Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ მაისაია: ჩემთან ერთად “ჯაშუშობდა” მეთიუ ბრაიზა და დავით დარჩიაშვილი

ვახტანგ მაისაია: ჩემთან ერთად “ჯაშუშობდა” მეთიუ ბრაიზა და დავით დარჩიაშვილი

674

2009 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო ექსპერტი და ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მაისაიას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 314- მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევაში. ამ მუხლის პირველი პუნქტი ეხება უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან მათი წარმომადგენლისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვებას, შენახვას ან გადაცემას; ხოლო მეორე პუნქტი _ ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ ჯაშუშობას.

საქმის სასამართლო მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და გამოძიებისა და სასამართლოს საქმის მასალები დღემდე კონფიდენციალური რჩება. ვახტანგ მაისაია, რომელიც 2004-2008 წლებში ნატოში საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მსახურობდა მრჩევლად, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორია და ადგილობრივ მედიაში ხშირად აკეთებდა ექსპერტულ კომენტარს სამხედრო საკითხებზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაისაიას დაკავებიდან მეორე დღეს, 2009 წლის 6 მაისს, სამხედრო სარდლობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მაისაიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას, “ის გადასცემდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა”.

დღეს ვახტანგ მაისაია თავისუფალია _ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ რეაბილიტირებული არ არის. მაისაიას გათავისუფლებიდან ხუთი წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა საქმეებით, რომლებსაც გრიფისაიდუმლოადევს. მან პროკურატურისგან გრიფის მოხსნა და საქმეების გამოძიება მოითხოვა.

პრეზიდენტის პასუხად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თქვა, რომ უწყება მზად არის თანამშრომლობისთვის და, თუ პრეზიდენტმა პასუხი დღემდე ვერ მიიღო, მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემაა. შოთაძის თქმით, თუმცა მზად არის, მაგრამ ვალდებული არ არის, პრეზიდენტის ინსტიტუტთან ითანამშრომლოს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური კი პრეზიდენტის მოთხოვნას ასე გამოეხმაურა: “პრეზიდენტს კომუნიკაციის პრობლემა აქამდეც რომ ჰქონდა მთავრობასთანაც, პარლამენტთანაც, ახალი არ არის. სამაგიეროდ, მას არ ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემანაციონალურ მოძრაობასთან”, გარკვეულ არასამთავრობოებთან. თავისთავად ცხადია, შეკვეცილი უფლებები ვერ მისცემს ამდენი ამბიციის დაკმაყოფილების საშუალებას, აბსოლუტურად სხვის კისერზე მოვიდა”.

შევხვდით სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას და შევეცადეთ, სწორედ მისგან მოგვესმინა, როგორ მიმდინარეობს გამოძიება მისი საქმისა, რომელსაც გრიფისაიდუმლოადევს.

_ ბატონო ვახტანგ, რა ხდება თქვენს საქმეზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საქმიდან გრიფისაიდუმლოსმოხსნა მოითხოვა?

_ არაფერიც არ ხდება, როგორც იტყვიან, “შეაყარე კედელს ცერცვი”. ხელისუფლების ამ საქციელსა და პრეზიდენტის მოთხოვნის იგნორირებას საბოტაჟი ეწოდება. მეც და ჩემისთან საქმეების მქონე ადამიანებს იმედი გვქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ, რადგან ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში სპეციალურად ჭიანურდებოდა ჩვენი საქმეები, მისი გუნდის წევრები საბოტაჟს აწყობდნენ, ეს დამტკიცებული ფაქტია. ყველამ იცის, რომ ღარიბაშვილი და მისი მეგობარი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე, ჯალათებსა და მკვლელებს მფარველობდნენ. ისინი მფარველობდნენ ზონდერგამომძიებლებს _ ოთო ორჯონიკიძეს, ვალერი ზუმბაძეს და უამრავ ადამიანს, რომლებიც ბინძურ საქმეებს კერავდნენ.

პერსონაჟები ისეთი საქმეებისა, როგორიც არის ფოტოგრაფების საქმე, სიმონ კილაძის საქმე და ჩემი, საბოტაჟის მსხვერპლნი ვართ. ჩვენი საქმეები ისეთ დონეზეა შეკერილი და გაყალბებული, რომ, როგორც კი გრიფი “საიდუმლო” მოეხსნება, ჰააგის სასამართლოში წავა, ჩვენი საქმეების განხილვა ჰააგის სასამართლოს პრეროგატივაა.

დღევანდელ ხელისუფლებასაც, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ ხელს არ აძლევს პროცესის დაძვრა. ჩვენ, დაზარალებულებმა, უკვე მივმართეთ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, პირადად _ ვახტანგ გომელაურს, მაგრამ აქამდე არაფერი შეცვლილა. ჩვენთვის გასაგები იყო, რატომ არ უნდოდა საქმის გახსნა ღარიბაშვილს, მაგრამ გაურკვეველია, დღეს რა ხდება.

_ ძალიან მძიმე ბრალდებაა, ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს სააკაშვილის ზონდერებთან რა აკავშირებდა, რატომ უნდა დაეფარებინა ხელი მათთვის?

_ ბრალდება რეალურია, ზუმბაძეები ღარიბაშვილის დაჯგუფების წარმომადგენლები და თავკაცები იყვნენ. მათ მინდია ჯანელიძე ლობირებდა. ჯანელიძე კი ღარიბაშვილის უახლოესი მეგობარია. როდესაც ჯანელიძე თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ ჯალათი ვალერი ზუმბაძე გაამწესეს საქმეების გასაყალბებლად. იმხანად სწორედ თქვენი გაზეთის ჩარევის შედეგად მოხდა ამ ნაძირლების მოხსნა თანამდებობებიდან.

_ ახლა რა ვითარებაა _ დაიძრა თუ არა საქმე?

_ როგორც გითხარით, 21 იანვარს მივმართეთ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს და პასუხს ველოდებით. ჩემს საქმეს ყველანაირი ვადა გაუვიდა და აზრი აღარ აქვს, გრიფი “საიდუმლო” ედოს, თანაც დოკუმენტების 20%-ზე მეტი გასაჯაროებული მაქვს. ეს პოლიტიკური პროტესტის ნიშნად გავაკეთე, დასამალი არაფერია. ახლა ვითხოვ იმ 80%-ის გასაჯაროებას, რომელშიც ისეთი რაღაცები წერია, რომ შესაძლებელია, საზოგადოება შოკში ჩავარდეს. ეს ყველამ უნდა იცოდეს.

_ იქნებ გვითხრათ, რა წერია დოკუმენტების საიდუმლო ნაწილში?

_ პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: მე, ვახტაგ მაისაია, პირდაპირ დამადანაშაულეს, უფრო მეტიც, მტკიცებულებებიცდადეს, რომ ვიყავი დასავლეთის ერთერთი ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუში. კერძოდ, საუბარია სლოვაკეთზე. არადა, სლოვაკეთს სპეცსამსახური არ აქვს, ანუ დამადანაშაულეს არარსებული სპეცსამსახურის ჯაშუშობაში. წერია, ასევე, რომ ინფორმაციას გადავცემდი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, ანუ მე ამერიკის ჯაშუშიც ვყოფილვარ; ასევე წერია, რომ საფრანგეთისა და ნატოს სპეცსამსახურებსაც ვემსახურებოდი და ვჯაშუშობდი. ჩემთან ერთად “ჯაშუშობდა” მეთიუ ბრაიზა და დავით დარჩიაშვილი. დარჩიაშვილი მათი კაცი იყო, მაგრამ მისი გვარი მოხსენიებულია ჩემს გვართან ერთად. საკუთარ ხალხსაც არ ინდობდნენ, ოღონდ მათთვის არასასურველი პიროვნება გაენადგურებინათ. ბრალი რომ მეღიარებინა, დარჩიაშვილსაც კი ციხეში ჩასვამდნენ. ბრალი რომ მეღიარებინა, ამისთვის წამების რა ხერხები გამოიყენეს, ეს კიდევ სხვა, ძალიან სასტიკი და ძნელად მოსასმენი ამბავია. ეს ცალკე დანაშაულია.

_ თუ საქმე ასეთი აბსურდულია, მაშ, რატომ არ ხსნიან გრიფსსაიდუმლო”?

_ არ ვიცი, რატომ არ ასაჯაროებენ ამ ინფორმაციას. ეს, ალბათ, ხელს არ აძლევს პროკურატურას, უშიშროების სამსახურს, არც პრემიერებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კვირიკაშვილი და გომელაური ამ საქმეს გახსნიან. ჩემს საქმეს გრიფი “საიდუმლო” კონტრდაზვერვის სამსახურმა დაადო, მოგეხსენებათ, კონტრდაზვერვა უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შედის, სწორედ გომელაურს ევალება, ეს გრიფი მოხსნას.

_ იქნებ, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, არც უცხოელებს აძლევთ ხელს ამ საქმეზე გრიფისაიდუმლოსმოხსნა? უცხოეთიდან ვიღაცამ ხომ დაადასტურა თქვენიჯაშუშობა”?

_ პირიქით, ვფიქრობ, თვითონაც დაინტერესებულები უნდა იყვნენ, რადგან ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში _ სააკაშვილმა ამერიკის ჯაშუში დააპატიმრა. მაქვს საშუალება, რომ ჩემი საქმე ჰააგის სასამართლოში წავიღო, მაგრამ ადვოკატებს არ აქვთ უფლება, გაასაჯაროონ დოკუმენტების შინაარსი, რადგან საიდუმლოს შენახვას ხელი მოაწერეს. ჩემი საქმის დეტალები ცნობილია სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილისთვისაც.

_ იყო თუ არა სტენოგრაფიული ჩანაწერები თქვენს საქმეში, რომლის გასაჯაროებისაც ეშინიათ?

_ კი, საქმეში არის ასეთი ჩანაწერები. ჩემი საქმე შვიდი ტომისგან შედგება და იქ ყველანაირი დოკუმენტია. საიდუმლოა ჩემი განაჩენიც, რომლის გასაიდუმლოება კონსტიტუციის დარღვევაა.

ჩემ დაკავებამდე თურმე სატელეფონო მოსმენები მიმდინარეობდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, სატელეფონო საუბრები მტკიცებულებად არ დევს. მტკიცებულებად წარადგინეს ჩემი პირადი კომპიუტერი და მეხსიერების ბარათი. კომპიუტერი გახსნილი იყო, მას ლუქი არ ედო, არადა, დალუქული უნდა წარედგინათ სასამართლოზე, მაგრამ გახსნილი მოიტანეს, ანუ კომპიუტერი დამუშავებული იყო. მოკლედ, ჩემს საქმეზე ვინც მუშაობდა, დაწყებული გამომძიებლებით და დასრულებული მოსამართლეებით, ყველა სისხლის სამართლის დამნაშავეა და უნდა გასამართლდნენ. ისინი კრიმინალები არიან. დაკითხვებზე მომიტანეს საბჭოთა კავშირის საბუთი, რომელშიც ეწერა, რომ მე ვიყავი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გენერალ-პოლკოვნიკი, სასაცილოა, არა? საბჭოთა სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტი 1991 წელს დაიშალა.

_ თუ პასუხი დროულად ვერ მიიღეთ, რომ თქვენი საქმის ხელახალი ძიება დაიწყება და მას გრიფისაიდუმლომოეხსნება, რას აპირებთ?

_ როგორც გითხარით, გომელაურის სახელზე განცხადება 21 იანვარს შევიტანე, 30 იანვრამდე პასუხს ველოდები და, თუ ვერ მივიღე, შევეცდები, სასამართლოში ვიჩივლო, ამით საქმის გასაჯაროებას დავიწყებ და არ შევეშვები მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. გამოტყდით ბატონო ვახტანგ, რომ შაჰაბას 1-ის და თვით ჩინგიზ ყაენის ჯაშუშიც იყავი.

  2. ნეტა როდის ეღირსება ამ ქვეყანას, რომ სიმართლე და მორალი იზეიმებს. უნდა იბრძოლოთ ბოლომდე ბოროტმოქმედები რომ მოსპოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here