Home რუბრიკები პოლიტიკა არ არს ბოროტება თვინიერ ტერაქტისა და ერდოღანია მოციქული მისი

არ არს ბოროტება თვინიერ ტერაქტისა და ერდოღანია მოციქული მისი

676

18 მარტს ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის მოლენბეკის კვარტალში პარიზის გასული წლის ნოემბრის შემზარავი ტერაქტის ძირითადი ფიგურანტი სალაჰ აბდესლამი დააკავა. იგი ამ ტერაქტის ლოჯისტიკას ხელმძღვანელობდა. ქირაობდა ავტომობილებს, სასტუმროებში ოთახებს, სამი თვითმკვლელი ტერორისტი სტადიონ “სტად დე ფრენსზე” სწორედ მან მიიყვანა.

იმავე 18 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი და პირდაპირ დასდო ბრალი ტერორიზმის მხარდაჭერაში. მას მხედველობაში ჰქონდა ქურთული ორგანიზაციები, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერაქტებში ადანაშაულებს. ქურთები ერდოღანმა ევროპის “უბეში ჩასმულ გველის წიწილებს” შეადარა.

ევროკავშირის ქვეყნები თავქარიანივით იქცევიან და თითქოს დანაღმულ ველზე ცეკვავენ. არ არსებობს მიზეზი, რომ ნაღმი ბრიუსელშიც არ აფეთქდეს. თქვენ გველი გამოზარდეთ უბეში, რომელიც ნებისმიერ წამს დაგგესლავთ”…

34 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი _ ასეთია ბრიუსელის აეროპორტ ზავენტემსა და მეტროპოლიტენის სადგურებში მომხდარი ოთხი აფეთქების სამწუხარო სტატისტიკა. დაჭრილთა შორის სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრიც აღმოჩნდა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა დაგვამშვიდა, რომ ბრიუსელში მყოფი 17 ქართველი დეპუტატი და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან.

“პარლამენტის წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ჩემი აპარატიდანაც არიან წასულები. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა. ჩვენი წარმომადგენლები არ დაშავებულან და მათთან დაკავშირებით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.” – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.

ქართველი პოლიტიკოსებისთვის კი თითქოს არაფერი იცვლება. ისინი კვლავ საკუთარ და სხვის თეთრეულში იქექებიან და ვითარებასთან აშკარად შეუსაბამო რიტორიკას განაგრძობენ. იმედია, ის 17 დეპუტატი ახლა მაინც ხვდება, რომ რეალური სამყარო სხვაგვარად არის მოწყობილი და დაზეპირებულ ფორმულებსა და შელოცვებს არ ემორჩილება.

ევროპარლამენტის შენობა, რომელშიც სხდომა იმართება, მეტროპოლიტენის სადგურ მალბეკთან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს. დაახლოებით ამდენივე მანძილია ევროკომისიის შენობამდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აფეთქება მეტროში ევროკომისიასა და ევროპარლამენტს შორის მოხდა.

სააკაშვილი რის სააკაშვილი იქნებოდა, ბრიუსელის ტერაქტთანაც არ მოეძებნა “ბმა”: “ჩემმა მეუღლემ და ვაჟმა რამდენიმე საათი გაატარეს იმ ტერმინალში ბრიუსელის აეროპორტში, რომელიც დღეს დილით ააფეთქეს ტერორისტებმა, ისინი ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოფრინდნენ. როცა მე ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ მათ გამოფრენა მოასწრეს, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე იმ მსხვერპლის ახლობლებსა და ნათესავებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არ არის უკანასკნელი. ფაქტის კონსტანტაციაა საჭირო, რომ სხვა მიზეზებთან ერთად ეს არის ბიუროკრატიის, სისუსტისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების არცოდნის ბრალი”, _ წერს “მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების მცოდნე” მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ბელგია-საფრანგეთის საზღვარი ჩაიკეტა. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება. საზღვრის გადაკვეთა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა.

საფრანგეთის მასშტაბით, სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის სადგურებზე, აეროპორტებსა და საზღვრებზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა.

ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების გამო ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ევროპული სტრუქტურების ყველა შენობასთან წვდომა შეზღუდულია. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტალინა გეიორგიევამ განაცხადა. მისი ცნობით, ევროკავშირის ინსტიტუტების შენობებში შესვლა მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის ნებადართული.

“ევროკავშირის ინსტიტუტები ერთობლივად მუშაობენ პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.” _ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ბელგიის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების შემდეგ მიიღო.

აეროპორტებში, ანტვერპენის პორტსა და ბელგიის ატომურ ელექტროსადგურებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ბრიუსელში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ზავენტემის აეროპორტი დაიხურა და პოლიცია აკონტროლებს, დაიხურა ბრიუსელის მეტროპოლიტენი და რკინიგზა, მუშაობა შეწყვიტეს მუზეუმებმა. შეჩერებულია ევროსტარის მატარებლების მიმოსვლა.

ბელგიის მთავარმა პროკურორმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიუსელის აეროპორტში ისმოდა სროლა და შეძახილები არაბულ ენაზე.

ბელგიის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება სწავლობს შესაძლო კავშირს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებებს შორის.

ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ევროპული ქვეყნები უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია ავსტრიის აეროპორტებში, რომის ფიომიჩინოს საერთაშორისო აეროპორტში, ფრანკფურტისა და ლონდონის აეროპორტებში. უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ბელგიის ანტვერპენის აეროპორტში და დედაქალაქ ბრიუსელში.

ბელგიის ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ბელგიის პრემიერმინისტრმა შარლ მიშელმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები მკაცრად დაგმო და ბელგიელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა: “ამ საზარელი თავდასხმების შემდეგ ჩემი ფიქრები ბრიუსელთან და მის მცხოვრებლებთანაა. დარჩით უსაფრთხო ადგილას და ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყევით”, _ ნათქვამია მარტინ შულცის განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ბრიუსელში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: “შოკირებული ვარ დღეს დილით ზავენტემის აეროპორტსა და ბრიუსელის ევროპულ რაიონში მომხდარი აფეთქებებით, რომელსაც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვა ბევრი კი დაშავდა. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს”.

დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს ბრიუსელს, ბელგიასა და მთელ ევროპას წინააღმდეგობა გაუწიოს ტერორისტულ საფრთხეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ეხმიანება: “ბრიუსელში მომხდარი მოვლენებით შოკირებული და შეშფოთებული ვარ. დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია”.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბელგიის სადაზვერვო სამსახურმა ქვეყანაში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია წინა დღეს, 21 მარტს მიიღო, თუმცა ზუსტი დრო და ადგილი მათთვის ცნობილი არ იყო.

პასუხისმგებლობა ბრიუსელის ტერაქტებზე “ისლამურმა სახელმწიფომ” დაიკისრა. ერდოღანისწინასწარმეტყველებისკიდევ ერთი შედეგი კი ის არის, რომ ანკარაში ბელგიის საელჩო დაიხურა.

კონსპიროლოგიური თეორიების მოყვარულნი “ცხელ კვალზე” სრულიად ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ამუშავებენ. ერთნი პირდაპირ ადანაშაულებენ ერდოღანს, მეორენი აქაც, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებში, “რუსულ კვალს” ხედავენ. ასეა თუ ისე, ამ ტერაქტებში მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა და ტერაქტიც იმის ტერაქტია, რომ შიში დანერგოს, შიშს კი, როგორც ვიცით, დიდი თვალები აქვს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თურქეთი ერდოღანის ხელით მუდმივად ცდილობს, გლობალური საფრთხეები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს და ტერორისტულ აქტამდე ოთხი დღით ადრე სწორედ ბრიუსელში მოსალოდნელ ტერაქტებზე მითითება ნამდვილად აჩენს ეჭვებს.

“რუსეთის კვალზე” ლაპარაკი არც ღირს (როგორც ქართველ პოლიტიკოსთა კომპრომატების შემთხვევაში), მხოლოდ იმის გახსენება შეიძლება, რომ ტერორიზმთან ბრძოლას ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ვერ გაუმკლავდება. ამისთვის ერთობლივი მოქმედებაა საჭირო და კიდევ სხვა ბევრი რამ.

სწორად შენიშნა სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიამ: “ევროპაში მოგზაურობა სულ უფრო საშიში ხდება… ფაქტია, რომ უსაფრთხოების სამსახურები თავს ვერ ართმევენ გამოწვევებს და ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის. ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა უძლურია ისეთი ვერაგი და კარგად ეშელონირებული, კონსპირირებული მტრის წინააღმდეგ, როგორიც ტერორიზმია. დაავიწყდა ევროპას ტყვია-წამლის სუნი, ძალიან დიდი ხანია, ნებივრობენ”…

საზოგადოდ, ევროპა იმკის იმის შედეგებს, რაც აუცილებლად დადგებოდა ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში, სირიაში ინტერვენციისა და სრულიად გაუაზრებელი მოქმედებების გამო. სხვა ქვეყნებში საკუთარი პოლიტიკური მოდელის დამკვიდრების მცდელობა ამავე მოდელის კრიზისის მაჩვენებელი და გამშიშვლებელი აღმოჩნდა.

ბრიუსელში ნამდვილად ვერ მოხერხდება “კარგ” და “ცუდ” ტერორისტებად დაყოფა, ან “ზომიერ ოპოზიციას” შერაცხვა, როგორც ამას სირიაში აკეთებდნენ აშშ და მისი პარტნიორები. საზოგადოდ კი, ბრიუსელის საშინელმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის ნებისმიერი შტატი დღეს უფრო სუვერენულია, ვიდრე ევროკავშირი მთლიანად და მისი წევრი სახელმწიფოები ცალცალკე. და ამაში არაფერია სასიხარულო. თუკი საკუთარი სუვერენიტეტი გვტკივა, ჩვენზე ძლიერი სახელმწიფოების დესუვერენიზაცია კარგს არაფერს გვიქადის!

წარმოიდგინეთ, როგორი მოსასმენია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მომლოდინე ქართველი ემიგრანტისთვის (ან აქ მყოფისთვის) ბელგიისა და საფრანგეთის ხელისუფალთა მოწოდება მოსახლეობის მიმართ: “დარჩით სახლებში!”

ან როგორია, უცქერდე პრესკონფერენციაზე ატირებულ ევროპის საგარეო ურთიერთობათა კომისარს, როდესაც იმედის თვალით შეჰყურებ ევროპას.

ტერორისტების მიზანი მიღწეულია. ევროპაში შიშისა და დაუცველობის განცდამ დაისადგურა. ევროპის ქვეყნებმა საზღვრები დაკეტეს, მიმდინარეობს მასობრივი ჩხრეკა. ევროპული ცხოვრების წესი იძულებით იცვლება. როდესაც სადარბაზოდან გამოსულ ევროპელს ავტომატიანი პოლიციელი განმარტებების გარეშე მოკლედ უბრძანებს: “უკან შებრუნდი!” ეს უკვე აღარ არის ჩვეული ევროპა. ტერორისტული აქტით გამარჯვებული არავინაა _ არც აფეთქებული თვითმკვლელი და არც ცოცხლად დარჩენილები.

ერთადერთი, ვინც ნამდვილად იხეირა ამ ტერორისტული აქტის ფონზე, გიორგიმასტერადგებუაძეა, რომელიც ტერორის შესაძლებლობის წინაშე მდგომი ჰოლანდიიდან უსაფრთხო ქართულ ციხეში ჩამოიყვანეს.

ნანა დევდარიანი


არ არს ბოროტება თვინიერ ტერაქტისა და ერდოღანია მოციქული მისი

1 COMMENT

  1. რასაც დასთეს, იმას მოიმკიო- კარგი იყო ლიბია რომ მიწასთან გაასწორეს და კადაფს
    ერთ ადგილას შტირი რომ გაუყარეს?

  2. კავშირი, როგორც ასეთი ერთი იყო – საბჭოთა კავშირი, რომელიც აშშ-მ და ევროპამ დაშალა. თქვე მამაცხონებულებო თუ საბჭოთა კავშირი არ გინდოდათ, ევროკავშირის შექმნა რაღად გინდოდათ. ვერ უვლით ხომ ხედავთ და სხვა გზა მოძებნეთ. ის დაღუპული ადამიანები მეცოდებიან, თორემ პოლიტიკოსები (ჩემიანიც და სხვისიანიც) წყალს წაუღიხართ ერდოღანთან ერთად

  3. ევროპაში სეირნობას რა უნდა? ნაცყაჩაღებმა გაიხარეს, თავის გადაღებულ კადრებს, დღევანდელ მთავრობას ტენიან. ნაცბაყაყები სატელიტ პარტიებთან ერთად ძირს უთხრიან საქართველოს.

  4. ევროპის უსუსურობა ნათლად გამოჩნდა , რამდენიმე ტერორისტმა შესძლო მთელი ევროპის დაშანტაჟება და რა შეიძლება მოხდეს, თუ მასშტაბები გაიზრდება. ე. წ. პროევროპელებს მინდა ვურჩიო წაიკითხონ წინასწარმეტყველებები, რომელთა უმეტესობა უკვე აღსრულდა, მცირე ნაწილში კი ისიც წერია, რომ ევროპა დაიცლება, მრავალი ადამიანი საქართველოსაც შეაფარებს თავს. ეს პროცესი უკვე მომდინარეობს და რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ გავიგოთ: საქართველოდან კიარ უნდა გავიქცეთ, არამედ პირიქით, უნდა დავბრუნდეთ ამ ღვთიურ ქვეყანაში, ევროპა სულ მალე საკუთარ ხალხსაც ვეღარ უპატრონებს და ემიგრანტისათვის ვინ მოიცლის. დავუბრუნდეთ მამა–პაპეულ კერებს, ძალიან ცოტა დრო დარჩა, სანამ სხვები დაიკავებენ ჩვენს ადგილს.

  5. რუსეთი რომ არ იყოს აშშ-ს საპირწონეთ, ამერიკა მთელს მსოფლიოს გაათახსირებდა. რა დემოკრატია შექმნეს საქართველოში სააკიანის ხელით ვნახეთ, მეორა სერიას, იმავე მიშა ჯალათის ხელით, კარგათ ვუყურებთ.

  6. ნანა! კარგი თავი გაქვს მხრებზე, შენი ნახევარი ტვინი მაგათაც რომ ქონდეთ, ბედნიერება იქნებოდა.

  7. Mixaria rom darchenila Saqarthveloshi moazrovne xalxi da mogalateebis xrovas amxels. Qarthvelo xeli xmals ikaro-dro xom ar axlovdeba? Chvenc mzada varth shemogierthdeth mag \\\’\\\’DEMOTRAKEBIS\\\’\\\’ damxoba-ganeitralizaciashi!
    Ufali ikos sruliad Saqarthvelos mfarveli! Marxvis didi dgeebia,ufalma shegvindos…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here