Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ფიფია: ნატო აგრესიული სამხედრო კოალიციაა, რომელიც უნდა დაიშალოს

თემურ ფიფია: ნატო აგრესიული სამხედრო კოალიციაა, რომელიც უნდა დაიშალოს

1398

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. პოლიტიკური პარტიები უკვე გააქტიურდნენ. 

ზოგი ისევ პროევროპულ და პროამერიკულ ძალად რჩება და ამით შეეცდებიან ხმების მოპოვებას, მაგრამ გაჩნდნენ პარტიები, რომლებიც ადრე სხვა რელსებზე იდგნენ, დღეს კი დაუნდობელი კონკურენციისა და დიდი ფულის წინააღმდეგ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე საუბრით ცდილობენ ამომრჩეველთა გულის მოგებას. ყველა მათგანი რუსეთს სტუმრობს, თუმცა ჯერ გამოკვეთილი არ არის, რა შანსი აქვთ ნინო ბურჯანაძეს, კახა კუკავასა და ჯონდი ბაღათურიას. ამ საკითხზე ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფია გვესაუბრება.

_ ერთი წელი რჩება მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე და პარტიებიც გააქტიურდნენ. რამდენიმე პარტიის ლიდერი ამომრჩეველთა გულის მოგებას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე საუბრით ცდილობს. ვის აქვს ყველაზე დიდი შანსი, არჩევნებში საკმარისი ხმები დააგროვოს, რუსეთი ფსონს ვისზე დადებს?

_ რუსეთი ფსონს ქართველ ხალხზე და მის უკეთეს მომავალზე დადებს. არა მგონია, დღეს პოლიტიკურ არენაზე მოქმედ რომელიმე პარტიას დაუჭიროს მხარი.

პარტიების ლიდერები ხალხის გულის მოგებას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე საუბრით ცდილობენ, რადგან ხალხი მიხვდა, რომ 25 წელია, ნაბიჯი წინ ვერ გადადგა ქვეყანამ. დღეს ნატოში ინტეგრაციაზე საუბარი წამგებიანია.

ქვეყანა მართლაც დადგა არჩევანის წინაშე და საუბარიც დაიწყო, საით უნდა წავიდეთ და რომელი გზა უფრო სასარგებლო იქნება.

პარტიებისთვის ანტიამერიკული რიტორიკა მომგებიანი იქნება, ამით ამომრჩეველთა ხმებსაც შეაგროვებენ და გარკვეულ ნიშასაც დაიკავებენ. სწორედ ასე იქცევა დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და არა მხოლოდ ის, ასეთ პოლიტიკას ატარებს პოლიტიკოსი კახა კუკავაც. ახლა უკვე ჯონდი ბაღათურიამაც ამოიღო ხმა და რუსეთში სტუმრობასაც გეგმავს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ, თუ რუსეთზე დადებითად ისაუბრებენ, ხალხი მათ მიიღებს და არჩევნებში სასურველ შედეგს მიაღწევენ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ხალხს კარგი მეხსიერება აქვს და მათი წარსული კარგად ახსოვს _ თითოეული მათგანი მკვეთრად პროამერიკელი იყო. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთთან კავშირების აღდგენა აუცილებელია, ნინო ბურჯანაძეს, კახა კუკავასა და ჯონდი ბაღათურიას ხმას არ მისცემს.

_ ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა თითქმის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც გაბედა და ხმამაღლა განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებით შეძლებს საქართველოს გადარჩენას. მას რამდენიმე ვიზიტიც ჰქონდა რუსეთში, თამამი ინტერვიუც მისცა რუსულ პრესას. რატომ არ ენდობით ამ ქალბატონს და რატომ გგონიათ, რომ მას დასაყრდენი არ ექნება? ბოლოს და ბოლოს, წინა არჩევნებში ხმების 10% მიიღო.

_ მართალი ხართ, ბურჯანაძემ სწორად გათვალა და მიხვდა, რომ რუსეთზე საუბრით მიიღებდა ხალხის ხმებს. მან მხოლოდ ილაპარაკა ამ თემაზე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ის რუსეთსაქართველოს ურთიერთობის მოსაგვარებლად არაფერს გააკეთებს. ეს ყველაფერი ბურჯანაძეს პიარისთვის სჭირდება, იცის, სხვანაირად ამომრჩეველთა ხმებს ვერ მოიპოვებს.

ხალხი პოლიტიკაში გათვითცნობიერებულია და იცის, რომ ბურჯანაძე რუსეთზე ხელჩასაჭიდს არაფერს ამბობს. ეს ქალბატონი მართლაც მნიშვნელოვან საკითხებს არ ეხება. მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს არასოდეს უთქვამს და ვერც იტყვის, რომ საქართველო რუსეთთან ერთად ერთიან უშიშროების სისტემაში უნდა გაერთიანდეს.

_ რატომ ვერ იტყვის? თუ დასჭირდება, წინასაარჩევნოდ მაგასაც იტყვის

_ ბურჯანაძე ის ფიგურა არ არის, რომელიც ასეთ განცხადებას გააკეთებს და დარტყმას თავის თავზე მიიღებს. ბურჯანაძე არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკის გამტარებელი, პოლიტიკისა, რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებს. ბურჯანაძე პარლამენტში რომ შევიდეს, ყველა განცხადება დაავიწყდება, რომელსაც ახლა აკეთებს, იმ პოლიტიკას განაგრძობს, რომელიც ამჟამინდელ ხელისუფლებას აძლევს ხელს.

_ ბურჯანაძე კარგი და გამოცდილი პოლიტიკოსია. რატომ გგონიათ, რომ რუსეთი ფსონს მასზე არ დადებს?

_ რუსეთი იღებს და მასპინძლობს ყველა იმ ქართველ პოლიტიკოსს, რომლებიც იტყვიან, რომ საქართველო ნატოსკენ არ უნდა წავიდეს. ბურჯანაძე რომ ნიჭიერია, ვიცით და ისიც გვახსოვს, როგორ გამოიყენა მან თავისი ნიჭი და გამოცდილება 2007 წლის აქციების დარბევისას. მან განაცხადა: “საქართველომ დაამტკიცა, რომ სუვერენული ქვეყანაა”. ეს მისი ნიჭიერების გამოხატულება იყო.

_ თქვენ, “ერთიანი კომუნისტური პარტიისლიდერს, რისი იმედი გაქვთ? რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის არ ურთიერთობს ოპოზიციურ პარტიებთანამერიკისგან განსხვავებით, რუსეთი არ ცდილობს ოპოზიციის მოსყიდვას.

_ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ განცხადებას, რომლებიც ნატოს წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ბურჯანაძეს ვერ ვენდობით, რადგან ის თანმიმდევრული ამ კონკრეტულ საკითხშიც კი არ არის.

რუსეთისკენ თუნდაც ერთი ნაბიჯის გადადგმა ნატოზე უარის თქმას ნიშნავს, ამის გაკეთება კი ჩვენც შეგვიძლია. ერთიანი კომუნისტური პარტია უკვე იწყებს რუსეთთან დიალოგს იმაზე, რომ ორი ქვეყანა სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორი გახდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ვიყოთ რუსეთთან. ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო სამხედრო, აგრესიული კოალიციაა, რომელიც უნდა დაიშალოს. ამის ხმამაღლა თქმას ვერ გაბედავს ვერც ბურჯანაძე, ვერც კუკავა და ვერც ჯონდი ბაღათურია, რომელიც სიხარულით ელოდება მოსკოვში წასვლას.

კომუნისტური პარტია საქართველოში ყოველთვის არსებობდა. ჩვენ თანამოზრეები სულ გვყავდა, ასე ვთქვათ, “ოქროს ფონდი” გაგვაჩნია. პარტიას უღალატო ხალხი ჰყავს. იმედი გვაქვს, გამოჩნდება პარტიები, რომლებთანაც კოალიციის შექმნას შევძლებთ.

რაც შეეხება ჩვენს სახელწოდებას, ჯერ კიდევ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც ამ სახელის გაგონებაზე გული სიხარულით ევსებათ. სოციალიზმი საუკეთესო რომ არის ჩვენი ქვეყნისთვის და მხოლოდ ეს წყობა რომ გადაგვარჩენს, ბევრმა იცის. ახალგაზრდებს ცოტა უჭირთ ამ ყველაფრის გაგება, მაგრამ უკვე მათაც იციან, რომ ნეოლიბერალური კაპიტალიზმი ჩიხია და მარცხნივ დაიწყეს ყურება. ცოტა აგიტაციაპროპაგანდაა საჭირო და ახალგაზრდები ჩვენ მხარეს გადმოვლენ.

აუცილებელია ერთიანი ბლოკის შექმნა მემარცხენე პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც თვლიან, რომ სოციალიზმი და რუსეთთან ერთი ქოლგის ქვეშ ყოფნა საქართველოს გაამთლიანებს და გადაარჩენს, ასეთები უკვე არსებობენ, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი ჯერ არ გვინდა.

_ ისევ ბურჯანაძეს დავუბრუნდები. ამ ქალბატონზე ამბობენ, რომ ხელისუფლებასთან არის გარიგებული, არჩევნების შედეგებმაც თითქოს ამაში დაგვარწმუნა. საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევრაზიულ კავშირში ბევრი საინტერესო პროექტია და ამასაც უნდა გადავხედოთო. როგორ ფიქრობთ, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება თუ დაიწყო, ამ საქმეს ხელისუფლება ნინო ბურჯანაძეს არ მიანდობს?

_ ბურჯანაძე, ხელისუფლება რომც ენდოს და ეს საქმე ჩააბაროს, საქართველოს კურსს, რომელიც ნატოსკენ მიემართება, არ შეცვლის. ამაზე რეალურად არც ხელისუფლება ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ აგრესიას არ გამოხატავს, პრაქტიკულ ნაბიჯებსაც არ დგამს. პრაქტიკული ნაბიჯები ისევ ნატოსკენ იდგმება. ბურჯანაძე ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, იმავეს გააგრძელებს, რასაც ყოფილი ხელისუფლებები აკეთებდნენ.

_ რატომ არ გჯერათ ბურჯანაძის? მასაც ხომ ახსოვს კომუნისტური პარტიის სიკეთე, ისიც ხომ იმ პერიოდში გაიზარდა?

_ რას ამბობთ? ნინო ბურჯანაძე იმხანადაც პირწავარდნილი კაპიტალისტი იყო, უკიდურესი მემარჯვენე. ანზორ ბურჯანაძისნაირი კომუნისტების დანგრეულია საბჭოთა კავშირი, ჯიბეში პარტბილეთი ედოთ და ქვეყნის დანგრევაზე ფიქრობდნენ.

_ აპირებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას?

_ კი, ვაპირებთ. ჩვენ ხალხს დავანახვებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. არავინ დაიჯეროს, რომ რუსეთში ბურჯანაძეს ენდობიან, ეს ტყუილია.

_ რამდენიმე დღის წინათ ევროპული ქვეყნების ინიციატივას, რომ კომუნისტური რეჟიმი გასამართლდეს, საქართველოდან ზოგიერთი პოლიტიკოსიც შეუერთდა

_ ის, ვინც კომუნისტური რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს, ფაშისტია. ეს საკითხი ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსჯელობის საგნად აქცია. ისინი ფაშისტები არიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here