Home რუბრიკები პოლიტიკა ზავი სირიაში დასკვნები საქართველოსთვის

ზავი სირიაში დასკვნები საქართველოსთვის

628

სანამ ექსპერტები და პოლიტიკოსები მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეზე კამათობდნენ, 22 თებერვალს სრულიად მოულოდნელად გამოქვეყნდა აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის (როგორც სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის თანათავმჯდომარეების) ერთობლივი განცხადება სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. 

ეს საზავო შეთანხმება 27 თებერვალს ამოქმედდება და არ გავრცელდება ტერორისტულ ორგანიზაციებზე, როგორიცააისლამური სახელმწიფო”, “ჯებჰათ ანნუსრადა სხვ. “სირიის კრიზისის დარეგულირებისკენ სწრაფვით, გაეროს ფუძემდებლური როლის პატივისცემით მზად ვართ, ყველა საშუალებით შევუწყოთ ხელი სირიაში კონფლიქტის შეწყვეტას და თვითონ სირიელების მიერ გაეროს მხარდაჭერით პოლიტიკური გამოსავლისთვის პირობების შესაქმნელად,” _ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროცესებს თვალს ადევნებს, უთუოდ ყურში მოხვდება “გაეროს ფუძემდებლური როლი”, რომელსაც შეერთებული შტატები პატივს არასოდეს სცემდა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იჭრებოდა. ისიც ნათელია, რომ ასადის დაუყოვნებელი გადადგომის მოთხოვნა (აშშ-ის მუდმივი მოთხოვნა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში) შეიცვალა არჩევნების გზით “თვითონ სირიელი ხალხის” მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის დებულებით, რომელსაც მუდმივად მოითხოვდა რუსეთი.

არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ობამამ საგანგებოდ აღნიშნა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში უახლოეს მომავალში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. ესეც დაუმორჩილებელი რეგიონებისა და ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნა იყო, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება.

Washington Post-ი სკეპსისით აღნიშნავს, რომ დამასკო განზრახ აჭიანურებდა ამ შეთანხმებას, რათა დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლი აღედგინა. შეთანხმების კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა და შექმნილი ვითარება სწორედ სირიის ხელისუფლებას აძლევს ხელს. ავიადარტყმებითა და სახმელეთო ოპერაციით მან მნიშვნელოვნად გაიფართოვა კონტროლი საკუთარ ტერიტორიებზე.

ბრიტანული Daily Mail-ი იხსენებს ბაშარ ასადის ინტერვიუს გაზეთ El Pais-თან. ზავის საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო და სირიის პრეზიდენტმა მისი შესრულების მზადყოფნა გამოხატა. ასადმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში 80 ქვეყანა მონაწილეობს. მისი აზრით, მთავარია არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ტერორისტებისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ძალის მიწოდების აღკვეთა, პირველ რიგში, თურქეთიდან.

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიესალმა საზავო შეთანხმებას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკვალტერ შტაინმაიერმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი აღნიშნავს, რომ ოფიციალურ დამასკოსა და მოსკოვს სერიოზულად მოუწევთ მოქმედების შეცვლა, რათა სირიაში მშვიდობა დამყარდეს. მისი აზრით, ზავი სერიოზული ნაბიჯია სირიის ახალი ხელისუფლების შესაქმნელად ასადის გარეშე.

ამასობაში ბაშარ ასადმა უკვე დანიშნა საპარლამენტო არჩევნები 13 აპრილს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ საზავო შეთანხმება ყველა მხარეს შეეხება, მათ შორის, სირიელი ქურთების მიერ თურქეთის დაბომბვებსაც და ანკარის შეშფოთება გაიზიარა. იქვე აშშ-ის ხელმძღვანელობამ თურქეთს მოუწოდა, “შეწყვიტოს კონტრპროდუქტიული დარტყმები საზღვრის სიახლოვეს”. თურქეთი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მანამდე, ერდოღანის მცდელობა, ჩაერთო რუსეთთან დაპირისპირებაში აშშ და ნატო, უშედეგოდ დასრულდა. მას თავაზიანად მიუთითეს, რომ ნატოს წესდების მე-5 მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება.

შეთანხმების შესასრულებლად რუსეთი ოფიციალურ დამასკოსთან იმუშავებს, აშშ კი _ მის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. ზომიერ ოპოზიციასთან. მოსკოვი და ვაშინგტონი საგანგებო ცხელ ხაზსა და სამუშაო ჯგუფს ქმნიან ინფორმაციის მუდმივი გაცვლის მიზნით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ბოლო ათი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დააანონსა საომარი მოქმედებების შეწყვეტა. 12 თებერვალს მან განაცხადა, რომ ცეცხლი 19 თებერვალს შეწყდება, მაგრამ ამ დღეს ყველაფერი უცვლელი იყო, მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანა დაიწყო სირიის ხუთ ქალაქში. ამერიკულ მედიაში კერის “მარადიულ ოპტიმისტს” უწოდებენ, თუმცა პროცესმა აჩვენა, რომ მართალია, “დროებით” და “ნაწილობრივ”, მაგრამ შეთანხმების მიღწევა მაინც შესაძლებელი გახდა.

არადა, სულ რაღაც ორი კვირის წინათ შეერთებული შტატების პოზიცია სულ სხვაგვარი იყო. ატლანტიკური საბჭოს პროექტ “ევროპის მომავალის” უფროსმა მეცნიერთანამშრომელმა ეველინ ფარკასმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომისიას წარუდგინა ვრცელი მოხსენება “რუსეთის გაგება და შეკავება: აშშ-ის პოლიტიკა და სტრატეგია”.

სირიის ნაწილში ამერიკული გეგმა ასე გამოიყურებოდა: “უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოკავშირეები შეიყვანონ ჯარები, მიაწოდონ ოპოზიციას სამხედრო აღჭურვილობა და სხვა სახის მხარდაჭერა. ზემოქმედებისთვის ეკონომიკური და სხვა ბერკეტების გამოყენება რომ მოგვეხერხებინა, ეს სამხედრო მოქმედებათა გაგრძელების აუცილებლობას შეამცირებდა, მაგრამ ამჟამად სამხედრო ოპერაცია გარდაუვალია. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უნდა გაწყვიტოს საქმიანი ურთიერთობა რუსეთთან. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის მრეწველობამ უარი უნდა თქვას რუსულ რაკეტებზე (რაზეც პენტაგონმა მყისიერად უპასუხა, რომ რუსული ძრავების გარეშე ამერიკული კოსმოსური რაკეტები დედამიწაზე დარჩება – ნ. დ.) და უნდა შევქმნათ ახალი ფონდი სხვა სახელმწიფოთა სამხედრო დახმარებისთვის, რათა დავეხმაროთ მოკავშირეებსა და პარტნიორებს ევროპასა და ავღანეთში, უარი თქვან რუსულ შეიარაღებაზე ამერიკული ტექნიკის შესყიდვის სასარგებლოდ”.

განვითარებულმა პროცესმა ცხადყო, რომ ამ გეგმიდან არაფერი შესრულებულა, მეტიცყველაფერი სწორედ საპირისპიროდ მოხდა. “გარდაუვალისამხედრო ოპერაცია წყდება, პენტაგონი რუსულ ძრავებზე უარს არ (ვერ) ამბობს, თავდაცვის უწყებები მჭიდროდ იწყებენ თანამშრომლობას, ხოლო რუსეთმა შეიარაღების გაყიდვა 264%-ით გაზრდა როგორც აზიაში, ისე ევროპის ნაწილში.

კიდევ ერთი ფრაგმენტი ამ ვრცელი მოხსენებიდან: “ჩვენ უნდა გავამყაროთ ერთიანობა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მსოფლიოში და მტკიცედ აღვკვეთოთ რუსეთის არამართლზომიერი ქმედებები. ჩვენ არ ვართ ვალდებული, შევიდეთ ახალ ცივ ომში ან გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთთან. იმ სფეროებში, რომლებშიც კრემლი მზად არის თანამშრომლობისთვის და სადაც საერთო ინტერესები გვაქვს, მოსკოვთან უნდა ვითანამშრომლოთ. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ითანამშრომლებს მხოლოდ მანამდე, სანამ ეს მის ინტერესებშია, ან _ თუ აშშ საკმარის გავლენას მოიპოვებს პუტინის კურსის შესაცვლელად. ჩვენ ბერკეტები გვესაჭიროება მოლაპარაკებებში შედეგების მისაღწევად. თუ ჩვენ ამ ქმედებებს მივმართავთ, მაშინ ავწევთ ფასს, რომლის გადახდაც პუტინს მოუწევს თავისი საერთაშორისო მიზნების მისაღწევად. რუსეთი იძულებული შეიქნება, გადახედოს საკუთარ მიდგომებს. მაშინ, შესაძლოა, დათრგუნვილი და გზას აცდენილი რუსი ხალხი, ბოლოს და ბოლოს, შეძლებს მზერა მომავალს გაუსწოროს. ხოლო ჩვენ წარმატებით შევძლებთ, გავუმკლავდეთ აშშ-ის ეროვნული ინტერესების უდიდეს გეოსტრატეგიულ საფრთხეს”.

რას იზამსდათრგუნვილი და გზას აცდენილი რუსი ხალხი”, ამას იგი თავად გადაწყვეტს, მით უფრო, რომ, სადაც აშშ ჩაერია, “ფერადი რევოლუციებისათუ გარედან მართული სახელმწიფო გადატრიალებების სახით, “მომავალს მზერავერც ერთმა ხალხმა ვერ გაუსწორა; როგორც წესი, ასეთი ქვეყნები ან იშლებოდა (ლიბიისა და უკრაინის მაგალითზე, ჩვენზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ან წლების განმავლობაში ქაოსისა და არასტაბილურობისთვის იყო განწირული (ორიოდე გამონაკლისის გარდა). ამ ეტაპზე რუსეთში უკმაყოფილებას სწორედ ის იწვევს, რომ საზავო შეთანხმებაგამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით ადრეგაფორმდა.

ვინ მოიგო და ვინ წააგო ამ შეთანხმებით, მომდევნო დღეებში ბევრს იკამათებენ. ასადს გზა გაეხსნა რაკისკენ, რუსეთმა არ დაუშვა მორიგი გადატრიალება სირიაში, სადაც მისი სამხედრო ბაზები ათწლეულის განმავლობაში დგას, დონბასი არჩევნებს ჩაატარებს “ეუთოს სტანდარტებით”. კიდევ რაზე შეთანხმდნენ აშშ და რუსეთი, ამას მოგვიანებით შევიტყობთ და დავინახავთ (ყველაფერს არა, ცხადია). ჩვენ რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ?

ერთადერთი, რაშიც ეჭვს ვერ შეიტან ფარკასის მოხსენებაში, არის ის, რომ აშშ და რუსეთი ითანამშრომლებენ, სადაც მათი ინტერესების თანხვედრა იქნება და ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ ეს მათ ინტერესებშია. თავდაცვის ყოფილი მინისტრისა არ იყოს, რა ვქნათ? რაკი აშშისა და რუსეთის შეთანხმებებს წინ ვერ აღვუდგებით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, საქართველო მათი ინტერესების თანხვედრის არეალად ვაქციოთ და არა _ მათი დაპირისპირების. ამას კი სუბიექტის როლის დაბრუნება სჭირდება, ინიციატივები ჩვენგან უნდა მოდიოდეს. უნდა ვიმოქმედოთ და არ დაველოდოთ, როდის შეთანხმდებიან დიდი მოთამაშეები, რაც ხშირად პატარა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე ხდება ხოლმე.

ცნობისათვის: ერთი დოკუმენტი, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, 2014 წლის 28 თებერვლის სხდომის სტენოგრამაა.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ ტენიუხი ამბობდა: მთელი ქვეყნიდან სამხედრო ამოცანის შესრულების უნარის მქონე 5-ათასიანი სამხედრო დაჯგუფების შეგროვება შეგვიძლია. შეგვიძლია გადავისროლოთ ყირიმში, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, უბრალოდ, ჩავხოცავთ იქ. და რა ვუყოთ ათასკილომეტრიან საზღვარს და შემოჭრისთვის რუსეთის მზადებას? დილით ჩერნიგოვიდან რომ შემოვიდნენ, საღამოს უკვე კიევში იქნებიან”.

იულია ტიმოშენკო: “არც ერთი ტანკი არ უნდა გამოვიდეს ყაზარმიდან, არც ერთმა ჯარისკაცმა არ უნდა აიღოს იარაღი. მცოდნე ხალხთან კონსულტაციები გავიარე და უნდა ვთქვა, რომ პუტინს აფხაზეთის სცენარის რეალიზება უნდა და მხოლოდ საბაბი სჭირდება. გაიხსენეთ, როგორ წამოეგო მაშინ პროვოკაციაზე სააკაშვილი და წააგო. მისი შეცდომის გამეორების უფლება არ გვაქვს”.

“მცოდნე ხალხი” ვინ არის, ამას მიხვდებოდით, თუმცა იგივე “მცოდნე ხალხი” გარკვევით გვეუბნება, რომ MAP-ის მოთხოვნა არარელევანტურია და მეხუთე მუხლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვერ იმოქმედებს! უკრაინამ მაინც გაიმეორა ჩვენი შეცდომები, ხოლო ამ შეცდომების შემოქმედი ოდესის ოლქში მიიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ ახლო მომავალში სააკაშვილს არ დაითხოვენ, შეცდომების კასკადი შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ჩვენ კი მართლაც არ გვაქვს არც საკუთარი, არც სხვისი შეცდომების გამეორების უფლება. უკან დასახევი აღარ გვაქვს – ჩვენ უკან საქართველოა, “დროებით” და “ნაწილობრივ” დაშლილი.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ამიხსენით რას ნიშნავს დათრგუნვილი და გზას აცდენილი რუსი ხალხი, ჭამენ, სვამენ,
    ქინძაობენ სხვას რას აკეთენენ ისეთს? ამერიკა-ევროპაა გზას აცდენილი, კაცი-ქალი
    დუნდულებს რომ არაბუნებრივად ათამაშებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here