დავაბრუნოთ გურამ დონაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ზურაბ ადეიშვილი _ იუსტიციაში, მიხეილ სააკშვილი _ ავლაბარში, პინგვინი _ ანტარქტიდაზე, ზებრა _ აფრიკაში და მოქალაქე ბიძინა _ ჭორვილაში!
მართლა კაი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ ამ სტატიის წერა დამეწყო… რა შეიძლება დაწერო და თქვა, როდესაც გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ფეხებზე იკიდებს იმ ჟურნალისტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, განაპირობეს ამ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, და “პროფესიონალებად” აღიარებს დამარცხებული მეტოქის დაკვეთების უშუალო შემსრულებლებს?!
ვერ გეტყვით მსოფლიოს ახსოვს თუ არა მსგავსი პრეცედენტი…სრული შოკი და გაოგნება! “ოცნების” წარმომადგენელთა უტიფარმა თავის მართლებამ, რომ თურმე მათ “კოჰაბიტაციას” დასავლეთი სთხოვს, უკვე ერთგვარი “ბოროტად გამოყენების” სახე მიიღო.
ამის ბოლო მაგალითია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მოადგილისა და “კურიერის”, ანუ საინფორმაციო სამსახურის შეფის _ ნინო შუბლაძის დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად პრესასთან ურთიერთობის საკითხებში.
პატიოსან ადამიანებს, ანუ მათ, ვისაც არავისზე ნაკლები “კარიერა” არ ელოდა, მაგრამ არ იკადრეს მანიაკურ რეჟიმთან თანამშრომლობა და “ნაციონალების” დემაგოგიის “გაპრავება”, მართლა სრული გაოგნება დაეუფლებათ…
აქ საუბარი არ არის ვინმე “სტაჟორზე”.
აქ საუბარია “სიცრუის მანქანის” გენერალური დირექტორის მოადგილეზე!
აქ საუბარია სწორედ იმ ტელეკომპანიაზე, რომელსაც თვითონ ბიძინა ივანიშვილმა უწოდა “სიცრუის მანქანა”!
არადა, დღეს სწორედ ამ ტელეკომპანიის არაერთი წარმომადგენელი “წარმატებულად” მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში ან ხელშეკრულებით ურთიერთობს მათთან.
ამიტომ უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით: საქმე მართლაც სიცრუის მანქანასთან გვაქვს, ოღონდ ბიძინა ივანიშვილის სიცრუის მანქანასთან!
დავაზუსტოთ: “რუსთავი 2” ყოფილა პატარა სიცრუის მანქანა იმ გაცილებით დიდ სიცრუის მანქანაში, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი მართავს. ფაქტია, ივანიშვილს არ აინტერესებს არანაირი ზნეობა და არაფერი მსგავსი!
ორმაგი სტანდარტი! შერჩევითი სამართალი! ამორჩევითი ზნეობა! _ აი “ოცნების” ხელისუფლებისა და მისი მილიარდერი ლიდერის სავიზიტო ბარათი!
“როგორ გაბედა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა “ნაციონალ” აკაკი ბობოხიძის ძმა შეიწყალა?” _ წარბშეკრულმა იკითხა “განრისხებულმა” პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე ირონიის “ქარ-ცეცხლში” გაატარა, _ ეგ, ალბათ, მალე ბაჩო ახალიასა და ვანო მერაბიშვილსაც შეიწყალებსო.
ვთქვათ და, შეიწყალა! მერე? რით იქნება თქვენზე უარესი?
რა, თუ მერაბიშვილისა და ახალაიას დაკვეთების შემსრულებელ–გამპრავებელი “სიცრუის მანქანის” ერთი–ერთი ხელმძღვანელი შეიძლება მინისტრის მრჩევლად დაინიშნოს, რატომ არ შეიძლება, მისი ყოფილი “შეფები” ციხიდან გამოვიდნენ ან თუნდაც ძველ თანამდებობებზე დაბრუნდნენ?!
ანუ, რასთან გვაქვს საქმე?
“ნაცები” ცუდები არიან და “ნაცების” დანაშაულები მიუტევებელია მაშინ, როდესაც ბიძინას სურს!
“ნაცები” მაინც ჩვენი თანამოქალაქეები და “პროფესიონალები” არიან მაშინ, როდესაც ეს ასე უნდა ბიძინას!
თუმცა, რა გინდა, გააწყო საზოგადოებაში, სადაც ასეთ თვალსაზრისსაც ავრცელებენ:
“რას ერჩით? ნინო შუბლაძე ყოველთვის ახერხებდა, ყოფილიყო გაწონასწორებული…”
და ამას მოჰყვება ისეთი უნამუსო “გაპრავება”, რომ გეგონება, საუბარია ვინმე ცაში მოფარფატე ანგელოზზე და არა იმ “სიცრუის მანქანის” გენერალური დირექტორის მოადგილეზე!
თანაც ეს ადამიანი ამ პოსტს იკავებდა სწორედ მაშინ, როდესაც “ოცნებასა” და “ნაცებს” შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება მიმდინარეობდა…
და როგორ გგონიათ, იმ სიუჟეტებს, რომლებიც ეთერში გადიოდა და უნამუსოდ “აპრავებდა” ადამიანების წამებას, მკვლელობას, ჩაგვრას, ტერრორს, ვინ აძლევდა “ვიზას” ეთერში გასვლაზე? მე ხომ არა?
ნუთუ შეიძლება, რომ ჭკუათმყოფელმა ადამიანმა სერიოზულად ამტკიცოს, ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოადგილე არაფერშუაში იყო ამ ტელევიზიის მიერ წარმოებულ უნამუსო და ამაზრზენ საინფორმაციო პოლიტიკასთანო?
თურმე შეიძლება!
როდესაც ბიძინას სურს და, რაც ბიძინას სურს, ყველაფერი შეიძლება!
შეიძლება ისიც, რომ დამარცხებული ძალის მსახურ ჟურნალისტებსა და პიარშიკებს უძახო პროფესიონალები და დაასაქმო სახელმწიფო სტრუქტურებში!
ხოლო ის ჟურნალისტები და პიარის სპეციალისტები, რომლებმაც ისინი დაამარცხეს, მადლობის უთქმელად გაყარო სახლებში და არაპროფესიონალები და სათანდადოდ მოუმზადებელები უწოდო!
უტიფრობის, უზნეობისა და საზოგადოებრივი განწყობების ფეხებზე დაკიდების ასეთი წარმოუდგენელი ფაქტით გაოგნების გამო გამიჭირდა ამ სტატიის წერის დაწყება-მეთქი, _ ვთქვი შესავალში.
გაოგნება ისე დიდია, რომ ვერც იმას ვფიქრობ, რით, რა ფრაზით შეიძლება დავასრულო ეს რეპლიკა…
თუმცა ფაქტია _ ეს მხოლოდ სახელდახელო რეპლიკაა “ოცნების” ამ უკიდურესად თავხედური საქციელის გამო!
გაზეთის მომავალ ნომერში აუცილებლად შემოგთავაზებთ უფრო ვრცელ პუბლიკაციას ამავე თემაზე და, სავარაუდოდ, იმასაც შევძლებთ, მკითხველს გაცილებით ნათლად დავანახვოთ “ოცნების” ხელისუფალთა უსირცხვილობა და უნამუსობა.
თუმცა დაფიქრებული და ნორმალურად მოაზროვნე მკითხველისთვის ისედაც ყველაფერი დღესავით ნათელია…
ბაკურ სვანიძე