Home რუბრიკები ისტორია სტალინური “კოლხოზი” და კაპიტალისტური მუნიციპალიტეტი

სტალინური “კოლხოზი” და კაპიტალისტური მუნიციპალიტეტი

1193

სტალინის მიმართ ტელეკრანიდან გადმოფრქვეულმა სრულიად დაუმსახურებელმა ბრალდებამ ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე ისე გამაღიზიანა, რომ საკმაო დრო დავუთმე არქივებსა და წიგნსაცავებში მუშაობას, რათა მზის სინათლეზე გამომეტანა ლეგენდებზე დამყარებულიისტორიული კვლევის მასალებიქართული განძისა და მისი მოგზაურობისა ბათუმიდან ჯერ მარსელამდე, შემდეგ _ პარიზამდე და ბოლოს _ პარიზიდან თბილისამდე. კვლევის შედეგები დაიბეჭდა გაზეთსაქართველო და მსოფლიოში”(#7-12, 2015 ) და ახლახან გამოქვეყნებულ ჩემს წიგნში _ “სტალინი” (2016 წელი, გვ. 349-375).

ტელეეკრანზე იუმორისტულ ფერებში არაერთხელ დახატულმა სტალინურმა “კოლხოზმა” კვლავაც დამაყენა განწყობაზე, “რკინის ქალამნები ჩამეცვა, ხელში რკინის ჯოხი დამეკავებინა” და სტალინური “კოლხოზების” დასათვალიერებლად გზას დავდგომოდი.

გულმა კახეთისკენ გამიწია, რადგან 1980-იანი წლების დასაწყისში ვმუშაობდი ქიზიყის ხოდაბუნებში, სადაც, ევროპაში რომ არ დაესიზმრებოდათ, ისეთ დონეზე იყო ასული სამრეწველო რელსებზე გადაყვანილი სოფლის მეურნეობა და სტალინურიკოლხოზისწევრი თავს მიიჩნევდა ქვეყნის ბატონპატრონად, რომლის ხელშიც იმდენი დოვლათი იყრიდა თავს, თვითონაც არ იცოდა, სად წაეღო ან სად დაებინავებინა.

სამიზნეში სახელგანთქმული წითელწყაროს რაიონის ლენინის ორდენოსანი ზემო მაჩხაანის კოლმეურნეობა ამოვიღე. უზუნდარას რომ გავცდი და მარცხნივ შევუხვიე, კვლავ მარცხნივ მომიწია შეხვევა და მალე სოფელ არბოშიკის ცენტრში აღმოვჩნდი. თავშეყრის ცენტრალურ ადგილზე მოხუცებს მოეყარათ თავი და “აბირჟავებდნენ”. მანქანა შევაჩერე და ყასიდად, თითქოს არ ვიცოდი, ზემო მაჩხაანის გზა ვიკითხე. მანქანისკენ ჭაღარა ბრგე კაცი გამოემართა და, როგორც კი მანქანაში შემოიხედა, გაკვირვებულმა მკითხა:

_ ბატონო გრიშა, ნუთუ ზემო მაჩხაანის გზა დაგავიწყდა?

ხელი ჩამოვართვი, მოვიკითხე, _ რას შვრებით, რას შვება სოფელი-მეთქი.

_ აბა, ჩემო გრიშა, სადღაა სოფელი. დაიცალა. ხალხი აღარ არის, ერთ-ორ ახალგაზრდას თუ შეხვდები. სკოლის პირველ კლასში ორად-ორი მოწაფე გვყავს. ტექნიკა ჩვენ არა გვაქვს და შხამქიმიკატები. ღმერთი რასაც მოგვცემს, ესაა და ეს.

იმის მიუხედავად, რომ გლეხკაცს სათქმელი ბევრი ჰქონდა, მაინც ავჩქარდი და ათიოდე წუთში მივადექი ზემო მაჩხაანში დათქმულ ადგილს, სადაც სამი ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარე მელოდებოდა, სამივე ჩემი ახლობელი და მეგობარი: ელგუჯა ნატროშვილი, გივი ბიკაშვილი და მურთაზ ნატროშვილი.

თავდაპირველად იმ მძიმე მემკვიდრეობას გავიხსენებ, რომელიც ქიზიყმა და ქიზიყთან ერთად სრულიად საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო წარსულისგან.

როგორც ისტორიკოსები გვარწმუნებენ, სიტყვა “გეორგია” მიწასთან არის დაკავშირებული და ქართველი კაცის მიწისადმი სიყვარულიც სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს. მიწისა და მიწათმოქმედებისადმი ქართველი კაცის დაუოკებელი სწრაფვა ანტიკურ ხანაშიც ჩანს. არქეოლოგები გვიმტკიცებენ, რომ უნიკალური სარწყავი არხებისა და თიხისაგან გაკეთებული სარწყავი მილების გეოდეზიური განლაგება ჩვენი წინაპრების გენიალურობაზე დაფიქრების უფლებას გვაძლევს.

სწორედ ჩვენი დიდი წინაპრების დაუღალავმა სწრაფვამ მიწის დამუშავების ხერხებისა და მეთოდების გამოყენებისადმი ჩააწერინა ძველ ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტეს თავის დღიურში უძველესი სკვითური თქმულება, რომ თითქოს ზეციდან ჩამოვარდნილი ოქროს გუთანი ქართველთა ერთ-ერთი ტომის _ კოლაელთა (კოლაქსაის) მამამთავარს ეპოვნოს. ბერძენ მწერალთა თხზულებებში კი აღნიშნულია, რომ კოლხეთში (ლაზიკაში) არაჩვეულებრივად მტკიცე ლითონისგან (ფოლადის) დამზადებულ სახნავ იარაღებს იყენებდნენ.

სახნავი იარაღებიდან, როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, უნდა აღინიშნოს ქართული გუთანი. იგი, როგორც გაუმჯობესებული იარაღი XI-XII საუკუნეებიდან გვხვდება: “გუთანი პირველად საქართველოში საკუთრივ ლიხთ-ამერეთში უნდა იყოს გაჩენილი და აქედან გავრცელებული მეზობელ ერთა შორის”.

სწორედ ამ გუთნით მოვედით შორეული წარსულიდან XX სააუკუნის 30-იან წლებამდე. თუმცა მივიწყებული ქართული გუთანი დღესაც გამოიტანეს ფარდულებიდან თუ ნესტიანი სარდაფებიდან და, რაც ჯართში ჩაბარებას გადაურჩა, გაწმინდეს, გაამაგრეს და კვლავ იმავე გუთნის ამარად დარჩა ქვეყნის მარჩენალი ქართველი გლეხი.

მენშევიკების მიერ გაპარტახებულ და მიტოვებულ საქართველოში 1923 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო იარაღების აღწერა ჩაატარა. აღმოჩნდა:

1. ხის გუთანი _7 406 ცალი.

2. ხის კავი _162 947 ცალი.

3. რკინის გუთანი _17 785 ცალი.

4. ადგილობრივი (ხის) ფარცხი _54 752 ცალი.

5. რკინის ფარცხი _ 302 ცალი.

ამავე აღწერის მიხედვით, საქართველოში იყო 388 480 მეურნე (ოჯახი), მათგან სახნავი იარაღები არ ჰქონდა 210 092-ს; სატრანსპორტო ინვენტარს მოკლებული იყო 235 674; ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზე, როგორიც ურემია, ხელი არ მიუწვდებოდა 125 261 მეურნეს.

1924 წელს საქართველოში შეიქმნა სასოფლოსამეურნეო იარაღების გამქირავებელი 60 პუნქტი, რომლებშიც ხალხისთვის დასარიგებლად შეიტანეს 1 786 ერთეული მანქანაიარაღი.

რაც შეეხება ტრაქტორებს, მათი შემოყვანა 1926 წელს დაიწყო. პირველივე წელს შემოიყვანეს 75 ტრაქტორი, 1927 წელს _ 44 ერთეული, 1928 წელს _ 35, ხოლო 1929 წელს _ 226 (მონაცემები აღებულია აკადემიკოს პაატა გუგუშვილის წიგნიდან “ეკონომიკური ნარკვევი”, 1967 წელი. გვ. 162-163). თუ როგორი ცხოვრების დონე იქნებოდა იმხანად საქართველოში სოფლად და ქალაქად, მკითხველი თვითონვე გააცნობიერებს.

1935 წლის წლიური ბალანსის მიხედვით, წითელწყაროს (ამჟამად დედოფლისწყაროს) რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანს საგაზაფხულო ხვნა 100 ჰექტარზე ჩაუტარებია, საგაზაფხულო კულტურების თესვა _ 40 ჰექტარზე. თავთავიანი კულტურები აუღიათ 100 ჰექტარზე და მოუწევიათ 199 ტონა მარცვალი. დაუთესავთ ლობიო 2 ჰექტარზე, სიმინდი _ 12 ჰექტარზე, ქერი _ 81 ჰექტარზე, მზესუმზირა _ 114 ჰექტარზე, კარტოფილი _ 2 ჰექტარზე. სულ ნათესი ფართობი კოლმეურნეობაში შეადგენდა 857 ჰექტარს, ამ ფართობიდან მცირე მოსავალი მიუღიათ.

ადრე სოფელ ზემო მაჩხაანს არც გზა ჰქონდა და არც სასმელი წყალი. ადგილობრივ მცხოვრებლებს დღესაც ახსოვთ ძველი გამონათქვამი: “მაჩხაანზე ავიარე, წყალი იყო მეტად ძვირი”. მაჩხაანელი გლეხი 30-40 კილომეტრზე გუდანაბადმოკიდებული თვეობით მიდიოდა იმ ადგილებში, სადაც თავისი კალო-საბძელი ჰქონდა და საქონელი ჰყავდა. ქიზიყში და, კერძოდ, შირაქში მძიმე ნიადაგია და, თუ 10-12 უღელი ხარ-კამეჩი არ გასწევს გუთანს, მიწას ხარისხიანად ვერ მოხნავ, ამის საშუალება კი გლეხს, აბა, საიდან უნდა ჰქონოდა. ამიტომაც ნიადაგი ზერელედ მუშავდებოდა და, შესაბამისად, მოსავალიც ძალზე მცირე მოდიოდა.

ამ უზარმაზარ სოფელს ერთი სავაჭრო დუქანი და ერთიც ორკლასიანი სკოლა ჰქონდა დაქირავებულ სახლში მოწყობილი, მეტი არაფერი გააჩნდა.

1935 წელს კი სტალინმა მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ “კადრები წყვეტენ ყველაფერს” და ამ ლოზუნგმა ზემო მაჩხაანამდეც მოაღწია. სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ნიკო მამაიაშვილი სოფელმა კოლმეურნეობის (ახლა როგორც ლიბერასტები ეძახიან, _ “კოლხოზის”) თავმჯდომარედ აირჩია.

ოცამდე უღარიბესმა გლეხმა, რომლებსაც 100 ჰექტრამდე მიწა, 3 ცალი გუთანი, 7 უღელი ხარი და ერთი სალეწი მანქანა ჰქონდათ, გადაწყვიტა, კოლექტიურად ეშრომა. ახლა კი ვნახოთ, რა ჰქნა ოქტომბრის მზით განათებულმა შირაქის ველმა და, კერძოდ, ზემო მაჩხაანმა:

*1975 წელს სოფელ ზემო მაჩხაანის კოლმეურნეობამ საშემოდგომო ხორბალი დათესა 2 818 ჰექტარზე, ესე იგი, 1935 წელთან შედარებით მარცვლეულის ნათესები გაიზარდა 2 678 ჰექტრით, ხოლო მარცვლეულის წარმოებამ შეადგინა 74 078 ცენტნერი, საშუალოდ თითოეულ ჰქტარზე (ურწყავ ფართობზე) მიღებული იქნა 26 ცენტნერი მარცვალი. მზესუმზირის ნათესები გაიზარდა 114-დან 1 384 ჰექტრამდე და მიღებული იქნა 16 721 ცენტნერი მოსავალი. გაშენდა ვენახები 937 ჰექტარზე და მიიღეს 25 817 ცენტნერი ყურძენი. მერძეული ძროხების რაოდენობა 1936 წელთან შედარებით გაიზარდა 1912 სულით და 1975 წელს ერთ მეწველ ძროხაზე მიიღეს 2 291 კილოგრამი რძე. კოლმეურნეობას ჰყავდა 31 043 სული ცხვარი და თხა, 3 276 სული _ ღორი.

*1980 წლისთვის ზემო მაჩხაანის კოლმეურნეობა 8 000 ტონაზე მეტ ყურძენს აწარმოებდა, ხორბალს _ 10 000 ტონას, ქერს _ 2 500 ტონას, შვრიას _ 700 ტონას, მზესუმზირას _ 1500 ტონას, მსხვილფეხა საქონლის რაოდენობამ 3 500 სულს მიაღწია, მათ შორის, ძროხა იყო 1 200 სული, ცხვარი და თხა _ 3 500 სული, ღორი _ 4 000 სული, მათგან დედა ღორი _ 2 000 სული, კოლმეურნეობას ემსახურებოდა 112 ტრაქტორი, ყველა სახეობის ავტომანქანა _ 122 ცალი, კომბაინი _ 24 ცალი, მისაბმელი მოწყობილობა _ 600 ცალი. სოფელში ცხოვრობდა 1 500 კომლი, მათ შორის _ 1 200 მუშახელი.

*სოფელში გაყვანილი იქნა სასმელი წყალი, მოეწყო სტადიონი, აიგო კულტურის სასახლე, აშენდა კოლმეურნეობის კანტორა, ბიბლიოთეკა, სამი ბაგაბაღი, საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი, პურის საცხობი, აბანო, შინმოუსველეთა მუზეუმი, ორი წისქვილი, ზეთსახდელი, მოეწყო რადიოკვანძი და სატელეფონო სადგური, აშენდა მაღაზიები და სოფლისათვის საჭირო სხვა ნაგებობები, შედეგად, სოფელს მთლიანად შეეცვალა იერი.

მუშახელი სოფლიდან მინდორში სამუშაოდ სპეციალური მანქანებით გადაჰყავდათ. მინდვრად გასულ მექანიზატორებს საშემოდგომო და საზაფხულო ხვნა-თესვისა და თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების პერიოდში ცხელი კერძით უფასოდ კვებავდნენ, მათ განკარგულებაში იყო გათბობა-განათებით უზრუნველყოფილი მოძრავი საცხოვრებელი ვაგონები, რომლებშიც იდგა საწოლები, რადიო და ტელევიზორი. უფასოდ ეძლეოდათ სპეცტანსაცმელი. მეცხოველეობის ფერმებში და მინდვრად მომუშავეებს რეგულარულად მიეწოდებოდათ ჟურნალ-გაზეთები.

ბოლო წლებში საზოგადოებრივი ცხოვრება ისე განვითარდა, რომ კოლმეურნეები შრომადღის გათვალისწინებით უხვად იღებდნენ ყველს, კარაქსა და ხორცს. რაც შეეხება რძეს, კოლმეურნეობას საშუალება ჰქონდა, კოლმეურნისთვის ყოველდღიურად მიეყიდა იმდენი, რამდენიც მას სჭირდებოდა _ 10 კაპიკად.

ცხადია, ასეთ პირობებში კოლმეურნეებისთვის პირად საკუთრებაში პირუტყვის ყოლა აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა, ამიტომაც განაცხადეს კოლმეურნეებმა ძროხების შესასყიდად გამოყოფილ კრედიტზე უარი.

Lლეგენდარული კოლმეურნეობის ლეგენდარული თავმჯდომარე, სოციალისტური შრომის გმირი ნიკო მამაიაშვილი ახალგაზრდების შესანიშნავი აღმზრდელიც იყო. სწორედ მისი აღზრდილები იყვენენ ჩემი მასპინძლები: ელგუჯა ნატროშვილი, რომელიც კოლმეურნეობის მთავარ ზოოტექნიკოსად მუშაობდა წლების განმავლობაში, შემდეგ კი _ ამავე კოლმეურნეობის თავმჯდომარედ; გივი ბიკაშვილი სულ ახალგაზრდა ამოიყენა ბატონმა ნიკომ მხარში და მოადგილედ დანიშნა, ხოლო როდესაც დამსახურებულ პენსიაზე გავიდა, კოლმეურნეობის თავმჯდომარეობა მას ჩააბარა; მურთაზ ნატროშვილი კი, რომელიც მთავარ აგრონომად მუშაობდა, ჯერ ოზაანის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ, შემდეგ კი _ წითელწყაროს რაიაღმასკომის თავმჯდომარე.

ელგუჯა ნატროშვილი მიყვება:

“ერთხელ სახელმწიფოსთვის მარცვლის ჩაბარებას რომ მოვრჩით, მისი გადანაწილება დავიწყეთ კოლმეურნეობის წევრებზე. მარცვლეულის საფასურს ხელფასიდან ვუქვითავდით. აღსანიშნავია, რომ ხელფასზე გაცილებით მეტი პრემია ჰქონდათ. მოსახლეობას მოსავალი საწყობებიდან არ გაჰქონდათ, ჩვენ კი შესანახი ადგილები გვიჭირდა. ბატონმა ნიკო მამაიაშვილმა კოლმეურნეობის საერთო კრებაზე ძალიან მკაცრად მოსთხოვა კოლმეურნეობის წევრებს, მარცვლეული საწყობებიდან გაეტანათ. რამდენიმე კაცმა თავმჯდომარეს განუცხადა, მარცვლეული წავიღეთ და შევინახეთ, მეტი ადგილი აღარ გვაქვს და, თუ კოლმეურნეობასაც არ შეუძლია შენახვა, ჩავაბაროთ სახელმწიფოს და მომავალ წელს შესაბამისი რაოდენობით დაგვიბრუნოსო”.

გივი ბიკაშვილი: “ერთხელ საწყობებში ბევრი ყველი დაგვიგროვდა. ყველს კი სპეციფიკური შენახვა სჭირდება. გაბრაზებულმა ბატონმა ნიკომ დამავალა, _ თუ ყველი ნებით არ მიაქვთ, დატვირთე თვითმცლელი და ეზოში ჩამოუცალეთო. ასე მივუტანე ფერმის ერთ-ერთ მუშას 3 ტონა ყველი, რომელიც პრემიის სახით ეკუთვნოდა, მაგრამ არ მიჰქონდა. როდესაც კარზე მივადექით და მძღოლს თვითმცლელის ძარის აწევა ვუბრძანე, მაშინღა იკადრა, _ ცოტა ხანს მადროვე, _ მეზობლები მოვიხმაროო. რამდენიმე მეზობლის დახმარებით ერთი საათის განმავლობაში ცლიდნენ ყველით სავსე მანქანას და დროებით აივნის ქვეშ გაშლილ ბრეზენტზე აწყობდნენ.

იყო, ბატონო გრიშა, ძლიან ბევრი ქონება იყო, ხალხი მის დაბინავებას ვერ აუდიოდა. ოჯახში წყლის ჭურჭელიც კი ღვინით ივსებოდა, როდესაც ღვინის განაწილებას ვიწყებდით შრომადღის მიხედვით. მზესუმზირის ზეთი, თაფლი და კარაქი ხომ აუარებელი იყო. კოლმეურნეობა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ომში დაღუპულთა ოჯახების მიმართ. სოფელში ღარიბი ოჯახი არ აღირიცხებოდა”.

ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ სულ სხვა მზე “ამოაბრწყინა” ქიზიყში და, კერძოდ, ზემო მაჩხაანში. სტალინური “კოლხოზებიდან” ხალხის გათავისუფლებისთვის ბრძოლის დროშა კამბეჩოვანში (ქიზიყში) ნოდარ ნათაძემ და პაატა კოღუაშვილმა აღმართეს, რომელთა სინდისზეც არის ერთ-ერთი აყვავებული და ნამდვილ კომუნიზმად ქცეული ჯაფარიძის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარის, სოციალისტური შრომის გმირის _ ნიკო ყოჩიაშვილის უეცარი გარდაცვალება. მან ვერ გაუძლო ქვეყნისა და საერთო საქმის მტრების აღვირახსნილ თარეშს და, როდესაც ამ ავანტიურისტებმა საკოლმეურნეო დოვლათის ხელაღებით დარიგება დაიწყეს, გული გაუსკდა. მათ სინდისზეა ფშავ-ხევსურეთისა და ქედელთა სინდის-ნამუსის, პატიოსნების ეტალონის _ არსენ კობაიძის ოჯახის დაქცევა და განადგურება, რომელსაც მიაყოლეს ზემო ქედელების მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მთელი საკოლმეურნეო დოვლათი (ამაზე მეორე წერილში უფრო ვრცლად მოგიყვებით).

“განმათავისუფლებლები” ხალხში დადიოდნენ და აგიტაციას ატარებდნენ, ეს ქონება, რომელიც კოლმეურნეობაშია და თავმჯდომარეები პატრონობენ, თქვენ გეკუთვნით, შეგიძლიათ შეხვიდეთ ფერმებში და, რომელი ძროხაც მოგეწონებათ, სახლში წაიყვანოთ, ზვრებში ყურძენი დაკრიფოთ და სახლში დაწუროთ, ასევე, სახლში წაიღოთ მარცვლეული, რომელსაც საწყობები ვერ იტევს.

ასე დაიწყო ხალხის “განთავისუფლება” სტალინური “კოლხოზებისგან” ხალხის მხსნელმა ეროვნული მოძრაობის ზოგიერთმა ტვინნაღრძობმა მეთაურმა, რომლებიც ქვეყნის საუბედუროდ (ზოგიერთი) საკანონმდებლო ორგანოებში და თანამდებობებზეც კი მოხვდნენ. ჩვენ კი, ვინც შევეწინააღმდეგებოდით ხალხის ქონების ასეთ ქაოსურად გადანაწილებას, “ციციკორეებად” გვნათლავდნენ.

1990-იანი წლების დასაწყისში ზემო მაჩხაანის გიგანტი კოლმეურნეობის დოვლათი ყვავყორნებმა დაიტაცეს და სხვადასხვა კუთხეში დაუწყეს ძიძგნა. დარჩა მხოლოდ შირაქის თვალუწვდენელი მინდვრები, რომლებიც სოფლიდან 30-40 კილომეტრით იყო დაშორებული. უტრანსპორტოდ, უტექნიკოდ დარჩენილ მოსახლეობას თითო ჰექტარზე ოდნავ მეტი მიწა მიუზომეს და უთხრეს, _ თავში ქვა გიხლიათო.

გაყიდული, ჯართში ჩაბარებული და გასაჩუქრებული ტექნიკისა და ტრანსპორტის გარეშე 40 კილომეტრით დაშორებულ მიწას ფასი არ ჰქონდა ქიზიყელი გლეხისთვის, რის გამოც ზოგიერთმა კუთვნილი მიწა მეზობელს აჩუქა ან მიჰყიდა. უშემოსავლოდ დარჩენილ გლეხს სწრაფად გამოელია კოლმეურნეობისდროინდელი სარჩო-საბადებელი, გაუცვდა ძველი ნიფხავ-პერანგი და სანდლები, გაუთავდა საკვები. მიწის საყიდელი ფული კი არა, სიგარეტის ფულიც ვეღარ მოიძია, ამიტომ მიწაც და საქონლის სადგომიც შირაქში, ელდარში, ტარიბანაზე თუ ენამთაზე გადამთიელმა იყიდა. ქიზიყელი ცხვრის მოვლას მოსწყვიტეს და საბერძნეთში მოხუცებულის მოსავლელად გაამგზავრეს.

დღეს ზემო მაჩხაანის სამი ბაგა-ბაღიდან ერთიღა სუნთქავს. დაწვეს სკოლა და მიწასთან გაასწორეს კოლმეურნეობის კანტორა. სრულიად მოისპო სოფლის სავაჭრო ქსელი. ცეცხლი წაუკიდეს საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატს. არ ფუნქციობს პურის საცხობი და კინოთეატრი.

უპატრონოდ არის მიგდებული შინმოუსვლელთა მემორიალი, რომელიც ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი იყო არა მხოლოდ ქიზიყელთათვის, არამედ უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვისაც. მათთვის შინმოუსვლელთა მემორიალი, ფიროსმანის მუზეუმის შემდეგ, მეორე ადგილი იყო. დიდ სამამულო ომში დაღუპული ყველა ზემო მაჩხაანელის სახელზე სათუთად მოვლილი თითო ვაშლის ხე იდგა და ზედ მიკრულ თითბრის ფირფიტაზე გვარი, სახელი და მამის სახელი იყო ამოტვიფრული.

გამაოგნებელია დღევანდელი მდგომარეობა სოფლის ცენტრში აღმართული უნიკალური კულტურის სასახლისა, რომელიც 700 ადგილზე იყო გათვლილი, ოქროს ვარაყში მოქცეული სასახლის მთელი დარბაზი იავარქმნილია. კედლები ჩამორეცხილი, “პარკეტიაყრილი, ძვირფასი სკამები დამტვრეული და მიყრილი.

ზემო მაჩხაანის კოლმეურნეობაში, სადაც მუშაობდა 1 222 შრომისუნარიანი ქალი და კაცი, 84 მწველავი იყო, 50 _ მწყემსი, 18 _ მეხბორე, 188 _ მეცხვარე, 40 ადამიანი კი მეღორეობის ფერმაში იყო დასაქმებული.

კოლმეურნეობა წელიწადში 12 მილიონი მანეთის ღირებულების პროდუქციას აწარმოებდა და ფონდში 10 577 406 მანეთი ჰქონდა. დღეს კი ეს ციფრები ნულის ტოლია. კოლმეურნეობას 50 უმაღლესი განათლების მქონე მაღალკვალიფიციური კადრი ემსახურებოდა. თუ ამას სოფლის ინტელიგენციასაც დავუმატებთ, სოფლად დასაქმებული კვალიფიციური კადრების რაოდენობა 200 კაცს აღწევდა. დღეს კი დანგრეული კულტურის სახლის ერთ პატარა ოთახში 4 თანამშრომელია შეყუჟული. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, გიორგი იაკობიშვილი, ერთობ კულტურული და განათლებული ახალგაზრდაა და თავი ისე უჭირავს, თითქოს ზემო მაჩხაანს თავს დატეხილი უბედურება მისი ბრალი იყოს. არადა, როდესაც ამ სოფელში და სხვაგანაც ეს გაუგონარი მეხთატეხა მოხდა, გიორგი დაბადებულიც არ იყო.

მიკვირს, როდესაც ტელეეკრანიდან გვმოძღვრავენ ხოლმე, _ კომუნისტების პერიოდში ცენტრალიზებული და დიქტატორული მართვა იყო და ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდაო. დავიჯერო, ნიკო მამაიაშვილის პერიოდში ზემო მაჩხაანელებს არაფერს ეკითხებოდნენ, როდესაც კოლმეურნეობა სოფლის კეთლმოსაწყობად ყოველწლიურად მილიონ მანეთს ხარჯავდა, და ახლა ეკითხებიან? დღეს ადგილობრივი ხელისუფლების ახალგაზრდა წარმომადგენელ გიორგი იაკობიშვილს ერთი თეთრიც არ აქვს განსაკარგავად, თუ უამრავი შეკითხვისა და განკითხვის შემდეგ არ გადმოუგდებენ მიზერულ თანხას.

იქნებ დავბერდი და ამიტომ მეჩვენება ყველაფერი უკუღმა, მაგრამ ახალგაზრდობასაც რომ ასე ეჩვენება?

მკითხველო, ვერ წარმოიდგენთ იმ სიცარიელეს, რომელიც ხალხითა და საყოველთაო დოვლათით ოდესღაც სავსე სოფელში ამჟამად სუფევს:

არსაიდან ხმა, არსით ძახილი!..

მშობელი შობილს არრას მეტყოდა,

ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი

ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!”

ასეთია სტალინური “კოლხოზისა” და კაპიტალისტური მუნიციპალიტეტის ცხოვრების წესი და შინაარსი.

გრიგოლ ონიანი

5 COMMENTS

  1. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. სხვა კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

  2. თქვენს შემართებას გაუმარჯოს ბატონო გრიშა!სიმართლე ალმასზე მაგარია და ოქროზე მეტად ფასობს და ბრწყინავს!

  3. ეხ. ნიკო ყოჩიაშვილი.ნიკო მამაიაშვილი..არსენ კობაიძე…უკვე ლეგენდები არიან
    .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here