გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal –მა საქართველოზე გამოაქვეყნა ვრცელი მასალა, რომლის ფრაგმენტიც საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესმა” გაავრცელა:
“უკრაინის ომმა ქართველები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოში, დასავლეთი მათ სამხედრო ძალით არც ახლა დაეხმარება და არც იარაღს მისცემს თავის დასაცავად. უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკონომიკურადაც გამოიხატა: საქართველომ მკვეთრი ევროატლანტიკური კურსის კორექტირების კვალობაზე რუსეთთან სავაჭრო კავშირების აღდგენა გადაწყვიტა; სამაგიეროდ მას რუსეთმა ემბარგო მოუხსნა. “ნატოში გაწევრება არც დღეს და არც ხვალ არ მოხერხდება. რატომ უნდა შევუქმნათ ადამიანებს ილუზია?” _ მოჰყავს გამოცემას საქართველოს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში _ ზურაბ აბაშიძის სიტყვები.
The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”, რომელიც წერს, რომ ეკონომიკურმა პრობლემებმა და უსაფრთხოების საკითხებმა საქართველო აიძულა, კვლავ რუსეთისკენ შეტრიალებულიყო. წლების განმავლობაში საქართველოს პროდასავლური კურსი ჰქონდა, რომელსაც რუსეთთან ჯერ ურთიერთობის გაცივება, ხოლო 2008 წლის შემდეგ სრული გაწყვეტა მოჰყვა. ახლა კი საქართველოს მთავრობა ცდილობს, გარკვეული გზა იპოვოს მეზობელთან ურთიერთობის დასაბალანსებლად. ამასთანავე, ნატოში გაწევრება გრძელვადიან გეგმად რჩება, მაგრამ, აბაშიძის აზრით, აქამდე საქართველო “ისე არ უნდა მივიდეს, რომ საკუთარი ქვეყნისგან ქვა ქვაზე არ დატოვოს”.
“საქართველოს სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა იქნას შეყვანილი შეცდომაში: “რა საჭიროა ილუზიები, ჩვენ არავინ გვიცავს, რაც სრულად ასახავს ამ პრობლემური რეგიონის რეალობას”, _ წერს “რია ნოვოსტი”.