მიუხედავად იმისა, რამდენი მილიარდი აქვს და რამდენი ზონდერი ჰყავს. საგულისხმოა, რომ ყველაზე მეტად ბოლო ათწლეულებში სწორედ ეს ადამიანები დაზარალდნენ _ ზოგი დაიღუპა, ზოგი ემიგრაციაში წავიდა, ზოგი იყიდეს, ზოგიც გაყიდეს.

შესაძლოა, ოჯახი, კლანი თუ საძმო უნდა განვიხილოთ, როგორც უკანასკნელი ციტადელი, რომელსაც ქართველების დიდმა ნაწილმა თავი შეაფარა მას შემდეგ, რაც თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების (და შესაბამისი სახელმწიფოს) შექმნის მცდელობა კრახით დასრულდა. გაბედავს თუ არა ის კიდევ ერთხელ გამოვიდეს გაშლილ ველზე, სადაც უამრავი მოწინააღმდეგე ეგულება? თუმცა მისი მთავარი მტერი, ალბათ, მაინც შიშია.

თუ იტალიურ მოტივებს დავუბრუნდებით, ურიგო არ იქნება დაფიქრება იმაზე, საიდან მოდის მაფიოზური ოჯახების, მათთან დაკავშირებული ეთიკისა და ესთეტიკის რომანტიზაცია. როდესაც ადამიანები უძლურნი არიან, რაიმე შეცვალონ, ისინი ცდილობენ, გაალამაზონ ის მძიმე რეალობა, რომელშიც ცხოვრება უწევთ. მაგალითად, ის მოქალაქეები, რომლებსაც თავის დროზე არ ეყოთ გამბედაობა იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას დაპირისპირებოდნენ, დღეს ცდილობენ, იმ ამაზრზენ რეჟიმს რაღაც დადებითი მიაწერონ. ზოგი კრიმინალურ ტრადიციებსა და 70-იანი წლების მექრთამეობას მისტირის და ა.შ. ბოროტების იდეალიზაციის მცდელობას, რეგრესის გარდა, არაფერი მოაქვს და სწორედ ამიტომ ჩამორჩა თავის განვითარებაში სიცილია და კონტინენტური იტალიის სამხრეთი ჩრდილოეთ იტალიასა და დანარჩენ ევროპას. იგივე დაგვემართება ჩვენ, თუ კოლექტიურ ცნობიერებაშიკოზა ნოსტრას” (“ჩვენი საქმესიცილიურად) არ ჩაანაცვლებსრეს პუბლიკა” (“საზოგადოებრივი საქმელათინურად).

მთავარი პრობლემა, ალბათ, იმის აღიარებაა, რომ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით, არა მხოლოდ და არა იმდენად პოლიტიკოსების (ამ კონტექსტში მიზანშეწონილია, განვიხილოთ ისინი, როგორც ბანალური წურბელები), არამედ საერთო საქმის მიმართ თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულების ბრალია. ეს აზრი ამსხვრევს ფსიქოლოგიურად კომფორტულ მითს იმის თაობაზე, რომ რიგით მოქალაქეებს ქვეყნის დაქცევაში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, მაგრამ ამ მტკივნეული ეტაპის გავლის გარეშე წინ წაწევას, სავარაუდოდ, ვერ მოვახერხებთ.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here